მთავარი,სიახლეები

„ამბასადორის“ ახალ ნებართვას „ბათომი“ და სოციალური სამართლიანობის ცენტრი ასაჩივრებენ

22.02.2022 • 2321
„ამბასადორის“ ახალ ნებართვას „ბათომი“ და სოციალური სამართლიანობის ცენტრი ასაჩივრებენ

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, ორგანიზაცია „ბათომთან“ ერთად, „ამბასადორი ბათუმის“ ახალ ნებართვას ასაჩივრებს. შეცვლილი ნებართვით კომპანიამ ბათუმის ბულვარში მიმდინარე სამშენებლო პროექტს ორი სართული დაამატა. „ამბასადორ ბათუმმა“ პროექტში ცვლილებისთვის სააგენტოს პოსტფაქტუმ, მხოლოდ მას შემდეგ მიმართა, როცა პროექტის დარღვევით ორი დამატებითი სართული უკვე აშენებული ჰქონდა.

ახალი ნებართვის მიხედვით, ბათუმის ბულვარში  21-სართულიანი სასტუმრო შენდება, აქედან 3 მიწისქვეშა სართულია.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ცალსახად უკანონოა.

„სასტუმრო კომპლექსი მნიშვნელოვან ზიანს აყენებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს – ბათუმის ბულვარს; მისი კიდევ უფრო გაზრდა ძეგლის შეუქცევადი და გამოუსწორებელი დაზიანების წინაპირობაა“, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა „ამბასადორის“ პროექტი მშენებლობის ეტაპზე იზრდება. პროექტი, საწყის ეტაპზე, ოთხსართულიან ნაგებობას ითვალისწინებდა.

ამბასადორი – რენდერი

2020 წელს „ამბასადორი ბათუმი“ უკანონო, მეხუთე სართულის აშენებისთვის დაჯარიმდა. ამის შემდეგ ნაგებობის პროექტი, ბათუმის მერიის ჩართულობის გარეშე, 16 სართულამდე გაიზარდა.

„ამბასადორი ბათუმმა“ ბულვარის ცენტრში, საპროექტო ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების ნებართვა პირველად 2018 წელს მოიპოვა, რაც ოთხსართულიანი გამაჯანსაღებელი ცენტრის აშენებას გულისხმობდა.

2019 წლის დასაწყისში კომპანიამ ამ ზღვისპირა ტერიტორიის ბულვარის საზღვრებიდან ამოღებაც კი სცადა, რისი მიზანიც იყო ძეგლის სტატუსის მოხსნა, რაზეც უარი მიიღო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოსგან.

2019 წლიდან „ამბასადორი“ ორჯერ დაჯარიმდა პროექტის დარღვევით მშენებლობისთვის, კერძოდ, მაღლივი შენობისთვის განკუთვნილი ხიმინჯოვანი საძირკვლების მოწყობისთვის, რაც იმთავითვე აჩვენებდა კომპანიის განზრახვას შენობის საძირკველი, სათანადო ნებართვის არქონის მიუხედავად, მაღლივი შენობისთვის მოემზადებინა.

2019 წლის ბოლოს, „ამბასადორი ბათუმმა“ სანებართვო პირობებში ცვლილების შეტანა და ოთხსართულიანი კონსტრუქციის 15 სართულამდე გაზრდა მოითხოვა. სააგენტომ მაშინ  პროექტის შეცვლაზე უარი განუცხადა. თუმცა, გადაწყვეტილება 2021 წლის 21 იანვარს შეცვალა და  კომპანიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე 19-სართულიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის უფლება მისცა არსებულ ნებართვაში ცვლილების შეტანის გზით.

გადაწყვეტილება „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ და „ბათომმა“ სასამართლოში გაასაჩივრა. კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლის მიუხედავად, სასამართლო პროცესი ჯერაც არ ჩანიშნულა.

დამატებით ორი სართულის დაშენების თაობაზე ნებართვის გაცემის შემდეგ „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ საჩივრით ნებართვის გამცემის, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზემდგომს, განათლების სამინისტროს მიმართა. საჩივარზე ზეპირი მოსმენა 2022 წლის 25 თებერვალს უნდა გაიმართოს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: