მთავარი,სიახლეები

„ქოცებმა კუნთები მანახეს და ისე მეცინება“ – ნანუკა ჟორჟოლიანის წერილი ციხიდან

20.05.2026
„ქოცებმა კუნთები მანახეს და ისე მეცინება“ – ნანუკა ჟორჟოლიანის წერილი ციხიდან

ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის, ნანუკა ჟორჟოლიანის შვილი, მარიამ გუგეჩაძე ნანუკა ჟორჟოლიანის ციხეში დაწერილ წერილს ავრცელებს.

„ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ წერილს.

„2018 წელს, მე და მარიამი ინდოეთში ვიყავით, კლინიკური დეპრესია მქონდა, მარიამი გამომყვა.

მეგობრებმა გვირჩიეს აიურვედას პანსიონი. ინდოელების მკურნალობის ფილოსოფია დგას ასკეტურ ცხოვრებაზე და პაციენტის მაქსიმალურად გაყვანაზე კომფორტის ზონიდან.

გართმევენ ყველაფერს: ტელეფონს, კავშირს გარესამყაროსთან.

ჩვენი მასპინძლები და ჩემი ექიმები მარწმუნებდნენ, თუ ადამიანი კომფორტის ზონიდან არ გავა, ვერც საკუთარ თავს იპოვის და მით უფრო, ვერც სიმშვიდესო.

მე არ ვიცი, რა ჩანაფიქრი ჰქონდა მოსამართლე (რადგან მონის დაძახება კანონით აგვიკრძალეს, სახელით მივმართავ) დავით მაკარაძეს, მისი მიზანი ჩემი დათრგუნვა უფრო იყო, ვიდრე ის რა შედეგიც მიიღო, მაგრამ არაფერს დავუახლოებივარ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან დღეებთან ისე, როგორც ამ სივრცემ და გარემომ დამაახლოვა. ბატონო დავით, არ გამოგივიდათ! მე ძალიან კარგად ვარ, იმაზე კარგად, ვიდრე წარმოგიდგენიათ. თქვენ ჩემთან ეს რაუნდი წააგეთ.

არაფერი ჩემს თავს ისეთი არ ხდება, რაც ყველა ჩვენს თანამებრძოლს უკვე არ გაუვლია. 19, 20, 21 წლის ახალგაზრდები ციხის მეორე და მესამე წრეზე მიდიან.

სიმართლე გითხრათ? ის შეგრძნება უფრო მტანჯავდა, რომელიც აქამდე მქონდა – ხელშეუხებლობის, ახლა ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს.

ქოცებო, სასტიკად ბანძები ხართ, მაგრამ ამჯერად მადლობა, რომ უხერხულობის შეგრძნება აღარ მაქვს.

რა დამანახა ამ დღეებმა?

სისტემაში ყველა ერთნაირი არაა. მოსამართლე და ბრალის წარმდგენი პოლიციელები კი ასრულებენ ყველაფერს ზედმიწევნით, სამაგიეროდ, ადამიანები იყვნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრები, ადამიანები დამხვდნენ მცხეთის იზოლატორში და სწორია, რომ ამას ვხედავდეთ და ვეუბნებოდეთ.

ქოცებმა კუნთები მანახეს და ისე მეცინება. სინამდვილეში, ძალიან მოწყენილი ვიყავი და ოდნავ პასიურიც, გილოცავთ ქოცებო, თქვენ მოიგეთ დასვენებული ნანუკა, ახალი ენერგიით!

ჩემთვის პატივია, რომ სწორედ იმ დროს დამაკავეს, როცა სტუდენტი გოგოები ლექციებიდან გამოიყვანეს და ბორკილები დაადეს.

ჩემთვის პატივია, რომ მათ საქართველოს და მათ ბრძოლის ველს წარმოვადგენ.

ამ კედლებშიც შემოაღწია თქვენმა სოლიდარობამ და სიყვარულმა და უახლოეს მომავალში თუ რამე, კარგის გაკეთებას მოვახერხებ, მხოლოდ თქვენი სიყვარულის დამსახურება იქნება.

ჩემი ლექტორი, ნოდარ ტაბიძე ამბობდა, პატიმრების მდგომარეობას პატიმრებზე უკეთ ვერავინ გაიგებსო. ამიტომაც, განსაკუთრებული მადლობა მზია ამაღლობელს სიმტკიცისთვის, ელენეს, სინდისის ყველა პატიმარს, 4 ოქტომბრის პატიმრებს, ყველა პოლიტიკოსს რომელიც დაკავებულია და მადლობა საქართველოს მესამე პრეზიდენტს – მიხეილ სააკაშვილს!

თქვენი ნანუკა,
მცხეთის იზოლატორი,
საკანი N4
მარიამ, საბა, ძალიან მიყვარხართ!“ – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სამდღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაშია საპროტესტო აქციისას ტროტუარზე დგომის გამო.

გადაწყვეტილება 19 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით მაკარაძემ მიიღო.

ამავე თემაზე:

ნანუკა ჟორჟოლიანს 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: