მთავარი,სიახლეები

„სად არიან მაშინ ორსულები?“ – დავა ბათუმის სამშობიაროსთვის დაიწყო

26.03.2021 • 3171
„სად არიან მაშინ ორსულები?“ – დავა ბათუმის სამშობიაროსთვის დაიწყო

„სად არიან მაშინ ორსულები? პანდემია დააკავებს მშობიარეს? ეკონომიკის სამინისტრომ განგაშის ზარები რატომ არ შემოჰკარით?“ – იკითხა ექიმმა ხათუნა ვარშალომიძემ, როცა ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელმა სასამართლო პროცესზე გააჟღერა ბათუმის სამშობიარო სახლის პირგასამტეხლო „10 მილიონ ლარზე მეტია“ და კიდევ: „ყოველდღიურად 1242 ლარი ემატება“.

ბათუმის საქალაქო სასამართლო „ჩარკვიანის სახელობის ბათუმის სამშობიარო სახლის“ 31 მეწილის სარჩელს განიხილავს „ბათუმის მრავალპროფილური სამშობიარო სახლის“ წინააღმდეგ. საქმეს მოსამართლე როინ კახიძე განიხილავს.

საუბარია ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სამშობიარო სახლზე, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2013 წელს იჯარით 2026 წლამდე გადასცა „ჩარკვიანის სახელობის ბათუმის სამშობიარო სახლს“. ამ ორგანიზაციაში მაშინ ის ექიმები გაწევრიანდნენ, რომლებიც სამშობიაროში მუშაობდნენ. იმისთვის, რომ ექიმების კომპანიას პირნათლად შეესრულებინა სახელმწიფოსთან აღებული ვალდებულებები, სამშობიაროში ქვემოიჯარე შემოიყვანეს – „მრავალპროფილური სამშობიარო სახლი“. ქვემოიჯარეს მილიონ 200 ათასის ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა და კიდევ სხვა ვალდებულებები.

მოსარჩელეების თქმით, ქვემოიჯარემ ვალდებულებები არ შეასრულა და ამ კომპანიამ ბათუმის სამშობიარო სახლი უნდა დატოვოს.

ზიანის ანაზღაურება, ქვემოიჯარესთან ხელშეკრულების მოშლა და დირექტორის გათავისუფლება – მარტივად ამ სამი მოთხოვნის შესრულებას ითხოვენ ახლა მოსარჩელეები, რომელთა ნაწილი უკვე ბათუმის სამშობიარო სახლის თანამშრომელიც აღარაა და წუხს იმაზე, რომ სახელმწიფო პირგასამტეხლოს მათ მოსთხოვს, რადგან მეიჯარეები თავად არიან.

ექიმები ეჭვობენ, რომ ეს ყველაფერი მიზანმიმართული პროცესია სახელმწიფოს მხრიდან, რადგან ბათუმის სამშობიარო სახლის სრულად გაკოტრების შემთხვევაში სახელმწიფო ამ შენობას და სარფიან ადგილსაც გაყიდის.

„სამივე მოთხოვნა უსაფუძვლოა და მოვითხოვთ საქმისწარმოების შეწყვეტას,“ – მიმართა მოსამართლეს სიმონ ასათიანმა. ის ქვემოიჯარე კომპანიის „მრავალპროფილური სამშობიარო სახლის“ იურისტია.

„არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებს ჩვენი მხრიდან ზიანს, ზიანი არ არსებობს…“ – დაიწყო ადვოკატმა და აქცენტი ეკონომიკის სამინისტროს მიერ საბანკო გარანტის – 200 ათასი ლარის გადასახდელად დადგენილ ვადაზე გაამახვილა.

„ეკონომიკის სამინისტროს არ მოუთხოვია პირგასამტეხლოს გადახდა… ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს დრო ამ გარანტიის წარმოსადგენად 2021 წლის ივლისამდე,“ – აღნიშნა სიმონ ასათიანმა.

„პირგასამტეხლო ანულირდება, თუკი კომპანია წარმოადგენს საბანკო გარანტიას,“ – საუბარში ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი ჩაერთო, რომელიც, როგორც მესამე მხარე, ისე ესწრება სასამართლო განხილვას.

„თუ ისევ არ შეასრულებს ვალდებულებას, მაშინ რა მოხდება?“ – დაინტერესდა მოსამართლე.

„მაშინ ძველი პირგასამტეხლოც გაცოცხლდება და ახალიც დაემატება“, – განმარტა აჭარის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა.

„იქნებ მოსამართლეს ისიც უთხრათ, ამ დრომდე რამდენჯერ გადაუვადეთ პირგასამტეხლოს გადახდა? რის საფუძველზე უვადებთ და რატომ? მოვა ივლისი და ისევ გადაუვადებთ, პირგასამტეხლოს რაოდენობა კი ისევ და ისევ გაიზრდება, რომელსაც საბოლოოდ ჩვენ მოგვთხოვთ,“ – მიმართა ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელს ექიმმა ნანა შერვაშიძემ.

„პანდემიის სიტუაციიდან გამომდინარე ვუვადებთ,“ – უხერხულად ჩაილაპარაკა სამინისტროს წარმომადგენელმა.

ამ მონაკვეთში უთხრეს ექიმებმა სამინისტროს წარმომადგენელს, რომ გადავადება კი არა, „განგაშის ზარების შემოკვრა“ იყო საჭირო, რადგან ქვემოიჯარე ვალდებულებებს არ ასრულებს, ხოლო პირგასამტეხლოს რაოდენობას მილიონები ემატება.

ქვემოიჯარის იურისტის მტკიცებით, კომპანიამ ვალდებულებები შეასრულა და 1 მილიონ 400 ათასი ლარის ინვესტიციაც განახორციელა, ასევე გაიხსნა ქირურგიული განყოფილება და ემერჯენსიც. „მხოლოდ საქართველოს 200 მოქალაქის დასაქმების ვალდებულება არ შესრულებულა სრულად ამ დროისთვის, დრო სჭირდებოდა,“ – დასძინა სიმონ ასათიანმა.

ექიმების ვერსიით კი, ქვემოიჯარეს „ერთი თეთრიც კი არ დაუხარჯავს საქმისთვის“, ხელფასებიც ვერ დაარიგა და ცარიელი, თეთრი კედლებიღა დარჩა.

„აუდიტისთვის კარგი დასკვნა რომ ჰქონოდათ, „მედინადან“ მოიტანეს რაღაც აპარატურა და მერე უკან წაიღეს,“ – უთხრა მოსამართლეს ნანა შერვაშიძემ. ექიმების თქმით, ჯუმბერ უნგიაძეს, რომელიც ამ დრომდე რეესტრით სამშობიაროს ხელმძღვანელია, ინტერესთა კონფლიქტი აქვს, რადგან „მედინაში“ ხელმძღვანელობს სამეანო განყოფილებას და ბათუმის სამშობიარო სახლში არც მუშაობს.

„თუ ამდენი შემოსავალია, ხელფასს რატომ არ გვიხდით, დივიდენდებს რატომ არ გვაძლევთ?“ – ჩააცივდნენ ექიმები ქვემოიჯარის იურისტს და კონკრეტული ციფრების დასახელება მოითხოვეს: რა შემოსავალი აქვს ბათუმის სამშობიარო სახლს ახლა და რამდენია პაციენტი?

„ეს კომერციული საიდუმლოა,“ – მოკლედ მოუჭრა მოსარჩელეებს იურისტმა სიმონ ასათიანმა.

„თუ შემოსავალი არსებობს და ვალდებულება სრულდება, რატომ უვადებთ პირგასამტეხოს გადახდას?“ – ისევ მიუბრუნდნენ მოსარჩელეები ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელს, – „კარგი, ჩვენ ვერაფერს ვიგებთ და მოტყუებული დავრჩით, თქვენ რატომ იტყუებთ თავს? თუ ყველაფერი წესრიგშია, ამ 200 ათასი ლარის საბანკო გარანტია სად არის?“

ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა ექიმების ემოციურ და ხმამაღლა დასმულ კითხვებს მშვიდად და მოკლედ უპასუხა: „კანონი იძლეოდა გადავადების შესაძლებლობას“.

„ჩარკვიანის სახელობის სამშობიარო სახლის“ 2019 წლის კენჭისყრის ოქმის მიხედვით, ნანა შერვაშიძე პარტნიორების მიერ არჩეული დირექტორია. თუმცა, საჯარო რეესტრმა მას დირექტორად რეგიტრაციაზე იმ მოტივით უთხრა უარი, რომ სასამართლო დავა არ დასრულებულა.

ეს მომენტი სასამართლო სხდომაზე თავად ნანა შერვაშიძემაც შეახსენა სიმონ ასათიანს, როცა მან იკითხა: „მოსამართლე როგორ გადაწყვეტს, ვინ იქნება დირექტორი და ვინ – არა?“

„აჰა, თურმე, ვერ გადაწყვეტს, გცოდინიათ კანონი… “ – დასძინეს ექიმებმა დარბაზიდან. ისინი მოსარჩელეები არიან და მათი პოზიციებიც მოისმინა მოსამართლემ.

„35 წელია მაქ ვიმუშავე და გამომაგდეს, მაქ დავტოვე ჯანმრთელობა, ორი სტენტი მაქვს ჩასმული მაგის გამო… მაქ არის „ბესპრიდელი“, – მიმართა მოსამართლეს ექიმმა დალი მურადაშვილმა.

„ორსული ენატრება შენობას, სადაც თვეში 300-მდე ბავშვი ჩნდებოდა,“ – აღნიშნა ექიმმა ფატმა ლორთქიფანიძემ.

„ახლა 7 სამშობიაროა ირგვლივ,“ – რეპლიკით მიმართ ექიმებს ქვემოიჯარის იურისტმა, სიმონ ასათიანმა.

მოსმართლე როინ კახიძემ ქვემოიჯარე კომპანიის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და საქმის განხილვის შეწყვეტაზე უარი თქვა. მოსამართლემ მიიჩნია, რომ დირექტორის გათავისუფლების ნაწილშიც მოსარჩელეების მოთხოვნა შესაძლებლოა განიხილოს სასამართლომ, რადგან „მართალია, ამას მეწარმეთა შესახებ კანონი განსაზღვრავს, მაგრამ აქ შემოდის სამართლიანი სასამართლოს უფლება,“ – დასძინა მოსამართლემ.

ამ თემაზე:

ვის დარჩება ბათუმის სამშობიარო სახლი?

გადაბეჭდვის წესი


ასევე: