მართვის მოწმობის აღება გამარტივდა. ინფორმაცია ამის შესახებ დღეს, 21 მაისს გახდა ცნობილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ცვლილებები შევიდა მინისტრის ბრძანებაში, რომელიც სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ გამოცდებს ეხება.
სააგენტოს ინფორმაციით, განხორციელდა შემდეგი ცვლილებები:
- „22 მაისიდან მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარებისთანავე, კანდიდატებს ეძლევათ შესაძლებლობა, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გასასვლელად სასურველი დრო ყოველგვარი ლოდინის გარეშე, სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში დაჯავშნონ.
- B კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე კანდიდატს 3 შეცდომის ნაცვლად 5 შეცდომის დაშვების უფლება ექნება.
- მიმდინარე წლის 15 ივნისიდან კი, B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე მსუბუქი შეცდომების ლიმიტი 12-დან 15-მდე იზრდება.
ანუ, ცვლილებამდე არსებული წესით, მე-12 მსუბუქი შეცდომა ავტომატურად გამოცდის შეწყვეტას [მძიმე შეცდომას] ნიშნავს.
ახალი წესით, კანდიდატს 14 მსუბუქი შეცდომის დაშვების უფლება ექნება, მე-15 შეცდომა კი გამოცდის შეწყვეტას გამოიწვევს.“
სააგენტოს ინფორმაციით, „სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პროცესის გაუმჯობესების მიზნით ბათუმსა და გორში მარშრუტების ცვლილება განხორციელდა“.
ახალი საგამოცდო მარშრუტი N1 ბათუმში: მომსახურების სააგენტოს ტერიტორია-სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა – [გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩის პატარა მონაკვეთი] – ჟიული შარტავას ქუჩა – პუშკინის ქუჩა – დემეტრე თავდადებულის ქუჩა – ბაგრატიონის ქუჩა – ჟიული შარტავას ქუჩა – [გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩა] – სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა – მომსახურების სააგენტოს ტერიტორია. [ამ დრომდე არსებულ მარშრუტში შედიოდა ილია ჭავჭავაძისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩები და არ იყო თავდადებულის ქუჩა. ძველი მარშრუტი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.]

ახალი[შეცვლილი] საგამოცდო მარშრუტი ბათუმში






