მთავარი,რეკლამა,სიახლეები

გარე განათება შუახევის 3 სოფელში – „აჭარისწყალი ჯორჯიას“ ხელშეწყობით

23.08.2022 • 1389
გარე განათება შუახევის 3 სოფელში – „აჭარისწყალი ჯორჯიას“ ხელშეწყობით

შუახევის სამ სოფელში ღამით გადაადგილება ახლა გაცილებით მოსახერხებელია, რადგან გზები ჩაბნელებული არ არის, აქ გარე განათება დაამონტაჟეს. ეს მცირე, თუმცა მნიშვნელოვანი მაგალითია იმისა, თუ რა ეფექტური შეიძლება აღმოჩნდეს კერძო კომპანიის, არასამთავრობო სექტორის, მოსახლეობისა და მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლობა.

„ჩართულობა და სასოფლო თემის მდგრადი განვითარება“ – ასე ეწოდება პროექტს, რომელსაც ფონდი „მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი“ 2020 წლიდან Bread for the World-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მიზანია თემის სტაბილური განვითარებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა, მოქალაქეთა მონაწილეობით, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის 27 სოფელში.

პროექტის საშუალებით სოფლებში ვლინდება კონკრეტული პრობლემები და მოსახლეობის მონაწილეობით ინფრასტრუქტურული საქმიანობა ხორციელდება.

სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, მოსახლეობის საერთო გადაწყვეტილებით, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ტაკიძეებში, ნიგაზეულსა და ფურტიოში გარე განათების მოწყობა დაიგეგმა.

მაღალმთიან სოფლებში განსაკუთრებით ჭირს ღამით გადაადგილება. სოფლის შიდა გზები ტყის სიახლოვესაა, საფეხმავლო ბილიკები კი ხშირად ტყეშიც გადის.

პროექტის ფარგლებში გამოყოფილი თანხით თითოეული სოფლისთვის  გარე განათების 7 ბოძის მონტაჟი იგეგმებოდა, თუმცა კომპანია „აჭარის წყალი ჯორჯიამ“ გამოყო დამატებითი ფინანსური რესურსი, რომლის საშუალებითაც თითოეულ სოფელში შვიდის ნაცვლად გარე განათების 12 ბოძის დამონტაჟება გახდა შესაძლებელი.

სოფლების მოსახლეობა თავად იყო ჩართული გარე განათების ბოძების მოსაწყობ სამუშაოებში

კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ კორპორაციული და სოციალური პასუხისმგებლობის გუნდის ხელმძღვანელი ნინო დიასამიძე ამბობს, რომ „აჭარისწყალი ჯორჯია“ მრავალი წელია თანამშრომლობს არასამთავრობო სექტორთან და მათთან ერთად ახორციელებს პროექტებს, რომლებიც „შუახევი ჰესის“ არეალში მცხოვრები ადამიანების ცხოვრების ხარისხის დონის ამაღლებას და რეგიონის გრძელვადიან ეკონომიკურ განვითარებას ისახავს მიზნად:

„ფონდ „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის,“ ჩვენი კომპანიისა და ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერით დაიგეგმა და განხორციელდა გარე განათების მოწყობის პროექტი სამი სოფლისთვის: ნიგაზეულისთვის, ფურტიოსა და ტაკიძეებისთვის.

კომპანია აჭარისწყალი ჯორჯია, როგორც მშენებლობის, ასევე შუახევი ჰესის ოპერირების ეტაპზეც მუდმივად გააგრძელებს ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერას,“ – ამბობს ნინო დიასამიძე.

„აჭარისწყალი ჯორჯია“ პირველსავე მიმართვაზე გამოეხმაურა მოსახლეობას, ორგანიზაციას და გამოყო ფინანსური რესურსი.

ასლან ჭანიძე „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის“ პროექტის რეგიონული კოორდინატორია. როგორც ის ამბობს, სოფლებში სპეციალურად შექმნილმა საინიციატივო ჯგუფებმა ჯერ სოფლის პრობლემები გამოიკვლიეს და შემდეგ მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხები გამოყვეს:

„ზოგს წყალი სჭირდება სოფელში, ზოგს – განათება და ზოგს – რაღაც შენობის რეაბილიტაცია. ვიმსჯელეთ, რისთვის იქნებოდა საკმარისი ჩვენ მიერ გამოყოფილი თანხა და გარე განათების მოწყობა გადაწყდა.

შევიძინეთ ამისთვის საჭირო მასალები: ბოძები, ელექტრომოწყობილობები, საწვავი თუ ცემენტი – ყველაფერი, რაც ელექტრობოძების მოწყობას სჭირდება. ჩვენ ხელფასს არ ვიხდით, ვაფინანსებთ მასალების შეძენას. ყველა სოფელშია ელექტრიკოსი და შემდუღებელი. ფიზიკური სამუშაოები სოფლის მოსახლეობამ თავად შეასრულა. ჩვენ მიერ გამოყოფილ თანხას „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ საკუთარი რესურსი დაამატა და შედეგად განათდა 3 სოფელი,“ – ამბობს ასლან ჭანიძე.

მისივე თქმით, შუახევში პროცესში ჩაერთო მერიაც, მოსახლეობაც, ბიზნესსექტორიც და არასამთავრობო ორგანიზაციაც.

სოფლების განათების ქსელში ჩართვას შუახევის მერია უზრუნველყოფს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: