ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატალია თურქაძე, რომელიც სკოლის დირექტორმა ყოფილი მოსწავლეებისგან საჩუქრის მიღების მოტივით სამსახურიდან გაათავისუფლა, სასამართლომ გაამართლა.
ნატალია თურქაძემ დირექტორის ბრძანება სასამართლოში გაასაჩივრა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება 20 მაისს გამოაცხადა.
„ვითხოვდი დირექტორის ბრძანების ბათილად ცნობას. სასამართლომ ჩემი მოთხოვნა დააკმაყოფილა. დირექტორს დაევალა ჩემი სამსახურში აღდგენა და ნაცდური ხელფასის ანაზღაურებაც“- ამბობს ნატალია თურქაძე „ბათუმელებთან“.
მას ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია, აპირებს თუ არ სკოლის დირექტორი ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში, თუმცა როგორც ნატალია თურქაძე ამბობს, ის საკუთარი უფლებების ბოლომდე დაცვას გეგმავს.
მასწავლებელმა გვითხრა, რომ აპირებს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე დაუბრუნდეს სკოლას, სადაც 2015 წლიდან მუშაობდა და ბავშვებს კომპიუტერულ ტექნოლოგიებს ასწავლიდა.
საქმე ეხება გასული წლის შემთხვევას. ნატალია თურქაძის თქმით, 2025 წლის ბოლოს, როდესაც მე-12 კლასელებმა სკოლა დაასრულეს, მისი სადამრიგებლო კლასის კურსდამთავრებულებმა, გამოსაშვებ ბანკეტზე, სიურპრიზად გააჟღერეს, რომ ყოფილ დამრიგებელს იტალიის საგზურს აჩუქებდნენ. ნატალია თურქაძე იტალიაში შვებულებაში ყოფნისას, 7 ივლისს გაემგზავრა.
მიუხედავად იმისა, რომ სკოლის დირექტორმა იმთავითვე იცოდა საჯარო საჩუქრის შესახებ, ფაქტიდან 7 თვის შემდეგ მან ჩათვალა, რომ მასწავლებელმა ამ საგზურის მიღებით შელახა სკოლის იმიჯი და სწორედ ეს გახდა ნატალია თურქაძესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი.
სკოლის დისციპლინურმა საბჭომ არ გაიზიარა სკოლის დირექტორის ბრალდება, მაგრამ დირექტორმა მაინც მიიღო ერთპიროვნული გადაწყვეტილება და მასწავლებელი სამსახურიდან გაათავისუფლა, რასაც სკოლაში პროტესტი მოჰყვა.
ამ თემაზე:
„საბჭომ დარღვევა არ დაადგინა, დირექტორმა კი მაინც გამათავისუფლა სკოლიდან“ – მასწავლებელი






