მთავარი,სიახლეები

„ქალის სახე გაქვს დაკარგული“ – უსახო კაცები ქალების პირისპირ

11.02.2025 •
„ქალის სახე გაქვს დაკარგული“ – უსახო კაცები ქალების პირისპირ

„100-ლარიანებო“

„ნაბო*რებო“

„დედას მოგი***ავ“

„შენი დედა შე*…“

„გადაიღე ყ** არ მომაჭამო“

„პასპორტი გადამიღე, მოდი, გაჩვენებ როგორ უნდა გადამიღო“

ეს არის მცირე ჩამონათვალი გინების იმ ნიაღვრიდან, რაც თბილისში, „თბილისი მოლთან“ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ისმოდა 2 თებერვალს ქალების მისამართით. ამ დღეს შავნიღბიანმა სპეცრაზმელებმა განსაკუთრებული სიტყვიერი აგრესია გამოიჩინეს ქალების მიმართ. ეს იყო გინება, ლანძღვა, შეურაცხმყოფელი ფრაზები.

 „ქალის სახე გაქვს დაკარგული“ – ეუბნებოდა 2 თებერვალს თბილისში, პროტესტის მონაწილე ქალს შავნიღბიანი პირი, რომლის ვინაობაც უცნობია, მას არც სახელი აქვს, არც გვარი, არც სახე, რიგითი ნიღბიანია.

ასეთები ბევრნი იყვნენ.

ნიღბიანები საპროტესტო აქციაზე. ფოტო: ნეტგაზეთი

„ქალს როცა ასე დაელაპარაკებით, გაიხსენეთ ვინ არის დედათქვენი, ისიც ქალია“- უთხრა ერთ-ერთმა ქალმა ნიღბიანს, რომელმაც მას დედა შეაგინა.

„სახე გამოაჩინე, თუ არ გეშინია“ – ასე მიმართა მას ქალმა.

„გაიწიე, ხმას დაუწიე, წინ იყურე, პოლიციელი რომ გეტყვის, უნდა დაემორჩილო“ – პასუხობდა მას ნიღბიანი და პარლამენტის გვერდით ქალებს ტროტუარიდან ხელის კვრით ყრიდა.

ქალები საპროტესტო აქციებზე/ ფოტო: ნეტგაზეთი

„კაცმა თქვენ წინ შემაგინა, სამი შვილის დედას შემაგინა, 17-წლიანი სტაჟის მქონე ანესთეზიოლოგ – რეანიმატოლოგს შემაგინა, ხალხო. თქვენხელა ბიჭებს ვმკურნალობდი 2008 წელს, თქვენზე მაგარ ბიჭებს თვალი დავუხუჭე, გორიდან ჩამომყავდა დაჭრილები და მე მაგინებს და მამშვიდებს? როგორ დავმშვიდდე!

დაიმალა ეგ არაკაცი, გამოვიდეს და დამენახოს. მარტო ვდგავარ, არავინ არ მინდა, მოვიდეს ის კაცი და დამიდგეს აქ წინ!

ეს არ არის კაცობა, სუფრასთან რომ დასხდებით და აწევთ ჭიქებს, ქალების და ამ ქვეყნის, რომელსაც ყიდით“– მიმართავდა საპროტესტო აქციაზე მყოფი კიდევ ერთი ქალი ძალოვნებს, რომლებიც არ რეაგირებდნენ ქალების ცემასა და შეურაცხყოფაზე.

„თბილისი მოლთან“ გამართული აქციის მეორე დღეს, 3 თებერვალს, „ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ არათუ პოლიციის მიერ ქალებისადმი განსაკუთრებული აგრესია შეიმჩნია, არამედ თქვა, თქვა, რომ არ იცის, „რა ფენომენია, ახალგაზრდა ქალების აქტიურობა“ და პირიქით, ქალები დაადანაშაულა.

„პროტესტში განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალები აქტიურობენ. რა ფენომენია არ ვიცი. არც ერთი მამაკაცი მსგავსს არ კადრულობს, რასაც რამდენიმე ახალგაზრდა ქალი… ისეთი ამაზრზენი სიტყვებით ლაპარაკობენ, ქალის პირიდან წარმოუდგენელია“  – თქვა მან.

გენდერული დეზინფორმაციის ნიაღვარი, რომელიც პოლიტიკური კრიზისის ფონზე სულ უფრო გაძლიერდა „ოცნების“ მთავრობის მიერ მართული ჯგუფების მხრიდან, შემთხვევითი არ არის. ახლა მთავარი სამიზნე ქალები არიან. 

საპროტესტო აქციების მონაწილე ქალები, რომლებსაც „ბათუმელები“ ესაუბრა, მიიჩნევენ, რომ „ოცნებას“ ქალების ეშინია და შავნიღბიანების აგრესიას ქალების მიმართ საგანგებოდ ახალისებენ, რათა ქალების ხმა შეწყდეს.  

  • „სისტემა გვიპირისპირებს შავ ლაქებს“

„ეს ჩაუნერგეს ამ ვითომ კაცებს, რომ ქართველი ქალი არ უნდა იყოს ბრძოლაში, ქართველმა ქალმა წინააღმდეგობა არ უნდა გაუწიოს. ამ დროს, საქართველოს ისტორიას რომ გადახედავ, დაინახავ, ვინ არის ქართველი ქალის სახე, ან ქართლის დედა ვინ არის… მარო მაყაშვილზე რომ ვსაუბრობთ, ვინ არის მარო მაყაშვილი, სახლში უნდა მჯდარიყო?!

ყველანაირი ცნება აქვთ დამახინჯებული ამ ადამიანებს. არ ვიცი, ეს როგორ მოხდა, როგორ ჩამოასხეს ასე ერთნაირად, ასეთი სტერილური და გაუნათლებელი ადამიანები, მაგრამ ასე მოხდა და აი, ამას გვიპირისპირებს სისტემა, აი, ამ შავ ლაქებს“- ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში მარიამ კოშაძე, 32 წლის ქალი, მენეჯერი, რომელიც საპროტესტო აქციებზე დადის და თანამოაზრეებთან ერთად საქართველოს ევროპულ მომავალს იცავს.

ქალები ერთობის ჯაჭვში – ბათუმი. ფოტო: „ბათუმელები“

მარიამ კოშაძე მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებას“ ყოველთვის ახასიათებდა სიძულვილის ენა ქალების მიმართ, თუმცა ამ საპროტესტო აქციებზე კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა ეს სიძულვილი.

„მგონია, რომ მდინარაძის განცხადება კიდევ უფრო გააუარესებს ქალების მიმართ დამოკიდებულებას, რადგან ფაქტობრივად ძალადობისკენ მოწოდება იყო“ – ამბობს მარიამი.

ის 2012 წლიდან მოყოლებული ყველა საპროტესტო აქციაში მონაწილეობს, სადაც ადამიანის უფლებებისა და ქვეყნის ინტერესების დაცვაზეა საუბარი.

მარიამ კოშაძე

„ციხის კადრები რომ გავრცელდა, მაშინ თსუ-ს სტუდენტი ვიყავი და ალბათ იცით, რომ აქედან დაიწყო პირველი საპროტესტო აქციები. მას შემდეგაც არაერთ პროტესტში მიმიღია მონაწილეობა.

არჩევნებზე დამკვირვებლად ვიყავი ქვემო ქართლში, გარდაბნის ოლქში და ჩემი თვალით ვნახე, რაც ხდებოდა იქ. 28 ნოემბერს, როცა კობახიძემ განაცხადა, რომ აჩერებდნენ ევროინტეგრაციის პროცესს, სამსახურში ვიყავი და ისევე როგორც ყველა, მეც შოკში ვიყავი, ავდექი და გამოვედი აქციაზე.

„ქართული ოცნების“ ოფისთან იყო აქცია და პირველად იქ შემაგინა შავნიღბიანმა.

ძალიან რთულია ამ ძალადობაზე საუბარი, ძალიან ემოციურია და მით უმეტეს მაშინ, როცა პირადად შეგხებია. მე პირადად არ ვარ იმის მომხრე, რომ პოლიციელებს ან შავნიღბიანებს ველაპარაკო. არ მგონია, რომ მათთან ლაპარაკს აზრი აქვს. ვცდილობ დისტანცია დავიცვა და არ შევიდე კომუნიკაციაში. თუმცა შავნიღბიანმა პირადად მე შემაგინა დედაზე.

ქალები პროევროპული აქციიდან. ფოტო: „ნეტგაზეთი“

ქალები ძალიან აქტიურად არიან ჩართულნი ამ წინააღმდეგობაში და არ ვიცი, სტერეოტიპულად უყურებენ ამას, განათლების დონე აქვთ ასეთი დაბალი, თუ დავალება აქვთ, რომ გვაგინონ.

„ქალი როგორ შეიძლება იყოს წინააღმდეგობაში?“, „როგორ შეიძლება არ გვემორჩილებოდეს?“, არ ემორჩილებოდეს სისტემას?“- ეს აოგნებთ და რა ბერკეტი აქვთ ამის წინააღმდეგ? მხოლოდ ერთი – რომ შეუძლიათ ფიზიკურად შეგვეხონ, შეურაცხმყოფელი სიტყვები გვითხრან, შეგვაგინონ, უშვერი სიტყვებით გაგვლანძღონ და ამით მოახდინონ გავლენა, რომ წინააღმდეგობაში აღარ ვიყოთ.

და რას ფიქრობენ ნეტავ, რომ დავსხდებით სახლში? როგორც მათი წარმოდგენით უნდა იქცეოდეს „იდეალური ქართველი ქალი“? ჩემი აზრით, ამ ხალხს ასე თავისით არ მოუვიდოდა ეს აზრი თავში, „ოცნების“ პოლიტიკური სახეები შთააგონებენ ამას, რომ  „ეს ახალგაზრდა ქალები, განსაკუთრებით ისე იქცევიან“.

ამ „ქალების ქცევა“ არის ის, რომ არ შეეშინდათ, არ ეშინიათ, არიან აქტიურები ამ წინააღმდეგობაში და არ ექცევიან დაშინების, შანტაჟის ქვეშ.

საფრთხე ძალიან რეალურია, მაგრამ არავინ იხევს უკან. ესენი კი თავიანთ დაქირავებულ ხელის ბიჭებს – სამართალდამცველებს და პოლიციას ვერ ვუწოდებ მათ, საიდანღაც მოყვანილ ადამიანებს, ადამიანები თუ ეთქმით, აძლევენ მიმართულებას, რომ უნდა იყვნენ უზრდელები, უხეშები, უნდა გცემონ, დაგარტყან, შეგაგინონ, შეგაშინონ და გაგაჩუმონ.

ნიღბიანი საპტორესტო აქციაზე.

ზოგჯერ მგონია, რომ რაღაც ქარხანაა, სადაც  იწარმოება ეს შავნიღბიანები – ყოველგვარი შინაარსისგან გამოცლილი არსებები“ – ამბობს მარიამ კოშაძე.

მარიამის აზრით, რეჟიმს ეშინია ქალების და ამის გამოხატულებაა თუნდაც მზია ამაღლობელის, ჟურნალისტის სისხლის სამართლის მუხლით დაკავება.

„თუ აქამდე ბიჭებს ამტვრევდნენ და აკავებდნენ, ხვალ დააკავებენ ქალებსაც. არ გამოვრიცხავ, რომ ხვალ სახედამტვრეული ქალები და გოგოებიც ვნახოთ. ფაქტობრივად მოწოდება ჰქონდა მდინარაძეს, რომ ქალები ამას ვიმსახურებთ“.

  • „ამ ბრძოლას აქვს ქალის ხმა და ეს ხმა იქნება გადამწყვეტი“

ქეთი მოლაშვილი, ახალგაზრდა აქტივისტი ქალი, „ბათუმელებთან“ იხსენებს სიტყვიერ ძალადობას, რასაც შავნიღბიანები აქციებზე იყენებდნენ აქტივისტი ქალების მიმართ.

„ბოლო პერიოდი გოგოებიც იმ კაცების მხარდამხარ ვიბრძვით, ვისაც გააზრებული გვაქვს, რომ ქალებსაც და კაცებსაც გვაქვს თანაბარი უფლებები. ჩვენ ამ ეპოქაში დავიბადეთ და გააზრებული გვაქვს ეს თავისუფლება. ისინი კი ჯერ კიდევ „შედი ქალო ბუტკაში“ და ჰა, ჰა – „პატივი უნდა სცე ქალს“, ამის იქეთ ვერ მიდიან.

ახლა, როცა მიხვდნენ, რომ ქალებიც ისევე ვიბრძვით, როგორც კაცები, დაიწყეს ქალების გაშავებაც. ამათთვის ქალის გაშავება რა არის, რომ გითხრან – „წადი ქალო, შვილს მიხედე“, ან „შენნაირმა ქალმა შვილი როგორ უნდა გაზარდოს“. არადა, სწორედ დედები ვიბრძვით ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის.

დედები ევროპული მომავლისთვის – საპროტესტო აქცია თბილისში. ფოტო: „ნეტგაზეთი“

არ ვიცი, რუსეთიდან, კრემლიდან წამოსული ნარატივია თუ რა, მაგრამ ცდილობენ ასე გაგვაშავონ – „არყით ხართ მთვრალი“. ქმნიან ისეთ სურათს, თითქოს ჩვენ ვიგინებით, ვართ უზრდელები. არადა, ხშირ შემთხვევაში, გოგოები ვართ ჩუმად აქციაზე, თუ არ ვუსტვენთ სასტვენით.

ამ დროს პოლიციელი ცდილობს მოგაყენოს შეურაცხყოფა, „უკან გაიკეთეთ და უკეთესად დაუსტვენთ“- ასე გვეუბნებიან.

ჩვენ კი ვეუბნებით, რომ პოლიციელი ხარ, თმენის ვალდებულება გაქვს, რადგან მუნდირი გაცვია, რადგან სამართალდამცველი ხარ და როგორ აკეთებ ამას? მაგრამ გოგოებს ვერ მოჰყვებიან არგუმენტებში“-ამბობს ქეთი მოლაშვილი.

მისი თქმით, დღეს ქალებს ორმაგი ბრძოლა და შრომა უწევთ – შინ და გარეთ.

ქეთი მოლაშვილი

„ჩვენ ვართ ადამიანები, ვინც ჯერ სახლის საქმეებს ვაკეთებთ, – ქვაბებს ვხეხავთ, თეფშებს ვრეცხავთ, სადილს ვამზადებთ, სამსახურში დავდივართ და როცა ამ ყველაფერს მოვრჩებით, გავდივართ აქციებზე – ბრძოლის ველზე. ამიტომ, ორჯერ უფრო გაბრაზებული ვართ, როცა უსამართლობას ვაწყდებით“.

ქეთის აზრით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ პოლიტიკა კაცებმა უნდა მართონ, ქალები კი მათ უნდა გაჰყვნენ: „შესაბამისად, როცა გვხედავენ გოგოებს, რომლებსაც პოლიტიკაც გვესმის, საქმესაც ვაკეთებთ და ოჯახებსაც ვუყურებთ, ახლა ჩვენი განეიტრალება არ არის ასე მარტივი.

მაგალითად, შალვა პაპუაშვილის ცოლი საჯარო მმართველობის პოლიტიკის მაგისტრატურაში ჩემთან ერთად სწავლობდა, ჯგუფელები ვიყავით. ძალიან კარგი გოგო იყო გვანცა, ჩვენთან ერთად იზიარებდა ქვეყნის ღირებულებებს და ახლა აღმოვაჩინეთ, რომ ყველა ჯგუფელი წავუშლივართ, ვინც საპროტესტო აქციებში ვმონაწილეობთ. გახდა პაპუაშვილის ცოლი, რომელსაც ხმა არ ამოეღება და უფლება არ აქვს, იმიტომ, რომ შალვა პაპუაშვილი ფიქრობს, თვითონ არის გადაწყვეტილების მიმღები და გვანცა უბრალოდ უუფლებოა ამ ამბავში.

წარმოიდგინეთ, ამხელა ცოდნა და გამოცდილება აქვს მიღებული და სად არის, რატომ არ აჩენს? – იმიტომ, რომ ასე ფიქრობს რეჟიმი, ქალების არ არის პოლიტიკა. ეს მაშინ, როცა „ლეკვი ლომისა სწორია“ როდის დაგვიწერა რუსთაველმა და როდის გვყავდა თამარ მეფე და როდის იბრძოდნენ ქალები კაცებთან ერთად.

სად არის ივანიშვილის ცოლი? ამდენი მილიონის და მილიარდის მფლობელს, რა გაუკეთებია საზოგადოებისთვის სასიკეთო?

ანუკი არეშიძე ტიკ ტოკს იმაზე კი არ უნდა იღებდეს რა ტანსაცმელი აცვია და თავის ლუქებს კი არ უნდა გვაჩვენებდეს, ქალების უფლებებისთვის უნდა იბრძოდეს. გაუკეთებია რაიმე მნიშვნელოვანი თბილისელი ქალებისთვის?! იმიტომ არა, რომ ასე დაანახა რეჟიმმა მისი ფუნქცია.

რეჟიმს გარეთ მყოფი ქალები კი, ვინც ვიაზრებთ რეალობას, ვდგავართ იმ კაცების გვერდით, რომლებიც ასევე ჩვენს უფლებს აღიარებენ. მეორე მხარეს კი დგანან ადამიანები, რომლებმაც  ყველაფერს ხაზი გადაუსვეს, თამარ მეფის ქვეყანას გადაუსვეს ხაზი“- ამბობს ქეთი.

მისი აზრით, სწორედ ამიტომ აქვს ამ ბრძოლას ქალის ხმა და ამ ბრძოლას კაცებთან ერთად ქალები მოიგებენ.

„ამ ბრძოლას აქვს ქალის ხმა. დაიწყო ეს მზია ამაღლობელმა, რომელიც ჩაჯდა ციხეში და იქიდან ამოიღო ხმა, გააგრძელა მარშების გოგომ და ამ მარშებს აქვს გოგოს ხმა, ყველგან ისმის ქალების ხმა და ეს არის რეჟიმისთვის უცხო და ეს ხმა იქნება ერთ-ერთი გადამწყვეტი“- ამბობს ქეთი მოლაშვილი.

  • „ის, რაც დღეს ხდება ქვეყანაში, ეს არც ქალის პატივისცემაა, არც ქართველობა და არც ადამიანობა“

მაგდა დიაკონიძე, 34 წლისაა, მუშაობს გზავნილების კომპანიაში. თითქმის ყოველდღე დგას ქუჩაში პლაკატებით – „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, „თავისუფლება მზია ამაღლობელს“.

„ვაპროტესტებ ქვეყანაში დაკანონებულ უსამართლობას“-ამბობს მაგდა „ბათუმელებთან“. მისი თქმით, ამაზრზენია იმის ყურება, რის წინაშეც ივანიშვილის რეჟიმმა დააყენა ქვეყანა.

„ჯერ მზიას გამო, შემდეგ კი 2 თებერვალს, როცა სცემეს და აგინეს ქალებს, ვეღარ გავუძელი. პატარა ბავშვის გამო ღამის აქციებზე ხშირად ვერ გავდიოდი, მაგრამ ახლა, თუნდაც მარტო ვიდგე, უნდა გავაგონო ჩემი ხმა რეჟიმს“ – გვეუბნება მაგდა.

მისი აზრით, „კაცი კაცია და ქალი ქალის“ პროპაგანდით მოსული „ოცნება“ მთლიანად მჩაგვრელ სისტემად გადაიქცა.

მაგდა დიაკონიძე

„ის, რაც დღეს ხდება ქვეყანაში, ეს არც ქალის პატივისცემაა, არც ქართველობა და არც ადამიანობა. არაფერი არ ჰქვია ამას. როგორ გვექცევიან ქალებს ეს გდდ-ეს წარმომადგენლები და „გმირი პოლიციელები“? ამ ყველაფერთან შეგუება გამორიცხულია.

„ევროპა გვართმევს ქართველობასო“ რომ აჯერებდნენ თავიანთ ამომრჩევლებს, ვერ ვხვდები, რა უნდა წაართვას ევროპამ, რაც თვითონ წაართვეს თავის თავს.

სახე დაკარგული აქვს პირველ რიგში ბიძინას, ვინც მართავს ამ ყველაფერს, ირაკლი კობახიძეს განსაკუთრებით და ეს ყველაფერი გადადის პოლიციაზე. ამ ყველაფერს რომ ხელს აწერენ, წინააღმდეგობას არ უწევენ და არაკაცურ საქმეს აკეთებენ, არაქართველურს, აი ეს არის სახის დაკარგვა. მართლა უსახურები არიან“- ამბობს მაგდა.

მისი თქმით, ქართლის დედას ხმალი მხოლოდ გარეული მტრისთვის არ უჭირავს, „ეს ხმალი უჭირავს შინაური მტრისთვისაც“.

„ჩვენ ვართ ის ქალები, ვინც ამ ხმალს დავანახებთ პირველ რიგში პოლიციას, უფრო სწორად მილიციას, რადგან იქ, ჩვენ იმ ბავშვების მომავლისთვის ვდგავართ, რომელსაც ვზრდით.

ღამე სამსახურში ვმუშაობ, დილით ბავშვი მიმყავს ბაღში, შემდეგ კი გამოვდივარ ქუჩაში, რომ ჩემი სათქმელი ვთქვა, იმდენად აუტანელია უკვე ეს ყველაფერი“- გვეუბნება მაგდა.

მისი თქმით,  არიან ადამიანები, რომლებიც პროპაგანდის გავლენით ჯერ კიდევ შინ ჯდომას არჩევენ და შორიდან ადევნებენ თვალს უსამართლობას.

„ვაღიარებ, დედაჩემიც შედის ამ კატეგორიაში. ოჯახის წევრისგანაც მომისმენია – „აბა, რა გინდოდა, იქ რომ გადიოდი, არ გაგინებდნენ?“ არადა, ძალიან დიდი ტრაგედიაა ახლა ჩვენს ქვეყანაში, ყველაზე მეტად ეს „ხელისუფლება“ გვართმევს ქართველობას.

თუ ისევ გვაგინეს და გვირტყეს, როგორც 2 თებერვალს, მაშინ აღარ ვართ საქართველო. ვართ რუსეთი, რაღაც ბინძური ქვეყანა და ჩვენ ამას ვერ შევეგუებით. ამ კანონებით, რომლებსაც ჩვენ წინააღმდეგ იღებენ, ვერ გაგვაჩერებენ. პირადად მე, მარტო დახვრეტა თუ გამაჩერებს.

თუ დამიჭერენ, იქაც ხმას ამოვიღებ, სასამართლოზეც ვიტყვი ჩემს სათქმელს. იმას ვიტყვი, რაც ყველაზე მეტად ქართველ კაცებს ეტკინებათ, ეტკინება ჩემს ძმასაც, რომელიც ხმას არ იღებს და ამჯობინებს ტყუილში ცხოვრებას.

სახე აქვთ წაშლილი. ქართველი კაცების სახე ეს არ არის, ეს არც პოლიცია არ არის, რომელსაც აწერია გულზე „ვემსახურებით საქართველოს“. ამას არ ჰქვია საქართველოს მსახურება, ამას ჰქვია რუსეთის და ბიძინას მსახურება“ – ამბობს მაგდა.

მისი თქმით, თუ კაცები უკან დაიხევენ, მაშინ ამ ბრძოლის მოგებაც ქართველი ქალების საქმე გახდება:

„ყველას ვერ დაგვიჭერენ და თუ დაგვიჭერენ, ჩვენს დასატევად მოუწევთ კრიმინალების გამოშვება, შემდეგ კი – მათი მოგერიება. ხალხი ითხოვს სამართალს“- ამბობს მაგდა.

  • ასეთი უშვერი სიტყვები, ერთმნიშვნელოვნად ქალებისკენ მიმართული აგრესიაა და ეს არის ჩვენ დასაშინებლად“

მწერალი თამთა მელაშვილი მიიჩნევს, რომ ნიღბიანების აგრესიის მიზანი ქალების დაშინებაა.

თამთა მელაშვილი, მწერალი

„პოლიცია და ზოგადად, ძალოვანი ინსტიტუტები, ძალიან დახურული და იერარქიულია, როგორც ყველა მასკულინური ინსტიტუცია. შესაბამისად, კრიზისულ სიტუაციებში ქალების მიმართ აგრესია, როგორც წესი, ყოველთვის იზრდება.

ძალადობა უფრო წახალისებულია, თუმცა ამ აგრესიას გენდერული განზომილება, სპეციფიკური სახე მაინც აქვს.

რა თქმა უნდა, ისინი აგინებენ კაცებსაც, ბიჭებსაც, მაგრამ ასეთი უშვერი სიტყვები, ერთმნიშვნელოვნად ქალებისკენ მიმართული აგრესიაა და არის ჩვენ დასაშინებლად.

ეს არის უსახო მასა, (რადგან მათი იდენტიფიცირება არ ხდება), ამიტომ ისინი უფრო თავისუფალი არიან თავიანთ ქცევაში. ეს ანონიმურობა კი მათი მხრიდან ამ ძალადობის მასშტაბს ზრდის“- ამბობს თამთა მელაშვილი.

მისი თქმით, ზოგადად კაცები, მშვიდ გარემოშიც კი, ერთმანეთის მიმართ პოლიციელები არიან. მათი ქცევის კოდექსი, კაცობის/კაცურობის დაწერილი თუ დაუწერელი კანონები აქვთ და ყველაზე მეტად რისიც კაცებს ეშინიათ, დაცინვაა.

„ამ აგრესიასაც ერთმანეთის დასანახად უფრო აჩენენ. ამ შენიღბულობამ კი სირცხვილის გრძნობა გააქრო. ქართველის კაცის სურათხატში ეს ჩულქებჩამოცმული კაცები საერთოდ არ ჯდება.

კულტურულად, ქართულ მენტალიტეტში ეს არ ზის, მაგრამ კრიზისულ მომენტებში „ოცნების“ პოლიტიკოსები კაცობის ამ მოდელს გვთავაზობენ. ეს სიძულვილის პოლიტიკა, რომელსაც დიდი ხანია აწარმოებს „ოცნება“, რა თქმა უნდა, მოსახლეობაში ნელ-ნელა ჯდება და რაღაც დინება მიეცა.

მეორე მხარეს კი დგანან ემანსიპირებული, თავისუფლებისმოყვარე და თავისუფლებისთვის მებრძოლი ქალები და ასეთი გოგოს და ასეთი ქალის სურათხატი ძალიან არყევს ამ პატრიარქატს“- ამბობს თამთა მელაშვილი.

ქალები პროევროპული საპროტესტო აქციებიდან. ფოტო: „ნეტგაზეთი“

მისი შეფასებით, „ქართული ოცნება“ არა მარტო ქალის, კაცის ღირსებასაც ამცირებს, რადგან ძალიან ბევრმა სწორ ღირებულებებზე მდგარმა კაცმა ეს დაინახა და დაინახა, რომ ასეთი, „ოცნებასთან“ აფილირებული კაცები ამ ტიპის მასკულინობით ცდილობენ არა მარტო ქალების დაჩაგვრას, არამედ მჩაგვრელები არიან ყველა იმ კაცის, ვინც მათ წესებს ერთმნიშვნელოვნად არ დაექვემდებარება.

„ნორმალურ, ქართულ, სწორ ღირებულებებზე გაზრდილ კაცს ტიტუშკად ყოფნა ცხოვრებაში ნამდვილად არ უნდა. ალბათ არც პოლიციას, რომლის იმიჯიც დღეს სრულიად გაპარტახებულია და არავის ეიმედება ქვეყანაში. ერთმანეთის იმედად დავრჩით ადამიანები და ვხედავთ, რომ საკმაოდ ბევრნი ვართ და საკმაოდ ძლიერებიც ვართ.

ის, რასაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსები წარმოადგენენ, არანაირად არ ჯდება ქართველი კაცის სურათხატში. ამიტომაც არ იციან ჩვენთან სასაუბრო ენა, აღარ იციან, როგორ გაგვაჩერონ, როგორ მოგვათვინიერონ, როგორ მოგვარჯულონ და შესაბამისად, არ იციან, როგორ დაგვიპირისპირდნენ.

ეს არცოდნა უნდა გამოვიყენოთ ერთმანეთის გასაძლიერებლად და  საბოლოოდ გასამარჯვებლად. და ეს ასე იქნება, რადგან  შეუძლებელია ამ სიბნელემ, რასაც „ქართული ოცნება“ ჰქვია, ეს ქვეყანა მოიცვას“- ამბობს თამთა მელაშვილი.

ქალები საპროტესტო აქციაზე. ფოტო: „ნეტგაზეთი“

12 იანვარს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ბათუმში დააკავეს. მას ბათუმის პოლიციის უფროსზე სილის გაწვნის გამო 4-იდან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მზია ამაღლობელი ციხეში დაკავების დღიდან შიმშილობს პროტესტის ნიშნად.

„იგი შიმშილობს იმის გამო, რომ მისი ქვეყანა აივსო უღირსებო,  ლაჩარი კაცებით, რომლებიც ვაჟკაცობად თვლიან უმწეო პატიმარი ქალის შეურაცხყოფას, მისდამი უხამს მუქარას და შურისძიებას!  რომლებსაც მამაკაცური ღირსების კოდექსის არსებობის შესახებ არასოდეს არაფერი სმენიათ!

ი. დ.- ძის მაგვარ ძალოვანთა გარეგნულად გაფუყული მამაკაცობა, უბადრუკობით არის ამოვსებული! ასეთებს შეუძლიათ საქვეყნოდ იწუწუნონ, რომ ქალის სუსტად მოქნეულმა ხელმა, უფრო ზუსტად კი, თითების შეხებამ ნიკაპზე, ტკივილი მიაყენა. (აი, ამაზე კი შეგვიძლია თქმა, რომ მსგავსი რამ საქართველოსა და კავკასიის ისტორიაში ნამდვილად არ მომხდარა!).

ასეთებს  ვერავინ  და ვერაფერი ვეღარ გააგებინებს, რას ნიშნავს სიტყვა „სირცხვილი“ და „სამარცხვინო“!

ეს სუბიექტი ჩვენს უახლეს ისტორიასა და  წიგნში „ღირსების შესახებ“ (რომელიც, საბედნიეროდ იწერება), შევა, როგორც მამაკაცის გადაგვარების ქრესტომათიული, ტრაგიკომიკური მაგალითი!“- ასე გამოეხმაურა მწერალი ნაირა გელაშვილი ფეისბუქზე მზია ამაღლობელის საქმეს.

თამთა მელაშვილი კი ასე პასუხობს „ოცნებას“ – „ახალგაზრდა ქალები დაგამთავრებენ“.

„ერთმნიშვნელოვნად, საბოლოო ჯამში ვიგებთ ჩვენ“- ამბობს თამთა.


მასალა მომზადებული ა(ა)იპ „შშმ ქალთა ალიანსთან“ თანამშრომლობით პროექტის “ქალები დეზინფორმაციის წინააღმდეგ” (Women against Disinfomation) ფარგლებში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: