მთავარი,სიახლეები

ნანუკა ჟორჟოლიანს 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს

19.05.2026
ნანუკა ჟორჟოლიანს 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სამდღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვეს ტროტუარზე დგომის გამო.

გადაწყვეტილება დღეს, 19 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით მაკარაძემ მიიღო.

“დედაჩემი დაიჭირეს სამი დღით. სასამართლო დარბაზიდან გადაიყვანეს გზა რომ აღარ გადაკეტოს. 

მაინც უსაშიშესი დანაშაულია,” – დაწერა მარიამ გეგუჩაძემ, ნანუკა ჟორჟოლიანის შვილმა ტელეწამყვანის დაპატიმრების შემდეგ. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ნანუკა ჟორჟოლიანს 2025 წლის 16 დეკემბერს, რუსთაველის ქუჩაზე, საქართველოს პარლამენტის წინ, ტროტუარზე დგომისას, ქვეითებისთვის გადაადგილების დაბრკოლების შექმნას ედავებოდა.

ნანუკა ჟორჟოლიანის ადვოკატის, თეო ზაქარაშვილის თქმით, ჟურნალისტისთვის 3-დღიანი პატიმრობის შეფარდება იყო “სადამსჯელო ღონისძიება”.

“ამ შემთხვევაშიც ეს არის იგივე ტენდენციის გაგრძელება, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი გამოყენებული იყოს რეპრესიის მექანიზმად და ამ რეპრესიის მექანიზმს საბოლოოდ ხელს აწერს და ადასტურებს სასამართლო.

ბატონ მოსამართლეს არ აინტერესებდა, სამწუხაროდ, ჩვენს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, არ აინტერესებდა ნანუკა ჟორჟოლიანის ახსნა-განმარტება და არ აინტერესებდა არც შსს-ს მოტანილი ვიდეო მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა თითქოს შსს-ს უკვე დაკანონებულ მოთხოვნას, რომ თუ ტროტუარზე ზემოთ დგახარ, კიბეების ადგილას ეს არ არის დასჯადი, ნანუკა ჟორჟოლიანი სწორედ ამ ადგილას იდგა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა მოწოდება გააკეთეს, ის მივიდა ხალხთან და სთხოვა, რომ მოდით იქნებ გადავინაცვლოთ ზემოთ მხარეს.

სულ რაღაც 1 წუთიც არ მდგარა ტროტუარზე, რომელიც დასჯადია შსს-ს განმარტებით. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოითხოვა პატიმრობა და მოსამართლემ ეს დააკმაყოფილა.

ეს სხდომები არის ფორმალური, მას არ აქვს არანაირი შემხებლობა არც სამართალთან და მითუმეტეს არც სამართლიანობასთან. პრაქტიკულად კიდევ ერთხელ გვაჩვენა მოსამართლემ, რომ ის უბრალოდ ხელს მოაწერს ყველაფერს, რასაც შსს სთხოვს და მოითხოვს.

ჩვენ ვაპირებთ, რომ ყველა შესაძლო ინსტანცია გამოვიყენოთ, ეს არის გასაჩივრება სააპელაციოში და თუ გვექნება შანსი ასევე გამოვიყენოთ ადამიანის ევროპული სასამართლოს შესაძლებლობა იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილებები არის ცალსახად უკანონო,” – თქვა ჟურნალისტებთან საუბრისას თეო ზაქარაშვილმა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.