მთავარი,სიახლეები

ეკლესია ბათუმში 1926 კვ/მეტრ მიწას ითხოვს, რეესტრი მერიის დასტურს

05.01.2022
ეკლესია ბათუმში 1926 კვ/მეტრ მიწას ითხოვს, რეესტრი მერიის დასტურს

მართლმადიდებელი ეკლესია ბათუმში, ბესიკის ქუჩაზე მდებარე 1926 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთის საკუთრებში დარეგისტრირებას ითხოვს. თუმცა, საჯარო რეესტრმა დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა მოითხოვა. რეესტრი ასევე ითხოვს ბათუმის მერიისგან, დაადასტუროს თავისი პოზიცია ეკლესიისთვის აღნიშნული ქონების საკუთრებაში გადაცემაზე.

საჯარო რეესტრი თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ „დაინტერესებული პირის [ანუ ეკლესიის] მიერ არ არის წარმოდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი“.

ეკლესიამ 2021 წლის 10 აგვისტოს მიმართა საჯარო რეესტრს განცხადებით. რეესტრმა კი, დამატებითი ინფორმაცია ბათუმის მერიისგან 17 აგვისტოს გამოითხოვა.

ასევე განემარტა ეკლესიას, რომ „მას თავად შეუძლია, დამატებით, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა“.

რეესტრი წერილობით მიმართავს ბათუმის მერიას, რომ ეკლესიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდება მიწის ნაკვეთის საზღვრები და არც ის, შეესაბამება თუ არა ეს ნაკვეთი კონკორდატით ეკლესიისთვის განსაზღვრულ უძრავ ქონებას.

„გეგზავნებათ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და გთხოვთ, დაგვიდასტუროთ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უძრავი ქონება შეესაბამება თუ არა „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციური შეთანხმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2002 წლის 22 ოქტომბრის დადგენილებით განსაზღვრულ უძრავ ქონებას და გვაცნობოთ თქვენი პოზიცია ეკლესიის საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. ასევე ზედდება ფიქსირდება [მერიის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთთან]… იმსჯელეთ კორექტირების საკითხზე აღნიშნული ზედდების ნაწილში.“ – აღნიშნულია საჯარო რეესტრის მიერ ბათუმის მერიაში 2021 წლის 17 აგვისტოს გაგზავნილ წერილში.

რეესტრის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ „სხვა ადმინისტრაციული ორგანოსგან 15 კალენდარული დღის ვადაში პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში სააგენტო განმეორებით მიმართავს ადმინისტრაციულ ორგანოს. განმეორებით გაგზავნილი მოთხოვნის ადრესატისთვის ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში, სააგენტო 4 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას საქმეში არსებულ დოკუმენტაციაზე/ინფორმაციაზე დაყრდნობით“.

საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით არ ჩანს, დამატებით მიმართა თუ არა რეესტრმა მერიას. თუმცა, რომც მიემართა, გადაწყვეტილების მისაღებად განსაზღვრული დრო ამ შემთხვევაშიც გასულია. რეესტრს კი გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია.

რეესტრიდან არც ის ირკვევა, წარადგინა თუ არა ბათუმის მერიამ ან ეკლესიამ, აგვისტოდან დღემდე პერიოდში, რაიმე დამატებითი დოკუმენტი. „მიმდინარეობს სარეგისტრაციო წარმოებაზე დამატებითი დოკუმენტაციის მოძიება“, – ასეთი აღნიშვნაა რეესტრში, 2022 წლის 5 იანვრის მდგომარეობით.

ბესიკის ქუჩაზე [ასათიანისა და თავდადებულის ქუჩებს შორის] არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომლის საკუთრებად დარეგისტრირებასაც ითხოვს მართლმადიდებელი ეკლესია, დღეს მოქმედი ეკლესია დგას. ეკლესიის მიმდებარედ კი, ქალაქის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ჯერ მინისტადიონი იყო, შემდეგ სკვერი. 

ტერიტორია ეკლესიის მიერ დღეს მთლიანად შემოღობილია და ის ამ დრომდე ქალაქ ბათუმის მერიის საკუთრებაშია.

ტერიტორია [მონიშნულია წითელი ხაზით] რომელსაც ეკლესია საკუთრებაში ითხოვს / ბათუმში, ბესიკის ქუჩაზე

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: