სამხედრო ფორმაში ჩაცმულ ახალგაზრდა კაცს სახეზე მწვანე ბალაკლავა უკეთია, მხოლოდ თვალები მოუჩანს. ინტერვიუს დროს ხმაც შეცვლილი აქვს. ტიტრში მარტო მისი საბრძოლო მეტსახელი იწერება – „ფლინტი“.
ის იმ პირველ ვერტმფრენში იჯდა, რომელიც დნეპრიდან გაფრინდა, მტრის კონტროლირებად ტერიტორიაზე დაახლოებით 100 კილომეტრი იფრინა, ოკუპირებულ მარიუპოლში შეაღწია და „აზოვსტალში“ ჩაიტანა „ჯაველინები“, „სტარლინკები“, მედიკამენტები და საკვები, იქიდან კი დაჭრილები წამოიყვანა.
მას შემდეგ, კიდევ არაერთხელ ჩაფრინდნენ უკრაინული ვერტმფრენები მარიუპოლში, რუსეთის ძალებმა რამდენიმე ჩამოაგდეს კიდეც, თუმცა „ფლინტი“ ფიქრობს, რომ პირველი სპეცოპერაცია, რომელიც მარტის ბოლოს შედგა, განსაკუთრებული იყო, რადგან ამ „შეუსრულებელი მისიის“ არავის სჯეროდა.
„ფლინტი“ უკრაინის სამხედრო დაზვერვის ოფიცერი და სპეცდანიშნულების რაზმის წევრია. იხსენებს ალყაშემორტყმული „აზოვსტალიდან“ მებრძოლების პირველ წარმატებულ ევაკუაციას, რომლის მონაწილეც თავად იყო:
„აზოვსტალისთვის“ ბრძოლის მნიშვნელობაზე
როდესაც ამბობენ, რა იყო „აზოვსტალისთვის“ ბრძოლის აზრი, ადამიანებს არ ესმით, რომ სწორედ „აზოვსტალზე“ იყო კონცენტრირებული რუსეთის მთელი მე-8 არმია. მათ სახმელეთო გარღვევის ეშინოდათ, ამიტომაც მარიუპოლის გარშემო ყველა მხრიდან ეკავათ დაცვა.
მთელი მე-8 არმია იქ იყო და ამ არმიას სხვა მიმართულებებზე ვეღარ იყენებდნენ. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია და უნდა გვესმოდეს, რომ ის, რაც „აზოვსტალის“ დამცველებმა გააკეთეს, ეს იყო საოცარი გმირობა.
რატომ გახდა საჭირო სპეცოპერაცია
სიტუაციას, რომელიც „აზოვსტალში“ განვითარდა, თავისი წინაპირობები ჰქონდა. ადამიანებმა, რომლებიც მარიუპოლის დაცვას გეგმავდნენ და „აზოვსტალს“დაცვის ძირითად ბაზად განიხილავდნენ, მხოლოდ არმიის გარნიზონზე გათვალეს.
იქ კი დაემატნენ მოქალაქეებიც, რომლებსაც რუსეთის კონტროლქვეშ ყოფნა ან ტყვედ ჩავარდა არ უნდოდათ, დაემატნენ სხვა სამხედროებიც, ჰყავდათ უამრავი დაჭრილი, ყველანი ერთად შევიდნენ ქარხანაში და ის მარაგები, წყლის, საკვების, წამლების, რაც გათვლილი იყო გარნიზონზე, ბუნებრივია, ძალიან მალე ამოიწურა.
დაჭრილები, რომელთა მდგომარეობაც მსუბუქად ფასდებოდა, ძალიან სწრაფად მძიმდებოდნენ, მძიმეები კი კიდევ უფრო სწრაფად გადადიოდნენ უმძიმეს მდგომარეობაში. ამიტომაც დადგა საჭიროება, „აზოვსტალისთვის“ მიგვეწოდებინა შეიარაღება, მედიკამენტები და საკვები.
„შეუსრულებელი მისია“
ჩემი ინფორმაციით, მანამდე იყო სახმელეთო ოპერაციის მცდელობა, თუმცა წარუმატებელი. სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა გეგმა, ჰაერიდან მოგვემარაგებინა „აზოვსტალი“.
სინამდვილეში, ეს სრულიად შეუძლებელი ჩანდა – დაახლოებით 100 კილომეტრი უნდა გვეფრინა მტრის კონტროლირებად ტერიტორიაზე – ყველასთვის, ჩვენთვისაც და მოწინააღმდეგისთვისაც, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ხშირად სწორედ ის ვარიანტი მუშაობს, რომელიც თავიდან წარმოუდგენლად გამოიყურება, რადგან თუკი ყველას შეუძლებლად მიაჩნია ის, ასე ფიქრობს მოწინააღმდეგეც, ამიტომ ამისთვის მზად არ არის.
ჩვენს პირველ რეისამდე მტრის ავიაცია ძალიან კომფორტულად გრძნობდა თავს. შედიოდნენ პოზიციებზე, თავისუფლად მოქმედებდნენ. მტრის ჯავშანტექნიკასაც სრული უპირატესობა ჰქონდა. ამიტომაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩაგვეტანა შეიარაღება, კომპლექსები, რომლებითაც ჩვენებს საჰაერო სამიზნეებზე, ჯავშანტექნიკაზე დარტყმა შეეძლებოდათ, ჩაგვეტანა „ჯაველინები“ და ასევე „სტარლინკები“, რომ კავშირი შეგვენარჩუნებინა.
ეს მნიშვნელოვანი იყო როგორც სამხედრო, ისე მორალური თვალსაზრისით.
როგორ მოხვდა „ფლინტი“ პირველ ვერტმფრენში
ამ ოპერაციაში მონაწილეობა კირილო ბუდანოვმა, სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა შემომთავაზა. ეგრევე დავთანხმდი და შემოთავაზებიდან 7 საათში უკვე დნეპრში ვიყავით, ბაზაზე.
თუმცა დნეპრიდან გაფრენა გაიწელა, რადგან შევიტყვეთ, რომ ჩვენი მისიის შესახებ ინფორმაციამ გაჟონა.
ორი ბორტით მივფრინავდით. თითოეულზე იყვნენ ეკიპაჟის წევრები და სამი ადამიანი სამხედრო დაზვერვის სპეცდანიშნულების რაზმიდან. გარდა ამისა, იყო საევაკუაციო ვერტმფრენებიც, რომლებსაც თუ ჩვენ უბედურება შეგვემთხვეოდა, ჩვენი გამოყვანა ევალებოდათ. საქმეში ჩართული იყო ტექნიკის მომსახურე პერსონალიც, ჯამში ასე 25-30 ადამიანი. ასე, რომ საიდან გადიოდა ინფორმაცია, ამის მტკიცება არ შეგვიძლია, თუმცა ფაქტია, რომ ჩვენი იქ ჩაფრენის სავარაუდო დროს, „აზოვსტალის“ თავზე ავიაცია გამოჩნდა, გამანადგურებლები, რომლებიც ჰაერში მორიგეობდნენ.
გაფრენა ორჯერ გადაიდო. გვითხრეს, ბაზაზე ყველა შეკრების ადგილას, სასადილოში, მოსაწევ ოთახში, გარკვეული „ლეგენდა“ გაგვევრცელებინა, მაგალითად, სასადილოში, „დაგვერეკა ოჯახთან“ და გვეთქვა, რომ დავალება გაუქმდა და შინ ვბრუნდებოდით, რომ საღამოს გავიდოდით დნეპრიდან და დილით უკვე სახლებში ვიქნებოდით.
მართლაც იმ საღამოს ავიბარგეთ და იქაურობა დავტოვეთ, სხვაგან გადავედით. დილის 4 საათზე კი ყველასთვის მოულოდნელად დნეპრის აეროდრომზე გავედით და გავფრინდით.
100 კილომეტრი მტრულ ზონაში
ჩვენი ბორტი მთლიანად საბრძოლო მასალებით იყო დატვირთული. დასაჯდომი ადგილი არ იყო, ან საბრძოლო მასალების ყუთზე უნდა დავმჯდარიყავი, ან საწვავის დამატებით ავზზე.
ვიფიქრე, თუ საბრძოლო მასალებზე დავჯდებოდი და ვერტმფრენი ჩამოვარდებოდა, და თუ ეგრევე არ დავიხოცებოდით, ამ ყუთების ქვეშ მოვხვდებოდი, სავარაუდოდ, ფეხებსაც მოვიმტვრევდი და ასე ჩავვარდებოდი ტყვედ. გადავწყვიტე, ისევ საწვავის ავზზე დავმჯდარიყავი – სწრაფი სიკვდილი გარანტირებული მექნებოდა.
ძალიან დაბლა დავფრინავდით, პილოტებმა ძალიან იყოჩაღეს. პირველად ვიფრინე ასეთ სიმაღლეზე. ისე უნდა გვეფრინა, რომ რუსების სარაკეტო კომპლექსებს ავცდენილიყავით და მათი ლოკაციური სადგურების ზონაში არ მოვხვედრილიყავით.
„აზოვსტალში“
ჩვენ, ფაქტობრივად, გამცილებლები ვიყავით, მთავარი მფრინავები იყვნენ, საოცარი ხალხი. ჩვენი მისია ასეთი იყო – თუ ჩამოგვაგდებდნენ „აზოვსტალამდე“, პილოტების ევაკუაციაზე უნდა გვეზრუნა, თუ უკანა გზაზე ჩამოგვაგდებდნენ, მაშინ პილოტებისა და დაჭრილებისთვის თავშესაფარი უნდა მოგვეძებნა, რომ საევაკუაციო ვერტმფრენის მოსვლამდე გაგვეძლო.
როდესაც ჩავედით, ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდებოდა. ადგილზე ცის კონტროლი მევალებოდა, რომ თუ მტრის ავიაცია გამოჩნდებოდა, დროულად გვემოქმედა.
ძრავა არც კი გამოგვირთავს. სასწრაფოდ გადავტვირთეთ ყველაფერი და დაჭრილები ავიყვანეთ ბორტზე.
მთავარ გმირებზე – მფრინავებსა და „აზოვსტალის“ მებრძოლებზე
მფრინავებს შემდეგ სხვაგანაც შევხვდი, უკვე სხვა აეროდრომზე და სხვა დავალებაზე. ერთ-ერთმა, მი 24-ის პილოტმა მითხრა, რომ ყველაფრის მიუხედავად, იგივე დავალება რომ ჰქონოდა დღეს, ერთი წამით არ დაფიქრდებოდა, იმავეს გააკეთებდა.
დაჭრილებსაც შევხვდი მერე. ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით, გადავეხვიეთ.
ისინი ჩვენ გვიხდიდნენ მადლობას გადარჩენისთვის და ჩვენ ვპასუხობდით, რომ ჩვენ ვართ მათი მადლობლები მათი ბრძოლისთვის.
წარმოიდგინეთ, ჩემ წინ დგას ადამიანი, ერთი ფეხი არ აქვს, მზის სათვალე უკეთია, „რეიბანები“ და ხუმრობით გვიყვება, როგორ ეუბნება მისი საყვარელი გოგო, რომ ამ სათვალეში ის ბრედ პიტს ჰგავს. მეღიმება და ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანის ცხოვრება გრძელდება და ამაში მცირე წვლილი მეც მაქვს.
_________
ერთ-ერთი, ვინც „ფლინტის“ პირველმა მისიამ „აზოვსტალიდან“ გამოიყვანა, 27 წლის „აზოველი“ „მოლფარი“ იყო. „მოლფართან“ ერთად ვერტმფრენში 8 ადამიანი იჯდა და არც ერთ მათგანს არ სჯეროდა, რომ ცოცხლები გამოაღწევდნენ.
წაიკითხეთ „მოლფარის“ ბრძოლისა და გადარჩენის ისტორია:
„აზოველი“, რომელმაც ალყაშემორტყმული მარიუპოლიდან გამოაღწია – ჯოჯოხეთს გადარჩენილი