მთავარი,სიახლეები

რუსეთი უკრაინაში მეორე ფრონტს ვერ გახსნის – ომის უკრაინელი ექსპერტი

23.08.2022 • 1855
რუსეთი უკრაინაში მეორე ფრონტს ვერ გახსნის – ომის უკრაინელი ექსპერტი

„უკრაინასთან ფართომასშტაბიანი ომის მესამე თვეს რუსეთის არმიამ დეგრადაცია დაიწყო და ქვეყნის ეკონომიკა ვეღარ უზრუნველყოფს არმიის საჭიროებებს.  უკრაინის შეიარაღებულ ძალებში კი საპირისპირო პროცესი დაიწყო“ – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების რეზერვის პოლკოვნიკმა, სამხედრო ექსპერტმა ოლეგ ჟდანოვმა ისაუბრა ტელემარათონის ეთერში – FREEDOM.

მის კომენტარს უკრაინული გამოცემა „უნიანი“ აქვეყნებს.

„მოკლევადიანი ომის იმედი ჰქონდათ, საქართველოს სცენარით, მაგრამ ხანგრძლივ ომში აღმოჩნდნენ, მათი ძალები კი მხოლოდ სამთვიანი ომისთვის იყო საკმარისი. მაისში უკვე იგრძნობოდა, რომ შეტევების ტემპი ოკუპანტებმა შეანელეს. თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ახლა რუსეთის არმია უკრაინაში ერთსა და იმავე ადგილს ტკეპნის.

ერთი თვეა, რაც ფრონტის ხაზი თითქმის საერთოდ არ შეცვლილა. ყველაზე დიდი მიღწევა 35 დღე-ღამის განმავლობაში 10 კილომეტრზე გადაადგილებაა ბახმუტისკენ. განსაკუთრებით არმიის ქვეითთა ნაწილი განიცდის დეგრადირებას. რუსეთის არმიას ქვეითთა მომზადების  დიდი პრობლემა აქვს.

რუსული სამხედრო ტექნიკა, რაც ახლა შემოდის უკრაინაში, დიდი ხნის საცავებიდანაა გამოყვანილი.

უნდა ვთქვათ სამხედრო მართვის სისტემაზეც: დიდი დანაკარგები აქვთ. უმცროსი მეთაურების, ოცმეთაურებისა და ასმეთაურების რგოლი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. ამ შემადგენლობიდან თითქმის აღარავინ დარჩა.

ოცეულებისა და ასეულების მეთაურებად დანიშნეს მებრძოლებისგან ყველაზე გამოცდილები და საზრიანები,“ – ამბობს ექსპერტი.

ჟდანოვი მიიჩნევს, რომ რუსეთის არმიას ამ რესურსით არ შესწევს მეორე ფრონტის გახსნის ძალა, მიუხედავად იმისა, რომ რუსებს 15-ათასკაციანი სარეზერვო კორპუსი აქვთ შექმნილი, რომელიც ნიჟნი ნოვგოროდშია დაბანაკებული.

ომის ექსპერტის აზრით, ამდენი მეომრის გადასაყვანად და საჭირო ტექნიკის გადასატანად 30 სამხედრო მატარებელია საჭირო, ცოცხალი ძალისა და ტექნიკის ტრანსპორტირებისთვის ოკუპანტებს ერთი თვე დასჭირდებათ.

„დავუშვათ, რომ გადმოიყვანეს მეომრები და ჩამოიტანეს ტექნიკა – ეს ძალა რომელიმე ერთი მიმართულებით რაღაცას შეცვლის, დიახ, მაგრამ მეორე ფრონტს ეს ძალა ვერ გახსნის,“ – მიიჩნევს ჟდანოვი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: