დავით გაბაიძემ დატოვა „ოცნების“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტი. ამის შესახებ დღეს, 30 მარტს, გამართულ ბრიფინგზე თავად დავით გაბაიძემ განაცხადა.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, დავით გაბაიძის პოსტს ცოტნე ანანიძე დაიკავებს. ის აჭარის უმაღლეს საბჭოში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეა.
დავით გაბაიძემ დღეს ბრიფინგი მადლობით დაიწყო, მან, პირველ რიგში, მადლობა გადაუხადა „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს.
„დიდი ხანია ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა მიმეღო. არასრული ათი წელია ამ თანამდებობაზე ვარ, ნამდვილად დადგა დრო, რომ ჩემს ცხოვრებაში შევცვალო რამე,“ – უთხრა დავით გაბაიძემ ჟურნალისტებს. მან უარყო ის, რომ თორნიკე რიჟვაძის გამო მოსთხოვეს თანამდებობის დატოვება, ასევე ის, რომ ეს გადაწყვეტილება „ოცნების“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა მიიღო.
„კლანი არ არის ტერმინი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ, რადგან თორნიკე რიჟვაძე ახსენეთ, მის თანამდებობაზე მოსვლამდე ვიყავი მე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. ამ ორი ფაქტის დაკავშირება, არ მგონია, რომ სწორი იყოს,“ – აღნიშნა დავით გაბაიძემ.
„მომიწევს გაჩერება უმაღლეს საბჭოში“ – „ოცნების“ უმაღლესი საბჭოს უკვე ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ ის ინარჩუნებს დეპუტატის მანდატს, შემდეგ კი, შესაძლოა დეპუტატის მანდატიც დატოვოს. დავით გაბაიძე არ აკონკრეტებს, სად აპირებს მუშაობის გაგრძელებას.
გახდება თუ არა „ოცნების“ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე? – ჟურნალისტების კითხვაზე დავით გაბაიძემ უპასუხა, რომ გადაწყვეტილება საბჭოს უმრავლესობამ უნდა მიიღოს, თუმცა დასძინა, რომ „მიესალმება ცოტნე ანანიძის კანდიდატურას“.
დავით გაბაიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე იყო ზედიზედ სამი მოწვევის უმაღლეს საბჭოში, 2016 წლიდან. ბოლოს დავით გაბაიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე „ოცნებამ“ 2024 წლის არჩევნების შემდეგ აირჩია.
დავით გაბაიძე არაა პირველი „ოცნების“ ხელისუფლებაში, რომელმაც თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა.
2025 წლის 4 აპრილს თანამდებობა დატოვა თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის მაშინდელმა თავმჯდომარემ. მან მხოლოდ ფეისბუქსტატუსი დაწერა და ამ დრომდე არაფერი განუმარტავს.
დავით გაბაიძე ოჯახით ენათესავება თორნიკე რიჟვაძეს, კერძოდ, დავით გაბაიძისა და თორნიკე რიჟვაძის ცოლები ბიძაშვილები არიან.
ასევე, თორნიკე რიჟვაძის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვეს ბათუმისა და ქობულეთის არჩეულმა მერებმა: არჩილ ჩიქოვანმა და ლევან ზოიძემ. ეს 2025 წლის მაისში მოხდა.






