მთავარი,სიახლეები

კუნძულისთვის 352 563 მ³ ქვას „ამბასადორი“ ქობულეთში ულიცენზიოდ მოიპოვებს – კობახიძის განკარგულება

19.12.2025 •
კუნძულისთვის 352 563 მ³ ქვას „ამბასადორი“ ქობულეთში ულიცენზიოდ მოიპოვებს – კობახიძის განკარგულება

ხელოვნური კუნძულის პროექტის ფარგლებში კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ კიდევ ერთხელ გაათავისუფლეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან.

კომპანიას ამჯერად უფლება მისცეს 352 ათასი კუბური მეტრი მოცულობის ქვები ქობულეთის სოფელ ხალას მიმდებარედ მოიპოვოს. 1 კუბურ მეტრ ქვაში კი დაახლოებით 8,5 თეთრს გადაიხდის.

ხელოვნური ნახევარკუნძულის მშენებლობა ბათუმში / ფოტო: 16.12.2025

„სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ქალაქ ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის მიმდებარედ, შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის/ნახევარკუნძულის მოწყობის მიზნით, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ 12 თვის ვადით გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან და მიეცეს უფლება, მოიპოვოს 352 563 მ³ სასარგებლო წიაღისეული [ხალას ანდეზიტები, ბაზალტები და ტუფობრექჩიები] ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ხალას ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე“, – წერია განკარგულებაში.

ამ განკარგულებას „ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ხელი 2025 წლის 16 დეკემბერს მოაწერა.

ამავე განკარგულებით „ამბასადორი“ ვალდებულია:

  • უზრუნველყოს მინერალური რესურსებისა და ქონების ეროვნული სააგენტოების მიერ განსაზღვრული შესაბამისი პირობები;
  • მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ხელოვნური ნახევარკუნძულის/კუნძულის მშენებლობისთვის;
  • სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლებისთვის, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში უზრუნველყოს 30 000 ლარის გადახდა.

„ამბასადორის“ მიერ, ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე, წიაღით სარგებლობის პირობების შესრულების ზედამხედველობა კი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს დაევალა.

„ამბასადორმა“ მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ ინფორმაცია სააგენტოსა და დეპარტამენტს მხოლოდ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში უნდა წარუდგინოს.

  • „ამბასადორს“ ქობულეთში, სოფელ ხალას მიმდებარედ 350 000 კუბური მეტრი წიაღისეული ულიცენზიოდ მოპოვების უფლება 2025 წლის 20 ოქტომბრის განკარგულებითაც მისცეს.

ამ თემაზე: „ამბასადორი“ ქობულეთის სოფელ ხალაში დამატებით 350 ათას კუბ.მ წიაღისეულს მოიპოვებს ულიცენზიოდ

„მიწის მოწყობითი პროცესი, დაჩქარებულად პროგრესირებს და სრული საპროექტო არეალის ნახევარზე მეტი, 46,9 ჰექტარი უკვე შექმნილია“, – წერს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“.

„ამბასადორი“ ასევე აცხადებს, რომ ხელოვნურ ნახევარკუნძულზე ულტრათანამედროვე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო/რენდერი/ფოტო: facebook.com/Islandambassadori

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი კი ხელოვნური ნახევარკუნძულის მშენებლობის პროცესში კომპანიის მხრიდან დარღვევებზე წერს.

ამ თემაზე ვრცლად:

41 ჰექტარი ტერიტორია ხელოვნური კუნძულისთვის – რა დარღვევებზე წერს გარემოსდაცვითი დეპარტამენტი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: