მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ბათუმის მერია საახალწლო ნაძვის ხის შეძენას გეგმავს და გამოკითხვას ატარებს

23.08.2022
ბათუმის მერია საახალწლო ნაძვის ხის შეძენას გეგმავს და გამოკითხვას ატარებს

ბათუმი 2023 წელს, დიდი ალბათობით, ახალი ნაძვის ხით შეხვდება.

ქალაქის მერიის ინფორმაციით, საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო უახლოეს პერიოდში ქალაქის მთავარი ნაძვის ხის შესყიდვაზე ტენდერს გამოაცხადებს. მანამდე კი, ნაძვის ხის 4 ესკიზიდან ერთის შესარჩევად მერია გამოკითხვას ატარებს.

რამდენი ლარია გათვალისწინებული ნაძვის ხის შესაძენად, ამ ეტაპზე მერიაში არ აკონკრეტებენ. იმ საახალწლო ნაძვის ხეში კი, რომელიც ქალაქს აქვს, 256 ათას 730 ლარია თავის დროზე გადახდილი.

„საახალწლო ღონისძიებების ფასი ბიუჯეტში განსაზღვრულია და აღნიშნული ინფორმაცია საჯაროა. რაც შეეხება კონკრეტულად ნაძვის ხის ღირებულებას, ოთხივე ნაძვის ხე სხვადასხვა ღირებულებისაა. ნაძვის ხის ესკიზის შერჩევის შემდგომ მოხდება შესაბამისი სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და ფასის განსაზღვრა,“ – მოგვწერეს მერიის სამმართველოდან.

ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტში, ზოგადად ქალაქის გაფორმების ღონისძიებებისთვის, ჯამში 3 132 300 ლარია გათვალისწინებული. ბიუჯეტის კანონში განმარტებულია, რომ „საშობაო-საახალწლო დღესასწაულისთვის ქალაქის გაფორმება [2022 წლის დეკემბერი – 2023 წლის მარტი], მრავალწლიანი პროექტია და სამუშაოების საერთო ბიუჯეტი შეადგენს 2 961 420 ლარს“. ახალ მთავარ ნაძვის ხესაც სწორედ ამ თანხიდან შეიძენენ.

ბათუმის მერია აცხადებს, რომ „საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ბათუმელებს საშუალება ექნებათ, ნაძვის ხე თავად შეარჩიონ“ და ამ მიზნით გამოკითხვას ატარებს. წარმოდგენილი ოთხი ესკიზიდან იმ ვარიანტს შეარჩევენ, რომელიც მეტ ხმას დააგროვებს.

ნაძვის ხის ესკიზები / ფოტო: ბათუმის მერია

ხმის მიცემა შეგიძლიათ  ამ ბმულზე.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ „წინასაპროექტო მოკვლევაში ჩართული იყვნენ ადგილობრივი და უცხოური კომპანიები, რომელთაგან საბოლოოდ წარმოდგენილია ეს 4 ესკიზი.“

გამოკითხვა 25 აგვისტოს დასრულდება.

რას უპირებენ არსებულ ნაძვის ხეს? – ქალაქის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამას ახალი ნაძვის ხის შეძენის შემდეგ გადაწყვეტენ. ამ ნაძვის ხეში ქალაქის ბიუჯეტიდან 2016 წელს 256 730 ლარი გადაიხადეს.

 

განახლება: მერიის ინფორმაციით ყველაზე მეტი ხმა მე-3 ესკიზმა დააგროვა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: