მთავარი,სიახლეები

„ახლა საკუთარ Facebook-ზეც ვეღარ დაწერ ვერაფერს, ოცნებას ამის მოხრჩობაც უნდა“ – ინტერვიუ

19.05.2026
„ახლა საკუთარ Facebook-ზეც ვეღარ დაწერ ვერაფერს, ოცნებას ამის მოხრჩობაც უნდა“ – ინტერვიუ

„ალტერნატივა მაინც რჩება პატარა კუნძულად. ეს ალტერნატივა მათ სიმახინჯეს და უზნეობას ფარდას ხდის და აი, ეს აღარ უნდათ, რომ აიტანონ. ამ ალტერნატივის ბოლომდე მოხრჩობა არის ახლა ამოცანა. მოქალაქეს არცერთი გზა აღარ უნდა დარჩეს, არცერთი ინსტრუმენტი, რომ ამ უზნეობას დაუპირისპირდეს. მოქალაქეს ეუბნებიან, თუ გაემიჯნები უზნეობას და უსამართლობას, დაგსჯი.

დაერევიან იმ ადამიანებს, რომლებსაც დევნის და შევიწროების პირობებში ერთადერთი მექანიზმი აქვთ დარჩენილი: ტროტუარზე პროტესტი აიკრძალა, ახლა უკვე საკუთარ Facebook-ზეც ვეღარ დაწერ ვერაფერს, თუ დაწერ, აგებ ამისთვის პასუხს,“ – მიიჩნევს პოლიტიკოსი, პროფესიით იურისტი ანა ნაცვლიშვილი. მას ვესაუბრეთ „ოცნების“ მორიგ ეტაპზე დემოკრატიის წინააღმდეგ – ამჯერად „ოცნება“ აგრესიული კომუნიკაციის მონიტორინგისთვის ახალ სამმართველოს ქმნის.

რა ეტაპზე გადადის ივანიშვილი და რა რესურსი რჩება დემოკრატიას საქართველოში? – „ბათუმელებმა“ იურისტ ანა ნაცვლიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი უფლებადამცველია და მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი.

  • ქალბატონო ანა, „ოცნება“ ამჯერად ახალ სამმართველოს ქმნის „საჯარო სივრცეში აგრესიული კომუნიკაციის მონიტორინგისთვის“. რაზე მიანიშნებს ეს ამბავი? 

ეს გაგრძელებაა მანამდე დაწყებული პროცესის და არაფერი მოულოდნელი ამაში არ არის. ესაა ლოგიკური გაგრძელებაა იმ ნაბიჯების, იმ გზისა, რომელსაც ღიად დაადგნენ რუსული კანონის ინიციირების მომენტიდან. როდესაც, მაგალითად, ვეწინააღმდეგებოდი რუსულ კანონს და ვიბრძოდით მის წინააღმდეგ პარლამენტში, ზუსტად ამას ვამბობდი მაშინაც, რომ ეს არ იქნება ერთი კანონი, ეს არ იქნება ერთი შეზღუდვა. ეს არის სქემა, რომელიც შედგება რამდენიმე ეტაპისგან: როგორ უნდა აიღონ თანდათან მთელი ძალაუფლება ხელში და საზოგადოებას წაართვან ყველა მექანიზმი.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სიტყვის თავისუფლება იზღუდება, გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება იზღუდება – ეს ფრაზები ვერ გადმოსცემს სრულყოფილად პრობლემის არსს, რაც გვაქვს.

რეალურად რისთვის არის ბრძოლა? ბრძოლა არის იმისთვის, რომ მოქალაქეს, ჩვეულებრივ ადამიანს, აღარაფერი საშუალება აღარ დარჩეს საკუთარი თავის დაცვისთვის. პარლამენტი ფაქტობრივად ერთპარტიულ რეჟიმში ფუნქციონირებს, კანონებს ერთი ადამიანი წერს და დანარჩენები ხელს აწერენ, სასამართლო აღარ არის ადამიანების დასაცავად, პოლიცია-პროკურატურა არ არის ადამიანების დასაცავად, სუსი იქით გვატერორებს…

ერთადერთი, რაც დარჩა აქამდე მოქალაქეს იმისთვის, რომ ამ უზარმაზარი უსამართლობის და უზნეობის წინააღმდეგ განაცხადი გააკეთოს, არის საკუთარი აზრის გამოხატვა – მორალური მხარე მაინც დაიჭიროს და გაემიჯნოს ამ პროცესს თავისი მოსაზრების გამოხატვით. სრულიად მშვიდობიანი ფორმაა, როცა სოციალურ ქსელში მაინც შეგიძლია გაემიჯნო უზნეობას და რეპრესიას, რომელსაც „ქართული ოცნება“ აწარმოებს.

ახლა ეს ბოლო მექანიზმიც უნდათ, რომ გამოგლიჯონ ხელიდან მოქალაქეს და უთხრან: მორალური პოზიციის დაფიქსირებას მაინც თუ გაბედავ და შავს დაარქმევ შავს, ხოლო თეთრს თეთრს, პასუხს აგებ.

  • ეს შეიძლება შეეხოს, მაგალითად, ფეისბუკში პოსტის დადებას და „ოცნების“ კრიტიკას? 

დიახ. როდის გახსენდებათ, რომ კობახიძეს რაიმეზე ეთქვას: ეს ბიუჯეტის ფულია და რაციონალურად უნდა დავთვალოთო? ეს გვითხრა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებთან დაკავშირებით. ამაზე როცა იტყვი, რომ ეს გარეწრობაა, მოგადგებიან და გეტყვიან, რომ ეს სამართალდარღვევაა და პასუხი უნდა აგოო. გამოდის, შავს რომ შავს დაარქმევ – შენ გამოხვალ დამნაშავე.

სინამდვილეში, ეს არის თავდაცვის და მორალური პოზიციის დაფიქსირების ბოლო ინსტრუმენტის გამოგლეჯა ხელიდან მოქალაქისთვის სიძულვილის ენის მოტივით.

ვაშლს თუ დაარქმევ პირობითად მსხალს, ამით ვაშლის ბუნება ხომ ვერ შეიცვლება? ამას კანონს რომ დაარქმევენ, მისი უსამართლო და აბსურდული ბუნება ხომ არ შეიცვლება?

ზოგადად, ინტერნეტსივრცის კონტროლი არ არის „ოცნების“ ნოუ-ჰაუ. არსებობს ქვეყნები, რომლებიც ინტერნეტსივრცეს აკონტროლებენ და თუ ჩავხედავთ ამ ქვეყნების სიას, იქ მკაფიოდ გამოხატული და აღიარებული ავტოკრატიებია, მაგალითად, ირანი, რუსეთი, ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა, ჩინეთი. აი, ამ სახელმწიფოებში ხდება სიძულვილის ენის საბაბით ხელისუფლების წარმომადგენლების დაცვა – ჩვეულებრივი მოქალაქის დაცვაზე აქ საუბარი არ არის.

როგორც სამართალმცოდნე გეტყვით, რომ ამ ტიპის კანონები თავისი მასშტაბითა და შინაარსით აუცილებლად იქნება შერჩევითად აღსრულებული – რა თქმა უნდა, გამოარჩევს კონკრეტულ ადამიანებს თავისი იდენტობის გამო. არ შემიძლია არ გავაკეთო ამ თემის სიმბოლიზება მზიას საქმით. მზიას სინამდვილეში ხომ არ სჯიან იმ ქმედების გამო, რომელიც მას მიაწერეს? – თავდასხმა პოლიციელზე, რომელიც, რა თქმა უნდა, არ ყოფილა. სილის გაწვნის გამოც ხომ არ სჯიან სინამდვილეში მზიას?

მას სჯიან იმის გამო, ვინც არის მზია და რასაც ის აკეთებდა ათწლეულების განმავლობაში. ანუ მას, როგორც პიროვნებას სჯიან, მის ჟურნალისტურ საქმიანობას სჯიან. ამისთვის იქნება ზუსტად ეს კანონები გამოყენებული. ხელისუფლების ლეგიტიმაციას როცა არ აღიარებს ადამიანი, იმიტომ, რომ არალეგიტიმურია, რეპრესიაზე ხმას ამოიღებს, უკანონობებზე ხმას ამოიღებს – აი, ამისთვის დასჯიან და არა ერთი კონკრეტული პოსტისთვის. პოსტი იქნება საბაბი.

ახლა დაერევიან იმ ადამიანებს, რომლებსაც დევნის და შევიწროების პირობებში ერთადერთი მექანიზმი აქვთ დარჩენილი: ტროტუარზე პროტესტი აიკრძალა, ახლა უკვე საკუთარ Facebook-ზეც ვეღარ დაწერ ვერაფერს, თუ დაწერ და აგებ ამისთვის პასუხს.

საინტერესოა, რომ სიძულვილის ენის აკრძალვას გვთავაზობს კრიმინალური დაჯგუფება – მე მათ ხელისუფლებას არ დავარქმევ. ამ დაჯგუფებამ მთელი თავისი ძალაუფლება დააფუძნა ქვეყანაში სიძულვილის წარმოებას და საზოგადოების გახლეჩას, კანონები მიიღო – ერთი კი არა, რამდენიმე, რომ ადამიანები გამოეცხადებინა მტრებად, ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებებში დაედანაშაულებინა, გაედევნა და გაერიყა საჯარო სივრციდან.

მიიღეს სიძულვილის კანონები, რომ საზოგადოების თვალში ადამიანები გაეშავებინათ. ეს ხალხი გველაპარაკება დღეს, სიძულვილის ენა უნდა ავკრძალოთო.

ამას ამბობს ის დაჯგუფება, რომელმაც ტროლების და ბოტების ქარხანა შექმნა, სიძულვილი რომ ეწარმოებინა. დაგეშილი სიძულვილის არაერთი მაგალითი გვახსოვს, ხომ? თანამდებობის პირების აგრესია, არამხოლოდ სიტყვიერი, არამედ ფიზიკური დაპირისპირებები, ცემა-ტყეპა, უკანონო პატიმრობები და ასე შემდეგ.

სიძულვილი თავად აქციეს მართვის ინსტრუმენტად – საზოგადოების გახლეჩის ინსტრუმენტად.

წამიკითხავს კიდეც ასეთი აბსურდული საქმის მასალები, მაგალითად, რუსეთის შემთხვევაში. წარმოიდგინეთ, სისხლის სამართლის საქმეში დევს დათვალიერების ოქმი, თითქოს დანაშაულის ადგილს ათვალიერებ და მკვლელობის ადგილს აღწერ: გვამი აქ იყო, იარაღი იქ იდო, რაღაც კვალი აქ იყო და აღწერ – დაახლოებით ასეთ ოქმს ადგენს შესაბამისი საგამოძიებო უწყება, სადაც აღწერილია, მაგალითად, რომ ამა და ამ პიროვნების კონკრეტული ონლაინ პლატფორმის გვერდზე ნაპოვნია ასეთი და ასეთი პოსტი, ასეთი შინაარსით და საქმე გვაქვს ექსტრემიზმთან…

  • დღეს ირაკლი კობახიძეს მიმართეს ჟურნალისტებმა, სიძულვილის ენა განმარტეო. მან თქვა, რომ მნიშვნელოვანია, როგორ პრაქტიკას დაამკვიდრებენ შსს და სასამართლოო. ქმნის მსგავსი მიდგომები კანონის თვითნებური განმარტების შესაძლებლობას? გვახსოვს, „ოცნებამ“ როგორ დაამატა ადმინისტრაციულ სამართალდაღრღვევათა კოდექსს 2025 წელს „საჯარო მოხელეების შეურაცხყოფის“ ნაწილი, რაზეც ეუთოს ჰქონდა შეფასება, რომ კანონი თვითნებური განმარტების საშუალებას იძლევა და ეს დაუშვებელია. 

რა თქმა უნდა, ეს იქნება არამხოლოდ კონკრეტულ პირზე მიმართული, არამედ, მაგალითად, „ქართული ოცნების“ მიმართ. იმდენად ფართოა ფორმულირება, რასაც განმარტავს „ქართული ოცნება“, რომ როგორც ქართული გამოთქმა ამბობს: ქოთანს საითკენაც გინდა, იქეთ მიაბამ ყურს. მთავარია, დასაჯო ადამიანი, რომელიც შენ არ გეთანხმება და ბოლომდე შეუზღუდო, წაართვა ყველა ინსტრუმენტი, რომელიც მოქალაქეს შეიძლება ჰქონდეს იმისთვის, რომ თავისი პოზიცია გამოხატოს.

კანონი არ არის მხოლოდ სახელი და ფორმა. კანონი, პირველ რიგში, არის შინაარსი და რასაც ესენი განსაკუთრებით ბოლო პერიოდებში იღებენ და არქმევენ კანონს, ვერცერთი ვერ პასუხობს კანონის ლეგიტიმურ შინაარსს.

  • თქვენი დაკვირვებით, „ოცნებაში“ ასე ხედავენ, რომ საზოგადოებას დააჯერებენ, რომ ამას თითქოს სიძულვილის ენის წინააღმდეგ აკეთებენ? მამუკა მდინარაძე ამ თემაზე საუბრის დროს ისევ  „გარე ძალებს“ მიუბრუნდა, მათ მიერ იყო წახალისებული საქართველოში შუღლი და პოლარიზაციაო. 

თავის თავს თუ თვლის გარე ძალად, არ ვიცი. მე ნამდვილად ვთვლი, რომ მამუკა მდინარაძე არის გარე ძალის – რუსეთის წარმომადგენელი. არ მგონია, რომ თვითონ ასე თვლიდეს, თორემ მე ვიტყოდი, რომ კი, ეს გარე ძალა არის რუსეთი ორი საუკუნეზე მეტია და ამ გარე ძალას საქართველოში წარმოადგენს „ქართული ოცნება“. შესაბამისად, ისინი ნამდვილად აღვივებენ ამ სიძულვილს.

თვითონ ხომ არიან მახინჯი, არალეგიტიმური და უზნეო ძალა. აი, ამის ალტერნატივა ჩანს საზოგადოებაში და ამის ჩახშობას ცდილობენ, იგივე პროპაგანდით, დამოუკიდებელი მედია პლატფორმების შევიწროებით, ადამიანების დაშინებით და ასე შემდეგ.

მაგრამ ალტერნატივა მაინც რჩება პატარა კუნძულად. ეს ალტერნატივა მათ სიმახინჯეს და უზნეობას ფარდას ხდის და აი, ეს აღარ უნდათ, რომ აიტანონ. ამ ალტერნატივის ბოლომდე მოხრჩობა არის ახლა ამოცანა.  მოქალაქეს არცერთი გზა აღარ უნდა დარჩეს, არცერთი ინსტრუმენტი, რომ ამ უზნეობას დაუპირისპირდეს.

მოქალაქეს ეუბნებიან, თუ გაემიჯნები უზნეობას და უსამართლობას, დაგსჯი. ეს არის იმ დევნის პოლიტიკის განხორციელება, რომელიც მათ დაიწყეს ამ ე.წ. კანონებით, რომელიც სინამდვილეში არ არის არანაირად და ვერ აკმაყოფილებს ვერც შინაარსს და ვერც მიზანს იმისა, რასაც კანონი ჰქვია.

  • ღნიშნეთ, რომ ეს არის რუსული მოდელის საქართველოში დამკვიდრების ბოლო ეტაპი. თუ ესეც დაუშვა საზოგადოებამ, რომ სოციალურ ქსელებში აგვიკრძალონ პროტესტის გამოხატვა, პრაქტიკულად აღარ დარჩება რესურსი დემოკრატიის ბრძოლისთვის? 

ძალიან რთულია ამ მოცემულობაში რაიმე იმედისმომცემი თქვას ადამიანმა.

ჩემთვის დიდი ხანია ნათელია, რომ ეს არის წინასწარ გაწერილი, ნაბიჯ-ნაბიჯ დაგეგმილი სცენარი, რომელსაც ისინი მიჰყვებიან და გასაგებია ამის საბოლოო ამოცანა რაც არის.

თუმცა, ეს არ არის პირველი რეჟიმი, ადამიანების დამორჩილების და განდევნის, რეპრესიის პირველი შემთხვევა მსოფლიო ისტორიაში. არ არსებობს არცერთი შემთხვევა, რომელიც იყოს უსასრულო. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს ბოროტებაც დასრულდება. ეს გარდაუვალია. ამ მართლა კარიკატურულ დიქტატურას კი არა, მართლა რომ დიქტატორები იყვნენ, ისინი დასრულდნენ, იმიტომ, რომ ასეთია თავისუფლების ფორმულა – ბოლოს ის იმარჯვებს.

აქ საქმე იმაშია, თუ რა ფასის გადახდა მოუწევს საქართველოს და რა ფასის გადახდა მოგვიწევს თითოეულ ქართველს ამისთვის. თანამედროვე მსოფლიოში სახელმწიფოების მთავარი ამოცანა გახდა ის, როგორ გახადოს მის ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანი უფრო თავისუფალი, ბედნიერი, როგორ გახადოს მისი ცხოვრება უფრო მშვიდი, უფრო დაბალანსებული, როგორ გაახანგრძლივოს ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, როგორ განავითაროს მეცნიერება, რომ ეს მეცნიერება მერე ისევ ადამიანის ბედნიერების სამსახურში ჩააყენოს.

ცხვირწინ გვიდევს შანსი, რომ  განვითარებულ სამყაროსთვის ფეხი აგვეწყო და არა მხოლოდ ფეხი აგვეწყო, გავმხდარიყავით მისი ორგანული ნაწილი.

ერთ მხარეს არის ეს შანსი და მეორე მხარეს აღვირახსნილი უსამართლობა, რომელიც დაამკვიდრა „ქართულმა ოცნებამ“. აქ არის უზარმაზარი უფსკრული: რა შეგვეძლო გავმხდარიყავით და სად ვართ დღეს, თორემ თავისთავად ამათი დასასრული იქნება ძალიან, ძალიან მძიმე. როგორც ამ კანონის უსამართლობა არის ნათელი, ასევე არის ეს ნათელი, რომ ამათი დასასრული ძალიან მძიმე იქნება.

მაგრამ ამ პროცესში ძალიან მძიმე ფასს იხდის საქართველო და ძალიან მძიმე ფასს ვიხდით თითოეული ქართველი. ეს არის აქ ყველაზე უფრო მძიმე ამბავი, რომ ჩვენ ქვეყანას დააკარგვინეს უძვირფასესი დრო. ძალიან დიდია ის ფასი, რომელსაც ჩვენ ვიხდით ამისთვის და ეს არის რუსეთის ამოცანა, რომ ჩვენ არასოდეს არ გაგვიჩნდეს ამბიცია, რომ ვიფრინოთ. სულ მუხლებზე დაჩოქილი უნდა ვყავდეთ.

ეს არის რუსეთის ამოცანა, რომ ვიყოთ კარგი სახაჭაპურე და ეს ხაჭაპურიც მაგათ უნდა შეჭამონ. ადამიანებს 21-ე საუკუნეში საკვები და ტკბილეული, ხილი ენატრებათ, ამ დროს რაღაც სიგიჟე კომისიებს ქმნიან, რომელიც მერე თვითონვე ამბობს, მე არაფერი არ შემიძლიაო…

ეს დიქტატურა თავს ვერ დაიჭერს სამუდამოდ, მაგრამ ამასობაში ძალიან ბევრი რამ იწირება. ეს არის მათი მთავარი დანაშაული საქართველოს წინააღმდეგ, ქართველი ხალხის წინააღმდეგ – სად შეგვეძლო უკვე დღეს ვყოფილიყავით და სად ვართ!

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: