უკრაინაში, ქალაქ მარიუპოლში, „აზოვსტალის“ მცველი, უკრაინის შეიარაღებული ძალების 36-ე ბრიგადის ყოფილი მეთაური, სერგეი ვოლინა ფეისბუქზე წერს, რომ არავის აქვს უფლება დაივიწყოს ისინი, ვინც საკუთარი სიცოცხლისა და თავისუფლების ფასად იდგა მარიუპოლისა და უკრაინისთვის.
ვოლინა ეხმიანება მარიუპოლის დაცემის 4 წლისთავს – 2022 წლის მაისში მარიუპოლის უკანასკნელმა მცველებმა, რომლებიც ალყაში იმყოფებოდნენ, უმაღლესი მთავარსარდლობის ბრძანების საფუძველზე დატოვეს „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორია და რუსულ არმიას ჩაბარდნენ ტყვედ. აზოვსტალის მცველების ნაწილი ახლაც ტყვეობაშია, ნაწილი – გაათავისუფლეს შეთანხმების საფუძველზე. გათავისუფლებულებს შორისაა სერგეი ვოლინაც.
„მე ვარ უკანასკნელი უკრაინელი საზღვაო ქვეითი, რომელმაც „აზოვსტალის“ ქარხანა დატოვა.
როგორც მეთაური, მე ჩემს ძმებს უკან მივყვებოდი და რიგს ვკეტავდი.
ყველამ, ვინც 2022 წელს მარიუპოლში იმყოფებოდა, საკუთარი თვალით ნახა ჯოჯოხეთი. იქ სიკვდილის, ბეტონის და სისხლის სუნი იდგა.
ჩვენ ვძლებდით არა იმიტომ, რომ შიში არ გვქონდა, არამედ იმიტომ, რომ დაცემის უფლება არ გვქონდა.
ტყვედ ჩავბარდით უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის ბრძანებით.
რას ვგრძნობდი მაშინ?
სინანულს, რომ ვერ დავიცავით მარიუპოლი მტრისგან.
დანაშაულის გრძნობას, რომელსაც ხანდაზმულობის ვადა არ აქვს ჩვენი ძმების დედებისა და შვილების წინაშე, რომლებიც ხელში იარაღით დაიღუპნენ და მათ წინაშე, ვისი ცხედრებიც ჯერ კიდევ ქალაქის ნანგრევების ქვეშ დევს.
მეთაურის შიშს, ხალხი ტყვეობაში, გაურკვევლობაში წაიყვანოს, როდესაც „ოთხი თვე“ ჟღერდა როგორც მარადისობა, რომელიც შეიძლება არ დასრულდეს…
მახსოვს ჩემი თანამებრძოლების თვალები, როცა აზოვსტალს ვტოვებდით.
მათ კითხვები არ ჰქონდათ.
მხოლოდ დუმილი, ნებისმიერ სიტყვაზე მძიმე.
ყველაზე საშინელი ის არის, რომ ეს შიშები რეალობად იქცა.
ჩემი თანამებრძოლები უკვე 4 წელია ტყვეობაში არიან – ნამდვილ ჯოჯოხეთში… უკვე 4 წელია.
მარიუპოლმა და „აზოვსტალმა“ მთავარი მასწავლეს:
სიკვდილი ყველაზე საშინელი არ არის.
ყველაზე საშინელი მიტოვებაა.
არავის აქვს უფლება დაივიწყოს ისინი, ვინც საკუთარი სიცოცხლისა და თავისუფლების ფასად იდგა მარიუპოლისა და უკრაინისთვის.
თავისუფლება მარიუპოლის გარნიზონს!“ – წერს ვოლინა.
- რა ხდება?
მას შემდეგ, რაც რაც რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 2022 წლის გაზაფხულზე დაიკავა თითქმის მთელი მარიუპოლი, „აზოვსტალი“ რჩებოდა ერთადერთ გამაგრებულ ტერიტორიად ალყაშემორტყმულ ქალაქში, რომლის აღებაც რუსეთის არმიამ კვირების განმავლობაში ვერ შეძლო. „აზოვსტალში“ გამაგრებულნი იყვნენ აზოვის პოლკი, მესაზღვრეები, პოლიცია, 36-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადა, ეროვნული გვარდია და მარიუპოლის ტერიტორიული თავდაცვა.
საბოლოოდ, „აზოვსტალის“ წინააღმდეგობა 16 მაისიდან შეწყდა. 20 მაისს უკრაინელი სამხედროების ბოლო ჯგუფი ჩაბარდა და ისინი რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადაიყვანეს.
რუსეთი ტყვედ აყვანილი სამხედროების, მათ შორის, „აზოვის“ მეთაურების საჩვენებელ გასამართლებას გეგმავდა და სახელმწიფო პროპაგანდაც ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობდა.






