მთავარი,სიახლეები

შს სამინისტროს უნიფორმის მარაგი არ გააჩნია და 6 მილიონი ლარის ტანსაცმელს ყიდულობს

19.05.2026
შს სამინისტროს უნიფორმის მარაგი არ გააჩნია და 6 მილიონი ლარის ტანსაცმელს ყიდულობს

შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვადასხვა დანაყოფებისთვის უნიფორმებს, ქურთუკებს, ჟილეტებსა და საწვიმარ ლაბადებს ყიდულობს, რაშიც 6 მილიონამდე ლარს დახარჯავს. აქედან, 1,9 მილიონი ლარის უნიფორმებს ტენდერის გარეშე იყიდის, 4,1 მილიონი ლარით კი ტენდერი აქვს გამოცხადებული.

სამინისტრომ 1 906 325 ლარის უნიფორმების გადაუდებელი აუცილებლობით უტენდეროდ შესყიდვის შესათანხმებლად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.

შსს სააგენტოს წერს, რომ დღეისათვის შესაძლებელია ტენდერის გამოცხადებაც, თუმცა ასეთ შემთხვევაში „სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობა ითვალისწინებს გარკვეულ ვადებს, ასევე გარკვეული პერიოდია საჭირო უნიფორმების მოსაწოდებლად. შესაბამისად, არსებობს საფრთხე, რომ ზაფხულის სეზონზე საპოლიციო დანაყოფები დარჩებიან უნიფორმის გარეშე“.

„უნიფორმის დიზაინი და ტექნიკური მახასიათებლები შეიცვალა 2026 წლის მარტში. დაიწყო ბაზრის კვლევის პროცედურები, რომლის შედეგების გათვალისწინებით აუცილებელი გახდა ტექნიკური მახასიათებლების დაზუსტება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებიდან გამომდინარე აუცილებელი გახდა მთავრობის ადმინისტრაციაში შესყიდვის განხორციელებაზე წინასწარი თანხმობის მიღება და მთავრობის განკარგულების გამოცემა.

წინასწარ ვერ იქნებოდა განსაზღვრული რა ვადა დასჭირდებოდა ზემოაღნიშნულ პროცედურებს“ – წერს შსს.

ამასთან, თუ „შსს მოსამსახურეები სრულად ვერ იქნებიან უზრუნველყოფილნი შესაბამისი უნიფორმებით, ამით თანამშრომლებს მათზე დაკისრებული მოვალეობის შეუფერხებლად შესრულებას შეეშლება ხელი. აღნიშნული ფაქტი კი უარყოფითად აისახება სამინისტროს იმიჯზე“.

„შს სამინისტროს შარვლებისა და ქვედაბოლოების საჭირო მარაგი არ გააჩნია. აღნიშნული უნიფორმების შესყიდვა ხორციელდება ყოველწლიურად, რა დროსაც რეზერვის სახით ხდება მხოლოდ იმ რაოდენობის შესყიდვა, რომელიც საკმარისია პერიოდული როტაციებისთვის და დაზიანებული უნიფორმების ჩასანაცვლებლად.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საუბარია ახალ ფორმაზე, შს სამინისტროს რეზერვი საერთოდ არ გააჩნია“ – წერს შსს.

შსს-ს მიერ უტენდეროდ შესასყიდი უნიფორმა / „რაოდენობა განსაზღვრულია დამტკიცებული ნორმებისა და შს სამინისტროს მოსამსახურეთა რაოდენობის მიხედვით“ – აცხადებს სამინისტრო

რაც შეეხება ტენდერს – სხვადასხვა დანაყოფის ქურთუკების, ჟილეტებისა და საწვიმარი ლაბადების შესყიდვაზე ტენდერი სამინისტრომ 2026 წლის 18 მაისს გამოაცხადა.

წინადადებების მიღება 13 ივნისს დაიწყება და 18 ივნისს დასრულდება.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 მილიონ 100 ათასი ლარია.

ტენდერში გამარჯვებულმა საქონლის ნაწილი სამინისტროს ხელშეკრულების გაფორმებიდან – 75, ნაწილი კი 90 დღეში უნდა მიაწოდოს.

შსს-ს მიერ ტენდერის გზით შესასყიდი საქონლის დასახელება და რაოდენობა / წყარო: ტენდერი

ამავე თემაზე:

შსს საზაფხულო ნიღბებს ყიდულობს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: