მთავარი,სიახლეები

როგორ იქცნენ კაბაევა და ზახაროვა უკრაინის ნაციონალური გვარდიის აგენტებად

23.08.2022 • 20049
როგორ იქცნენ კაბაევა და ზახაროვა უკრაინის ნაციონალური გვარდიის აგენტებად

რუსეთის სპეცსამსახურებისა და მედიის მიერ დარია დუგინას მკვლელობაში ეჭვმიტანილი ნატალია ვოვკის სამხედრო მოწმობის საპასუხოდ, უკრაინის ნაციონალურმა გვარდიამ ცნობილი რუსებისთვის ზუსტად ისეთივე მოწმობები „დაამზადა“.

„Google-ს ყველაფერი ახსოვს! ყველაფერი, რაც მასთან ერთხელ მაინც მოხვედრილა, მასთან რჩება. თუ კარგად მოძებნით, შეიძლება უკრაინის ნაციონალური გვარდიის მთელი „აგენტურული ქსელიც“ კი აღმოაჩინოთ,“ – წერს გვარდია ფეისბუქზე.

პოსტს თანდართული აქვს სამხედრო ბილეთების ფოტოები, რომელთა მიხედვითაც რუსი პოლიტიკოსი და ყოფილი ტანმოვარჯიშე, პუტინის შვილების დედა, ალინა კაბაევა, ტელეწამყვანი ოლგა სკაბეევა, საგარეო უწყების ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორი მარია ზახაროვა და პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი უკრაინის ნაციონალური გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები არიან.

რუსეთის ფედერალურმა უსაფრთხოების სამსახურმა (FSB) 22 აგვისტოს განაცხადა, რომ ალექსანდრ დუგინის შვილის, დარია დუგინას მკვლელობის საქმე გახსნა.  რუსეთმა დარია დუგინას ავტომანქანის აფეთქებაში უკრაინის სპეცსამსახურები დაადანაშაულა, გამოაქვეყნა ტერაქტში ეჭვმიტანილი ქალის ფოტოები და სამხედრო ბილეთი – ფეესბეს მტკიცებით, ის უკრაინის მოქალაქე, პოლკ „აზოვის“ წევრი, ნატალია ვოვკია (ქალიშვილობაში შაბანი).

ნატალია ვოვკის (შაბანი) მოწმობა, რომელიც რუსულმა მედიამ გაავრცელა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშჩენკომ, ვოვკის უკრაინის ნაციონალური გვარდიის წევრობის მოწმობას ყალბი უწოდა და თავისი სიტყვების დასადასტურებლად გუშინვე გამოაქვეყნა მარგარიტა სიმონიანის სამხედრო ბილეთი.

გუშინვე პოლკმა აზოვმა გაავრცელა განცხადება და განაცხადა, რომ ნატალია ვოვკი არასდროს ყოფილა აზოვის წევრი.

„ეს ე.წ. დოკუმენტი, რომლითაც რუსეთის სპეცსამსახურები ცდილობენ დაამტკიცონ „აზოვის“ კავშირი დარია დუგინას ავტომობილის აფეთქებასთან, სინამდვილეში არაფერია, თუ არა „იაროშის მორიგი სავიზიტო ბარათი“. თავად ტერაქტი კი – ეს არის მზადება „აზოველთა“ „ტრიბუნალისთვის“. ამ გზით, რუსეთი ცდილობს დაარწმუნოს საკუთარი საზოგადოება ასეთი სასამართლოს აუცილებლობაში,“ – ნათქვამია პოლკის განცხადებაში.

„აზოვი“ მოუწოდებს ყველას, ვისაც ამის ძალა შესწევს, შეაჩერონ „აზოველების“ წინააღმდეგ დაგეგმილი „ტრიბუნალი“, რომელიც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა ინფორმაციით, მარიუპოლში 24 აგვისტოს უნდა გაიმართოს.

კრემლის ცნობილი იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის შვილი 20 აგვისტოს ღამეს მოსკოვთან ახლოს, მანქანაში ააფეთქეს.

__

მთავარი ფოტო: უკრაინის ნაციონალური გვარდიის „აგენტურული ქსელის“ წევრები: რუსი პოლიტიკოსი და ყოფილი ტანმოვარჯიშე, პუტინის შვილების დედა, ალინა კაბაევა და საგარეო უწყების ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორი მარია ზახაროვა

ამავე თემაზე:

„აზოვის“ პოლკი: ქალი, რომელსაც დუგინას აფეთქება ბრალდება, არასდროს ყოფილა „აზოვის“ წევრი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: