განათლება,მთავარი,სიახლეები

3669 ბავშვი წავიდა ემიგრაციაში მშობელთან ერთად – კიდევ რა მიზეზით ტოვებენ ბავშვები სკოლას

03.04.2026
3669 ბავშვი წავიდა ემიგრაციაში მშობელთან ერთად – კიდევ რა მიზეზით ტოვებენ ბავშვები სკოლას

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, უცხოეთში მშობელთან ერთად გამგზავრების გამო მოსწავლის სტატუსის შეწყვეტის ან შეჩერების შემთხვევები ისევ მაღალია საქართველოში.

მაგალითად,  გასულ წელს ამავე მოტივით ქვეყანა დატოვა 3 669 ბავშვმა, რაც თითქმის უტოლდება 2024 წლის მონაცემებს. 2024 წელს 3 900-მა მოსწავლემ დატოვა ქვეყანა.

ეს მაშინ, როცა სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში შობადობა შემცირებულია, ემიგრაცია კი – გაზრდილი.

სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში 37 867 ბავშვი დაიბადა. თუმცა უწყება არ აზუსტებს, საქართველოში დაბადებული ბავშვებიდან რამდენია საქართველოს მოქალაქის და რამდენია უცხო ქვეყნის მოქალაქის შვილი.

2025 წელს 7248 მოსწავლეს შეუჩერდა, ხოლო 1366 მოსწავლეს შეუწყდა მოსწავლის სტატუსი, რაც დინამიკაში თითქმის უტოლდება 2024 წლის მონაცემებს.

სკოლის მიტოვების მიზეზებს შორის ისევ ვლინდება ისეთი შემთხვევები, როგორიცაა, მაგალითად, ფინანსური დავალიანება, სკოლიდან გარიცხვა, დაოჯახება, ჯანმრთელობის პრობლემები, მუშაობის დაწყება, გაცდენები და ასე შემდეგ.

ამავე წყაროს მიხედვით, 2025 წელს „ოჯახის შექმნის“ მიზნით სკოლა მიუტოვებია 26 ბავშვს.

100 ბავშვს – ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 1881 ბავშვს – მშობლის განცხადების საფუძველზე, 1251-ს კი პროფესიულ კოლეჯში გაუგრძელებია სწავლა. 1337 ბავშვს ზედიზედ გაუცდენია სკოლა, რის გამო მოსწავლის სტატუსი შეუჩერეს ან შეუწყვიტეს.

მოსწავლის სტატუსის შეწყვეტის/შეჩერების სტატისტიკა 2025 წელს.
წყარო: ომბუდსმენის ანგარიში.

იმ ბავშვებს შორის, რომელთაც 2025 წელს მოსწავლის სტატუსი შეუწყვიტეს ან შეუჩერეს, 3 587 გოგოა, 5027 კი – ბიჭი.

სტატუსშეჩერებული ბავშვების უმრავლესობა დაწყებით ან საბაზო საფეხურზე სწავლობდა.

მოსავლის სტატუსის შეწყვეტის/შეჩერების საფუძვლები.
წყარო: ომბუდსმენის ანგარიში.

სკოლის მიტოვების მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით

ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გასული წლის მსგავსად, ისევ თბილისში დაფიქსირდა – 3434 მოსწავლე, ქვემო ქართლში – 1371 და აჭარაში – 1050 მოსწავლე.

ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ განათლების სამინისტროს არაერთხელ მიეთითა დაეხვეწა მოსწავლეთა სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის ერთიანი სტატისტიკა, „პროცესი ამ დრომდე არ არის დასრულებული.“

„შესაბამისად, სტატისტიკის წარმოების არსებული ფორმა და სწავლის მიტოვების საფუძვლები კვლავ დასაზუსტებელია“, – ნათქვამია ომბუდსმენის ანგარიშში.


__________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: