მთავარი,სიახლეები

„აზოვის“ პოლკი: ქალი, რომელსაც დუგინას აფეთქება ბრალდება, არასდროს ყოფილა „აზოვის“ წევრი

22.08.2022 • 2298
„აზოვის“ პოლკი: ქალი, რომელსაც დუგინას აფეთქება ბრალდება, არასდროს ყოფილა „აზოვის“ წევრი

„აზოვის“ პოლკი აცხადებს, რომ ქალს, რომლის სახელი და გვარიც და სამხედრო ბილეთიც რუსეთის სპეცსამსახურებმა დარია დუგინას მკვლელობის საქმეზე გამოაქვეყნეს, არანაირი კავშირი არ აქვს „აზოვის“ პოლკთან და არც მისი წევრი ყოფილა როდისმე.

„ეს ე.წ. დოკუმენტი, რომლითაც რუსეთის სპეცსამსახურები ცდილობენ დაამტკიცონ „აზოვის“ კავშირი დარია დუგინას ავტომობილის აფეთქებასთან, სინამდვილეში არაფერია, თუ არა „იაროშის მორიგი სავიზიტო ბარათი“. თავად ტერაქტი კი – ეს არის მზადება „აზოველთა“ „ტრიბუნალისთვის“. ამ გზით, რუსეთი ცდილობს დაარწმუნოს საკუთარი საზოგადოება ასეთი სასამართლოს აუცილებლობაში,“ – ნათქვამია პოლკის განცხადებაში.

„აზოვი“ მოუწოდებს ყველას, ვისაც ამის ძალა შესწევს, შეაჩერონ „აზოველების“ წინააღმდეგ დაგეგმილი „ტრიბუნალი“, რომელიც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა ინფორმაციით, მარიუპოლში 24 აგვისტოს უნდა გაიმართოს.

კრემლის ცნობილი იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის შვილი 20 აგვისტოს ღამეს მოსკოვთან ახლოს, მანქანაში ააფეთქეს. რუსული სახელმწიფო მედიის ცნობით, ავტომობილზე დამონტაჟებული მოწყობილობა დისტანციურად აამოქმედეს.

მიუხედავად იმისა, რომ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა პუტინის მოწინააღმდეგე „ნაციონალურმა რესპუბლიკურმა არმიამ“ აიღო, რუსეთის ხელისუფლებამ ტერაქტში უკრაინის სპეცსამსახურები დაადანაშაულა.

რუსეთის ფედერალურმა უსაფრთხოების სამსახურმა (FSB) დღეს, 22 აგვისტოს, განაცხადა, რომ ალექსანდრ დუგინის შვილის, დარია დუგინას მკვლელობის საქმე გახსნა. 

დღესვე რუსულ მედიაში გაჩნდა იმ ქალის ფოტოები, რომელმაც თითქოს დარია დუგინა ააფეთქა. ფეესბეს მტკიცებით, ის უკრაინის მოქალაქე, პოლკ „აზოვის“ წევრი, ნატალია ვოვკია (ქალიშვილობაში შაბანი). ფოტოსთან ერთად გამოქვეყნდა ვოვკის სამხედრო მოსამსახურის მოწმობაც.

აფეთქებასთან ყოველგვარი კავშირი უარყო ოფიციალურმა კიევმაც. „გუშინდელ აფეთქებასთან უკრაინას, რა თქმა უნდა, არანაირი კავშირი არ აქვს, რადგან ჩვენ არ ვართ კრიმინალური სახელმწიფო, როგორიცაა რუსეთი და მით უმეტეს, არ ვართ ტერორისტული სახელმწიფო,“ – თქვა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშჩენკომ კი განაცხადა, რომ ვოვკის უკრაინის ნაციონალური გვარდიის წევრობის მოწმობა ყალბია და თავისი სიტყვების დასადასტურებლად გამოაქვეყნა მეორე მსგავსი მოწმობა, რომლის მიხედვითაც რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი უკრაინის ნაციონალური გვარდიის სამხედრო მოსამსახურეა.

იმის საილუსტრაციოდ, რომ უკრაინელი ქალის მოწმობა გაყალბებულია, ანტონ გერაშჩენკომ გამოაქვეყნა უკრაინის ნაციონალური გვარდიის სამხედრო მოსამსახურის მოწმობა რუსი პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის ფოტოთი

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ვოვაკის სამხედრო მოწმობა

დღეს დარია დუგინას მკვლელობაზე პირველი კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რომელმაც მომხდარს უწოდა „საზიზღარი და სასტიკი“ დანაშაული, რომელმაც „ნამდვილი რუსული გულის მქონე“ ადამიანისა და „რუსეთის ნამდვილი პატრიოტის“ სიცოცხლე შეიწირა.

კრემლის საიტზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ სამძიმარში ვლადიმერ პუტინს უკრაინა არ უხსენებია, თუმცა შვილის მკვლელობაში კიევი ღიად დაადანაშაულა თვითონ ალექსანდრე დუგინმა, რომლის თქმითაც, თავდასხმა „ნაცისტურმა უკრაინულმა რეჟიმმა მოაწყო“.

ალექსანდრ დუგინი, კრემლის ერთ-ერთი პროპაგანდისტი და რუსული ულტრამემარჯვენე ტელევიზია ТВ-ს დამფუძნებელია. საჯარო სივრცეში ის პოზიციონირებს, როგორც პოლიტოლოგი და ფილოსოფოსი. ის მიიჩნევა „რუსული სამყაროს“ იდეოლოგად და აქტიურად ეწევა პროპაგანდას რუსეთის საზღვრებში პოსტსაბჭოთა ქვეყნების გაერთიანებაზე.

დარია დუგინა მამის იდეოლოგიასა და ხედვებს იზიარებდა. მასთან ერთად ის გამოდიოდა საჯარო ლექციებზე, ასევე, წერდა პროპაგანდისტული მედია RT-ისა და დუგინის დაფუძნებულ„Царьград“-ისთვის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: