ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმში ჭავჭავაძის და გრიბოედოვის ქუჩებზე მოძრაობა ორმხრივი დარჩება – ცვლილება

14.06.2025
ბათუმში ჭავჭავაძის და გრიბოედოვის ქუჩებზე მოძრაობა ორმხრივი დარჩება – ცვლილება

ბათუმში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე, ასევე, გრიბოედოვის ქუჩაზე მოძრაობა ისევ ორმხრივი გახდება.

შესაბამისი დადგენილება ქალაქის საკრებულომ 19 ივნისის სხდომაზე უნდა დაამტკიცოს.

2020 წლის დეკემბრიდან ჭავჭავაძის ქუჩაზე – გრიბოედოვის ქუჩიდან 26 მაისის ქუჩამდე მონაკვეთში – ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალა და მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსები მოძრაობდნენ.

რაც შეეხება ამ მონაკვეთში, ამავე მიმართულებით ნებისმიერი ტრანსპორტის ორმხრივ მოძრაობას, როგორც დღეს არის, ეს უნდა ყოფილიყო დროებითი – რუსთაველის ქუჩის გადაკეტვის გამო.

ახალი ცვლილებით ჭავჭავაძის ქუჩის ამ მონაკვეთში – გრიბოედოვიდან თბილისის მოედნამდე – მოძრაობა დარჩება ისე, როგორც დღეს არის, ანუ საქალაქო ავტობუსები იმოძრავებენ მათთვის გამოყოფილ ზოლში [ბასლაინზე], პარალელურად იმოძრავებს ნებისმიერი ავტომანქანა.

რაც შეეხება გრიბოედოვის ქუჩას, აქაც მოძრაობა 2021 წელს აიკრძალა რუსთაველის ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩამდე მონაკვეთში ამავე მიმართულებით, თუმცა რუსთაველის ქუჩის გადაკეტვის გამო აქაც დროებით იყო დაშვებული ორმხრივი მოძრაობა.

ახალი დადგენილების დამტკიცების შემდეგ გრიბოედოვის ქუჩაზეც მოძრაობა ორმხრივი დარჩება.

ბათუმის საკრებულოში ქალაქის მერიამ შეიტანა შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებებს „საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ“ დადგენილებაში.

მერია ამ ცვლილებებს იმით ხსნის, რომ ზემოთ აღნიშნულ მონაკვეთებში ორმხრივი მოძრაობა თურმე არა რუსთაველის ქუჩის გადაკეტვის გამო, არამედ „საცდელად იყო დაწესებული“ და ამან თურმე გაამართლა.

„მიმდინარე წლის დასაწყისში ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩის მონაკვეთზე – გრიბოედოვის ქუჩიდან 26 მაისის ქუჩის კვეთამდე და გრიბოედოვის ქუჩის მონაკვეთზე – გორგილაძის ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩის კვეთამდე საცდელად დაწესდა ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის ორმხრივი მოძრაობა, აღნიშნულ პერიოდში ჭავჭავაძის ქუჩის და გრიბოედოვის ქუჩის აღნიშნულმა მონაკვეთებმა უზრუნველყვეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაკადების გატარება, რის საფუძველზეც მიღებული იქნა გადაწყვეტილება ცვლილებები შესულიყო სამართლებრივ აქტში“ – წერს ბათუმის მერია საკრებულოს.

ამავე თემაზე:

19 ივნისის სხდომაზე საკრებულო კიდევ ერთ ანალოგიურ საკითხს განიხილავს. ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით ანგისის ქუჩის I შესახვევში ავტომანქანების ცალმხრივი მოძრაობა დაწესდება – გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩიდან ანგისის ქუჩამდე:

ცალმხრივი გახდება მოძრაობა ბათუმში, ანგისის ქუჩის I შესახვევში

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: