უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მუშაობა შეაფასა.
შეკითხვა ვალერი ზალუჟნის შესახებ პრეზიდენტს ყირიმის პლატფორმის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დაუსვეს. კერძოდ, მას ზალუჟნის მუშაობის შეფასება სთხოვეს იმ ხმების გამო, რომლებიც მანამდე გავრცელდა, რომ თითქოს გენერალი პრეზიდენტს სხვა თანამდებობაზე გადაჰყვას.
„არსად არ ვაპირებ მთავარსარდალ ზალუჟნის გადაყვანას. ჩვენ ერთი გუნდი ვართ. მნიშვნელოვანია, რომ მეთაურები სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ. თქვენ ყველას გვარი იცით. ეს არის ზალუჟნი, კოვალჩუკი, სირსკი… არ მინდა ყველას ჩამოთვლა. ვფიქრობ, რომ ჩვენი ხალხი კარგად იცნობს ჩვენს გმირებს. რაც ყველაზე მთავარია – ჩვენ ვდგავართ, ესე იგი შეფასებაც მაღალია,“ – აღნიშნა ზელენსკიმ.
უმაღლესი შეფასება კი მისი თქმით მაშინ იქნება, როდესაც უკრაინა გაიმარჯვებს.
ვალერი ზალუჟნი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად პრეზიდენტმა 2021 წლის 27 ივლისს დანიშნა. ზალუჟნიმ ამ თანამდებობაზე რუსლან ხომჩაკი შეცვალა.
2022 წლის 4 მარტს პრეზიდენტმა ზალუჟნის გენერლის წოდება მიანიჭა.
„უკრაინასთან ფართომასშტაბიანი ომის მესამე თვეს რუსეთის არმიამ დეგრადაცია დაიწყო და ქვეყნის ეკონომიკა ვეღარ უზრუნველყოფს არმიის საჭიროებებს. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში კი საპირისპირო პროცესი დაიწყო“ – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების რეზერვის პოლკოვნიკმა, სამხედრო ექსპერტმა ოლეგ ჟდანოვმა ისაუბრა ტელემარათონის ეთერში – FREEDOM.
მის კომენტარს უკრაინული გამოცემა „უნიანი“ აქვეყნებს.
„მოკლევადიანი ომის იმედი ჰქონდათ, საქართველოს სცენარით, მაგრამ ხანგრძლივ ომში აღმოჩნდნენ, მათი ძალები კი მხოლოდ სამთვიანი ომისთვის იყო საკმარისი. მაისში უკვე იგრძნობოდა, რომ შეტევების ტემპი ოკუპანტებმა შეანელეს. თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ახლა რუსეთის არმია უკრაინაში ერთსა და იმავე ადგილს ტკეპნის.
ერთი თვეა, რაც ფრონტის ხაზი თითქმის საერთოდ არ შეცვლილა. ყველაზე დიდი მიღწევა 35 დღე-ღამის განმავლობაში 10 კილომეტრზე გადაადგილებაა ბახმუტისკენ. განსაკუთრებით არმიის ქვეითთა ნაწილი განიცდის დეგრადირებას. რუსეთის არმიას ქვეითთა მომზადების დიდი პრობლემა აქვს.
რუსული სამხედრო ტექნიკა, რაც ახლა შემოდის უკრაინაში, დიდი ხნის საცავებიდანაა გამოყვანილი.
უნდა ვთქვათ სამხედრო მართვის სისტემაზეც: დიდი დანაკარგები აქვთ. უმცროსი მეთაურების, ოცმეთაურებისა და ასმეთაურების რგოლი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. ამ შემადგენლობიდან თითქმის აღარავინ დარჩა.
ოცეულებისა და ასეულების მეთაურებად დანიშნეს მებრძოლებისგან ყველაზე გამოცდილები და საზრიანები,“ – ამბობს ექსპერტი.
ჟდანოვი მიიჩნევს, რომ რუსეთის არმიას ამ რესურსით არ შესწევს მეორე ფრონტის გახსნის ძალა, მიუხედავად იმისა, რომ რუსებს 15-ათასკაციანი სარეზერვო კორპუსი აქვთ შექმნილი, რომელიც ნიჟნი ნოვგოროდშია დაბანაკებული.
ომის ექსპერტის აზრით, ამდენი მეომრის გადასაყვანად და საჭირო ტექნიკის გადასატანად 30 სამხედრო მატარებელია საჭირო, ცოცხალი ძალისა და ტექნიკის ტრანსპორტირებისთვის ოკუპანტებს ერთი თვე დასჭირდებათ.
„დავუშვათ, რომ გადმოიყვანეს მეომრები და ჩამოიტანეს ტექნიკა – ეს ძალა რომელიმე ერთი მიმართულებით რაღაცას შეცვლის, დიახ, მაგრამ მეორე ფრონტს ეს ძალა ვერ გახსნის,“ – მიიჩნევს ჟდანოვი.
როდესაც მარიუპოლის მოვლენები დაიწყო და მისი მეგობრები „აზოვსტალში“ გამაგრდნენ, რუსლანი იქ არ იმყოფებოდა – ის უკვე ალყაშემორტყმულ მარიუპოლში ჩავიდა.
ევაკუაციის წინა დღეს დაიჭრა, სხვა მებრძოლებთან ერთად ჩაბარდა და თვე-ნახევარი ტყვეობაში გაატარა.
ახლა რეაბილიტაციას გადის, ძალებს იკრებს და პროთეზისთვის ემზადება – ფეხი დაკარგა, მაგრამ მისი მოსმენისას ნამდვილად ვერავის გაუჩნდება აზრი, რომ ის გადაწყვეტილებას წამით მაინც ნანობს.
„მე გმირი არ ვარ, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და მარიუპოლში ჩასვლა ჩემი ღირსების საქმე იყო,“ – ამბობს ის.
________
უკვე აპრილი იდგა. მარიუპოლი ალყაში იყო, ქალაქის ერთადერთ ციხესიმაგრედ კი „აზოვსტალი“ რჩებოდა, იქ გამაგრებული დამცველებითა და ქარხნის ბუნკერებს თავშეფარებული მოქალაქეებით.
ქარხანას გამუდმებით ბომბავდნენ. იმ დროს მარიუპოლში შესვლა და გამოსვლაც თითქმის შეუძლებელი იყო, თუმცა „აზოვსტალისკენ“ უკვე მეხუთედ მიფრინავდა უკრაინელების ვერტმფრენი, რომელსაც საბრძოლო მასალები, მედიკამენტები და საკვები უნდა ჩაეტანა და იქიდან დაჭრილები წამოეყვანა.
რუსლანი ამ მეხუთე რეისს გაჰყვა.
„მიზნად დავისახე, ნებისმიერი გზით ჩამეღწია მარიუპოლამდე. ვიცოდი, სადაც მივდიოდი. უკვე ალყაში მივფრინავდი, მივფრინავდი შიმშილში, ყულფში, ნამდვილ ჯოჯოხეთში და ვიცოდი, რომ 100% თუ არა, 70% მაინც არ მქონდა იქიდან ცოცხლად დაბრუნების შანსი, მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო.
უდიდეს პატივს ვცემ „რედისს“, დენის პროკოპენკოს, მამაცთა შორის უმამაცეს ადამიანს და არ შემეძლო ვმჯდარიყავი სახლში, მეჭამა ტორტი და მეკითხა ჩემს ფოტოებზე მიწერილი კომენტარები, როდესაც იქ ჩემი თანამებრძოლები იხოცებოდნენ.“
რუსლანი იხსენებს, რომ ვერტმფრენის შესახებ შეატყობინა მეგობარმა, რომელიც იმ დროს მარიუპოლში იმყოფებოდა და ახლა უკვე დაღუპულია. რამდენიმე ადგილას დარეკა, უთხრეს, ზაპოროჟიეში ჩასულიყო და იქ დახვედროდა.
„ვიცოდი, რომ წინა რეისი ჩამოაგდეს რუსებმა, მაგრამ როცა მითხრეს, რომ წამიყვანდნენ, რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, ძალიან გამიხარდა. კიბორგივით ასხმული ჩავედი, მთელი ჩემი აღჭურვილობა თან მქონდა. სველი ხელსახოცები, სპირტი, ენერგეტიკული საკვები, ყველაფერი მოვიმარაგე, ბიჭებისთვისაც რაღაცები ვიყიდე.“
საცოლეს უთხრა, რომ მარიუპოლში მიდიოდა. „ნებართვა არ მითხოვია“, – იხსენებს რუსლანი. – „ვიცოდი, რომ ვერავინ და ვერაფერი შემაცვლევინებდა გადაწყვეტილებას“.
მეხუთე რეისი „აზოვსტალისკენ“ 5 აპრილს გაფრინდა. კითხვაზე, ნუთუ არ ღელავდა, პასუხობს, რომ „ვერტმფრენში ეძინა“.
მარიუპოლში ღამით ჩაფრინდნენ.
„ეგრევე ქაოსისა და ომის ატმოსფეროში აღმოვჩნდი. სულ 12 წუთი გვქონდა, რომ რაც ჩავიტანეთ, გადაგვეტვირთა და დაჭრილები ბორტზე აგვეყვანა. გიჟებივით ვყრიდით ყუთებს“.
ქარხანაში შესულმა უამრავი ნაცნობი სახე დაინახა. „ნახევარი მაინც ნაცნობი იყო“.
„ყველას გაუხარდა და მეც მიხაროდა, რადგან ძალიან მინდოდა, ჩემი წვლილი შემეტანა, დავხმარებოდი მათ და თუ საჭირო იქნებოდა, ყველაზე ძვირფასი რაც მაქვს, ჩემი სიცოცხლე, ამასაც დავდებდი, თავსაც დავდებდი „რედისისთვის“, ბიჭებისთვის. არა, თავი გმირი არ მგონია, ხალხი რომ წერს ინტერნეტში, ასე არ ვფიქრობ. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და ეს ღირსების საკითხი იყო“.
ინტერვიუ/ფოტო: სქრინი ვიდეოდან
ღამით ბრძოლები არ მიდიოდა. ღამით ავიაცია და არტილერია მუშაობდა. კარგ გამოძინებად ითვლებოდა, 2-3 საათი თუ წაუძინებდნენ. დღე ტანკებისა და ჯავშანმანქანების ხმით იწყებოდა და ქუჩის ბრძოლებით გრძელდებოდა.
„ქუჩის ბრძოლები ეს ისეთი რამაა, სიკვდილი ყოველ ნაბიჯზე გელოდება. იქ არიან ქვეითები, ზემოდან – ავიაცია და არტილერია.
ხომ ყველა ასე ფიქრობს, რომ მას არაფერი დაემართება. ფიქრობ – შეიძლება დავიჭრა, მაგრამ მაინც გადავრჩები. იქაც კი არავინ არასდროს ფიქრობს, რომ მოკვდება, არადა, სიკვდილი მარიუპოლის ყველა კუთხეში იყო ჩასაფრებული. შეიძლებოდა გასულიყავი და ჭურვი მოფრენილიყო“.
რუსლანი იხსენებს „გრაფს“, მებრძოლს, რომელიც, სადარბაზოდან წამიერად გასული, ჭურვმა იმსხვერპლა. ცდილობს, ვის ამბავსაც ჰყვება, ყველას სახელი და გვარი თუ არა, საბრძოლო მეტსახელი მაინც თქვას, რომ მათი სახელები დარჩეს, ყველამ წაიკითხოს და გაიგოს გმირების შესახებ.
„გრაფს“ ნამსხვრევი არტერიაში მოხვდა. იქვე დაადეს ტურნიკეტი. თითქოს ყველაფერი კარგად იყო, სჯეროდათ, რომ გადაარჩინეს, თუმცა მეორე დღეს შეიტყვეს, რომ საოპერაციო მაგიდაზე დაიღუპა.
თვითონ 16 მაისის ღამით დაიჭრა, ევაკუაციის დღე რომ თენდებოდა.
„მანამდე „რიჟა“ მოკვდა. მხოლოდ ერთი დღე ვიცნობდი ამ კაცს, ტყვიამფრქვევზე მუშაობდა, მაგრამ ძალიან კეთილშობილი და საინტერესო ადამიანი იყო. ერთ დღეში დავმეგობრდით. ჭურვი ჩამოვარდა და ნამსხვრევებით დაიჭრა. თავშესაფარში შევათრიეთ, დახმარება დავიწყეთ, დამტვრეული ჰქონდა ხელები და ფეხები, ფიცრები დავუმაგრეთ ორივეზე. ზურგზე უზარმაზარი ჭრილობიდან სისხლი ასხამდა. როგორღაც შევაჩერეთ.
არც კი ვიცი, როგორ ეჭირა თავი, არც ტიროდა, არც ყვიროდა, უბრალოდ ვეფხვივით ღმუოდა. სციოდა და რაც ვიპოვეთ, ყველაფერი დავაფარეთ. საკაცეც, რაც ვიპოვეთ, იმით გავაკეთეთ, მაგრამ გარეთ ვერ გაგვყავდა. დრონი ეკიდა ჰაერში და გვესროდა. დაღამებას დაველოდეთ, რომ მოსულიყვნენ და მის გაყვანაში დაგვხმარებოდნენ.
„აზოვსტალში“ ამ დროს უკვე ყველაფერი დანგრეულია, აღარაფერია ისე, როგორც იყო. აღარც კიბეა. სადღაც უნდა აძვრე და გადაფოფხდე ამ საკაცით, ბუნკერამდე რომ მიაღწიო. ბუნკერში შესვლის წინ პულსი გავუსინჯე. ჯერ ისევ ცოცხალი იყო.“
ქირურგი, რომელიც მაშინ „რიჟას“ დახვდა, სამოქალაქო პირია. ისიც რუსლანთან ერთად ჩაფრინდა მარიუპოლში „აზოვსტალის“ დამცველების დასახმარებლად და ახლა რუსეთის ტყვეობაშია.
„რიჟაც“ საოპერაციო მაგიდაზე დაიღუპა. ოპერაციამდე.
მარიუპოლში შენობიდან დაჭრილი სამხედრო გაჰყავთ/ფოტო: სქრინი ვიდეოდან
რუსლანი პოზიციაზე დაბრუნდა, თუმცა ძალიან მალე უკვე ის შეიყვანეს საკაცით „აზოვსტალის“ ჰოსპიტალში.
იხსენებს, რომ პოზიციამდე ასე კილომეტრ-ნახევარი ჰქონდათ დარჩენილი, როდესაც ჯერ მანათობელი ჭურვების წვიმა წამოვიდა, შემდეგ კი ცეცხლი გაუხსნეს.
„იმ თამაშში რომაა, მარიოში, ისე გავრბოდით და ჩვენ უკან ჭურვები ფეთქდებოდა და უცებ, დანით რომ ძეხვს ჩამოჭრიან, ისე ჩამომაჭრა რაკეტამ ფეხი. წამაცალა და სადღაც გაფრინდა. ვეძებე ჩემი ფეხი, ბათინკი მინდოდა დამეტოვებინა სამახსოვროდ, მაგრამ რაღას ვიპოვიდი“.
რუსლანთან ერთად კიდევ ერთი მისი თანამებრძოლი დაიჭრა. მასაც ფეხი მოკვეთეს. შემდეგ ტყვეობაშიც ერთად აღმოჩნდნენ.
„ვყვიროდი, მესროლეთ, მომკალით-მეთქი, მაგრამ ვიღაც მომვარდა, დღეს არაო, მითხრა და ტურნიკეტი დამადო. ძალიან ბევრი სისხლი დავკარგე. ოთხჯერ გავითიშე. ბოლოს უკვე ისე ვიყავი, სიკვდილი სასიამოვნოც კი ჩანდა, მერე ისევ ჩამოვეკიდე სიცოცხლეს და როგორღაც ავდექი.
„აზოვსტალში“ რომ მივედით, ზუსტად ამ დროს ჩამოვარდა ბომბი შესასვლელთან. არმატურა ზედ მოწყვეტილ ფეხზე დამეცა. ასეთი ტკივილი მგონი ცხოვრებაში არ განმიცდია. შადრევანივით ასხამდა სისხლი. ცოტა ხნის წინ თანამებრძოლი მივიყვანე ასე და რამდენიმე საათში უკვე მე მიმიყვანეს“.
ოპერაცია გამთენიისას, 3 საათზე გაუკეთეს. დილით უკვე ბრძანება მოვიდა და ევაკუაცია დაიწყო.
„არავინ არ დანებებულა. „რედისს“ საერთოდ არ ესმის, რას ნიშნავს დანებება, ტყვედ ჩაბარება. მისთვის ეს შეუთავსებელი რამეებია, ჩვენთვისაც. მეც ხომ ვიცოდი, სადაც მივფრინავდი და ვიცოდი, რომ ბოლომდე ვიბრძოლებდი.
სიკვდილი პატივი იქნებოდა ჩემთვის. რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს ეს 21-ე საუკუნეში, ასე მჯერა, რომ იარაღით ხელში სიკვდილი ყველაზე ღირსეული სიკვდილია და ბედნიერი ვიქნებოდი, ასე რომ მოვმკვდარიყავი“.
რუსლანმა ტყვეობაში თვე-ნახევარი გაატარა, თუმცა იმ დღეებზე არ ლაპარაკობს, ეშინია, საფრთხე არ შეუქმნას იქ დარჩენილებს. იხსენებს, რომ გასაცვლელთა სიები მუდმივად იცვლებოდა, ხან ჩასვამდნენ სიაში, ხან ამოიღებდნენ, თუმცა საბოლოოდ გაცვლა შედგა.
ახლა სარეაბილიტაციო ცენტრშია. თერაპიას გადის და პროთეზირებისთვის ემზადება. ფიზიკური ტკივილი გაქრა, მაგრამ ფანტომური ტკივილი დღემდე არ ანებებს თავს.
მადლობელია „აზოვის“, პოლკის პატრონაჟის სამსახურის, ყოფილი და ახლანდელი მეთაურების და სჯერა, რომ სწორედ ასეთ ადამიანებზე დგას მშვიდობა და სჯერა, რომ დღეს, როდესაც „შენს ქვეყანაში ომია, არ შეიძლება გვერდზე დარჩე და რამე არ გააკეთო გამარჯვებისთვის“.
„სანამ ყველა შინ არ დაბრუნდება, ალბათ, მანამდე მშვიდად ვერ დავიძინებ. ეს ახლა ჩემი ყველაზე დიდი სურვილია.
თავისუფლება ასე, უბრალოდ, არ მოდის, თავისუფლებისთვის სისხლის ფასს ვიხდით – ზოგი იხდის სიცოცხლით, ზოგი ჯანმრთელობით, ზოგი საკუთარი კიდურებით და ზოგი – დანგრეული ცხოვრებით“.
„ჯავახეთს ვეძახი რეგიონს, საიდანაც არ ისმის ხმა. რაც იქ ხდება, სოფლის ან ქალაქის დონეზე რჩება და გარეთ არაფერი არ გამოდის,“- ამბობს ტიგრან თარზიანი.
ტიგრანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელ უჩმანაში დაიბადა და გაიზარდა. სომხური სკოლა დაამთავრა, თუმცა გამართული ქართულით საუბრობს. ის ამბობს, რომ ქართული ენის ცოდნა მისი თავდაუზოგავი შრომის შედეგია. ტიგრანი სამოქალაქო აქტივიზმშია ჩართული. ორი წელია თანამოაზრეებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის“ დააარსა. ის და მისი მეგობრებო ცდილობენ, ხმამაღლა თქვან თავიანთი სათქმელი, რომ მათი რეგიონიდანაც ისმოდეს ხმა.
„ბათუმელები“ ტიგრან თარზიანს ბათუმში, სოლიდარობის ტურის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე შეხვდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.
ტიგრან, თქვენ საუბრობთ იმ პრობლემებზე, რომლებიც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებშია. რა აწუხებთ ჯავახეთში მცხოვრებ ეთნიკურ სომხებს?
როდესაც ადგილობრივების პრობლემებზე ვსაუბრობ, ყოველთვის ვიწყებ განათლებით. დამკვიდრებულია მოსაზრება, რომ ეთნიკურ უმცირესობებში ენობრივი ბარიერია. რეალურად, ენობრივი ბარიერი მოდის განათლების პრობლემიდან. ბევრი სოფელია, სადაც არ არის საბავშვო ბაღი, ხოლო სადაც არის, იმ ბაღებში არ არის შესაძლებელი ბილინგუალური განათლება მიიღოს ბავშვმა. არ ისწავლება საბავშვო ბაღში ქართული ენა.
მე სომხურენოვანი სკოლა მაქვს დამთავრებული. ვფიქრობ, სკოლებში, გარდა თეორიულისა, უნდა იყოს პრაქტიკული ქართული ენის კურსები, რომ შესაძლებელი იყოს ქართულ ენაზე საუბარი შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მასწავლებელთან.
ამასთან, განათლების პროგრამები, რომლებიც აქვს სახელმწიფოს, არის ცენტრალურ დონეზე შემუშავებული და მის შექმნაში მონაწილეობა არ მიუღია არც ერთი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელს, მათ, ვინც რეალურად იცის რა პრობლემებია ამ სფეროში.
მინდა გთხოვოთ, დაასახელოთ სამი მთავარი პრობლემა, რომლებიც დღეს ჯავახეთში მცხოვრებ ახალგაზრდას აქვს.
პირველ ადგილას მე ისევ განათლების საკითხს დავაყენებ. არ გვაქვს პროფესიული განათლების მიღების საშუალებაც, მაშინ, როცა ამ ტიპის ცოდნა ძალიან გვჭირდება. ჯავახეთი სასოფლო-სამეურნეო რეგიონია და პროფესიული ცენტრების გახსნაა საჭირო.
მეორე პრობლემა არის უმუშევრობა. ეს ძალიან მწვავე პრობლემაა, იმიტომ, რომ იწვევს მიგრაციას. ახალგაზრდები, რომლებიც არ აგრძელებენ სწავლას უმაღლეს სასწავლებლებში, მიდიან რეგიონიდან რუსეთში ან სომხეთში.
კიდევ კარგი, ბოლო დროს წამოვიდა ტენდენცია, პოლონეთსა და ევროპაში დაიწყეს წასვლა. უმუშევრობა და მიგრაცია ერთმანეთთანაა დაკავშირებული ჩვენთან.
მესამე პრობლემად დავასახელებდი სამოქალაქო პასიურობას. მე ასე ვხედავ – თუ გინდა სამუშაო ადგილი, ამისათვის საჭიროა ბრძოლა. ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სულ გჭირდება ბრძოლა. დანებება, რეგიონის დატოვება და წასვლა რეალურად არ არის პრობლემების მოგვარების გზა. 2018 წელს დავამთავრე უნივერსიტეტი და დღემდე ვიბრძვი. წელიწად-ნახევარია, რომ რაღაც სამუშაო მაქვს და ხელფასი. მანამდე მე ვიბრძოდი, რომ ეს ყველაფერი მქონოდა.
როგორი იყო სწავლის პროცესი?
მე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე. ახლა ძირითადად სამოქალაქო აქტივიზმში ვარ ჩართული. ასევე ვმუშაობ სოციალური სამართლიანობის ცენტრში და ძალიან ვარ დაინტერესებული სოფლის მეურნეობით.
ეთნიკური უმცირესობების მიერ უმაღლესი განათლების მიღების გზაზე ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის 1+4 პროგრამა, რომელიც 2010 წელს დაიწყეს. 12 წელი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში არაფერი არ შეცვლილა ამ პროგრამაში. დაფინანსების პრობლემა არსებობს. სახელმწიფო ენის სწავლა ფასიანია ჩვენთვის. სახელმწიფო არჩევს ყველაზე მაღალქულიან 100 სტუდენტს აზერბაიჯანულენოვანი თემიდან და 100-ს – სომხურენოვანიდან. სახელმწიფო აფინანსებს მხოლოდ ამ 200 სტუდენტს. დანარჩენებისთვის სახელმწიფო ენის სწავლა ფასიანია.
ამასთან, 1+4 პროგრამის არსებობა უკვე არის იმის აღიარება სახელმწიფოს მხრიდან, რომ საბავშვო ბაღში და სკოლაში არ ისწავლება სათანადო დონეზე ქართული ენა.
ამას გარდა, არის უფასო ფაკულტეტები, რომლებიც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უფასოა, გარდა ეთნიკური უმცირესობის იმ ნაწილისთვის, ვინც 1+4 პროგრამით სარგებლობს. განათლების სამინისტრო ამბობს, რომ ორი საშეღავათო პროგრამით ვერ ისარგებლებ. რეალურად ეს უფრო დიდ პრობლემას ქმნის, რადგან უფასო ფაკულტეტებზე რა პროფესიებიც შეისწავლება, იმ პროფესიების ძალიან დიდი დეფიციტია ჩვენთან, რეგიონში.
არადა, ეს უფასო ფაკულტეტები ხომ იმისთვის შეიქმნა, რომ დეფიციტი შეავსოს? თუ კახეთის რომელიმე სოფელში არის ფიზიკის მასწავლებლის საჭიროება, ნინოწმინდის სოფელ უჩმანაშიც გვჭირდება ფიზიკის მასწავლებელი. ამიტომაა, რომ სკოლაში ერთი მასწავლებელი ასწავლის რამდენიმე საგანს: სამოქალაქო განათლებას, ისტორიას, ფიზკულტურას და ხელოვნებას.
რა პერსპექტივა აქვს ახალგაზრდას, რომელიც ჯავახეთში ცხოვრობს და სკოლას ამთავრებს?
რეალურად, ხდება ახალგაზრდების გადინება ჯავახეთიდან, რაც სამწუხაროა. ჩემი მეგობრების უმრავლესობა მუშაობს თბილისში, თანაც ძალიან დაბალ პოზიციაზე. მაგალითად, მაღაზიაში კონსულტანტად. ვინც სამედიცინოზე სწავლობს – ექთნად ან ექთნის დამხმარედ რომელიმე საავადმყოფოში.
არ ბრუნდებიან რეგიონში, იმიტომ, რომ ან სამუშაო არაა, ან თუ არის, არაა შესაბამისი პირობები.
მაგალითად, მე მინდა ინგლისური ენის სწავლა, აღარ მაქვს ამის შესაძლებლობა. ორი წელია ვეძებ კარგ ინგლისურის მასწავლებელს და ვერ ვიპოვე.
ახალგაზრდები არ არიან ჩართული სამოქალაქო პროცესებში, ნაკლებად არიან ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. ერთადერთი, სადაც აქტიურად არიან ჩართული, არჩევნებია, ისიც – ფინანსური ინტერესის გამო. პარტიაშიც შედიან, რომ სამუშაო ნახონ მერიაში ან საკრებულოში.
რეალურად პრობლემაა ის, რომ ახალგაზრდა გადის რეგიონიდან, რადგან სამუშაო არაა და არც სხვა ალტერნატიული ფინანსური წყარო. როდესაც არ არსებობს სახელმწიფოს მხარდაჭერა, სხვა საშუალება არ არსებობს წასვლის გარდა. თუნდაც სოფლის მეურნეობაში უნდა იყოს მხარდაჭერა, რომ ადამიანი წინ წავიდეს და განვითარდეს.
მაგალითად, ხარ დაინტერესებული სოფლის მეურნეობით, მაგრამ რთული რეგიონია კლიმატურად, მკაცრია, დახმარება გჭირდება. ამ დროს არ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია სახელმწიფო გრანტების შესახებ.
თქვენ ამბობთ, რომ ხართ „რეგიონიდან საიდანაც ხმა არ ისმის“, მაგრამ როგორ ფიქრობთ, რომც ისმოდეს, სახელმწიფოს უნდა ამ ხმის გაგონება?
რეგიონს უამრავი პრობლემა აქვს, მაგრამ ამ პრობლემის შესახებ არავინ არ იცის, გარდა რეგიონში მცხოვრები ადამიანებისა. ამიტომ გროვდება პრობლემები, რომლებიც არ ისმება. ასევე, არმენოფობიის საკითხი არსებობს… არსებობს სხვა საკითხები უსაფრთხოების კუთხით და ა.შ.
როდესაც მოქალაქეთა ხმები არ ისმის, რეალურად ის ეჭვები, ცუდი, ნეგატიური, რაც არსებობს [ჩვენ მიმართ], როდესაც ხმას არ იღებ, რაღაცნაირად ადასტურებს, რომ რაღაც ხდება. რეალურად ასე არაა.
ჯავახეთში ცხოვრობენ საქართველოს მოქალაქეები, თავიანთი უამრავი პრობლემით. მკაცრი რეგიონია, ძალიან მძიმე სამუშაოებია სოფლად. მამაკაცი თუ მიდის რუსეთში სამუშაოდ, ქალი რჩება სახლში და შესაბამისად, ფიზიკური შრომა რჩება ქალის კისერზე.
ამის გამო მერე ქალებს ცალკე პრობლემები ექმნებათ ჯანმრთელობის კუთხით.
მაღალმთიანი რეგიონია და ჯანდაცვის პროგრამაც არ მუშაობს კარგად.
როდესაც რეგიონიდან არ ისმის ხმა, პრობლემები პრობლემებად რჩება. ამიტომაა, რომ 30 წელია ერთი და იგივე პრობლემები გვაქვს.
ან თუ საუბრობენ, სოფლის დონეზე მხოლოდ. მაგალითად, სარწყავი წყალი არაა ან საბავშვო ბაღი და ა.შ. მაგრამ ეს ხმა სოფლიდან გარეთ არ გადის. საჭიროა იმ ახალგაზრდების აქტიურობა, ვინც ამთავრებს თბილისში სწავლას, რომ ეს ხმები გარეთ გამოვიდეს.
მე სწორედ ამას ვაკეთებ, ბლოგებს ვწერ, არასამთავრობო სექტორში ვაქტიურობ, რომ სხვანაირად შეხედონ ჯავახეთს.
რატომ არ ისმის ხმა? რა უნდა გაკეთდეს, რომ უფრო მეტი ახალგაზრდა გააქტიურდეს?
რთული საქმეა, მაგრამ შესაძლებელია. მე ვიცნობ ჩვენს ახალგაზრდებს. ვხედავ, რომ არიან ჩართული აქტივიზმში. კი, შეიძლება არ ჩანს დიდად, მაგრამ მონაწილეობენ ტრენინგებში, რაღაც შეხვედრებში ადგილობრივ თვითმმართველობაში. საუბრობენ ეს ადამიანები.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის ფარგლებში ვაწყობთ ჯავახეთის კრიტიკული აზროვნების სკოლას, რომელშიც 20-ზე მეტი ახალგაზრდაა ჩართული. ეს იმ მიზანს ემსახურება, რომ კრიტიკული აზროვნება განვავითაროთ და კურსების მერე საბოლოოდ ერთიანი საქმე გავაკეთოთ.
24 აგვისტოს ექვსი თვე სრულდება, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. რა სურს სინამდვილეში პუტინს და რის მიღწევას ცდილობს რუსეთის დიქტატორი? – ამ კითხვაზე პასუხის გაცემას The Guardian-ში გამოქვეყნებულ სვეტშივლადიმერ პუტინის ბიოგრაფიის ავტორი, ბრიტანელი ჟურნალისტი, პუბლიცისტი და მწერალი, ფილიპ შორტი შეეცადა.
ფილიპ შორტი 25 წლის განმავლობაში BBC-ის საერთაშორისო კორესპონდენტი იყო. ის მაო ძედუნის, პოლ პოტისა და ვლადიმერ პუტინის ბიოგრაფიების ავტორია.
„ბათუმელები“ მისი მოსაზრების თარგმანს გთავაზობთ:
__________
რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან თითქმის ექვსი თვის შემდეგ დასავლეთში ჯერ კიდევ ვერ თანხმდებიან ვლადიმერ პუტინის მოტივებზე.
ეს მხოლოდ აკადემიური ინტერესის საგანი არაა. თუ ჩვენ ვერ შევთანხმდებით იმაზე, რატომ გადაწყვიტა პუტინმა უკრაინაში შეჭრა და რის მიღწევას ცდილობს, ვერ განვსაზღვრავთ, რას ნიშნავს გამარჯვება ან დამარცხება ომში ჩართული რომელიმე მხარისთვის და ვერ გამოვკვეთთ შესაძლო ენდშპილის კონტურებს.
რაღაც მომენტში, როგორც ყველა ომი, ეს კონფლიქტიც დასრულდება. გეოგრაფიას განწირული ჰყავს რუსეთი და უკრაინა მეზობლობისთვის და ამას ვერაფერი შეცვლის. ბოლოს და ბოლოს, მათ მოუწევთ იპოვონ modus vivendi. ეს ასე იქნება ევროპისა და რუსეთისთვისაც, თუმცა ომით მიყენებული ზიანის გამოსწორებას შესაძლოა ათწლეულები დასჭირდეს.
მაშ, რატომ ჩადო პუტინმა ამდენი ასეთ სარისკო საქმეში, რომელიც მას, კარგ შემთხვევაში, განადგურებულ მიწებზე მყიფე კონტროლს მოუტანს?
თავიდან ამბობდნენ, რომ ის შეშლილია – „შეშლილი“, როგორც დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა თქვა. ჩვენ ვნახეთ, როგორ მოძღვრავდა ის ექვსმეტრიანი მაგიდის ბოლოში მსხდარ თავდაცვის სტრუქტურების ხელმძღვანელებს, თუმცა მალე გვიჩვენეს ისიც, როგორ ისხდნენ ეს ჩინოვნიკები მის გვერდით.
გრძელი მაგიდა თეატრალური ეფექტი აღმოჩნდა – ნიქსონის „შეშლილის“ თეორიის პუტინისეული ვერსია, რომლის მიზანიც იყო, წარმოეჩინა ის ისე ირაციონალურად, რომ ყველაფერი შესაძლებლად მოგვჩვენებოდა, ბირთვული ომიც კი.
შემდეგ დასავლელი ჩინოვნიკები ამტკიცებდნენ, თითქოს პუტინი შეაშინა რუსეთის საზღვრებთან დემოკრატიული უკრაინის პერსპექტივამ, რომელიც მის ძალაუფლებას საფრთხეს შეუქმნიდა, რადგან დაანახებდა რუსებს, რომ მათაც შეუძლიათ სხვანაირად ცხოვრება. ერთი შეხედვით, ეს დამაჯერებლად ჟღერდა. პუტინს სძულდა „ფერადი რევოლუციები“, რომლებმაც 2003 წლიდან ყოფილი საბჭოთა ბლოკის რამდენიმე ქვეყანაში რეჟიმების ცვლა გამოიწვია.
თუმცა უკრაინის, როგორც მოდელის მომხიბვლელობა შეზღუდულია – ღრმად ფესვგადგმული კორუფციის, კანონის უზენაესობის არარსებობისა და ოლიგარქ-მილიარდერების არაპროპორციული ძალაუფლების გამო. თუკი ეს ყველაფერი შეიცვლებოდა, რუსეთის ინტელიგენციას შეიძლება მიექცია კიდეც ამისთვის ყურადღება, მაგრამ რუსების უმრავლესობას – მათ, ვინც სახელმწიფო პროპაგანდით იკვებებიან და პუტინის პოლიტიკურ ბაზას წარმოადგენენ – ეს სრულებითაც არ ანაღვლებს.
რუსეთის სამხედრო აგრესია ასევე წარმოჩინდა, როგორც მიწების დაპყრობის იმპერიალისტური მცდელობა. ზაფხულის დასაწყისში პეტრე პირველის ხსენება აღქმული იყო იმის დადასტურებად, რომ პუტინს რუსეთის იმპერიის აღდგენა სურდა – თუ ეს ვერა, მაშინ – საბჭოთა კავშირის მაინც. საღად მოაზროვნე ადამიანები, ძირითადად აღმოსავლეთ ევროპაში და არამხოლოდ – ვარაუდობდნენ, რომ უკრაინა – ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. „არ გამიკვირდება“ – მითხრა გასულ კვირაში შვედეთის ერთ-ერთმა ყოფილმა მინისტრმა, – „თუ რამდენიმე წელიწადში რიგში ესტონეთი და ლატვია აღმოჩნდებიან“.
იმის გათვალისწინებით, რომ პუტინმა ერთხელ საბჭოთა კავშირის დანგრევას „მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა“ უწოდა, ეს მსჯელობა სრულიად ლოგიკურად შეიძლება მოგვეჩვენოს. მაგრამ ის ასევე ამბობდა: „ვინც საბჭოთა კავშირის დანგრევის გამო არ წუხს, მას გული არ აქვს, ხოლო მას, ვისაც მისი ძველი სახით აღდგენა სურს – არ აქვს ტვინი.“
რუსი სამხედროები უკვე მოკრძალებულ წარმატებასაც ძლივს აღწევენ უკრაინაში, თუმცა ეს ფაქტიც რომ გვერდზე გადავდოთ, ბალტიის ქვეყნებზე ან პოლონეთზე თავდასხმა რუსეთს NATO-სთან პირდაპირ კონფლიქტამდე მიიყვანდა – ეს კი მოსკოვს (ისევე, როგორც დასავლეთს) ყველაზე ნაკლებად სურს.
სინამდვილეში პუტინის სამხედრო აგრესიას სხვა იდეები ამოძრავებს.
ის ხელისუფლებაში მოსვლამდეც შეპყრობილი იყო უკრაინით. ჯერ კიდევ 1994 წელს, როდესაც სანქტ-პეტერბურგის მერის მოადგილედ მუშაობდა, აღშფოთებას გამოთქვამდა, რომ ყირიმი უკრაინას იყო „მიერთებული“. „რუსეთმა ყირიმი თურქებისგან ბრძოლით დაიბრუნა!“ – უთხრა მან იმ წელს ფრანგ დიპლომატს და ოსმალეთისა და რუსეთის იმპერიებს შორის მე-18 საუკუნის ომი იგულისხმა.
თუმცა მისი დამოკიდებულება ბოლომდე ტოქსიკური გახადა NATO-ს 2008 წლის სამიტზე წამოჭრილმა საკითხმა – უკრაინის სრულუფლებიანი წევრობის პერსპექტივამ.
CIA-ს ახლანდელი ხელმძღვანელი, ბილ ბერნსი, რომელიც იმ დროს აშშ-ის ელჩად მუშაობდა მოსკოვში, თეთრი სახლისთვის გაგზავნილ საიდუმლო დეპეშაში წერდა:
„NATO-ში უკრაინის შესვლა – რუსეთის ელიტისთვის (არამხოლოდ პუტინისთვის) ყველა წითელ ხაზზე კაშკაშა წითელია. ორწელიწად-ნახევარია ველაპარაკები მთავარ რუს მოთამაშეებს და კრემლის ბნელ მოსახვევებში მყოფი მუტრუკებით დაწყებული, პუტინის ყველაზე მკაცრი ლიბერალი კრიტიკოსებით დამთავრებული, ჯერ არავინ შემხვედრია, ვინც უკრაინას NATO-ში არ განიხილავდა პირდაპირ საფრთხედ რუსეთის ინტერესებისთვის… დღევანდელი რუსეთი ამას პასუხს გასცემს“.
ამერიკელი პრეზიდენტების ადმინისტრაციებმა, რომლებიც იმ დროს ერთმანეთს ცვლიდნენ, ბერნსის გაფრთხილებას წაუყრუეს და პუტინმაც უპასუხა. 2014 წელს ყირიმი დაიპყრო; შემდეგ დონბასში სეპარატისტული აჯანყება წააქეზა და ბოლოს, 2022 წლის თებერვალში, წამოიწყო სასტიკი და არაღიარებული ომი უკრაინის დასამორჩილებლად.
NATO-ს გაფართოება მხოლოდ აისბერგის წვერი იყო. პუტინს, ხელისუფლებაში ყოფნის ორი ათწლეულის განმავლობაში, დასავლეთისადმი სხვა წყენებიც დაუგროვდა. 2020 წლის ბოლოსკენ, როდესაც კიევზე ახალი თავდასხმის დაგეგმვა დაიწყო, წრე შეიკრა. ახალგაზრდა რუსი ლიდერი, რომელმაც ოდესღაც შთაბეჭდილება მოახდინა ტონი ბლერზე და ბილ კლინტონზე, რომელმაც 11 სექტემბრის შემდეგ მხარი დაუჭირა ჯორჯ ბუშს და რომელიც ამტკიცებდა, რომ რუსეთის ადგილი ევროპაში და დასავლურ სამყაროშია, თანდათანობით გადაიქცა ულმობელ მოწინააღმდეგედ, რომელსაც სჯერა, რომ აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიზანი „რუსეთის დაჩოქებაა.“
დასავლელი პოლიტიკოსები ამას ყურადღებას არ აქცევენ, როგორც პარანოიდულ აზრს, მაგრამ პრობლემა დასავლეთის განზრახვებში კი არა, იმაშია, როგორ აღიქვამს მათ კრემლი.
პუტინის მიზანი არაა მხოლოდ „კიევის რეჟიმის“ განეიტრალება, არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, იმის ჩვენება, რომ NATO უძლურია და მისი შეჩერება არ შეუძლია. თუ ამ პროცესში ის დაპყრობილ ტერიტორიებზე ძირფესვიანად გაანადგურებს უკრაინულ კულტურას, ეს მისთვის თანმდევი, შემთხვევითი ზიანი კი არა, ბონუსი იქნება.
მიაღწევს თუ არა წარმატებას, დამოკიდებულია ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე, რომელიც, თავის მხრივ, დამოკიდებულია დასავლეთის მხარდაჭერის ხარისხზე ამ შემოდგომისა და ზამთრის განმავლობაში, როდესაც ენერგორესურსების შემცირებამ და ცხოვრების მკვეთრმა გაძვირებამ შესაძლოა უკრაინის დასავლელი პარტნიორები რთულ ვითარებაში ჩააყენოს.
მოსკოვს ბევრის მიღწევა არ სჭირდება იმისთვის, რომ პუტინს გამარჯვების გამოცხადება შეეძლოს. რუსეთისთვის საკმარისი იქნებოდა, სრულად გაეკონტროლებინა დონბასი და ყირიმის ხიდი. ცხადია, მას მეტი ენდომებოდა. თუ რუსეთის ჯარები დაიკავებდნენ ოდესას და მის გარშემო შავი ზღვის სანაპიროს, ეს უკრაინას რუსეთის ვასალად აქცევდა, თუმცა უფრო მოკრძალებული წარმატებებიც კი საკმარისი იქნებოდა აშშ-ის ძალაუფლების საზღვრების საჩვენებლად. არაა გამორიცხული, დასავლეთის მტკიცე მხარდაჭერით, უკრაინამ ამის შეჩერება შეძლოს.
თუმცა ეს ჯერ კიდევ არაა უდავო.
ომი უკრაინაში არ არის იზოლირებული მოვლენა. იმ დროს, როდესაც რუსეთი აშშ-ის მიერ დამკვიდრებულ მსოფლიო წესრიგს ევროპაში ებრძვის, ამ წესრიგს აზიაში გამოწვევას უგზავნის ჩინეთი. დაწყებულია გეოპოლიტიკური ცვლილებები, რომელთა შედეგებიც, სრული მასშტაბით, შესაძლოა ათწლეულების შემდეგ გამოჩნდეს.
თუმცა წესრიგი, რომელიც მსოფლიოს ცივი ომის შემდეგ ბოლოს 30 წელი მართავდა, დასასრულს უახლოვდება. მისი ნანგრევებიდან ძალთა ახალი ბალანსი აღმოცენდება.
ბათუმის მერიამ უარი უთხრა მართლმადიდებელ ეკლესიას, ბესიკის ქუჩაზე მდებარე ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემაზე. უფრო სწორად, ეკლესია მიწის საკუთრებაში რეგისტრაციას მერიის გვერდის ავლით ცდილობდა, საჯარო რეესტრმა კი მერიას, როგორც მიწის მესაკუთრეს მიმართა – დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია ქონების ეკლესიისთვის საკუთრებაში გადაცემაზე. მერიის უარის შემდეგ, რეესტრმა სარეგისტრაციო წარმოება შეწყვიტა.
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია არ არის თანახმა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელდეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქ. ბათუმში, ბესიკის, ლ. ასათიანის/დ. თავდადებულის ქუჩებს შორის მდებარე მიწის ნაკვეთის საზღვრის კორექტირება, ასევე, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრების უფლებით რეგისტრაცია“, – აღნიშნულია ბათუმის მერის მიერ საჯარო რეესტრში გაგზავნილ წერილში.
ამასთან, მერის ამავე წერილში აღნიშნულია, რომ ბათუმის მერია თანახმაა მართლმადიდებელ ეკლესიას აღნიშნული ნაკვეთი სარგებლობაში გადასცეს.
თუმცა, ამ მიწის ნაკვეთს ეკლესია წლებია ისედაც სარგებლობს და იქ ეკლესიაც ააშენა. მოქმედი ეკლესიის მიმდებარედ, ქალაქის ბიუჯეტის დაფინანსებით ჯერ მინისტადიონი მოეწყო, შემდეგ – სკვერი, მოგვიანებით მთელი ეს ტერიტორია ეკლესიამ შეღობა.
„აქვე განვმარტავთ, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას მიზანშეწონილად მიაჩნია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიას უზუფრუქტის ფორმით, აღნაგობის უფლებით, სარგებლობაში გადაეცეს თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ბესიკის, ლ. ასათიანის/დ. თავდადებულის ქუჩებს შორის მდებარე 1 926 კვ.მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რაც შესაძლებელია განხორციელდეს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად“, – აღნიშნულია ბათუმის მერის მიერ რეესტრში გაგზავნილ წერილში.
რეესტრმა წერილი მერიას 2021 წლის 17 აგვისტოს მისწერა. ბათუმის მერმა კი რეესტრს 7 თვის შემდეგ, 2022 წლის 10 მარტს უპასუხა.
დღევანდელი მდგომარეობით [23.08.2022] აღნიშნული ნაკვეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სარგებლობაში გადაცემის რაიმე დოკუმენტი საჯარო რეესტრის პორტალზე ასახული არ არის.
რის საფუძველზე ითხოვდა ეკლესია მიწის საკუთრებაში რეგისტრაციას და რატომ მიმართა რეესტრმა ბათუმის მერიას – ამ თემაზე ვრცლად ნახეთ ბმულზე:
აჭარაში დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამის დაფინანსება და ბენეფიციართა რაოდენობა ხუთით გაიზარდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ანალოგიური ცვლილებები მომდევნო წლიდანაც იგეგმება.
პროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა პრობლემის მქონე, მარტოხელა, ძალადობაგანცდილი, მიუსაფარი დედებისა და ბავშვების 24-საათიანი თავშესაფრით უზრუნველყოფას, ბენეფიციარებისთვის სადღეღამისო მომსახურებას სამჯერადი კვებით, ასაკის, სქესის, სეზონის შესაბამისი ტანისამოსითა და ჰიგიენის ნივთებით უზრუნველყოფას, ფსიქოლოგიურ დახმარებას, პროფესიული და არაფორმალური განათლების ხელშეწყობას, დასაქმებაში დახმარებას, საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას, სოციალური უნარ-ჩვევების სწავლებას და ა.შ.
აქამდე პროგრამით სარგებლობა 35 ბენეფიციარისთვის იყო შესაძლებელი, წელს, ამ ეტაპზე, სერვისით 40 ბენეფიციარი სარგებლობს, მათ შორის 3 შშმ პირია. პროგრამის ბიუჯეტი 344 818 ლარია.
„ყველა ქალს, რომელიც ძალადობის მსხვერპლია და არ აქვს საშუალება დამოუკიდებლად იცხოვროს, შეუძლია მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს და მოვიდეს ჩვენთან. პროგრამა მთლიანად მოიცავს ბენეფიციართა საჭიროებებს,“ – ამბობს პროგრამის განმახორციელებელი, თავშესაფრის ხელმძღვანელი, ნანა საყვარელიძე.
დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2013 წლიდან ახორციელებს. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით ისარგებლებენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე.
რუსეთის სპეცსამსახურებისა და მედიის მიერ დარია დუგინას მკვლელობაში ეჭვმიტანილი ნატალია ვოვკის სამხედრო მოწმობის საპასუხოდ, უკრაინის ნაციონალურმა გვარდიამ ცნობილი რუსებისთვის ზუსტად ისეთივე მოწმობები „დაამზადა“.
„Google-ს ყველაფერი ახსოვს! ყველაფერი, რაც მასთან ერთხელ მაინც მოხვედრილა, მასთან რჩება. თუ კარგად მოძებნით, შეიძლება უკრაინის ნაციონალური გვარდიის მთელი „აგენტურული ქსელიც“ კი აღმოაჩინოთ,“ – წერს გვარდია ფეისბუქზე.
პოსტს თანდართული აქვს სამხედრო ბილეთების ფოტოები, რომელთა მიხედვითაც რუსი პოლიტიკოსი და ყოფილი ტანმოვარჯიშე, პუტინის შვილების დედა, ალინა კაბაევა, ტელეწამყვანი ოლგა სკაბეევა, საგარეო უწყების ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორი მარია ზახაროვა და პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი უკრაინის ნაციონალური გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები არიან.
რუსეთის ფედერალურმა უსაფრთხოების სამსახურმა (FSB) 22 აგვისტოს განაცხადა, რომ ალექსანდრ დუგინის შვილის, დარია დუგინას მკვლელობის საქმე გახსნა. რუსეთმა დარია დუგინას ავტომანქანის აფეთქებაში უკრაინის სპეცსამსახურები დაადანაშაულა, გამოაქვეყნა ტერაქტში ეჭვმიტანილი ქალის ფოტოები და სამხედრო ბილეთი – ფეესბეს მტკიცებით, ის უკრაინის მოქალაქე, პოლკ „აზოვის“ წევრი, ნატალია ვოვკია (ქალიშვილობაში შაბანი).
ნატალია ვოვკის (შაბანი) მოწმობა, რომელიც რუსულმა მედიამ გაავრცელა
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშჩენკომ, ვოვკის უკრაინის ნაციონალური გვარდიის წევრობის მოწმობას ყალბი უწოდა და თავისი სიტყვების დასადასტურებლად გუშინვე გამოაქვეყნა მარგარიტა სიმონიანის სამხედრო ბილეთი.
გუშინვე პოლკმა აზოვმა გაავრცელა განცხადება და განაცხადა, რომ ნატალია ვოვკი არასდროს ყოფილა აზოვის წევრი.
„ეს ე.წ. დოკუმენტი, რომლითაც რუსეთის სპეცსამსახურები ცდილობენ დაამტკიცონ „აზოვის“ კავშირი დარია დუგინას ავტომობილის აფეთქებასთან, სინამდვილეში არაფერია, თუ არა „იაროშის მორიგი სავიზიტო ბარათი“. თავად ტერაქტი კი – ეს არის მზადება „აზოველთა“ „ტრიბუნალისთვის“. ამ გზით, რუსეთი ცდილობს დაარწმუნოს საკუთარი საზოგადოება ასეთი სასამართლოს აუცილებლობაში,“ – ნათქვამია პოლკის განცხადებაში.
„აზოვი“ მოუწოდებს ყველას, ვისაც ამის ძალა შესწევს, შეაჩერონ „აზოველების“ წინააღმდეგ დაგეგმილი „ტრიბუნალი“, რომელიც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა ინფორმაციით, მარიუპოლში 24 აგვისტოს უნდა გაიმართოს.
კრემლის ცნობილი იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის შვილი 20 აგვისტოს ღამეს მოსკოვთან ახლოს, მანქანაში ააფეთქეს.
__
მთავარი ფოტო: უკრაინის ნაციონალური გვარდიის „აგენტურული ქსელის“ წევრები: რუსი პოლიტიკოსი და ყოფილი ტანმოვარჯიშე, პუტინის შვილების დედა, ალინა კაბაევა და საგარეო უწყების ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორი მარია ზახაროვა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინს მთელი უკრაინის ყირიმივით დაპყრობა სურს.
„პუტინი უკრაინის სხვა ტერიტორიებზე თავდასხმასაც გეგმავს. მას მთელი უკრაინა სურს. მას უნდა იგივე გაუკეთოს მთელ უკრაინას, რაც ყირიმს. ის ანექსიას ამზადებს, ამზადებს ყალბ რეფერენდუმებს,“ – განაცხადა ჯონსონმა ყირიმის პლატფორმის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, ის, რაც 2014 წელს დაიწყო, ომის მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენდა.
„ჩვენ მაშინ არ გვეყო გამბედაობა და სიმტკიცე, გვეღიარებინა, რომ არ იყო ნორმალური, რაც ხდებოდა,“ – აღნიშნა ჯონსონმა და დასძინა, რომ პუტინმა ყირიმი 24 თებერვლის თავდასხმისთვის ტრამპლინად აქცია.
პრემიერის თქმით, დიდი ბრიტანეთი არასოდეს აღიარებს ყირიმს ან რუსეთის მიერ დაპყრობილ რომელიმე სხვა უკრაინულ ტერიტორიას:
„ჩვენ მომავალშიც უნდა გავუწიოთ პუტინის აგრესიის პირისპირ მყოფ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს სამხედრო, ჰუმანიტარული, ეკონომიკური თუ დიპლომატიური დახმარება მანამ, ვიდრე რუსეთი ამ საშინელ ომს არ შეწყვეტს.“
23 აგვისტოს უკრაინამ ყირიმის პლატფორმის მეორე სამიტს უმასპინძლა – სამიტი ომის გამო ონლაინ იმართება.
ყირიმის პლატფორმა – ეს არის უკრაინის ინიციატივა, რომელიც ყირიმის ანექსიაზე საერთაშორისო რეაგირებისთვის შეიქმნა.
შარშან სამიტი კიევში გაიმართა და მასში 46 საერთაშორისო დელეგაცია მონაწილეობდა, მათ შორის, NATO-სა და ევროკავშირის ქვეყნის წარმომადგენლები.
გაერო ეხმაურება ცნობებს მარიუპოლში უკრაინელი სამხედრო ტყვეების შესაძლო „ტრიბუნალის“ შესახებ და რუსეთს მოუწოდებს, დაუშვას დამოუკიდებელი დამკვირვებლები უკრაინელ მებრძოლებთან.
ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის განცხადებაში ვკითხულობთ, რომელიც დღეს, 23 აგვისტოს, გამოქვეყნდა.
„შეშფოთებულნი ვართ ცნობებით, რომ რუსეთის ფედერაცია და დონეცკში მასთან დაკავშირებული შეიარაღებული ჯგუფები უახლოეს დღეებში შესაძლოა გეგმავდნენ გაასამართლონ უკრაინელი სამხედრო ტყვეები მარიუპოლში ე.წ. „საერთაშორისო ტრიბუნალით“.
…მედიასა და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ფოტოებსა და ვიდეოჩანაწერებზე ჩანს, რომ მარიუპოლის ფილარმონიის დარბაზში აშენებენ ლითონის გალიებს, როგორც ჩანს, სასამართლო პროცესის დროს სამხედრო ტყვეებისთვის.
საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სამხედრო ტყვეობს აქვთ იმუნიტეტი და არ შეიძლება მათი სისხლისსამართლებრივი დევნა საომარ მოქმედებებში მონაწილეობისთვის ან შეიარაღებული კონფლიქტის დროს ჩადენილი ომის კანონიერი ქმედებისთვის, მაშინაც კი, თუ ასეთი ქმედებები სხვაგვარ დანაშაულს წარმოადგენდა“ – ნათქვამია განცხადებაში.
აქვე ვკითხულობთ, რომ სამხედრო ტყვეებს უფლება აქვთ, ჰქონდეთ სამართლიანი სასამართლოს გარანტია, საერთაშორისო სამართალი კრძალავს სასამართლოების შექმნას მხოლოდ სამხედრო ტყვეების საქმეების განსახილველად და რომ სამხედრო ტყვესთვის სამართლიანი სასამართლოს უფლების წართმევა სამხედრო დანაშაულია.
„ასევე, შეშფოთებული ვართ, რომ სამხედრო ტყვეები, ძირითადად, დამოუკიდებელ დამკვირვებლებთან წვდომის გარეშე იმყოფებოდნენ, რაც მათ აღიარების მისაღებად წამების საფრთხის წინაშე აყენებდა. ასევე იყო შემაშფოთებელი საჯარო განცხადებები რუსეთის ოფიციალური პირების და მასთან დაკავშირებული შეიარაღებული ჯგუფების წევრების მხრიდან, რომლებიც უკრაინელ სამხედრო ტყვეებს „ომის დამნაშავეებს“, „ნაცისტებს“ და „ტერორისტებს“ უწოდებდნენ,“ – წერია განცხადებაში.
გაერო განცხადებაში მოუწოდებს რუსეთს, დამოუკიდებელ დამკვირვებლებს მისცეს წვდომა უკრაინაში შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით დაკავებულ ყველა პირთან.
ინფორმაცია, რომ რუსები მარიუპოლში „აზოვსტალის“ დამცველების საჩვენებელი სასამართლოს გამართვას გეგმავდნენ, აგვისტოს დასაწყისში გაჩნდა. მარიუპოლის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ, გამოაქვეყნა ფოტოები, თუ როგორ აწყობდნენ ქალაქის ფილარმონიის სცენაზე გალიებს.
ბოიჩენკოს თქმით, „ტრიბუნალის“ გამართვას რუსები 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს აპირებენ.
უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არ მოითმენს დამპყრობლებისგან თავისი გმირებისა და უკრაინის თავისუფლების დამცველების დამცირებას და თუ ასეთი სასამართლო შედგება, რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკების ყველა გზას მოიჭრის.
______________________
ფოტოზე: რკინის გალიები მარიუპოლის თეატრში. ვადიმ ბოიჩენკოს მიერ გავრცელებული ფოტოები
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში – „თბილისის აეროპორტსა“ და „ბათუმის აეროპორტში“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ირანის, ყირგიზეთისა და ისრაელის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე, კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა, ჯამში, 301 430 აშშ დოლარი გამოავლინეს.
„არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, ჯამში 835 467,877 ლარი შეადგინა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევი მოქალაქეები, სანქციის სახით (თანხის 10%- ის ოდენობა), 83 546,78 ლარით დაჯარიმდნენ.“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.
უნგრეთის ხელისუფლებამ ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნად დაგეგმილი გრანდიოზული ფეიერვერკი გადადო სინოპტიკოსების მიერ პროგნოზირებული ჭექა-ქუხილისა და კოკისპირული წვიმის გამო. ამინდის პროგნოზი არ გამართლდა და მეტეოროლოგიური სამსახურის უფროსი მოადგილესთან ერთად სამსახურიდან დაითხოვეს. ამის შესახებ „ბიბისი“წერს.
ეროვნული დღესასწაული შაბათს, 20 აგვისტოს, უნდა გამართულიყო. ორგანიზატორებს 40 000 ფეიერვერკი ჰქონდათ ნაყიდი. ფეიერვერკები ბუდაპეშტში, მდინარე დუნაის ხუთკილომეტრიან სანაპიროზე იყო დამონტაჟებული 240 ადგილას. შოუს 2 მილიონი ადამიანი ელოდა.
მეტეოროლოგებმა ძლიერი წვიმა ჭექა-ქუხილით ღონისძიებამდე 7 საათით ადრე ივარაუდეს, შესაბამისად უნგრეთის ხელისუფლებამ ღონისძიება გადადო.
შვიდი საათის შემდეგ ბუდაპეშტში წვიმის წვეთიც არ ჩამოვარდნილა. საწვიმარმა ღრუბელმა მიმართულება შეიცვალა და დედაქალაქის ნაცვლად აღმოსავლეთ უნგრეთში გაწვიმდა.
მეტეოროლოგიურმა სამსახურმა არასწორი პროგნოზის მიზეზით დღესასწაულის ჩაშლის გამო ბოდიში მოიხადა, თუმცა სამსახურის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე პოსტიდან გათავისუფლებისგან სინანულმა ვერ იხსნა.
„ბიბისი“ წერს, რომ უნგრელების რეაქცია სხვადასხვაგვარი იყო – ზოგიერთმა დაგმო მთავრობის გადაწყვეტილება მეტეოროლოგების გათავისუფლების შესახებ, ზოგიერთი კი საერთოდაც ეწინააღმდეგება ფეიერვერკებს უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე.
მოსახლეობის ერთი ნაწილი აღშფოთდა სინოპტიკოსების არაკომპეტენტურობით. ისინი ელოდებიან, რომ მომავალ შაბათს უნგრეთის დედაქალაქში ფეიერვერკების შოუ გაიმართება.
შუახევის სამ სოფელში ღამით გადაადგილება ახლა გაცილებით მოსახერხებელია, რადგან გზები ჩაბნელებული არ არის, აქ გარე განათება დაამონტაჟეს. ეს მცირე, თუმცა მნიშვნელოვანი მაგალითია იმისა, თუ რა ეფექტური შეიძლება აღმოჩნდეს კერძო კომპანიის, არასამთავრობო სექტორის, მოსახლეობისა და მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლობა.
„ჩართულობა და სასოფლო თემის მდგრადი განვითარება“ – ასე ეწოდება პროექტს, რომელსაც ფონდი „მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი“ 2020 წლიდან Bread for the World-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მიზანია თემის სტაბილური განვითარებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა, მოქალაქეთა მონაწილეობით, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის 27 სოფელში.
პროექტის საშუალებით სოფლებში ვლინდება კონკრეტული პრობლემები და მოსახლეობის მონაწილეობით ინფრასტრუქტურული საქმიანობა ხორციელდება.
სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, მოსახლეობის საერთო გადაწყვეტილებით, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ტაკიძეებში, ნიგაზეულსა და ფურტიოში გარე განათების მოწყობა დაიგეგმა.
მაღალმთიან სოფლებში განსაკუთრებით ჭირს ღამით გადაადგილება. სოფლის შიდა გზები ტყის სიახლოვესაა, საფეხმავლო ბილიკები კი ხშირად ტყეშიც გადის.
პროექტის ფარგლებში გამოყოფილი თანხით თითოეული სოფლისთვის გარე განათების 7 ბოძის მონტაჟი იგეგმებოდა, თუმცა კომპანია „აჭარის წყალი ჯორჯიამ“ გამოყო დამატებითი ფინანსური რესურსი, რომლის საშუალებითაც თითოეულ სოფელში შვიდის ნაცვლად გარე განათების 12 ბოძის დამონტაჟება გახდა შესაძლებელი.
სოფლების მოსახლეობა თავად იყო ჩართული გარე განათების ბოძების მოსაწყობ სამუშაოებში
კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ კორპორაციული და სოციალური პასუხისმგებლობის გუნდის ხელმძღვანელი ნინო დიასამიძე ამბობს, რომ „აჭარისწყალი ჯორჯია“ მრავალი წელია თანამშრომლობს არასამთავრობო სექტორთან და მათთან ერთად ახორციელებს პროექტებს, რომლებიც „შუახევი ჰესის“ არეალში მცხოვრები ადამიანების ცხოვრების ხარისხის დონის ამაღლებას და რეგიონის გრძელვადიან ეკონომიკურ განვითარებას ისახავს მიზნად:
„ფონდ „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის,“ ჩვენი კომპანიისა და ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერით დაიგეგმა და განხორციელდა გარე განათების მოწყობის პროექტი სამი სოფლისთვის: ნიგაზეულისთვის, ფურტიოსა და ტაკიძეებისთვის.
კომპანია აჭარისწყალი ჯორჯია, როგორც მშენებლობის, ასევე შუახევი ჰესის ოპერირების ეტაპზეც მუდმივად გააგრძელებს ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერას,“ – ამბობს ნინო დიასამიძე.
„აჭარისწყალი ჯორჯია“ პირველსავე მიმართვაზე გამოეხმაურა მოსახლეობას, ორგანიზაციას და გამოყო ფინანსური რესურსი.
ასლან ჭანიძე „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის“ პროექტის რეგიონული კოორდინატორია. როგორც ის ამბობს, სოფლებში სპეციალურად შექმნილმა საინიციატივო ჯგუფებმა ჯერ სოფლის პრობლემები გამოიკვლიეს და შემდეგ მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხები გამოყვეს:
„ზოგს წყალი სჭირდება სოფელში, ზოგს – განათება და ზოგს – რაღაც შენობის რეაბილიტაცია. ვიმსჯელეთ, რისთვის იქნებოდა საკმარისი ჩვენ მიერ გამოყოფილი თანხა და გარე განათების მოწყობა გადაწყდა.
შევიძინეთ ამისთვის საჭირო მასალები: ბოძები, ელექტრომოწყობილობები, საწვავი თუ ცემენტი – ყველაფერი, რაც ელექტრობოძების მოწყობას სჭირდება. ჩვენ ხელფასს არ ვიხდით, ვაფინანსებთ მასალების შეძენას. ყველა სოფელშია ელექტრიკოსი და შემდუღებელი. ფიზიკური სამუშაოები სოფლის მოსახლეობამ თავად შეასრულა. ჩვენ მიერ გამოყოფილ თანხას „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ საკუთარი რესურსი დაამატა და შედეგად განათდა 3 სოფელი,“ – ამბობს ასლან ჭანიძე.
მისივე თქმით, შუახევში პროცესში ჩაერთო მერიაც, მოსახლეობაც, ბიზნესსექტორიც და არასამთავრობო ორგანიზაციაც.
სოფლების განათების ქსელში ჩართვას შუახევის მერია უზრუნველყოფს.
ბათუმის ბულვარის გენგეგმაში ცვლილების შეტანა და დოკუმენტისთვის სახელის შეცვლა გაუგებარი აღმოჩნდა იმ კომპანიის წარმომადგენლებისთვის, რომელმაც გენგეგმა მოამზადეს.
ბულვარის გენგეგმის ავტორის, კომპანია „ბაუ დიზაინის“ დირექტორი, მიხეილ ბალიაშვილი ამბობს, რომ ცდილობს გაერკვეს, როგორ შეიტანა ცვლილება ჯერ მერიამ, შემდეგ კი საკრებულომ დოკუმენტში ავტორთან შეთანხმების გარეშე.
საკრებულოს სხდომაზე დოკუმენტის წარსადგენად კომპანიის წარმომადგენლები თბილისიდან უნდა ჩამოსულიყვნენ, თუმცა ცვლილებებით გამოწვეული გაურკვევლობის გამო ისინი მისი დამტკიცების პროცესს არ დაესწრნენ.
„ბოლომდე არ გვაქვს ინფორმაცია, რა მოხდა. ვიცით, რომ ბულვარის განაშენიანების გეგმის ნაცვლად შეითანხმეს ბულვარის დაცვისა და განაშენიანების პროექტი, განაშენიანების გეგმა ფრჩხილებში ჩაწერეს. კანონმდებლობა ასეთი სახელწოდებით დოკუმენტს არ იცნობს, შესაბამისად, რას ემსახურებოდა ეს, ან რა სტატუსით შეითანხმეს გენგეგმა, გაუგებარია ჩემთვის. დაკვეთა იყო განაშენიანების გეგმის მომზადება, დოკუმენტის ყველა გვერდზე მითითებულია განაშენიანების გეგმა,“- ამბობს მიხეილ ბალიაშვილი.
ბულვარის გენგეგმა ბათუმის საკრებულომ 22 აგვისტოს ხმაურისა და პროტესტის ფონზე დაამტკიცა. დამტკიცებამდე დოკუმენტს სახელი შეუცვალეს. ასევე, ამოიღეს ჩანაწერი იმის შესახებ, რომ „ამბასადორი ბათუმის“ 21-სართულიანი შენობა ბულვარისთვის შეუსაბამო ნაგებობაა.
შპს „ბაუ დიზაინის“ დირექტორი გვიხსნის, რომ დოკუმენტში ცვლილება საპროექტო დოკუმენტაციის ცვლილებასაც გულისხმობს:
„ამბასადორი არაერთ გვერდზეა ნახსენები, როგორც ტექსტურ, ისე გრაფიკულ ნაწილში, ასევე – პარამეტრები, რითაც უნდა მოხდეს იმ ტერიტორიის განვითარება. ჩამოთვლილია კრიტერიუმებიც, რითაც მიჩნეული იქნა, რომ შენობა შეუსაბამოა. ვერ ვხვდებით, რას ნიშნავს ჩანაწერის ამოღება, პროექტს ხომ ჩვენ გარდა, ავტორების გარდა, ვერ გადააკეთებს ვერავინ“.
ჩანაწერი „ამბასადორის“ შენობის შეუსაბამობის შესახებ ბათუმის მერიამ, შემდეგ კი საკრებულომ, ბულვარის გენგეგმიდან კომპანიის მოთხოვნით ამოიღო.
„ამბასადორის“ შენობის შესახებ ჩანაწერის ამოღებას დოკუმენტის ჩაბარებამდეც ითხოვდნენ, თუმცა ბულვარის გენგეგმის ავტორი კომპანია „ბაუ დიზაინი“ ამას არ დაეთანხმა.
„საბოლოოდ ამბასადორის საკითხი მიღებულ იქნა დამკვეთის მიერ, რადგან ჩვენ დოკუმენტი ჩავაბარეთ იმ კომისიაში, რომელმაც საბოლოოდ მიღება-ჩაბარების აქტი გააფორმა და ჰქონდათ შენიშვნები მისი განხილვის დროს.
კომისიაში შედიოდნენ როგორც საკრებულოს, ასევე მერიის წარმომადგენლები, აჭარის მთავრობის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის წარმომადგენლები. მათთვის ცნობილი იყო რა დოკუმენტს ვამზადებდით და რა ჩაიწერა იქ. დოკუმენტის მიღების შემდეგ ცვლილება – ასეთი პრაქტიკა არასდროს ყოფილა. დღემდე ეს დოკუმენტი მოვიდა რამდენიმე საჯარო განხილვის შედეგად, ასევე არასამთავრობოებს ჰქონდათ შესწავლილი და კომენტარები მოცემული. როგორ შეიძლებოდა ვინმეს თხოვნით დოკუმენტი შეგვეცვალა, როცა მთელი პროცესი იყო გავლილი,“ – ამბობს მიხეილ ბალიაშვილი.
„ამბასადორთან“ დაკავშირებული ჩანაწერის დოკუმენტიდან ამოღების გადაწყვეტილების მიზეზად საკრებულოში „ოცნების“ უმრავლესობამ სასამართლო დავადაასახელა – „რადგან მიმდინარეობს სასამართლო დავა, რომ არ იყოს რაიმე გაუგებრობები“.
„ბაუ დიზაინის“ დირექტორის განმარტებით, სასამართლო დავა, შენობის, როგორც ბულვარისთვის შეუსაბამო ნაგებობად შეფასებასთან კავშირში არ არის და სასამართლო დავა რომც არ მიმდინარეობდეს, მას მაინც იგივე შეფასება ექნებოდა.
ბათუმის ბულვარის გენგეგმა ბულვარის ადმინისტრაციის დაკვეთით მოამზადეს და ამაში ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯა. დოკუმენტი ბულვარის ადმინისტრაციამ ჩაიბარა, ჩატარდა საჯარო განხილვები, რამდენიმე საკითხი კონსულტაციების შემდეგ დააზუსტეს, საბოლოოდ კი ის საკრებულოს დასამტკიცებლად გადაუგზავნეს.
სწორედ საკრებულომ მიიღო წერილი „ამბასადორისგან“ მოთხოვნით – შენობასთან დაკავშირებული ჩანაწერი დოკუმენტიდან ამოეღოთ. საკრებულო ასეც მოიქცა.
ბათუმის ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მერიასთან დადებული უზუფრუქტის ხელშეკრულების საფუძველზე მართავს. ბულვარი, როგორც ქონება, მერიას ეკუთვნის, ამიტომაც გენგეგმის საბოლოო ვარიანტი ბათუმის საკრებულომ დაამტკიცა.
_____________
ფოტოზე: „ამბასადორის“ მშენებარე სასტუმრო ბათუმის ბულვარში. სწორედ ეს შენობა მიიჩნია ბულვარისთვის შეუსაბამოდ გენგეგმის ავტორმა კომპანიამ.
ბათუმი 2023 წელს, დიდი ალბათობით, ახალი ნაძვის ხით შეხვდება.
ქალაქის მერიის ინფორმაციით, საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო უახლოეს პერიოდში ქალაქის მთავარი ნაძვის ხის შესყიდვაზე ტენდერს გამოაცხადებს. მანამდე კი, ნაძვის ხის 4 ესკიზიდან ერთის შესარჩევად მერია გამოკითხვას ატარებს.
რამდენი ლარია გათვალისწინებული ნაძვის ხის შესაძენად, ამ ეტაპზე მერიაში არ აკონკრეტებენ. იმ საახალწლო ნაძვის ხეში კი, რომელიც ქალაქს აქვს, 256 ათას 730 ლარია თავის დროზე გადახდილი.
„საახალწლო ღონისძიებების ფასი ბიუჯეტში განსაზღვრულია და აღნიშნული ინფორმაცია საჯაროა. რაც შეეხება კონკრეტულად ნაძვის ხის ღირებულებას, ოთხივე ნაძვის ხე სხვადასხვა ღირებულებისაა. ნაძვის ხის ესკიზის შერჩევის შემდგომ მოხდება შესაბამისი სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და ფასის განსაზღვრა,“ – მოგვწერეს მერიის სამმართველოდან.
ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტში, ზოგადად ქალაქის გაფორმების ღონისძიებებისთვის, ჯამში 3 132 300 ლარია გათვალისწინებული. ბიუჯეტის კანონში განმარტებულია, რომ „საშობაო-საახალწლო დღესასწაულისთვის ქალაქის გაფორმება [2022 წლის დეკემბერი – 2023 წლის მარტი], მრავალწლიანი პროექტია და სამუშაოების საერთო ბიუჯეტი შეადგენს 2 961 420 ლარს“. ახალ მთავარ ნაძვის ხესაც სწორედ ამ თანხიდან შეიძენენ.
ბათუმის მერია აცხადებს, რომ „საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ბათუმელებს საშუალება ექნებათ, ნაძვის ხე თავად შეარჩიონ“ და ამ მიზნით გამოკითხვას ატარებს. წარმოდგენილი ოთხი ესკიზიდან იმ ვარიანტს შეარჩევენ, რომელიც მეტ ხმას დააგროვებს.
ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ „წინასაპროექტო მოკვლევაში ჩართული იყვნენ ადგილობრივი და უცხოური კომპანიები, რომელთაგან საბოლოოდ წარმოდგენილია ეს 4 ესკიზი.“
გამოკითხვა 25 აგვისტოს დასრულდება.
რას უპირებენარსებულ ნაძვის ხეს? – ქალაქის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამას ახალი ნაძვის ხის შეძენის შემდეგ გადაწყვეტენ. ამ ნაძვის ხეში ქალაქის ბიუჯეტიდან 2016 წელს 256 730 ლარი გადაიხადეს.
განახლება:მერიის ინფორმაციით ყველაზე მეტი ხმა მე-3 ესკიზმა დააგროვა.
„აზოვსტალის“ დამცველები, რომლებიც რუსეთის ტყვეობიდან დაბრუნდნენ, წამების, დამცირებისა და ზეწოლის შესახებ ჰყვებიან. სამმა მათგანმა დონეცკში გატარებული თვეების შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„აზოვის“ მებრძოლი დენის ჩეპურკო (მეტსახელად „მანგო“), რომელმაც მარიუპოლის ბრძოლებში ხელი დაკარგა, იხსენებს, რომ ის ტყვედ ჩავარდნის შემდეგ ოლენოვკაში გადაიყვანეს.
„მოწმე ვარ, როგორ სცემდნენ ბიჭებს. გამოგვყრიდნენ ხოლმე ე.წ. ჩხრეკის გამო და გვაშიშვლებდნენ… გვაიძულებდნენ მოვკუნტულიყავით და თავი დაგვეხარა. ვინც თავს წამოსწევდა, მაშინვე ურტყამდნენ“, – ამბობს „მანგო“ და დასძენს, რომ დაკითხვების დროს მას ჯოხებით სცემდნენ და საკუთარი მეთაურების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას სთხოვდნენ:
„უნდოდათ, ჩვენება მიგვეცა, რომ ქალაქი დავბომბეთ.“
დენის ჩეპურკო, „მანგო“
როგორც „მანგო“ იხსენებს, ათი ტყვე 2 კვადრატულ საკანში ჰყავდათ და ორ დღეში ერთხელ 600 გრამ წყალს აძლევდნენ, „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლების ჰუმანიტარულ დახმარებას კი კოლონიაში არ უშვებდნენ.
დმიტრო უსიჩენკო (მეტსახელად „ვიშნია“), რომელიც სამხედრო დაზვერვის მოსამსახურეა, ჰყვება, რომ მას „საგამოძიებო მოქმედებების“ დროს დახვრეტითა და ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ, – „არ ვიცი, რა უნდოდათ, სავარაუდოდ, უნდოდათ გვეღიარებინა, რომ მშვიდობიან მოქალაქეებს ვკლავდით, თუმცა ჩვენ მსგავსი რამ არ გვიღიარებია“.
დმიტრო უსიჩენკო, „ვიშნია“
„აზოვის“ კიდევ ერთმა მებრძოლმა ვლადისლავ ჟავორონოკმა (საბრძოლო მეტსახელით „ვიკიპედია“), რომელიც მძიმედ იყო დაჭრილი, თვე-ნახევარი დონეცკში კლინიკაში გაატარა.
„ვიკიპედია“ ამბობს, რომ „რუსები ზეწოლის აბსოლუტურად ყველა მეთოდს მიმართავენ“.
„კონკრეტულად ჩემ შემთხვევაში, რაც შეეხება მკურნალობას… რუსეთს სჭირდებოდა ასეთი ფაქტი, რომ ჩვენ როგორღაც მოგვარჩინეს. თუმცა ფაქტობრივად, ეს მკურნალობა არ ყოფილა, ეს იყო სიცოცხლის შენარჩუნება, რომ უბრალოდ მიგვეღწია იმ მომენტამდე, როდესაც გაგვცვლიდნენ,“ – ამბობს ჟავორონოკი.
მისი თქმით, დაჭრილებზე ძლიერი ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობდა, არ აძლევდნენ საშუალებას ოჯახის წევრებს დაჰკავშირებოდნენ, საერთოდ რაიმე კონტაქტი ჰქონოდათ გარესამყაროსთან და მუდმივად არწმუნებდნენ, რომ „ისინი არავის სჭირდება“ და უკრაინა ომს აგებს.
„ეს საერთაშორისო კონვენციის დარღვევაა… წარმოიდგინეთ, რომ მძიმედ დაჭრილი ადამიანი საავადმყოფოშია და პირველივე დღიდან იწყება ეს მორალური ზეწოლა, იწყება დაკითხვები,“ – ჟავორონოკი იხსენებს, რომ მისი დაკითხვა ჯერ კიდევ მანამდე დაიწყეს, ვიდრე კიდურების ამპუტაციის შემდეგ ანტიბიოტიკების მიღებას დაიწყებდა.
ვლადისლავ ჟავორონოკი, „ვიკიპედია“
„ბიჭებს, ვინც იქ იმყოფებოდნენ, აწამებდნენ… ვიღაცას ჭრილობაში ნემსებს არჭობდნენ, ვიღაცას წყლით აწამებდნენ…“ – „ვიკიპედია“ ჰყვება, რომ ზოგიერთი დაჭრილი აუცილებელ სამედიცინო დახმარებასაც ვერ იღებდა, რადგან ან მედიკამენტები არ იყო საკმარისი, ან ექიმებს საკმარისი ცოდნა არ ჰქონდათ.
„რუსეთს სჭირდებოდა ფაქტი, რომ დაჭრილებს მკურნალობენ, რომ მათი გამოჯანმრთელება შეუძლიათ. მაშინაც კი, როდესაც რომელიმე დაჭრილის დახმარებას ვერ ახერხებდნენ, დახმარებისთვის არავისთვის მიუმართავთ. არ ამხელდნენ, რომ მედიკამენტები არ ჰქონდათ. ამიტომაც მინიმალურ დახმარებას ვიღებდი, მედიკამენტების ძალიან მცირე რაოდენობას და ზოგჯერ ამასაც ვერა.“
კითხვაზე, წამება ხდებოდა დაკითხვებისას თუ მკურნალობის დროს, „ვიკიპედია“ პასუხობს, რომ მკურნალობის დროს.
„ზოგიერთი მძიმედ დაჭრილი არა კლინიკაში, არამედ ოლენოვკაში იყო – სამხედრო ტყვეების ბანაკში. მე მხოლოდ შემიძლია ვივარაუდო, როგორი იქნება მათი წამება, ვისაც საკმარისად ჯანმრთელად მიიჩნევდნენ,“ – ამბობს ჟავორონოკი.
______________________
„აზოვსტალის“ მცველები 82-დღიანი წინააღმდეგობის შემდეგ 16-17 მაისს ტყვედ ჩაბარდნენ. პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, რუსეთის ტყვეობაში 2 500-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო იმყოფებოდა.
29 ივნისს რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეთა პირველი მასშტაბური გაცვლა შედგა – უკრაინაში დაბრუნდა 144 სამხედრო, მათ შორის 95 – „აზოვსტალის“ დამცველი.
გაცვლიდან ზუსტად ერთი თვის შემდეგ, 29 ივლისს, ოლენოვკაში მომხდარი აფეთქებისა და ხანძრის შედეგად, 50-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა. მომხდარს უკრაინამ რუსეთის მიერ დაგეგმილი ტერაქტი უწოდა, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, თავდასხმა „ვაგნერმა“ მოაწყო.
6 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ რუსებმა მარიუპოლის ფილარმონიის სცენაზე რკინის გალიების დამონტაჟება დაიწყეს. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა ცნობით, 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, საოკუპაციო ძალები „აზოვტალის“ დამცველთა საჩვენებელ სასამართლოს გეგმავენ.
__________________
მთავარ ფოტოზე: პრესკონფერენცია/კადრი ვიდეომასალიდან
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 125-ე კმ-ზე, ხულო-ზარზმის მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია.
„შეგახსენებთ, რომ ხულო-ზარზმის მე-2 ლოტის მშენებლობის ფარგლებში, მიწა-კლდის მასის ჩამოსვლის და გზის სავალი ნაწილის დაზიანების საშიშროების გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა,“ – წერს დეპარტამენტი.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსები დაზიანებული ანტონოვსკის ხიდის სიახლოვეს მცურავი ხიდის მოწყობას აპირებენ. შაბათ-კვირის განმავლობაში მათ მდინარე დნეპრზე ბარჟების პოზიციებზე გადაადგილება დაიწყეს.
უწყება ხაზს უსვამს, რომ გადასასვლელი რუსეთისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რადგან ის ოკუპირებულ ხერსონს აღმოსავლეთთან აკავშირებს.
„რამდენიმე კვირის განმავლობაში, რუსეთის არმიაც და ადგილობრივი მოქალაქეებიც, მდინარეზე მოწყობილ ბორანზე იყვნენ დამოკიდებულნი.
თუკი რუსეთი ამ დროებითი ხიდის დასრულებას შეძლებს, დიდი ალბათობით, გადაზიდვების მოცულობაც გაიზრდება, თუმცა მცურავი ხიდი უკრაინელთა თავდასხმებისგან მაინც დაუცველი იქნება“, – წერს დაზვერვა 23 აგვისტოს რელიზში.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გუშინ, 22 აგვისტოს, კიდევ ერთხელ დაარტყესანტონოვსკის ხიდს, მას შემდეგ, რაც რუსებმა მისი შეკეთება სცადეს.
„ანტონოვსკის ხიდი ერთ-ერთი სატრანსპორტო მიმართულებაა, რომლის რემონტსაც რუსეთი ცდილობს, თუმცა ასეთ კონსტრუქციას უბრალოდ ბეტონის დასხმა არ შველის, მას ძირეული რემონტი სჭირდება. ამიტომაც ჩვენ ვაკონტროლებთ და პერიოდულად, დისტანციურად ვახსენებთ მათ ჩვენს არსებობს,“- განაცხადა ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ პრესსპიკერმა ნატალია გუმენიუკმა.
კრემლის სახელმწიფო მედიის ცნობით, უკრაინელებმა ხიდს „ჰაიმარსის“ რაკეტებით ზუსტად იმ ადგილას დაარტყეს, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.
ანტონოვსკის ხიდი დნეპრზე სამი გადასასვლელიდან ერთ-ერთია, რომელსაც რუსეთის არმია აკონტროლებს და რომელიც ოკუპირებულ ხერსონს ოლქის დანარჩენ ნაწილთან აკავშირებს.
ამ ხიდის საშუალებით გადაჰქონდა რუსეთს შეიარაღება, საბრძოლო მასალები, გადაჰყავდა პირადი შემადგენლობა და ამარაგებდა ხერსონში მყოფ თავის დანაყოფებს.
ანტონოვსკის ხიდი 19 ივლისის შემდეგ უკრაინელთა სამიზნეა, მათ ხიდს რამდენჯერმე დაარტყეს და დააზიანეს ისე, რომ ის სამხედრო გადაზიდვებისთვის უსარგებლო გახდა.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა მანამდეც წერდა, რომ ორი ძირითადი საავტომობილო ხიდი, რომლებიც დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონს უკავშირდება, სავარაუდოდ, გამოუსადეგარია და სამხედრო მარაგების გადასატანად ვეღარ გამოიყენება.
უწყების ცნობით, 10 აგვისტოს უკრაინელთა ზუსტმა დარტყმებმა შეუძლებელი გახადა მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილება ნოვა კახოვკის ხიდზეც. საავტომობილოს გარდა, დაზიანებულია ხერსონთან მდებარე ძირითადი სარკინიგზო ხიდიც.
ექსპერტების შეფასებით, რუსეთის არმია სერიოზული ლოგისტიკური პრობლემების წინაშე დგას და ეს პრობლემები უახლოეს კვირებში კიდევ უფრო გაღრმავდება.
გასული ერთი კვირის განმავლობაში, 14 აგვისტოდან 21 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში კორონავირუსის 12 338 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ამ პერიოდში ჩატარდა 74 171 კვლევა ტესტით.
გასულ ერთ კვირაში საქართველოში კოვიდით გარდაიცვალა 6 პაციენტი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ერთ კვირაში კოვიდის ყველაზე მეტი – 4 966 ახალი შემთხვევა თბილისში დადასტურდა, მეორე ადგილზეა იმერეთი – 2 039 ახალი შემთხვევა, მესამეზე კი აჭარა – 1 175 ახალი შემთხვევა.
დღეს, 23 აგვისტოს, უკრაინაში დროშის დღეს აღნიშნავენ.
ომში მყოფ ქვეყანას ეს დღე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიულოცა.
„ორი ფერის კომბინაცია, რომელიც ჩვენ ძალიან გვიყვარს, ვუფრთხილდებით და არასდროს გავცვლით სხვაზე. არასდროს არ ვცნობთ სხვის ფერებს ჩვენს მიწასა და ცაზე. ყოველთვის მზად ვართ დავიცვათ ჩვენი ლურჯ-ყვითელი დროშა,“ – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის დროშაზე ყვითელი ფერი ხორბლის ყანებს აღნიშნავს, რომლითაც ცნობილია ეს ქვეყანა, ხოლო ლურჯი – უღრუბლო ცას ყანების თავზე.
მას შემდეგ, რაც 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები თავს დაესხა უკრაინას, ქვეყნის ლურჯ-ყვითელი დროშა ერთ-ერთი ყველაზე კარგად ცნობილი დროშაა მთელს მსოფლიოში. სოლიდარობის ნიშნად გამოფენილ უკრაინის დროშას მსოფლიოს მრავალ ქალაქში შეხვდებით.
უკრაინის დროშები ქალაქ ჩერნიგოვის სასაფლაოზე. ჩერნიგოვი ერთი თვის განმავლობაში იბომბებოდა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ. ქალაქი პირველ აპრილს გაათავისუფლეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა. ფოტო: EPA-EFE/STR
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 აგვისტოს 21 საათიდან 24 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:
დღისით: 30 – 35 გრადუსი
ღამით: 20 – 25 გრადუსი
მაღალ მთაში:
დღისით: 25 – 30 გრადუსი
ღამით: 13 – 18 გრადუსი
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 25-26 აგვისტოს, აჭარაში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 23 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 45 550 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +150]
ტანკი – 1 921 ერთეული [+2]
ჯავშანტექნიკა – 4 238 ერთეული [+8]
საარტილერიო სისტემა – 1033 ერთეული [+1]
MLRS – 266 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 146 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 234 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 198 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 817 ერთეული [+2]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 196 ერთეული [+2]
გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 3 150 ერთეული [+1]
სპეცტექნიკა – 99 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 23 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
268 თვითმფრინავი
148 ვერტმფრენი
1 796 უპილოტო საფრენი აპარატი
369 საზენიტო სარაკეტო სისტემა
4 377 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
818 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
3 335 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
5 024 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად და ზოგადადაც, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
თითქმის 9 000 უკრაინელი გმირი დაიღუპა რუსეთთან ომში – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ ქვეყნის დამცველებისადმი მიძღვნილ ფორუმზე, 22 აგვისტოს. აპრილის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინამ რუსეთთან ომში ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა:
სსრ კავშირში უცოლო, უქმრო, მარტოხელა და უშვილო მოქალაქეები იბეგრებოდნენ. ბრძანებასაც ასე ერქვა: „უცოლო, უქმრო, მარტოხელა და მცირეოჯახიან მოქალაქეთა გადასახადის შესახებ“.
ეს ბრძანება სსრკ-ში 1941 წლის ნოემბრიდან 1992 წლის იანვრამდე მოქმედებდა. გადასახადის გადამხდელები იყვნენ სსრკ-ს მოქალაქეები, 20-დან 50 წლამდე უშვილო კაცები და ქორწინებაში მყოფი 20-დან 45 წლამდე ქალები. გადასახადის ოდენობა დაბეგრილთა ხელფასისა და სამუშაო ადგილის მიხედვით განისაზღვრებოდა.
მოქალაქეები, რომლებსაც 91 მანეთზე მაღალი ხელფასი ჰქონდათ, ხელფასის 6%-ს იხდიდნენ, 71-დან 91 მანეთამდე ხელფასის შემთხვევაში გადასახადი მცირდებოდა. გადასახადისგან თავისუფლდებოდა ის, ვისაც 70 მანეთზე ნაკლები ხელფასი ჰქონდა.
როცა დაბეგრილ მოქალაქეთა ხელფასი იზრდებოდა, იმატებდა გადასახადიც.
გადასახადებისგან თავისუფლდებოდნენ საბჭოთა კავშირის გმირები, დიდების მესამე ხარისხის ორდენით დაჯილდოებულები, სამხედრო მოსამსახურეები და მათი მეუღლეები, მოქალაქეები, რომელთა შვილებიც დაიღუპნენ ან უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ „დიდ სამამულო ომში“. გადასახადს არ იხდიდნენ არც პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების 25 წლამდე სტუდენტები, 1-ლი და მე-2 ჯგუფის შშმ პირები.
წყვილს უშვილობის გადასახადი ეკისრებოდა ქორწინების რეგისტრაციიდან ერთი წლის შემდეგ.
ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა, ქეთი გურჩიანმა რამდენიმე დღის წინ ბებიის დის სკივრში ძველი, წლობით ნაგროვები და ერთად აკინძული ქვითრები იპოვა – უშვილობის გადასახადები. ჟენია ყიფიანი და მისი მეუღლე ამ გადასახადს 1941 წლიდან დიდხანს იხდიდნენ.
ქეთი გურჩიანი:
ჟენია ყიფიანი ბებიაჩემის და იყო. ბებოს ვეძახდით. ბებო იყო ჩვენთვის. იმერეთში ცხოვრობდა. თავადები იყვნენ და უამრავი ძველი ნივთი ჰქონდათ შენახული, ძალიან უფრთხილდებოდნენ.
სოფლის სახლიც, ხეებიც ძველია იმერეთის იმ სოფელში და ეს სკივრიც ამ სიძველის ნაწილი იყო.
მთელი ბავშვობა გვიყვებოდა ბებო რევოლუციამდელ ამბებსა და სიძველეებზე. საბჭოთა პერიოდის გადასახადებიც ჰქონდა შენახული, მაგრამ ამ ქვითრებს არასდროს ვათვალიერებდით. წელს დავათვალიერე. ბებოს შვილი არ ჰყავდა, ამას ძალიან განიცდიდა.
უშვილობის გადასახადები ერთად აკინძული ვიპოვე სკივრში. მისი მეუღლე მიდიოდა ხოლმე და ყოველ სამ თვეში ერთხელ იხდიდა 37 მანეთს. 60-იანი წლებიდან უკვე ბებო იხდიდა თავისი სახელით ამ გადასახადს.
მცირეოჯახიან მოქალაქეთა გადასახადის ქვითარი
ბებიას მეორე დაც ჰყავდა – ნუცა ამაღლობელი, მისი მეუღლე 37 წელში დახვრიტეს. არც ამ ბებოს ჰყავდა შვილი, მაგრამ უშვილობის გადასახადს არ იხდიდა, ალბათ რახან მარტოხელა იყო.
დიდი ფსიქოლოგიური წნეხი იყო ბებოსთვის უშვილობა. თან ეს გადასახადები… რუდუნებით ჰქონდა აკინძული. ბევრი რამ გვაქვს შენახული. მათ შორის მისი ერთი ფოტო, რომელსაც ასეთი წარწერა აქვს: „შეინახე სანამ გიყვარდე“. ძალიან ვუფრთხილდებით ამ ყველაფერს.
მეც მახსოვს, როგორ მოდიოდნენ დასაბეგრად და უნდა ჩაგეწერა, რომ მხოლოდ ორი ცხვარი გყავს, რომ არ დაბეგრილიყავი. ძალიან საინტერესოდ მახსოვს ბებიის მონათხრობი, როგორ გადარჩა მისი დიდი ეზო კოლმეურნეობის მიწად ქცევას.
დიდი ძელქვები ედგათ ეზოში. იქ ერთი ძელქვა საბჭოთა კავშირის დაცული ხეების ნუსხაში იყო შეტანილი. ამ ხის ირგვლივ, ეზოს ნაწილი არასამეურნეო მიწად იყო მიჩნეული. არ შეიძლებოდა ამ ხეების მოჭრა და ეზოსთვის, ძელქვებისთვის ვინმეს უნდა მოევლო. უვლიდა ბებია. სულ ამბობდა: ამ ხემ და ძელქვებმა გადამირჩინეს ეზოო.
ჟენია და ნუცა ბებო დიასახლისები იყვნენ. უვლიდნენ ეზოს, ძელქვებს და სახლ-კარს.
„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარი, ირაკლი ხვადაგიანი გვეუბნება, რომ აბსურდული გადასახადი მრავლად იყო საბჭოთა ეპოქაში, თუმცა, მისივე თქმით, კონკრეტულად როდის და რა გადასახადი რისთვის წესდებოდა, კვლევის საგანია.
„ამ ტიპის ქვითრების და დოკუმენტების არსებობა საინტერესო და მნიშვნელოვანია. საბჭოთა გადასახადები ყვლეფის მექანიზმი იყო. 40, 50-იანი წლების სოფლის მოსახლეობას ახსოვს, რომ ყველაფრის გამო ბეგრავდნენ. გარდა ამისა, კოლმეურნეობაში უნდა ემუშავათ უფასოდ, მერე საკუთარ მიწაზეც უნდა ეშრომათ, რომ საკვები მოეყვანათ. ქათამი ან თუ რამე ჰყავდათ, უნდა ჩაებარებინათ გადასახადის სახით. იბეგრებოდა ყველაფერი, რაც მოძრაობდა.
20-იანი წლების განმავლობაში პროპაგანდის დონეზე იყო აქტიური, უხეში და ტრაფარეტული ქალთა ემანსიპაციის რიტორიკა. მერე ეს მიდგომა შეიცვალა და ისევ პატრიარქალურ საწყისებს უბრუნდება ყველაფერი. 30, 40-იან წლებში რაღაც ჰიბრიდი მივიღეთ და ზედაპირული, პროპაგანდისტული სახე გაჩნდა მოწინავე, კოლმეურნე თუ კოსმონავტი ქალების, პარალელურად კი ქალებს უშვილობის გადასახადების გადახდა უწევდათ“, – ამბობს მკვლევარი.
„აზოვის“ პოლკი აცხადებს, რომ ქალს, რომლის სახელი და გვარიც და სამხედრო ბილეთიც რუსეთის სპეცსამსახურებმა დარია დუგინას მკვლელობის საქმეზე გამოაქვეყნეს, არანაირი კავშირი არ აქვს „აზოვის“ პოლკთან და არც მისი წევრი ყოფილა როდისმე.
„ეს ე.წ. დოკუმენტი, რომლითაც რუსეთის სპეცსამსახურები ცდილობენ დაამტკიცონ „აზოვის“ კავშირი დარია დუგინას ავტომობილის აფეთქებასთან, სინამდვილეში არაფერია, თუ არა „იაროშის მორიგი სავიზიტო ბარათი“. თავად ტერაქტი კი – ეს არის მზადება „აზოველთა“ „ტრიბუნალისთვის“. ამ გზით, რუსეთი ცდილობს დაარწმუნოს საკუთარი საზოგადოება ასეთი სასამართლოს აუცილებლობაში,“ – ნათქვამია პოლკის განცხადებაში.
„აზოვი“ მოუწოდებს ყველას, ვისაც ამის ძალა შესწევს, შეაჩერონ „აზოველების“ წინააღმდეგ დაგეგმილი „ტრიბუნალი“, რომელიც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა ინფორმაციით, მარიუპოლში 24 აგვისტოს უნდა გაიმართოს.
კრემლის ცნობილი იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის შვილი 20 აგვისტოს ღამეს მოსკოვთან ახლოს, მანქანაში ააფეთქეს. რუსული სახელმწიფო მედიის ცნობით, ავტომობილზე დამონტაჟებული მოწყობილობა დისტანციურად აამოქმედეს.
მიუხედავად იმისა, რომ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა პუტინის მოწინააღმდეგე „ნაციონალურმა რესპუბლიკურმა არმიამ“ აიღო, რუსეთის ხელისუფლებამ ტერაქტში უკრაინის სპეცსამსახურები დაადანაშაულა.
რუსეთის ფედერალურმა უსაფრთხოების სამსახურმა (FSB) დღეს, 22 აგვისტოს, განაცხადა, რომ ალექსანდრ დუგინის შვილის, დარია დუგინას მკვლელობის საქმე გახსნა.
დღესვე რუსულ მედიაში გაჩნდა იმ ქალის ფოტოები, რომელმაც თითქოს დარია დუგინა ააფეთქა. ფეესბეს მტკიცებით, ის უკრაინის მოქალაქე, პოლკ „აზოვის“ წევრი, ნატალია ვოვკია (ქალიშვილობაში შაბანი). ფოტოსთან ერთად გამოქვეყნდა ვოვკის სამხედრო მოსამსახურის მოწმობაც.
აფეთქებასთან ყოველგვარი კავშირი უარყო ოფიციალურმა კიევმაც. „გუშინდელ აფეთქებასთან უკრაინას, რა თქმა უნდა, არანაირი კავშირი არ აქვს, რადგან ჩვენ არ ვართ კრიმინალური სახელმწიფო, როგორიცაა რუსეთი და მით უმეტეს, არ ვართ ტერორისტული სახელმწიფო,“ – თქვა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშჩენკომ კი განაცხადა, რომ ვოვკის უკრაინის ნაციონალური გვარდიის წევრობის მოწმობა ყალბია და თავისი სიტყვების დასადასტურებლად გამოაქვეყნა მეორე მსგავსი მოწმობა, რომლის მიხედვითაც რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი უკრაინის ნაციონალური გვარდიის სამხედრო მოსამსახურეა.
იმის საილუსტრაციოდ, რომ უკრაინელი ქალის მოწმობა გაყალბებულია, ანტონ გერაშჩენკომ გამოაქვეყნა უკრაინის ნაციონალური გვარდიის სამხედრო მოსამსახურის მოწმობა რუსი პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის ფოტოთირუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ვოვაკის სამხედრო მოწმობა
დღეს დარია დუგინას მკვლელობაზე პირველი კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რომელმაც მომხდარს უწოდა „საზიზღარი და სასტიკი“ დანაშაული, რომელმაც „ნამდვილი რუსული გულის მქონე“ ადამიანისა და „რუსეთის ნამდვილი პატრიოტის“ სიცოცხლე შეიწირა.
კრემლის საიტზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ სამძიმარში ვლადიმერ პუტინს უკრაინა არ უხსენებია, თუმცა შვილის მკვლელობაში კიევი ღიად დაადანაშაულა თვითონ ალექსანდრე დუგინმა, რომლის თქმითაც, თავდასხმა „ნაცისტურმა უკრაინულმა რეჟიმმა მოაწყო“.
ალექსანდრ დუგინი, კრემლის ერთ-ერთი პროპაგანდისტი და რუსული ულტრამემარჯვენე ტელევიზია ТВ-ს დამფუძნებელია. საჯარო სივრცეში ის პოზიციონირებს, როგორც პოლიტოლოგი და ფილოსოფოსი. ის მიიჩნევა „რუსული სამყაროს“ იდეოლოგად და აქტიურად ეწევა პროპაგანდას რუსეთის საზღვრებში პოსტსაბჭოთა ქვეყნების გაერთიანებაზე.
დარია დუგინა მამის იდეოლოგიასა და ხედვებს იზიარებდა. მასთან ერთად ის გამოდიოდა საჯარო ლექციებზე, ასევე, წერდა პროპაგანდისტული მედია RT-ისა და დუგინის დაფუძნებულ„Царьград“-ისთვის.
სამხედრო ფორმაში ჩაცმულ ახალგაზრდა კაცს სახეზე მწვანე ბალაკლავა უკეთია, მხოლოდ თვალები მოუჩანს. ინტერვიუს დროს ხმაც შეცვლილი აქვს. ტიტრში მარტო მისი საბრძოლო მეტსახელი იწერება – „ფლინტი“.
ის იმ პირველ ვერტმფრენში იჯდა, რომელიც დნეპრიდან გაფრინდა, მტრის კონტროლირებად ტერიტორიაზე დაახლოებით 100 კილომეტრი იფრინა, ოკუპირებულ მარიუპოლში შეაღწია და „აზოვსტალში“ ჩაიტანა „ჯაველინები“, „სტარლინკები“, მედიკამენტები და საკვები, იქიდან კი დაჭრილები წამოიყვანა.
მას შემდეგ, კიდევ არაერთხელ ჩაფრინდნენ უკრაინული ვერტმფრენები მარიუპოლში, რუსეთის ძალებმა რამდენიმე ჩამოაგდეს კიდეც, თუმცა „ფლინტი“ ფიქრობს, რომ პირველი სპეცოპერაცია, რომელიც მარტის ბოლოს შედგა, განსაკუთრებული იყო, რადგან ამ „შეუსრულებელი მისიის“ არავის სჯეროდა.
„ფლინტი“ უკრაინის სამხედრო დაზვერვის ოფიცერი და სპეცდანიშნულების რაზმის წევრია. იხსენებს ალყაშემორტყმული „აზოვსტალიდან“ მებრძოლების პირველ წარმატებულ ევაკუაციას, რომლის მონაწილეც თავად იყო:
„აზოვსტალისთვის“ ბრძოლის მნიშვნელობაზე
როდესაც ამბობენ, რა იყო „აზოვსტალისთვის“ ბრძოლის აზრი, ადამიანებს არ ესმით, რომ სწორედ „აზოვსტალზე“ იყო კონცენტრირებული რუსეთის მთელი მე-8 არმია. მათ სახმელეთო გარღვევის ეშინოდათ, ამიტომაც მარიუპოლის გარშემო ყველა მხრიდან ეკავათ დაცვა.
მთელი მე-8 არმია იქ იყო და ამ არმიას სხვა მიმართულებებზე ვეღარ იყენებდნენ. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია და უნდა გვესმოდეს, რომ ის, რაც „აზოვსტალის“ დამცველებმა გააკეთეს, ეს იყო საოცარი გმირობა.
რატომ გახდა საჭირო სპეცოპერაცია
სიტუაციას, რომელიც „აზოვსტალში“ განვითარდა, თავისი წინაპირობები ჰქონდა. ადამიანებმა, რომლებიც მარიუპოლის დაცვას გეგმავდნენ და „აზოვსტალს“დაცვის ძირითად ბაზად განიხილავდნენ, მხოლოდ არმიის გარნიზონზე გათვალეს.
იქ კი დაემატნენ მოქალაქეებიც, რომლებსაც რუსეთის კონტროლქვეშ ყოფნა ან ტყვედ ჩავარდა არ უნდოდათ, დაემატნენ სხვა სამხედროებიც, ჰყავდათ უამრავი დაჭრილი, ყველანი ერთად შევიდნენ ქარხანაში და ის მარაგები, წყლის, საკვების, წამლების, რაც გათვლილი იყო გარნიზონზე, ბუნებრივია, ძალიან მალე ამოიწურა.
დაჭრილები, რომელთა მდგომარეობაც მსუბუქად ფასდებოდა, ძალიან სწრაფად მძიმდებოდნენ, მძიმეები კი კიდევ უფრო სწრაფად გადადიოდნენ უმძიმეს მდგომარეობაში. ამიტომაც დადგა საჭიროება, „აზოვსტალისთვის“ მიგვეწოდებინა შეიარაღება, მედიკამენტები და საკვები.
„შეუსრულებელი მისია“
ჩემი ინფორმაციით, მანამდე იყო სახმელეთო ოპერაციის მცდელობა, თუმცა წარუმატებელი. სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა გეგმა, ჰაერიდან მოგვემარაგებინა „აზოვსტალი“.
სინამდვილეში, ეს სრულიად შეუძლებელი ჩანდა – დაახლოებით 100 კილომეტრი უნდა გვეფრინა მტრის კონტროლირებად ტერიტორიაზე – ყველასთვის, ჩვენთვისაც და მოწინააღმდეგისთვისაც, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ხშირად სწორედ ის ვარიანტი მუშაობს, რომელიც თავიდან წარმოუდგენლად გამოიყურება, რადგან თუკი ყველას შეუძლებლად მიაჩნია ის, ასე ფიქრობს მოწინააღმდეგეც, ამიტომ ამისთვის მზად არ არის.
ჩვენს პირველ რეისამდე მტრის ავიაცია ძალიან კომფორტულად გრძნობდა თავს. შედიოდნენ პოზიციებზე, თავისუფლად მოქმედებდნენ. მტრის ჯავშანტექნიკასაც სრული უპირატესობა ჰქონდა. ამიტომაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩაგვეტანა შეიარაღება, კომპლექსები, რომლებითაც ჩვენებს საჰაერო სამიზნეებზე, ჯავშანტექნიკაზე დარტყმა შეეძლებოდათ, ჩაგვეტანა „ჯაველინები“ და ასევე „სტარლინკები“, რომ კავშირი შეგვენარჩუნებინა.
ეს მნიშვნელოვანი იყო როგორც სამხედრო, ისე მორალური თვალსაზრისით.
როგორ მოხვდა „ფლინტი“ პირველ ვერტმფრენში
ამ ოპერაციაში მონაწილეობა კირილო ბუდანოვმა, სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა შემომთავაზა. ეგრევე დავთანხმდი და შემოთავაზებიდან 7 საათში უკვე დნეპრში ვიყავით, ბაზაზე.
თუმცა დნეპრიდან გაფრენა გაიწელა, რადგან შევიტყვეთ, რომ ჩვენი მისიის შესახებ ინფორმაციამ გაჟონა.
ორი ბორტით მივფრინავდით. თითოეულზე იყვნენ ეკიპაჟის წევრები და სამი ადამიანი სამხედრო დაზვერვის სპეცდანიშნულების რაზმიდან. გარდა ამისა, იყო საევაკუაციო ვერტმფრენებიც, რომლებსაც თუ ჩვენ უბედურება შეგვემთხვეოდა, ჩვენი გამოყვანა ევალებოდათ. საქმეში ჩართული იყო ტექნიკის მომსახურე პერსონალიც, ჯამში ასე 25-30 ადამიანი. ასე, რომ საიდან გადიოდა ინფორმაცია, ამის მტკიცება არ შეგვიძლია, თუმცა ფაქტია, რომ ჩვენი იქ ჩაფრენის სავარაუდო დროს, „აზოვსტალის“ თავზე ავიაცია გამოჩნდა, გამანადგურებლები, რომლებიც ჰაერში მორიგეობდნენ.
გაფრენა ორჯერ გადაიდო. გვითხრეს, ბაზაზე ყველა შეკრების ადგილას, სასადილოში, მოსაწევ ოთახში, გარკვეული „ლეგენდა“ გაგვევრცელებინა, მაგალითად, სასადილოში, „დაგვერეკა ოჯახთან“ და გვეთქვა, რომ დავალება გაუქმდა და შინ ვბრუნდებოდით, რომ საღამოს გავიდოდით დნეპრიდან და დილით უკვე სახლებში ვიქნებოდით.
მართლაც იმ საღამოს ავიბარგეთ და იქაურობა დავტოვეთ, სხვაგან გადავედით. დილის 4 საათზე კი ყველასთვის მოულოდნელად დნეპრის აეროდრომზე გავედით და გავფრინდით.
100 კილომეტრი მტრულ ზონაში
ჩვენი ბორტი მთლიანად საბრძოლო მასალებით იყო დატვირთული. დასაჯდომი ადგილი არ იყო, ან საბრძოლო მასალების ყუთზე უნდა დავმჯდარიყავი, ან საწვავის დამატებით ავზზე.
ვიფიქრე, თუ საბრძოლო მასალებზე დავჯდებოდი და ვერტმფრენი ჩამოვარდებოდა, და თუ ეგრევე არ დავიხოცებოდით, ამ ყუთების ქვეშ მოვხვდებოდი, სავარაუდოდ, ფეხებსაც მოვიმტვრევდი და ასე ჩავვარდებოდი ტყვედ. გადავწყვიტე, ისევ საწვავის ავზზე დავმჯდარიყავი – სწრაფი სიკვდილი გარანტირებული მექნებოდა.
ძალიან დაბლა დავფრინავდით, პილოტებმა ძალიან იყოჩაღეს. პირველად ვიფრინე ასეთ სიმაღლეზე. ისე უნდა გვეფრინა, რომ რუსების სარაკეტო კომპლექსებს ავცდენილიყავით და მათი ლოკაციური სადგურების ზონაში არ მოვხვედრილიყავით.
„აზოვსტალში“
ჩვენ, ფაქტობრივად, გამცილებლები ვიყავით, მთავარი მფრინავები იყვნენ, საოცარი ხალხი. ჩვენი მისია ასეთი იყო – თუ ჩამოგვაგდებდნენ „აზოვსტალამდე“, პილოტების ევაკუაციაზე უნდა გვეზრუნა, თუ უკანა გზაზე ჩამოგვაგდებდნენ, მაშინ პილოტებისა და დაჭრილებისთვის თავშესაფარი უნდა მოგვეძებნა, რომ საევაკუაციო ვერტმფრენის მოსვლამდე გაგვეძლო.
როდესაც ჩავედით, ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდებოდა. ადგილზე ცის კონტროლი მევალებოდა, რომ თუ მტრის ავიაცია გამოჩნდებოდა, დროულად გვემოქმედა.
ძრავა არც კი გამოგვირთავს. სასწრაფოდ გადავტვირთეთ ყველაფერი და დაჭრილები ავიყვანეთ ბორტზე.
მთავარ გმირებზე – მფრინავებსა და „აზოვსტალის“ მებრძოლებზე
მფრინავებს შემდეგ სხვაგანაც შევხვდი, უკვე სხვა აეროდრომზე და სხვა დავალებაზე. ერთ-ერთმა, მი 24-ის პილოტმა მითხრა, რომ ყველაფრის მიუხედავად, იგივე დავალება რომ ჰქონოდა დღეს, ერთი წამით არ დაფიქრდებოდა, იმავეს გააკეთებდა.
დაჭრილებსაც შევხვდი მერე. ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით, გადავეხვიეთ.
ისინი ჩვენ გვიხდიდნენ მადლობას გადარჩენისთვის და ჩვენ ვპასუხობდით, რომ ჩვენ ვართ მათი მადლობლები მათი ბრძოლისთვის.
წარმოიდგინეთ, ჩემ წინ დგას ადამიანი, ერთი ფეხი არ აქვს, მზის სათვალე უკეთია, „რეიბანები“ და ხუმრობით გვიყვება, როგორ ეუბნება მისი საყვარელი გოგო, რომ ამ სათვალეში ის ბრედ პიტს ჰგავს. მეღიმება და ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანის ცხოვრება გრძელდება და ამაში მცირე წვლილი მეც მაქვს.
_________
ერთ-ერთი, ვინც „ფლინტის“ პირველმა მისიამ „აზოვსტალიდან“ გამოიყვანა, 27 წლის „აზოველი“ „მოლფარი“ იყო. „მოლფართან“ ერთად ვერტმფრენში 8 ადამიანი იჯდა და არც ერთ მათგანს არ სჯეროდა, რომ ცოცხლები გამოაღწევდნენ.
წაიკითხეთ „მოლფარის“ ბრძოლისა და გადარჩენის ისტორია:
თურქეთში, მარმარილოს ზღვაში, გარემოსდამცველმა აქტივისტებმა 9 თვეში 53 ტონა ნაგავი შეაგროვეს – წერს თურქული გამოცემა „დეილი საბაჰი“.
გამოცემის ცნობით, მარმარილოს ზღვაში აღმოჩენილი ნარჩენების დიდი ნაწილი პლასტმასაა.
აქტივისტები მუშაობდნენ კამპანიის – „ლურჯი სუნთქვა“ ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას ზღვის დაბინძურებისა და მისი გაწმენდის გზების შესახებ.
მარმარილოს ზღვაში 9 თვის განმავლობაში შეგროვებული ნარჩენები დაახლოებით 46 000 ადამიანის მიერ ყოველდღიურად წარმოებულ ნარჩენებს უთანაბრდება.
53 ტონა ნარჩენებიდან 17 ტონა პლასტმასის პარკები, ბოთლები და პლასტმასის სხვა ნარჩენები იყო; ნარჩენებში 4,8 ტონა ქსოვილი იყო, 4,4 ტონა კი – მეტალი.
დღეს, 22 აგვისტოს, ბათუმის ბულვარის გენგეგმა საკრებულოს სხდომაზე ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე დაამტკიცეს. დოკუმენტის დამტკიცებას მხარი დაუჭირა „ოცნების“ უმრავლესობამ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციამ კი საკითხის კენჭისყრაზე დაყენების შემდეგ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა არც „ლელომ“ და არც „გახარია საქართველოს“ წევრებმა.
ცნობილი ფრაზა „არ ამოიღო ამბასადორი“ საკრებულოს სხდომაზე დღესაც ბევრჯერ გაჟღერდა, ამჯერად ამ ფრაზას სხვა კონტექსტი ჰქონდა – მაშინ მერს უნდოდა „ამბასადორთან“ დაკავშირებული საკითხი დღის წესრიგიდან არ ამოეღოთ. ამჯერად კი ოპოზიცია და სხდომაზე დამსწრე აქტივისტები ითხოვდნენ ბულვარის გენგეგმიდან არ ამოეღოთ ამბასადორის 21-სართულიანი შენობის შესახებ ჩანაწერი, რომ ის ბულვართან შეუსაბამოა.
საკითხთან დაკავშირებული კამათის გამწვავების შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღეს საკრებულოს თავმჯდომარეს, რამაზ ჯინჭარაძეს, სიმბოლურად, წინა მოწევის საკრებულოს თავმჯდომარის სახელითაც კი მიმართეს [სულიკო თებიძე წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე იყო].
„ამბასადორთან“ დაკავშირებული ჩანაწერის დოკუმენტიდან ამოღების გადაწყვეტილების მიზეზად „ოცნების“ უმრავლესობამ სასამართლო დავა დაასახელა. „რადგან მიმდინარეობს სასამართლო დავა, რომ არ იყოს რაიმე გაუგებრობებიო“.
დღეს „ბათუმელებმა“ საკრებულოს თავმჯდომარეს ჰკითხა, რა შეიძლება იყოს ეს გაუგებრობა, თუმცა მან დაზუსტებული პასუხი ვერ გაგვცა და ისევ გაიმეორა, „როცა დავა მიმდინარეობს, ეს ჩანაწერი გენგეგმაში ვერ დარჩებოდაო.“
„ამბასადორის“ შენობა ბულვარში ერთადერთი არ არის, რომელზეც დოკუმენტში ჩაწერეს, რომ შეუსაბამოა, ისინი წლების წინ, მაგრამ ნებართვებით არის აშენებული. ამ შენონებთან დაკავშირებით ჩანაწერები დოკუმენტში დატოვეს.
„ამბასადორის“ შესახებ ჩანაწერის დოკუმენტიდან ამოღების თაობაზე საკრებულოს წევრებმა დიდხანს იკამათეს. თუმცა საბოლოო მაინც ვერავინ გაიგო, რა შუაშია შენობის ვიზუალი, მისი მასშტაბი, ბულვართან შეუსაბამობა და სასამართლო დავა.
პასუხგაუცემელია კითხვა, თუ სასამართლო დაადგენს, რომ „ამბასადორი“ კანონიერად შენდება, სპეციალისტები, რომლებმაც გენგეგმა მოამზადეს, დაწერენ რომ ის ბულვარს შეესაბამება? –ფაქტია, რომ მათ მშენებლობის კანონიერება არ შეუფასებიათ – შეაფასეს შესაბამისობა.
გაუგებარია ისიც, რატომ შეცვალა ჯერ მერიამ, შემდეგ კი საკრებულომ დოკუმენტის სახელი: შესყიდვიდან დღემდე მას ბულვარის გენგეგმა ერქვა, დღეს კი დაამტკიცეს, როგორც „ბათუმის ბულვარის დაცვისა და განვითარების [განაშენიანების] გეგმა“.
ბათუმის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, მამუკა რამიშვილმა სახელის ცვლილებას ასე ახსნა:
„განაშენიანების გეგმა დარჩა სახელად და დაემატა – ბულვარის დაცვა. აქ ვერაფერს საგანგაშოს ვერ ვხედავ, მუნიციპალიტეტს აქვს ამის უფლება, როგორც განმიმარტეს. დოკუმენტი შედგება კომპლექსური ქალაქმშენებლობითი გეგმებისგან, რამდენიმე გეგმაა ჩაშლილი. განაშენიანების გეგმა თავისი არსით არის ერთი გეგმა, რომელიც არის ორიენტირებულია განაშენიანებაზე და არა დაცვაზე. კოდექსით განაშენიანების გეგმა არის განაშენიანების მართვის სავალდებულო დოკუმენტი. კანონი არ ირღვევა არც ამ დასახელებით და არც დადგენილებით““.
ბათუმის ბულვარის გენგეგმის მომზადება ბულვარის ადმინისტრაციის დაკვეთით მოამზადეს და ამაში ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯა. დოკუმენტი ბულვარის ადმინისტრაციამ ჩაიბარა, ჩატარდა საჯარო განხილვები, რამდენიმე საკითხი კონსულტაციების შემდეგ დააზუსტეს, საბოლოოდ კი ის საკრებულოს დასამტკიცებლად გადაუგზავნეს.
სწორედ საკრებულომ მიიღო წერილი „ამბასადორისგან“ მოთხოვნით – შენობასთან დაკავშირებული ჩანაწერი დოკუმენტიდან ამოეღოთ. ასეც მოიქცნენ.
ბათუმის საკრებულოს შენობაში ამ მოწვევის საკრებულოს სხდომა დღეს პირველად ჩატარდა – აქამდე სხდომათა დარბაზს არემონტებდნენ. სხდომათა დარბაზში არც ერთი სკამი არ არის გათვალისწინებული მოქალაქეებისთვის. წინა სხდომათა დარბაზში ორი რიგი მოქალაქეებისთვის იყო განკუთვნილი.
რუსულ მედიაში ვრცელდება რუსი სენატორის, ვლადიმერ ჯაბაროვის კომენტარი იმის შესახებ, რომ თუ ესტონეთი რუსეთს არ გადასცემს დარია დუგინას აფეთქებაში ბრალდებულს, რუსეთმა „მკაცრი ზომები“ უნდა მიიღოს ესტონეთის წინააღმდეგ.
საუბარია უკრაინის მოქალაქე ნატალია ვოვკზე, რომელიც დღეს, 22 აგვისტოს, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის შვილის, დარია დუგინას აფეთქებაში დაადანაშაულა. FSB-ეს ცნობით, დუგინას მკვლელობის შემდეგ ვოვკი 12 წლის ქალიშვილთან ერთად გაემგზავრა ესტონეთში.
„თუ ესტონეთი უარს იტყვის რუსეთისთვის დამნაშავე ნატალია ვოვკის გადაცემაზე (ის, რომ უარს იტყვის, პრაქტიკულად ეჭვგარეშეა), რუსეთის ფედერაციას აქვს საფუძველი, რომ მკაცრი ზომები მიიღოს ესტონეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც ტერორისტს იფარებს“, – წერს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე, სენატორი ვლადიმერ ჯაბაროვი ტელეგრამზე.
ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ესტონეთს ჯერ არ მიუღია რუსეთის ხელისუფლებისგან ოფიციალური მოთხოვნა ნატალია ვოვკის მიერ რუსეთ-ესტონეთის საზღვრის გადაკვეთაზე ინფორმაციის მიწოდების შესახებ.
ოფიციალური კიევი უარყოფს უკრაინის სპეცსამსახურების კავშირს დუგინას მანქანის აფეთქებასთან.
რუსი მილიარდერი, პარტია „მართლმადიდებლური რუსეთის“ წევრი, კონსტანტინ მალოფეევი, ტელეგრამზე ავრცელებს ტექსტს, რომელიც, მისივე თქმით, ალექსანდრ დუგინს ეკუთვნის, კრემლის იდეოლოგს, რომლის შვილიც, დარია დუგინა 20 აგვისტოს ააფეთქესმანქანაში.
„როგორც იცით, უკრაინის ნაცისტური რეჟიმის მიერ განხორციელებული ტერაქტის შედეგად 20 აგვისტოს ჩემი შვილი, დარია დუგინა მხეცურად მოკლეს ჩემ თვალწინ აფეთქების შედეგად. ის შესანიშნავი მართლმადიდებელი გოგონა იყო, პატრიოტი, სამხედრო კორესპონდენტი, ცენტრალური არხების ექსპერტი და ფილოსოფოსი. მისი გამოსვლა და რეპორტაჟები ყოველთვის ღრმა, დასაბუთებული და მოზომილი იყო. იგი არასოდეს მოუწოდებდა ძალადობისა და ომისკენ.
ის ამომავალი ვარსკვლავი იყო. რუსეთის მტრებმა იგი მზაკვრულად, მალულად მოკლეს… მაგრამ ჩვენ, ჩვენს ხალხს, ასეთი აუტანელი დარტყმაც ვერ გატეხს. მათ სურდათ ჩვენი ნების ჩახშობა სისხლიანი ტერორით ჩვენგან საუკეთესოსა და დაუცველის წინააღმდეგ. მაგრამ ისინი ამას ვერ მიაღწევენ.
ჩვენს გულებს სწყურია არა მხოლოდ უბრალოდ შურისძიება. ეს ძალიან მცირეა, არა – რუსული. ჩვენ მხოლოდ ჩვენი გამარჯვება გვჭირდება. ჩემმა შვილმა სამსხვერპლოზე დადო თავისი სიცოცხლე. ასე, რომ გაიმარჯვეთ, გთხოვთ“, – ვკითხულობთ ტექსტში, რომელსაც კონსტანტინ მალოფეევი ავრცელებს ალექსანდრ დუგინის სახელით.
რუსეთის ფედერალურმა უსაფრთხოების სამსახურმა (FSB) დღეს, 22 აგვისტოს, განაცხადა, რომ ალექსანდრ დუგინის შვილის, დარია დუგინას მკვლელობის საქმე გახსნა. უწყება მომხდარში უკრაინის სპეციალურ სამსახურებს ადანაშაულებს.
ოფიციალური კიევი უარყოფს კავშირს აღნიშნულ აფეთქებასთან. „გუშინდელ აფეთქებასთან უკრაინას, რა თქმა უნდა, არანაირი კავშირი არ აქვს, რადგან ჩვენ არ ვართ კრიმინალური სახელმწიფო, როგორიცაა რუსეთი და მით უმეტეს, არ ვართ ტერორისტული სახელმწიფო,“ – თქვა პოდოლიაკმა.
ალექსანდრ დუგინი, კრემლის ერთ-ერთი პროპაგანდისტი და რუსული ულტრამემარჯვენე ტელევიზია ТВ-ს დამფუძნებელია. საჯარო სივრცეში ის პოზიციონირებს, როგორც პოლიტოლოგი და ფილოსოფოსი. ის მიიჩნევა „რუსული სამყაროს“ იდეოლოგად და აქტიურად ეწევა პროპაგანდას რუსეთის საზღვრებში პოსტსაბჭოთა ქვეყნების გაერთიანებაზე.
დარია დუგინა მამის იდეოლოგიასა და ხედვებს იზიარებდა. მასთან ერთად ის გამოდიოდა საჯარო ლექციებზე, ასევე, წერდა პროპაგანდისტული მედია RT-ისა და დუგინის დაფუძნებულ „Царьград“-ისთვის.
თითქმის 9 000 უკრაინელი გმირი დაიღუპა რუსეთთან ომში – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ ქვეყნის დამცველებისადმი მიძღვნილ ფორუმზე.
„ამ ომში მონაწილეობენ არამხოლოდ ჩვენი სამხედროები და ისინი, ვინც იარაღი აიღო ხელში, არამედ ჩვენი ბავშვებიც, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ, გარდა იმისა, რომ სწორედ აქ და ამ დროს დაიბადნენ. მათ ნამდვილად არ ესმით, რა ხდება, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად სჭირდებათ დაცვა – სოლედარშიც, ბახმუტშიც, ველიკაია ნოვოსელკაშიც და აქაც, რადგან მათი მამები ფრონტზე წავიდნენ და შესაძლოა, იმ 9 ათას გმირს შორის არიან, რომლებიც დაიღუპნენ“, – თქვა ზალუჟნიმ.
უკრაინას რუსეთთან ომში დაღუპული და დაჭრილი სამხედროების, ასევე, განადგურებული და დაზიანებული ტექნიკის რაოდენობა არ გაუსაჯაროებია. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, ომის დაწყების შემდეგ, მხოლოდ დღიურ საშუალო დანაკარგზე საუბრობენ.
აგვისტოს დასაწყისში, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა BBC Украина-ს უთხრა, რომ უკრაინის საბრძოლო დანაკარგები ივნისთან შედარებით დაახლოებით სამჯერ შემცირდა.
პოდოლიაკი ივნისში აცხადებდა, რომ დონბასში უკრაინა ყოველდღიურად 100-დან 200-მდე ჯარისკაცს კარგავდა. მანამდე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ დღეში დაახლოებით 500 სამხედრო იჭრებოდა, ხოლო 60-დან 100-მდე იღუპებოდა.
უფრო ადრე, ჯერ კიდევ აპრილში, პრეზიდენტმა მედიას უთხრა, რომ 24 თებერვლის შემდეგ 2 500-3 000 უკრაინელი სამხედრო იყო დაღუპული, 10 000 კი – დაჭრილი.
ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც უკრაინამ რუსეთთან ომში ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკის მეთაური, დენის პუშილინი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის გაფრთხილება მარიუპოლში დაგეგმილ სასამართლოზე გავლენას ვერ მოახდენს.
მისი თქმით, „აზოვსტალის“ მებრძოლების „ტრიბუნალისთვის“ უკვე ყველაფერი მზადაა და გეგმები არ შეიცვლება.
უკრაინის დამცველთა „ტრიბუნალზე“ პრეზიდენტმა ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში ისაუბრა და განაცხადა, რომ უკრაინა არ მოითმენს დამპყრობლებისგან თავისი გმირებისა და უკრაინის თავისუფლების დამცველების დამცირებას და თუ ასეთი სასამართლო შედგება, რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკების ყველა გზას მოიჭრის.
„რასაც უნდა ფიქრობდნენ თავისთვის ოკუპანტები და რასაც უნდა გეგმავდნენ, ჩვენი სახელმწიფოს რეაქცია იქნება სრულიად გასაგები. თუკი ეს ამაზრზენი სასამართლო მაინც შედგება, თუ ჩვენს მებრძოლებს, ყველა შეთანხმებისა და საერთაშორისო წესის დარღვევით, მაინც შეიყვანენ ამ დეკორაციებში… ეს გახდება ის ზღვარი, რომლის იქითაც არანაირი მოლაპარაკე აღარ იქნება შესაძლებელი. რუსეთი თვითონ მოიჭრის გზას მოლაპარაკებისკენ. არანაირი ლაპარაკი აღარ იქნება. ჩვენმა სახელმწიფომ ყველაფერი თქვა,“ – განაცხადა ზელენსკიმ.
ინფორმაცია, რომ რუსები მარიუპოლში „აზოვსტალის“ დამცველების საჩვენებელი სასამართლოს გამართვას გეგმავდნენ, აგვისტოს დასაწყისში გაჩნდა. მარიუპოლის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ, გამოაქვეყნა ფოტოები, თუ როგორ აწყობდნენ ქალაქის ფილარმონიის სცენაზე გალიებს.
ბოიჩენკოს თქმით, „ტრიბუნალის“ გამართვას რუსები 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს აპირებენ.
უკრაინის უშიშროება აცხადებს, რომ დონეცკის ოლქში დააკავა მტრის ორი ინფორმატორი, რომლებიც რუსებს რეგიონის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების კორექტირებაში ეხმარებოდნენ.
უწყების ცნობით, ისინი იკვლევდნენ და ოკუპანტებს გადასცემდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის, მათ შორის, რეაქტიულ საარტილერიო სისტემა „ჰაიმარსის“ საბრძოლო პოზიციების ზუსტ კოორდინატებს.
გარდა ამისა, დაკავებულები აგროვებდნენ ინფორმაციას ადგილობრივი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის მუშაობისა და ადგილმდებარეობის შესახებ.
უშიშროების ცნობით, სწორედ მათ გადასცეს რუსებს კოორდინატები, თუ სად მდებარეობდა ქალაქ სელიდოვოში წყალმომარაგების სისტემა, რომელზეც შემდეგ რუსებმა სარაკეტო დარტყმა მიიტანეს.
„მიღებულ ინფორმაციას ისინი გადასცემდნენ „დონეცკის ე.წ. სახალხო მილიციის“ ერთ-ერთი ჩინოვნიკის დახმარებით, კონტაქტისთვის კი რუსულ სოციალურ ქსელ „ვკონტაქტეს“ იყენებდნენ,“ – წერს უშიშროება.
საცხოვრებელ სახლებში ჩატარებული ჩხრეკისას სამართალდამცველებმა კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები ამოიღეს, რომლებშიც, უშიშროების თქმით, დანაშაულის მტკიცებულებები აღმოჩნდა.
ორივე დაკავებულს ბრალი უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით წაუყენეს, რომელიც კოლაბორაციონისტულ საქმიანობას გულისხმობს. სასამართლომ ისინი პატიმრობაში დატოვა.
გასულ კვირას უშიშროებამ სლოვიანსკში დააკავა რუსეთის მოქალაქე, რომელიც აგროვებდა ინფორმაციას დონეცკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების შენაერთების, ასევე, არტილერიის გადაადგილებისა და ადგილმდებარეობის შესახებ.
კომპანია Tav Georgia-ს ინფორმაციით, ბათუმის მიმართულებით 28 აგვისტოდან ირანული ავიაკომპანია Pars Air-ი იფრენს.
ირანული ავიაკომპანია პირდაპირ საჰაერო რეისებს შეასრულებს კვირაში ერთხელ ბათუმი-რეშთი-ბათუმის მიმართულებით.
TAV Georgia-ში აცხადებენ, რომ რეისები შესრულდება ყოველ კვირა დღეს, CRJ 200 ტიპის საჰაერო ხომალდით.
„ეს იქნება რეგულარული ჩარტერული რეისები, ბილეთები სავარაუდოდ ჰიბრიდულად გაიყიდება, ტურისტული სააგენტოც გაყიდის და ავიაკომპანიაც,“ – აცხადებენ TAV Georgia-ს პრესსამსახურში.
ირანში ბევრი პირდაპირი რეისი სრულდება როგორც ბათუმის, ასევე თბილისის აეროპორტიდან. რეშთი კი ირანის კიდევ ერთი ქალაქია, სადაც ბათუმიდან პირდაპირი ავიარეისი დაინიშნება.
ბაგრატიონის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების ერთი ეტაპი დასრულდა და 9, 11 და 13 ნომერი მუნიციპალური ტრანსპორტი დაუბრუნდა ძველ მარშრუტს. აღნიშნული ნომრებით მოძრავი ავტობუსების მარშრუტი ბაგრატიონის ქუჩის გადაკეტვის [ცალმხრივად – ჯავახიშვილიდან შარტავას წრიულამდე მონაკვეთში] გამო დროებით იყო შეცვლილი.
ბათუმის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ინფორმაციით, ბაგრატიონის ქუჩა უკვე გახსნილია ვაჟა-ფშაველას ქუჩიდან შარტავას ქუჩის წრიულამდე, ამ მონაკვეთში დღეიდან ავტომობილების მოძრაობა განახლდა.
უკუმიმართულება: მესხის ქ, მაჭავარიანის ქ, აეროპორტის გზატკეცილი, ბაგრატიონის ქ, ჯავახიშვილის ქ, მ.კომახიძის ქ, გრიბოედოვის ქ, გორგილაძის ქ, ბარათაშვილის ქ, ბაქოს ქ, ნონეშვილის ქ, ქათამაძის ქ.
№11 ავტობუსის განრიგი:
აღმაშენებლის ქ, ბაგრატიონის ქ, ჯავახიშვილის ქ, ორბელიანის ქ, ლერმონტოვის ქ, გიორგი ბრწყინვალის ქ, მელიქიშვილის ქ, რუსთაველის ქ, თავდადებულის ქ, გორგილაძის ქ, ბარათაშვილის ქ, წერეთლის ქ, იმედაშვილის ქ, პუშკინის ქ, სოხუმის ქ, შაფათავას ქ, შავშეთის ქ, მესხის ქ, ფერიის ქ.
უკუმიმართულება: ფერიის ქ, მესხის ქ, შავშეთის ქ, შაფათავას ქ, სოხუმის ქ, პუშკინის ქ, იმედაშვილის ქ, წერეთლის ქ, ბარათაშვილის ქ, გორგილაძის ქ, თავდადებულის ქ, რუსთაველის ქ, მელიქიშვილის ქ, ბრწყინვალის ქ, ლერმონტოვის ქ, ორბელიანის ქ, ჯავახიშვილის ქ, ბაგრატიონის ქ, აღმაშენებელის, ტაბიძის ქ, ლეონიძის ქ, აღმაშენებლის ქ.
№13 ავტობუსის განრიგი:
ორბელიანის ქ, ლერმონტოვის ქ, ბაგრატიონის ქ, შარტავას ქ, გორგილაძის ქ, ბარათაშვილის ქ, ჭავჭავაძის ქ, საბაგირო.
უკუმიმართულება: საბაგირო, ჭავჭავაძის ქ, ბარათაშვილის ქ, გორგილაძის ქ, შარტავას ქ, ბაგრატიონის ქ, ლერმონტოვის ქ, ორბელიანის ქ (ბათუმის ავტოტრანსპორტი).
დღეს, 22 აგვისტოს, ბათუმის საკრებულომ მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ბათუმის ბულვარის დაცვისა და განვითარების გეგმიდან ამოიღეს ჩანაწერი, რომ „ამბასადორის“ პროექტი ბულვარისთვის შეუსაბამოა.
საუბარია ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში შპს „ამბასადორი ბათუმის“ მშენებარე, 21-სართულიან სასტუმროზე.
ბულვარის გენგეგმის დოკუმენტიდან „ამბასადორის“, როგორც „შეუსაბამო“ შენობის შესახებ ჩანაწერის ამოსაღებად საკრებულოს თავად კომპანიამ მიმართა.
დღეს აღნიშნული საკითხის განხილვას ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირება მოჰყვა.
ოპოზიციამ გადაწყვეტილება შეაფასა, როგორც „ქალაქისთვის დამაზიანებელი“.
„ბიძინა ივანიშვილის დავალებით, დღეს გენგეგმა იქნა დახლეჩილი. გენგეგმა, რომელშიც გადავიხადეთ ნახევარი მილიონი ლარი და კონკრეტული ბიზნესმენების, ვიღაც ჩინოვნიკების კეთილგანწყობისთვის, რომ ადამიანებს არ მოსწონთ სიტყვა „შეუსაბამო“ – დღეს ეს ამოიღეს.
ეს იმიტომ ხდება, რომ არის სასამართლო დავა და მურუსიძე-ჩინჩალაძის მოსამართლეს უხსნიან ხელ-ფეხს, რომ დააკანონოს „ამბასადორი“ და „გააპრავოს“ ეს „ქართულმა ოცნებამ“.
ბათუმს გადაახიეს თავზე ის დადგენილება, რაშიც ამდენი ფულია დახარჯული.“ – განაცხადა საკრებულოს სხდომიდან გამოსულმა ლაშა კილაბერიამ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბათუმის საკრებულოში.
„ამბასადორი“ ბათუმის ბულვარში 21-სართულიან სასტუმროს აშენებს, აქედან 3 მიწისქვეშა სართულია. კომპანიამ სამშენებლო პროექტს 2 სართული ჯერ უნებართვოდ დაამატა, შემდეგ მიმართა სააგენტოს ნებართვისთვის და მიიღო კიდეც ნებართვა. სწორედ ამ ნებართვას ასაჩივრებს სასამართლოში „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ორგანიზაცია „ბათომთან“ ერთად.