მთავარი,სიახლეები

ამინდის არასწორი პროგნოზისთვის უნგრეთის მთავარი მეტეოროლოგი სამსახურიდან დაითხოვეს

23.08.2022
ამინდის არასწორი პროგნოზისთვის უნგრეთის მთავარი მეტეოროლოგი სამსახურიდან დაითხოვეს

უნგრეთის ხელისუფლებამ ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნად დაგეგმილი გრანდიოზული ფეიერვერკი გადადო სინოპტიკოსების მიერ პროგნოზირებული ჭექა-ქუხილისა და კოკისპირული  წვიმის გამო. ამინდის პროგნოზი არ გამართლდა და მეტეოროლოგიური სამსახურის უფროსი მოადგილესთან ერთად სამსახურიდან დაითხოვეს. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

ეროვნული დღესასწაული შაბათს, 20 აგვისტოს, უნდა გამართულიყო. ორგანიზატორებს 40 000 ფეიერვერკი ჰქონდათ ნაყიდი. ფეიერვერკები ბუდაპეშტში, მდინარე დუნაის ხუთკილომეტრიან სანაპიროზე იყო დამონტაჟებული 240 ადგილას. შოუს 2 მილიონი ადამიანი ელოდა.

მეტეოროლოგებმა ძლიერი წვიმა ჭექა-ქუხილით ღონისძიებამდე 7 საათით ადრე ივარაუდეს, შესაბამისად უნგრეთის ხელისუფლებამ ღონისძიება გადადო.

შვიდი საათის შემდეგ ბუდაპეშტში წვიმის წვეთიც არ ჩამოვარდნილა. საწვიმარმა ღრუბელმა მიმართულება შეიცვალა და დედაქალაქის ნაცვლად აღმოსავლეთ უნგრეთში გაწვიმდა.

მეტეოროლოგიურმა სამსახურმა არასწორი პროგნოზის მიზეზით დღესასწაულის ჩაშლის გამო ბოდიში მოიხადა, თუმცა სამსახურის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე პოსტიდან გათავისუფლებისგან სინანულმა ვერ იხსნა.

„ბიბისი“ წერს, რომ უნგრელების რეაქცია სხვადასხვაგვარი იყო – ზოგიერთმა დაგმო მთავრობის გადაწყვეტილება მეტეოროლოგების გათავისუფლების შესახებ, ზოგიერთი კი საერთოდაც ეწინააღმდეგება ფეიერვერკებს უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე.

მოსახლეობის ერთი ნაწილი აღშფოთდა სინოპტიკოსების არაკომპეტენტურობით. ისინი ელოდებიან, რომ მომავალ შაბათს უნგრეთის დედაქალაქში ფეიერვერკების შოუ  გაიმართება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: