მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

რა სურს პუტინს უკრაინისგან? – რუსეთის პრეზიდენტის ბიოგრაფიის ავტორის მოსაზრება

23.08.2022 • 6666
რა სურს პუტინს უკრაინისგან? – რუსეთის პრეზიდენტის ბიოგრაფიის ავტორის მოსაზრება

24 აგვისტოს ექვსი თვე სრულდება, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. რა სურს სინამდვილეში პუტინს და რის მიღწევას ცდილობს რუსეთის დიქტატორი? – ამ კითხვაზე პასუხის გაცემას The Guardian-ში გამოქვეყნებულ სვეტში ვლადიმერ პუტინის ბიოგრაფიის ავტორი, ბრიტანელი ჟურნალისტი, პუბლიცისტი და მწერალი, ფილიპ შორტი შეეცადა.

ფილიპ შორტი 25 წლის განმავლობაში BBC-ის საერთაშორისო კორესპონდენტი იყო. ის მაო ძედუნის, პოლ პოტისა და ვლადიმერ პუტინის ბიოგრაფიების ავტორია.

„ბათუმელები“ მისი მოსაზრების თარგმანს გთავაზობთ:

__________

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან თითქმის ექვსი თვის შემდეგ დასავლეთში ჯერ კიდევ ვერ თანხმდებიან ვლადიმერ პუტინის მოტივებზე.

ეს მხოლოდ აკადემიური ინტერესის საგანი არაა. თუ ჩვენ ვერ შევთანხმდებით იმაზე, რატომ გადაწყვიტა პუტინმა უკრაინაში შეჭრა და რის მიღწევას ცდილობს, ვერ განვსაზღვრავთ, რას ნიშნავს გამარჯვება ან დამარცხება ომში ჩართული რომელიმე მხარისთვის და ვერ გამოვკვეთთ შესაძლო ენდშპილის კონტურებს.

რაღაც მომენტში, როგორც ყველა ომი, ეს კონფლიქტიც დასრულდება. გეოგრაფიას განწირული ჰყავს რუსეთი და უკრაინა მეზობლობისთვის და ამას ვერაფერი შეცვლის. ბოლოს და ბოლოს, მათ მოუწევთ იპოვონ modus vivendi. ეს ასე იქნება ევროპისა და რუსეთისთვისაც, თუმცა ომით მიყენებული ზიანის გამოსწორებას შესაძლოა ათწლეულები დასჭირდეს.

მაშ, რატომ ჩადო პუტინმა ამდენი ასეთ სარისკო საქმეში, რომელიც მას, კარგ შემთხვევაში, განადგურებულ მიწებზე მყიფე კონტროლს მოუტანს?

თავიდან ამბობდნენ, რომ ის შეშლილია – „შეშლილი“, როგორც დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა თქვა. ჩვენ ვნახეთ, როგორ მოძღვრავდა ის ექვსმეტრიანი მაგიდის ბოლოში მსხდარ თავდაცვის სტრუქტურების ხელმძღვანელებს, თუმცა მალე გვიჩვენეს ისიც, როგორ ისხდნენ ეს ჩინოვნიკები მის გვერდით.

გრძელი მაგიდა თეატრალური ეფექტი აღმოჩნდა – ნიქსონის „შეშლილის“ თეორიის პუტინისეული ვერსია, რომლის მიზანიც იყო, წარმოეჩინა ის ისე ირაციონალურად, რომ ყველაფერი შესაძლებლად მოგვჩვენებოდა, ბირთვული ომიც კი.

შემდეგ დასავლელი ჩინოვნიკები ამტკიცებდნენ, თითქოს პუტინი შეაშინა რუსეთის საზღვრებთან დემოკრატიული უკრაინის პერსპექტივამ, რომელიც მის ძალაუფლებას საფრთხეს შეუქმნიდა, რადგან დაანახებდა რუსებს, რომ მათაც შეუძლიათ სხვანაირად ცხოვრება. ერთი შეხედვით, ეს დამაჯერებლად ჟღერდა. პუტინს სძულდა „ფერადი რევოლუციები“, რომლებმაც 2003 წლიდან ყოფილი საბჭოთა ბლოკის რამდენიმე ქვეყანაში რეჟიმების ცვლა გამოიწვია.

თუმცა უკრაინის, როგორც მოდელის მომხიბვლელობა შეზღუდულია – ღრმად ფესვგადგმული კორუფციის, კანონის უზენაესობის არარსებობისა და ოლიგარქ-მილიარდერების არაპროპორციული ძალაუფლების გამო. თუკი ეს ყველაფერი შეიცვლებოდა, რუსეთის ინტელიგენციას შეიძლება მიექცია კიდეც ამისთვის ყურადღება, მაგრამ რუსების უმრავლესობას – მათ, ვინც სახელმწიფო პროპაგანდით იკვებებიან და პუტინის პოლიტიკურ ბაზას წარმოადგენენ – ეს სრულებითაც არ ანაღვლებს.

რუსეთის სამხედრო აგრესია ასევე წარმოჩინდა, როგორც მიწების დაპყრობის იმპერიალისტური მცდელობა. ზაფხულის დასაწყისში პეტრე პირველის ხსენება აღქმული იყო იმის დადასტურებად, რომ პუტინს რუსეთის იმპერიის აღდგენა სურდა – თუ ეს ვერა, მაშინ – საბჭოთა კავშირის მაინც. საღად მოაზროვნე ადამიანები, ძირითადად აღმოსავლეთ ევროპაში და არამხოლოდ – ვარაუდობდნენ, რომ უკრაინა – ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. „არ გამიკვირდება“ – მითხრა გასულ კვირაში შვედეთის ერთ-ერთმა ყოფილმა მინისტრმა, – „თუ რამდენიმე წელიწადში რიგში ესტონეთი და ლატვია აღმოჩნდებიან“.

იმის გათვალისწინებით, რომ პუტინმა ერთხელ საბჭოთა კავშირის დანგრევას „მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა“ უწოდა, ეს მსჯელობა სრულიად ლოგიკურად შეიძლება მოგვეჩვენოს. მაგრამ ის ასევე ამბობდა: „ვინც საბჭოთა კავშირის დანგრევის გამო არ წუხს, მას გული არ აქვს, ხოლო მას, ვისაც მისი ძველი სახით აღდგენა სურს – არ აქვს ტვინი.“

რუსი სამხედროები უკვე მოკრძალებულ წარმატებასაც ძლივს აღწევენ უკრაინაში, თუმცა ეს ფაქტიც რომ გვერდზე გადავდოთ, ბალტიის ქვეყნებზე ან პოლონეთზე თავდასხმა რუსეთს NATO-სთან პირდაპირ კონფლიქტამდე მიიყვანდა – ეს კი მოსკოვს (ისევე, როგორც დასავლეთს) ყველაზე ნაკლებად სურს.

სინამდვილეში პუტინის სამხედრო აგრესიას სხვა იდეები ამოძრავებს.

ის ხელისუფლებაში მოსვლამდეც შეპყრობილი იყო უკრაინით. ჯერ კიდევ 1994 წელს, როდესაც სანქტ-პეტერბურგის მერის მოადგილედ მუშაობდა, აღშფოთებას გამოთქვამდა, რომ ყირიმი უკრაინას იყო „მიერთებული“. „რუსეთმა ყირიმი თურქებისგან ბრძოლით დაიბრუნა!“ – უთხრა მან იმ წელს ფრანგ დიპლომატს და ოსმალეთისა და რუსეთის იმპერიებს შორის მე-18 საუკუნის ომი იგულისხმა.

თუმცა მისი დამოკიდებულება ბოლომდე ტოქსიკური გახადა NATO-ს 2008 წლის სამიტზე წამოჭრილმა საკითხმა – უკრაინის სრულუფლებიანი წევრობის პერსპექტივამ.

CIA-ს ახლანდელი ხელმძღვანელი, ბილ ბერნსი, რომელიც იმ დროს აშშ-ის ელჩად მუშაობდა მოსკოვში, თეთრი სახლისთვის გაგზავნილ საიდუმლო დეპეშაში წერდა:

„NATO-ში უკრაინის შესვლა – რუსეთის ელიტისთვის (არამხოლოდ პუტინისთვის) ყველა წითელ ხაზზე კაშკაშა წითელია. ორწელიწად-ნახევარია ველაპარაკები მთავარ რუს მოთამაშეებს და კრემლის ბნელ მოსახვევებში მყოფი მუტრუკებით დაწყებული, პუტინის ყველაზე მკაცრი ლიბერალი კრიტიკოსებით დამთავრებული, ჯერ არავინ შემხვედრია, ვინც უკრაინას NATO-ში არ განიხილავდა პირდაპირ საფრთხედ რუსეთის ინტერესებისთვის… დღევანდელი რუსეთი ამას პასუხს გასცემს“.

ამერიკელი პრეზიდენტების ადმინისტრაციებმა, რომლებიც იმ დროს ერთმანეთს ცვლიდნენ, ბერნსის გაფრთხილებას წაუყრუეს და პუტინმაც უპასუხა. 2014 წელს ყირიმი დაიპყრო; შემდეგ დონბასში სეპარატისტული აჯანყება წააქეზა და ბოლოს, 2022 წლის თებერვალში, წამოიწყო სასტიკი და არაღიარებული ომი უკრაინის დასამორჩილებლად.

NATO-ს გაფართოება მხოლოდ აისბერგის წვერი იყო. პუტინს, ხელისუფლებაში ყოფნის ორი ათწლეულის განმავლობაში, დასავლეთისადმი სხვა წყენებიც დაუგროვდა. 2020 წლის ბოლოსკენ, როდესაც კიევზე ახალი თავდასხმის დაგეგმვა დაიწყო, წრე შეიკრა. ახალგაზრდა რუსი ლიდერი, რომელმაც ოდესღაც შთაბეჭდილება მოახდინა ტონი ბლერზე და ბილ კლინტონზე, რომელმაც 11 სექტემბრის შემდეგ მხარი დაუჭირა ჯორჯ ბუშს და რომელიც ამტკიცებდა, რომ რუსეთის ადგილი ევროპაში და დასავლურ სამყაროშია, თანდათანობით გადაიქცა ულმობელ მოწინააღმდეგედ, რომელსაც სჯერა, რომ აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიზანი „რუსეთის დაჩოქებაა.“

დასავლელი პოლიტიკოსები ამას ყურადღებას არ აქცევენ, როგორც პარანოიდულ აზრს, მაგრამ პრობლემა დასავლეთის განზრახვებში კი არა, იმაშია, როგორ აღიქვამს მათ კრემლი.

პუტინის მიზანი არაა მხოლოდ „კიევის რეჟიმის“ განეიტრალება, არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, იმის ჩვენება, რომ NATO უძლურია და მისი შეჩერება არ შეუძლია. თუ ამ პროცესში ის დაპყრობილ ტერიტორიებზე ძირფესვიანად გაანადგურებს უკრაინულ კულტურას, ეს მისთვის თანმდევი, შემთხვევითი ზიანი კი არა, ბონუსი იქნება.

მიაღწევს თუ არა წარმატებას, დამოკიდებულია ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე, რომელიც, თავის მხრივ, დამოკიდებულია დასავლეთის მხარდაჭერის ხარისხზე ამ შემოდგომისა და ზამთრის განმავლობაში, როდესაც ენერგორესურსების შემცირებამ და ცხოვრების მკვეთრმა გაძვირებამ შესაძლოა უკრაინის დასავლელი პარტნიორები რთულ ვითარებაში ჩააყენოს.

მოსკოვს ბევრის მიღწევა არ სჭირდება იმისთვის, რომ პუტინს გამარჯვების გამოცხადება შეეძლოს. რუსეთისთვის საკმარისი იქნებოდა, სრულად გაეკონტროლებინა დონბასი და ყირიმის ხიდი. ცხადია, მას მეტი ენდომებოდა. თუ რუსეთის ჯარები დაიკავებდნენ ოდესას და მის გარშემო შავი ზღვის სანაპიროს, ეს უკრაინას რუსეთის ვასალად აქცევდა, თუმცა უფრო მოკრძალებული წარმატებებიც კი საკმარისი იქნებოდა აშშ-ის ძალაუფლების საზღვრების საჩვენებლად. არაა გამორიცხული, დასავლეთის მტკიცე მხარდაჭერით, უკრაინამ ამის შეჩერება შეძლოს.

თუმცა ეს ჯერ კიდევ არაა უდავო.

ომი უკრაინაში არ არის იზოლირებული მოვლენა. იმ დროს, როდესაც რუსეთი აშშ-ის მიერ დამკვიდრებულ მსოფლიო წესრიგს ევროპაში ებრძვის, ამ წესრიგს აზიაში გამოწვევას უგზავნის ჩინეთი. დაწყებულია გეოპოლიტიკური ცვლილებები, რომელთა შედეგებიც, სრული მასშტაბით, შესაძლოა ათწლეულების შემდეგ გამოჩნდეს.

თუმცა წესრიგი, რომელიც მსოფლიოს ცივი ომის შემდეგ ბოლოს 30 წელი მართავდა, დასასრულს უახლოვდება. მისი ნანგრევებიდან ძალთა ახალი ბალანსი აღმოცენდება.

_____________________

თარგმნა: თამარ რუხაძემ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: