მთავარი,სიახლეები

„ბულვარისთვის შეუსაბამო“ – კიდევ რა წერია გენგეგმაში ამბასადორის 16-სართულიან შენობაზე

23.04.2021 • 2990
„ბულვარისთვის შეუსაბამო“ – კიდევ რა წერია გენგეგმაში ამბასადორის 16-სართულიან შენობაზე

შპს „ამბასადორი ბათუმის“ მშენებარე პროექტი ბათუმის ბულვარში – 16-სართულიანი სასტუმრო და ბალნეოლოგიური ცენტრი, ბათუმის ბულვარის ახლახან მომზადებულ გენგეგმაში ბულვარისთვის „შეუსაბამო შენობადაა“ შეფასებული.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ლანდშაფტურ ზონაში, სადაც შპს „ამბასადორის“ საკუთრებაში არსებული ნაკვეთი მდებარეობს, შესაძლებელია მხოლოდ ამ ზონის ფუნქციონირებისთვის შესაბამისი ნაგებობა. ეს კი შესაძლებელია იყოს 3-სართულიანი ბალნეოლოგიური ცენტრი. ტერიტორიის შემოღობვა და ავტოსადგომის მოწყობა კი გენგეგმის დეტალური რეგლამენტით საერთოდ დაუშვებელია.

სწორედ ამ გენგეგმის მომზადებასა და მის დამტკიცებამდე ითხოვდნენ მშენებლობის შეჩერებას არასამთავრობო ორგანიზაციები – „ბათომი“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ [ყოფილი EMC]. მით უფრო, რომ ბულვარის ადმინისტრაციას, როგორც ლანდშაფტური პარკისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განვითარების ერთიანი კონცეფცია – განაშენიანების რეგულირების გეგმა უკვე შესყიდული ჰქონდა.

ბიუჯეტიდან ამისთვის თითქმის 500 000 ლარი დაიხარჯა. თუმცა ეს არც აჭარის განათლების სამინისტრომ [როგორც ნებართვის გამცემი სტრუქტურის ზემდგომმა] და არც სასამართლომ არ გაითვალისწინა.

გენგეგმის სახელოვნებო კვლევის ნაწილში კი ცალსახად არის ნათქვამი, რომ დაუშვებელია ძეგლის საზღვრის, გეგმარებითი, ნაშენი და გამწვანებული სივრცეების ბალანსის ცვლილება – საზოგადოებრივი ბაღისთვის სრულად უცხო და შეუფერებელი ფუნქციის შეტანა.

საბაღე-საპარკე ტერიტორიაზე დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი, საბაღე-საპარკე არქიტექტურის  და ბაღის რეკრეაციული ფუნქციისთვის შესაფერისი შინაარსის ობიექტის გაჩენა.

გენგეგმის სახელოვნებო კვლევის ნაწილში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ბათუმის ბულვარში დაგეგმილი 16-სართულიანი სასტუმრო არ შეიძლება მივიჩნიოთ არც ბაღის რეკრეაციული ფუნქციისთვის შესაფერისი შინაარსის ობიექტად და, მით უმეტეს, არც საბაღე-საპარკე არქიტექტურულ ობიექტად.

„მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა ხორციელდება წარსულში არსებული ბალნეოლოგიური ცენტრის კონტურებში, ამ ობიექტის ფუნქცია და მასშტაბი დაუშვებელია. ის სრულად არღვევს ბაღის ძირითად მახასიათებლებს, ამას კი გამოუსწორებელი შედეგები შეიძლება ჰქონდეს როგორც თავად ბულვარისთვის, ასევე ქალაქისთვის. ობიექტი იმსახურებს კანონში კულტურული მემკვიდრეობის შესახებ განსაზღვრულ სტატუსს – შეუსაბამო ობიექტი“, – ნათქვამია ბულვარის გენგეგმის სახელოვნებო კვლევის ნაწილში. 

გენგეგმის სახელოვნებო კვლევის ნაწილში საუბარია ასევე ბოლო ათწლეულში განხორციელებულ ისეთ მასშტაბურ მშენებლობებზე, რამაც უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა პარკზე.

ბათუმის ბულვარი

ბათუმის ბულვარის გენგეგმა ბულვარის ადმინისტრაციის დაკვეთით შპს „ბაუ დიზაინმა მოამზადა“ და ის დამკვეთს გადასცა. კანონი ახლა მის საჯარო გაცნობას ითვალისწინებს. მას შემდეგ, რაც ბულვარის გენგეგმის ავტორი კომპანია დოკუმენტის საჯარო განხილვას მოაწყობს, დამკვეთის შენიშვნებისა და საჯარო განხილვის შედეგად დაფიქსირებული მოსაზრებების საფუძველზე, დოკუმენტი შეიძლება ისევ შეიცვალოს.

ბოლო ვერსია სწორედ ეს იქნება.

კომპანიამ საჯარო განხილვა 27-28 აპრილს დანიშნა . 27 აპრილს დაგეგმილია პრეზენტაცია ინსპექტირების ჯგუფთან, ასევე არასამთავრობო სექტორთან, ხოლო 28 აპრილს მოეწყობა პროექტის საჯარო განხილვა. საჯარო განხილვის ადგილმდებარეობა და დრო ჯერ დაზუსტებული არ არის, ამიტომ ამ ინფორმაციას მოგვიანებით დავაზუსტებთ.

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ბათუმის ბულვარი გენგეგმას არ ასაჯაროებს, დოკუმენტი საჯარო სივრცეში ატვირთული არ არის და ის არც ოფიციალურად გამოთხოვის შემდეგ მოგვაწოდეს.

____

ბულვარში ყველა დიდი შენობა უნდა დაინგრეს – კიდევ რა წერია გენგეგმაში, რომელიც ჯერ არ დაუმტკიცებიათ

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: