მთავარი,სიახლეები

ბათუმის სამშობიარო სახლი შესაძლოა აუქციონზე გაყიდონ

21.05.2026
ბათუმის სამშობიარო სახლი შესაძლოა აუქციონზე გაყიდონ

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სამშობიარო სახლი შეიძლება აუქციონზე გაიყიდოს. ამის შესახებ „ბათუმის სამშობიარო სახლის“ აქციონერი ექიმები საუბრობენ, რომლებსაც, მათივე თქმით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი პირადად შეხვდა და განუცხადა, რომ სამშობიარო სახლს აუქციონზე გაასხვისებენ.

„ჩვენ ვართ 110 პარტნიორი, ათწლეულებია შევინახეთ ეს შენობა, ისტორია და სამშობიაროს პროფილი,“ – გვეუბნება „ბათუმის სამშობიარო სახლის“ დირექტორი და ერთ-ერთი აქციონერი, ნანა შერვაშიძე, – „თუ სამშობიარო სახლი აუქციონით გასხვისდება, ნაკლები შანსია, ან საერთოდ არ არსებობს იმის შანსი, რომ სამშობიაროს პროფილი შენარჩუნდეს“.

სამშობიაროს თანამშრომლების თქმით, როგორც მას ეკონომიკის მინისტრმა შეხვედრაზე უთხრა, შენობა მინიმუმ 23 მილიონად გაიყიდება აუქციონზე –  აუდიტის დასკვნით ამ ფასადაა შეფასებული ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, პრესტიჟულ უბანში მდებარე 3596 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი ისტორიული, ორსართულიანი შენობით.

ექიმებს ეჭვი აქვთ, რომ ინვესტორს, რომელიც ამ თანხას გადაიხდის სამშობიაროს შენობაში, ინვესტიციის სხვა მიზანი ექნება:

„შენობა და ტერიტორია არ იძლევა იმის საფუძველს, რომ აქ მრავალპროფილური კლინიკა მოეწყოს და, მათ შორის, იყოს სამეანო განყოფილება. ჩვენ მოვითხოვეთ ზურაბ პატარაძესთან შეხვედრა და იმედი გვაქვს, რომ ის მოაგვარებს ამ პრობლემას,“ – დასძენს ნანა შერვაშიძე „ბათუმელებთან“.

ეს უძრავი ქონება აჭარის და ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაა. შენობა სამინისტროს 2013 წლიდან იჯარით აქვს გადაცემული ქონება „ბათუმის სამშობიარო სახლისთვის“. ეს კომპანია სამშობიარო სახლის რამდენიმე ძველმა თანამშრომელმა შექმნა. „სამშობიარო სახლი“ სამინისტროს იჯარის თანხას უხდიდა – ყოველთვიურად 20 ათას ლარს.

აჭარის ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებულ იჯარის ხელშეკრულებას ვადა 2026 წლის პირველ იანვარს გაუვიდა. ახალი იჯარის ხელშეკრულება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს „ბათუმის სამშობიარო სახლთან“ ამ დრომდე არ გაუფორმებია. სამედიცინო პერსონალის თქმით, სამხაურაულის ექსპერტიზამ რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ისტორიული სახლის იჯარის საფასური თვეში მინიმუმ 83 ათასი ლარით განსაზღვრა.

„ჩვენ ამ ფასის გადახდაზეც ვიყავით თანახმა, მაგრამ სამინისტროსგან მაინც უარია,“ – ამბობენ ექიმები. 

ჯერ-ჯერობით აუქციონი ბათუმის სამშობიარო სახლზე გამოცხადებული არ არის.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესცენტრს, თუმცა ინფორმაცია ამ დრომდე არ მიგვიღია. ამ უწყებაში ასევე ვიკითხეთ: თუ სამშობიაროს აუქციონზე გასხვისებას გეგმავს სამინისტრო, იქნება თუ არა აუქციონის პირობა სამშობიაროს პროფილის შენარჩუნება? – პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სამშობიარო სახლში ამ ეტაპზე მხოლოდ საკონსულტაციო და ამბულატორიული განყოფილებები მოქმედებს, სამეანო განყოფილებას მუშაობა 2022 წლიდან შეჩერებული აქვს.

„სამშობიარო სახლის“ აქციონერების თქმით, სამეანო განყოფილების სარემონტო ხარჯები დაახლოებით 2 მილიონი ლარია, რის საშუალებაც არ აქვთ. მათი თქმით, უკვე ნახევარი მილიონი ლარი დახარჯეს საკონსულტაციო და ამბულატორიული განყოფილებების მოსაწესრიგებლად, ასევე 400 ათასი ლარი დასჭირდათ საბანკო გარანტიისთვის.

აქციონერებმა, რომლებიც მართავენ ბათუმის სამშობიაროს და არ არიან უძრავი ქონების მესაკუთრე, 2017 წელს ქვეიჯარის ხელშეკრულებით შემოიყვანეს „მრავალპროფილური სამშობიარო სახლი“. ამ კომპანიას 1 მილიონ 200 ათასი ლარის ინვესტიცია უნდა ჩაედო სამშობიარო სახლში. ქვემოიჯარესთან კონტრაქტი 2026 წლამდე გაფორმდა, თუმცა მას 2024 წელს დაუტოვებია ბათუმის სამშობიარო სახლი. მრავალწლიანი სასამართლო დავა „ბათუმის სამშობიარო სახლს“ და ქვემოიჯარე კომპანიას შორის მორიგებით დასრულებულა.

„მან არ შეასრულა ვალდებულებები… ჩვენ რაღაც დავთმეთ, რომ 2024 წელს გასულიყვნენ, წესით, 2026 წლამდე შეეძლოთ დარჩენა,“ – ამბობს ნანა შერვაშიძე.

ამ თემაზე:

„სად არიან მაშინ ორსულები?“ – დავა ბათუმის სამშობიაროსთვის დაიწყო

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: