მთავარი,სიახლეები

ქალი, რომელიც უშვილობის გადასახადს იხდიდა – კანონი სსრკ-ში

22.08.2022 • 4356
ქალი, რომელიც უშვილობის გადასახადს იხდიდა – კანონი სსრკ-ში

სსრ კავშირში უცოლო, უქმრო, მარტოხელა და უშვილო მოქალაქეები იბეგრებოდნენ. ბრძანებასაც ასე ერქვა: „უცოლო, უქმრო, მარტოხელა და მცირეოჯახიან მოქალაქეთა გადასახადის შესახებ“.

ეს ბრძანება სსრკ-ში 1941 წლის ნოემბრიდან 1992 წლის იანვრამდე მოქმედებდა. გადასახადის გადამხდელები იყვნენ  სსრკ-ს მოქალაქეები, 20-დან 50 წლამდე უშვილო კაცები და ქორწინებაში მყოფი 20-დან 45 წლამდე ქალები. გადასახადის ოდენობა დაბეგრილთა ხელფასისა და სამუშაო ადგილის მიხედვით განისაზღვრებოდა.

მოქალაქეები, რომლებსაც 91 მანეთზე მაღალი ხელფასი ჰქონდათ, ხელფასის 6%-ს იხდიდნენ, 71-დან 91 მანეთამდე ხელფასის შემთხვევაში გადასახადი მცირდებოდა. გადასახადისგან თავისუფლდებოდა ის, ვისაც 70 მანეთზე ნაკლები ხელფასი ჰქონდა.

როცა დაბეგრილ მოქალაქეთა ხელფასი იზრდებოდა, იმატებდა გადასახადიც.

გადასახადებისგან თავისუფლდებოდნენ საბჭოთა კავშირის გმირები, დიდების მესამე ხარისხის ორდენით დაჯილდოებულები, სამხედრო მოსამსახურეები და მათი მეუღლეები, მოქალაქეები, რომელთა შვილებიც დაიღუპნენ ან უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ „დიდ სამამულო ომში“. გადასახადს არ იხდიდნენ არც პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების 25 წლამდე სტუდენტები, 1-ლი და მე-2 ჯგუფის შშმ პირები.

წყვილს უშვილობის გადასახადი ეკისრებოდა ქორწინების რეგისტრაციიდან ერთი წლის შემდეგ.

ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა, ქეთი გურჩიანმა რამდენიმე დღის წინ ბებიის დის სკივრში ძველი, წლობით ნაგროვები და ერთად აკინძული  ქვითრები იპოვა – უშვილობის გადასახადები. ჟენია ყიფიანი და მისი მეუღლე ამ გადასახადს 1941 წლიდან დიდხანს იხდიდნენ.

 

ქეთი გურჩიანი:

ჟენია ყიფიანი ბებიაჩემის და იყო. ბებოს ვეძახდით. ბებო იყო ჩვენთვის. იმერეთში ცხოვრობდა. თავადები იყვნენ და უამრავი ძველი ნივთი ჰქონდათ შენახული, ძალიან უფრთხილდებოდნენ.

სოფლის სახლიც, ხეებიც ძველია იმერეთის იმ სოფელში და ეს სკივრიც ამ სიძველის ნაწილი იყო.

მთელი ბავშვობა გვიყვებოდა ბებო რევოლუციამდელ ამბებსა და სიძველეებზე. საბჭოთა პერიოდის გადასახადებიც ჰქონდა შენახული, მაგრამ ამ ქვითრებს არასდროს ვათვალიერებდით. წელს დავათვალიერე. ბებოს შვილი არ ჰყავდა, ამას ძალიან განიცდიდა.

უშვილობის გადასახადები ერთად აკინძული ვიპოვე სკივრში. მისი მეუღლე მიდიოდა ხოლმე და ყოველ სამ თვეში ერთხელ იხდიდა 37 მანეთს. 60-იანი წლებიდან უკვე ბებო იხდიდა თავისი სახელით ამ გადასახადს.

მცირეოჯახიან მოქალაქეთა გადასახადის ქვითარი

ბებიას მეორე დაც ჰყავდა – ნუცა ამაღლობელი, მისი მეუღლე 37 წელში დახვრიტეს. არც ამ ბებოს ჰყავდა შვილი, მაგრამ უშვილობის გადასახადს არ იხდიდა, ალბათ რახან მარტოხელა იყო.

დიდი ფსიქოლოგიური წნეხი იყო ბებოსთვის უშვილობა. თან ეს გადასახადები… რუდუნებით ჰქონდა აკინძული. ბევრი რამ გვაქვს შენახული. მათ შორის მისი ერთი ფოტო, რომელსაც ასეთი წარწერა აქვს: „შეინახე სანამ გიყვარდე“. ძალიან ვუფრთხილდებით ამ ყველაფერს.

მეც მახსოვს, როგორ მოდიოდნენ დასაბეგრად და უნდა ჩაგეწერა, რომ მხოლოდ ორი ცხვარი გყავს, რომ არ დაბეგრილიყავი. ძალიან საინტერესოდ მახსოვს ბებიის მონათხრობი, როგორ გადარჩა მისი დიდი ეზო კოლმეურნეობის მიწად ქცევას.

დიდი ძელქვები ედგათ ეზოში. იქ ერთი ძელქვა საბჭოთა კავშირის დაცული ხეების ნუსხაში იყო შეტანილი. ამ ხის ირგვლივ, ეზოს ნაწილი არასამეურნეო მიწად იყო მიჩნეული. არ შეიძლებოდა ამ ხეების მოჭრა და ეზოსთვის, ძელქვებისთვის ვინმეს უნდა მოევლო. უვლიდა ბებია. სულ ამბობდა: ამ ხემ და ძელქვებმა გადამირჩინეს ეზოო.

ჟენია და ნუცა ბებო დიასახლისები იყვნენ. უვლიდნენ ეზოს, ძელქვებს და სახლ-კარს.

„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარი, ირაკლი ხვადაგიანი გვეუბნება, რომ აბსურდული გადასახადი მრავლად იყო საბჭოთა ეპოქაში, თუმცა, მისივე თქმით, კონკრეტულად როდის და რა გადასახადი რისთვის წესდებოდა, კვლევის საგანია.

„ამ ტიპის ქვითრების და დოკუმენტების არსებობა საინტერესო და მნიშვნელოვანია. საბჭოთა გადასახადები ყვლეფის მექანიზმი იყო. 40, 50-იანი წლების სოფლის მოსახლეობას ახსოვს, რომ ყველაფრის გამო ბეგრავდნენ. გარდა ამისა, კოლმეურნეობაში უნდა ემუშავათ უფასოდ, მერე საკუთარ მიწაზეც უნდა ეშრომათ, რომ საკვები მოეყვანათ. ქათამი ან თუ რამე ჰყავდათ, უნდა ჩაებარებინათ გადასახადის სახით. იბეგრებოდა ყველაფერი, რაც მოძრაობდა.

20-იანი წლების განმავლობაში პროპაგანდის დონეზე იყო აქტიური, უხეში და ტრაფარეტული ქალთა ემანსიპაციის რიტორიკა. მერე ეს მიდგომა შეიცვალა და ისევ პატრიარქალურ საწყისებს უბრუნდება ყველაფერი. 30, 40-იან წლებში რაღაც ჰიბრიდი მივიღეთ და ზედაპირული, პროპაგანდისტული სახე გაჩნდა მოწინავე, კოლმეურნე თუ კოსმონავტი ქალების, პარალელურად კი ქალებს უშვილობის გადასახადების გადახდა უწევდათ“, – ამბობს მკვლევარი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: