მთავარი,სიახლეები

ბათუმის საკრებულომ ბულვარის გენგეგმა დაამტკიცა

22.08.2022 • 1545
ბათუმის საკრებულომ ბულვარის გენგეგმა დაამტკიცა

დღეს, 22 აგვისტოს, ბათუმის ბულვარის გენგეგმა საკრებულოს სხდომაზე ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე დაამტკიცეს. დოკუმენტის დამტკიცებას მხარი დაუჭირა „ოცნების“ უმრავლესობამ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციამ კი საკითხის კენჭისყრაზე დაყენების შემდეგ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა არც „ლელომ“ და არც „გახარია საქართველოს“ წევრებმა.

ცნობილი ფრაზა „არ ამოიღო ამბასადორი“ საკრებულოს სხდომაზე დღესაც ბევრჯერ გაჟღერდა, ამჯერად ამ ფრაზას სხვა კონტექსტი ჰქონდა – მაშინ მერს უნდოდა „ამბასადორთან“ დაკავშირებული საკითხი დღის წესრიგიდან არ ამოეღოთ. ამჯერად კი ოპოზიცია და სხდომაზე დამსწრე აქტივისტები ითხოვდნენ ბულვარის გენგეგმიდან არ ამოეღოთ ამბასადორის 21-სართულიანი შენობის შესახებ ჩანაწერი, რომ ის ბულვართან შეუსაბამოა.

საკითხთან დაკავშირებული კამათის გამწვავების შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღეს საკრებულოს თავმჯდომარეს, რამაზ ჯინჭარაძეს, სიმბოლურად, წინა მოწევის საკრებულოს თავმჯდომარის სახელითაც კი მიმართეს [სულიკო თებიძე წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე იყო].

„ამბასადორთან“ დაკავშირებული ჩანაწერის დოკუმენტიდან ამოღების გადაწყვეტილების მიზეზად  „ოცნების“ უმრავლესობამ სასამართლო დავა დაასახელა. „რადგან მიმდინარეობს სასამართლო დავა, რომ არ იყოს რაიმე გაუგებრობებიო“.

დღეს „ბათუმელებმა“ საკრებულოს თავმჯდომარეს ჰკითხა, რა შეიძლება იყოს ეს გაუგებრობა, თუმცა მან დაზუსტებული პასუხი ვერ გაგვცა და ისევ გაიმეორა, „როცა დავა მიმდინარეობს, ეს ჩანაწერი გენგეგმაში ვერ დარჩებოდაო.“

„ამბასადორის“ შენობა ბულვარში ერთადერთი არ არის, რომელზეც დოკუმენტში ჩაწერეს, რომ შეუსაბამოა, ისინი წლების წინ, მაგრამ ნებართვებით არის აშენებული. ამ შენონებთან დაკავშირებით ჩანაწერები დოკუმენტში დატოვეს.

„ამბასადორის“ შესახებ ჩანაწერის დოკუმენტიდან ამოღების თაობაზე  საკრებულოს წევრებმა დიდხანს იკამათეს. თუმცა საბოლოო მაინც ვერავინ გაიგო, რა შუაშია შენობის ვიზუალი, მისი მასშტაბი, ბულვართან შეუსაბამობა და სასამართლო დავა.

პასუხგაუცემელია კითხვა, თუ სასამართლო დაადგენს, რომ „ამბასადორი“ კანონიერად შენდება, სპეციალისტები, რომლებმაც გენგეგმა მოამზადეს, დაწერენ რომ ის ბულვარს შეესაბამება? – ფაქტია, რომ მათ მშენებლობის კანონიერება არ შეუფასებიათ – შეაფასეს შესაბამისობა. 

გაუგებარია ისიც, რატომ შეცვალა ჯერ მერიამ, შემდეგ კი საკრებულომ დოკუმენტის სახელი: შესყიდვიდან დღემდე მას ბულვარის გენგეგმა ერქვა, დღეს კი დაამტკიცეს, როგორც „ბათუმის ბულვარის დაცვისა და განვითარების [განაშენიანების] გეგმა“.

ბათუმის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, მამუკა რამიშვილმა სახელის ცვლილებას ასე ახსნა:

„განაშენიანების გეგმა დარჩა სახელად და დაემატა – ბულვარის დაცვა. აქ ვერაფერს საგანგაშოს ვერ ვხედავ, მუნიციპალიტეტს აქვს ამის უფლება, როგორც განმიმარტეს. დოკუმენტი შედგება კომპლექსური ქალაქმშენებლობითი გეგმებისგან, რამდენიმე გეგმაა ჩაშლილი.  განაშენიანების გეგმა თავისი არსით არის ერთი გეგმა, რომელიც არის ორიენტირებულია განაშენიანებაზე და არა დაცვაზე. კოდექსით განაშენიანების გეგმა არის განაშენიანების მართვის სავალდებულო დოკუმენტი. კანონი არ ირღვევა არც ამ დასახელებით და არც დადგენილებით““.

ბათუმის ბულვარის გენგეგმის მომზადება ბულვარის ადმინისტრაციის დაკვეთით მოამზადეს და ამაში ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯა. დოკუმენტი ბულვარის ადმინისტრაციამ ჩაიბარა, ჩატარდა საჯარო განხილვები, რამდენიმე საკითხი კონსულტაციების შემდეგ დააზუსტეს, საბოლოოდ კი ის საკრებულოს დასამტკიცებლად გადაუგზავნეს.

სწორედ საკრებულომ მიიღო წერილი „ამბასადორისგან“ მოთხოვნით – შენობასთან დაკავშირებული ჩანაწერი დოკუმენტიდან ამოეღოთ. ასეც მოიქცნენ.

ბათუმის საკრებულოს შენობაში ამ მოწვევის საკრებულოს სხდომა დღეს პირველად ჩატარდა – აქამდე სხდომათა დარბაზს არემონტებდნენ. სხდომათა დარბაზში არც ერთი სკამი არ არის გათვალისწინებული მოქალაქეებისთვის. წინა სხდომათა დარბაზში ორი რიგი მოქალაქეებისთვის იყო განკუთვნილი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: