მთავარი,სიახლეები

ბათუმში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მარშრუტი შეიცვალა

21.05.2026
ბათუმში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მარშრუტი შეიცვალა

ბათუმში მართვის მოწმობის უფლების მისაღებად პრაქტიკული საგამოცდო მარშრუტი N1 შეიცვალა.

ამასთან, შსს-ს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით „22 მაისიდან მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის [მოედანი] წარმატებით ჩაბარებისთანავე, კანდიდატებს ეძლევათ შესაძლებლობა, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გასასვლელად სასურველი დრო ყოველგვარი ლოდინის გარეშე, სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში დაჯავშნონ“.

სააგენტოს განცხადებით ცვლილების მიზანი „მართვის უფლების მისაღები გამოცდის პროცესის გაუმჯობესებაა“.

ახალი საგამოცდო მარშრუტი N1 ბათუმში: მომსახურების სააგენტოს ტერიტორია-სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა – ჟიული შარტავას ქუჩა – პუშკინის ქუჩა – დემეტრე თავდადებულის ქუჩა – ბაგრატიონის ქუჩა – ჟიული შარტავას ქუჩა – სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა – მომსახურების სააგენტოს ტერიტორია.

ახალი[შეცვლილი] საგამოცდო მარშრუტი ბათუმში

ამ დრომდე ეს მარშრუტი იწყებოდა ორბელიანის ქუჩაზე – მომსახურების სააგენტოს ტერიტორიიდან და გრძელდებოდა შემდეგ ქუჩებზე: სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა – [გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩა – პატარა მონაკვეთი შარტავას გამზირის ბოლოში არსებულ წრიულთან] – ჟიული შარტავას გამზირი – პუშკინის ქუჩა – ლუკა ასათიანის ქუჩა – ილია ჭავჭავაძის ქუჩა – ტბელ აბუსერძის ქუჩა – ჟიული შარტავას გამზირი – [გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩა] – სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა [მომსახურების სააგენტოს ტერიტორია]. ძველი მარშრუტი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.]

აღსანიშნავია, რომ ბათუმში, ილია ჭავჭავაძის ქუჩა ერთ-ერთი რთული მონაკვეთია ავტომანქანების გადაადგილების კუთხით. ამ ცენტრალურ ქუჩაზე ქალაქის მერიამ მოძრაობა ჯერ ცალმხრივი გახადა და მეორე ზოლში მხოლოდ ბასლაინი დატოვა. შემდეგ კი მოძრაობა ორმხრივი გახადა, თუმცა ბასლაინიც დატოვა.

ბათუმში N1 საგამოცდო მარშრუტის ცვლილების პარალელურად, საქართველოში გამარტივდა მართვის მოწმობის აღებაც. ამის შესახებ 21 მაისს გახდა ცნობილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ცვლილებები შევიდა მინისტრის ბრძანებაში, რომელიც სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ გამოცდებს ეხება.

ამ თემაზე ვრცლად:

მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდაზე მეტი შეცდომის დაშვების უფლება გექნებათ – ახალი ცვლილებები

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: