მთავარი,სიახლეები

ჭრილობაში ნემსებს არჭობდნენ – რას ჰყვებიან „აზოვსტალის“ დამცველები ტყვეობის შემდეგ

23.08.2022 • 2209
ჭრილობაში ნემსებს არჭობდნენ – რას ჰყვებიან „აზოვსტალის“ დამცველები ტყვეობის შემდეგ

„აზოვსტალის“ დამცველები, რომლებიც რუსეთის ტყვეობიდან დაბრუნდნენ, წამების, დამცირებისა და ზეწოლის შესახებ ჰყვებიან. სამმა მათგანმა დონეცკში გატარებული თვეების შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„აზოვის“ მებრძოლი დენის ჩეპურკო (მეტსახელად „მანგო“), რომელმაც მარიუპოლის ბრძოლებში ხელი დაკარგა, იხსენებს, რომ ის ტყვედ ჩავარდნის შემდეგ ოლენოვკაში გადაიყვანეს.

„მოწმე ვარ, როგორ სცემდნენ ბიჭებს. გამოგვყრიდნენ ხოლმე ე.წ. ჩხრეკის გამო და გვაშიშვლებდნენ… გვაიძულებდნენ მოვკუნტულიყავით და თავი დაგვეხარა. ვინც თავს წამოსწევდა, მაშინვე ურტყამდნენ“, – ამბობს „მანგო“ და დასძენს, რომ დაკითხვების დროს მას ჯოხებით სცემდნენ და საკუთარი მეთაურების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას სთხოვდნენ:

„უნდოდათ, ჩვენება მიგვეცა, რომ ქალაქი დავბომბეთ.“

დენის ჩეპურკო, „მანგო“

როგორც „მანგო“ იხსენებს, ათი ტყვე 2 კვადრატულ საკანში ჰყავდათ და ორ დღეში ერთხელ 600 გრამ წყალს აძლევდნენ, „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლების ჰუმანიტარულ დახმარებას კი კოლონიაში არ უშვებდნენ.

დმიტრო უსიჩენკო (მეტსახელად „ვიშნია“), რომელიც სამხედრო დაზვერვის მოსამსახურეა, ჰყვება, რომ  მას „საგამოძიებო მოქმედებების“ დროს დახვრეტითა და ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ, – „არ ვიცი, რა უნდოდათ, სავარაუდოდ, უნდოდათ გვეღიარებინა, რომ მშვიდობიან მოქალაქეებს ვკლავდით, თუმცა ჩვენ მსგავსი რამ არ გვიღიარებია“.

დმიტრო უსიჩენკო, „ვიშნია“

„აზოვის“ კიდევ ერთმა მებრძოლმა ვლადისლავ ჟავორონოკმა (საბრძოლო მეტსახელით „ვიკიპედია“), რომელიც მძიმედ იყო დაჭრილი, თვე-ნახევარი დონეცკში კლინიკაში გაატარა.

„ვიკიპედია“ ამბობს, რომ „რუსები ზეწოლის აბსოლუტურად ყველა მეთოდს მიმართავენ“.

„კონკრეტულად ჩემ შემთხვევაში, რაც შეეხება მკურნალობას… რუსეთს სჭირდებოდა ასეთი ფაქტი, რომ ჩვენ როგორღაც მოგვარჩინეს. თუმცა ფაქტობრივად, ეს მკურნალობა არ ყოფილა, ეს იყო სიცოცხლის შენარჩუნება, რომ უბრალოდ მიგვეღწია იმ მომენტამდე, როდესაც გაგვცვლიდნენ,“ – ამბობს ჟავორონოკი.

მისი თქმით, დაჭრილებზე ძლიერი ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობდა, არ აძლევდნენ საშუალებას ოჯახის წევრებს დაჰკავშირებოდნენ, საერთოდ რაიმე კონტაქტი ჰქონოდათ გარესამყაროსთან და მუდმივად არწმუნებდნენ, რომ „ისინი არავის სჭირდება“ და უკრაინა ომს აგებს.

„ეს საერთაშორისო კონვენციის დარღვევაა… წარმოიდგინეთ, რომ მძიმედ დაჭრილი ადამიანი საავადმყოფოშია და პირველივე დღიდან იწყება ეს მორალური ზეწოლა, იწყება დაკითხვები,“ – ჟავორონოკი იხსენებს, რომ მისი დაკითხვა ჯერ კიდევ მანამდე დაიწყეს, ვიდრე კიდურების ამპუტაციის შემდეგ ანტიბიოტიკების მიღებას დაიწყებდა.

ვლადისლავ ჟავორონოკი, „ვიკიპედია“

„ბიჭებს, ვინც იქ იმყოფებოდნენ, აწამებდნენ… ვიღაცას ჭრილობაში ნემსებს არჭობდნენ, ვიღაცას წყლით აწამებდნენ…“ – „ვიკიპედია“ ჰყვება, რომ ზოგიერთი დაჭრილი აუცილებელ სამედიცინო დახმარებასაც  ვერ იღებდა, რადგან ან მედიკამენტები არ იყო საკმარისი, ან ექიმებს საკმარისი ცოდნა არ ჰქონდათ.

„რუსეთს სჭირდებოდა ფაქტი, რომ დაჭრილებს მკურნალობენ, რომ მათი გამოჯანმრთელება შეუძლიათ. მაშინაც კი, როდესაც რომელიმე დაჭრილის დახმარებას ვერ ახერხებდნენ, დახმარებისთვის არავისთვის მიუმართავთ. არ ამხელდნენ, რომ მედიკამენტები არ ჰქონდათ. ამიტომაც მინიმალურ დახმარებას ვიღებდი, მედიკამენტების ძალიან მცირე რაოდენობას და ზოგჯერ ამასაც ვერა.“

კითხვაზე, წამება ხდებოდა დაკითხვებისას თუ მკურნალობის დროს, „ვიკიპედია“ პასუხობს, რომ მკურნალობის დროს.

„ზოგიერთი მძიმედ დაჭრილი არა კლინიკაში, არამედ ოლენოვკაში იყო – სამხედრო ტყვეების ბანაკში. მე მხოლოდ შემიძლია ვივარაუდო, როგორი იქნება მათი წამება, ვისაც საკმარისად ჯანმრთელად მიიჩნევდნენ,“ – ამბობს ჟავორონოკი.

______________________

„აზოვსტალის“ მცველები 82-დღიანი წინააღმდეგობის შემდეგ 16-17 მაისს ტყვედ ჩაბარდნენ. პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, რუსეთის ტყვეობაში 2 500-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო იმყოფებოდა.

29 ივნისს რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეთა პირველი მასშტაბური გაცვლა შედგა – უკრაინაში დაბრუნდა 144 სამხედრო, მათ შორის 95 – „აზოვსტალის“ დამცველი.

გაცვლიდან ზუსტად ერთი თვის შემდეგ, 29 ივლისს, ოლენოვკაში მომხდარი აფეთქებისა და ხანძრის შედეგად, 50-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა. მომხდარს უკრაინამ რუსეთის მიერ დაგეგმილი ტერაქტი უწოდა, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, თავდასხმა „ვაგნერმა“ მოაწყო.

6 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ რუსებმა მარიუპოლის ფილარმონიის სცენაზე რკინის გალიების დამონტაჟება დაიწყეს. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა ცნობით, 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, საოკუპაციო ძალები „აზოვტალის“ დამცველთა საჩვენებელ სასამართლოს გეგმავენ.

__________________

მთავარ ფოტოზე: პრესკონფერენცია/კადრი ვიდეომასალიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: