ქობულეთის მერია საზოგადოებრივი საპირფარეშოების რეაბილიტაციას გეგმავს. მომსახურების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი მუნიციპალიტეტმა 180 ათასი ლარით გამოაცხადა.
გარემონტებული საპირფარეშოებით სარგებლობა ფასიანი იქნება თუ უფასო? – ამ კითხვაზე ქობულეთის მერიაში „ბათუმელებს“ გვითხრეს, რომ „მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონზე დიდი ალბათობით უფასო იქნება. შემდეგ, განვიხილავთ და შესაძლოა საპირფარეშოების იჯარით გაცემაზე მივიღოთ გადაწყვეტილება“.
აღნიშნული ტენდერის ფარგლებში რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს ქობულეთსა და ჩაქვში შემდეგ მისამართებზე არსებულ საპირფარეშოებს:
- ქობულეთში, ფიჭვნარის შემოსასვლელში
- აღმაშენებლის 520-ის მოპირდაპირედ
- ძველი საავადმყოფოს მიმდებარედ
- აღმაშენებლის 644-ის მოპირდაპირედ
- აღმაშენებლის 325-ის მიმდებარედ
- დაბა ჩაქვის პარკში
- ახალ ბულვარში
- აღმაშენებლის 580-ის მოპირდაპირედ
ტენდერს თან ახლავს სამუშაოების სრული ჩამონათვალი და მოცულობები.
წინადადებების მიღება კი 2026 წლის 26 მაისს დაიწყება და 29 მაისს დასრულდება.
პირობის მიხედვით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელშეკრულების დადების მომდევნო დღიდან 40 დღეში უნდა დასრულდეს.






