მთავარი,სიახლეები

„აზოველი“, რომელმაც ალყაშემორტყმული მარიუპოლიდან გამოაღწია – ჯოჯოხეთს გადარჩენილი

24.06.2022 • 16195
„აზოველი“, რომელმაც ალყაშემორტყმული მარიუპოლიდან გამოაღწია – ჯოჯოხეთს გადარჩენილი

როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, „აზოვის“ წევრი, საბრძოლო მეტსახელით „მოლფარი“, მარიუპოლს იცავდა. 27 წლის ახალგაზრდას პრიკარპატიედან, ამ დროისთვის უკვე ჰქონდა დონბასში ბრძოლის 8-წლიანი გამოცდილება. მარიუპოლში, რომელსაც რუსები სამი თვე ბომბავდნენ, ის ქალაქის დამცველთათვის კავშირგაბმულობას უზრუნველყოფდა.

მარტის შუა რიცხვებში, ერთ-ერთ დავალებაზე, „მოლფარი“ მძიმედ დაიჭრა. დაბომბვებისა და საარტილერიო თავდასხმების მიუხედავად, უკრაინელმა პილოტებმა ის და მისი კიდევ რამდენიმე დაჭრილი თანამებრძოლი მტრის მიერ ალყაშემორტყმული ქალაქიდან ვერტმფრენებით გამოიყვანეს.

ეს იყო „აზოვსტალიდან“ მებრძოლების ევაკუაციის პირველი წარმატებული ოპერაცია.

ღირსების რევოლუციიდან სრულმასშტაბიან ომამდე

2014 წლამდე „მოლფარი“ ღირსების რევოლუციის მონაწილე აქტიური ახალგაზრდა იყო, თუმცა როდესაც უკრაინის აღმოსავლეთში ომი დაიწყო, „აზოვში“ ჩაეწერა. იხსენებს, რომ დიდხანს არ იღებდნენ პოლკში, რადგან საბრძოლო გამოცდილება არ ჰქონდა.

„როდესაც ილოვაისკში რუსებმა უკრაინული ძალები ალყაში მოაქციეს, ყველა მიხვდა, რომ ეს ხანგრძლივი ომი იქნებოდა. მაშინ ამიყვანეს „აზოვში“. ასე მოვხვდი ჩემს თანამებრძოლებთან და უკრაინის ნამდვილ პატრიოტებთან,“ – ამბობს „მოლფარი“, რომლის საბრძოლო მეტსახელიც ჰუცულური ფოლკლორის პერსონაჟის სახელია. უძველესი სიბრძნის მატარებელი კაცის, რომელიც ზებუნებრივი უნარებითაა დაჯილოდებული, ბუნების ძალების მართვა და სნეულთა განკურნება შეუძლია.

2016 წლამდე საარტილერიო ქვედანაყოფებში მსახურობდა, შემდეგ პირველ ბატალიონში გადაიყვანეს, ქვეითებში. როდესაც მისი მეგობარი „რედისი“ (დენის პროკოპენკო) პოლკის მეთაური გახდა, „მოლფარს“ სპეციალური დანიშნულების ცალკეული ასეულის კავშირგაბმულობა ჩააბარეს.

მას შემდეგ, მისი ასეული მარიუპოლში იდგა.

„ძალიან კარგად მახსოვს დასაწყისი. დილით შტაბის უფროსმა დამირეკა და მითხრა, რომ ომი დაიწყო. თავიდან ვერ დავიჯერე, ვფიქრობდი, გამორიცხულია-მეთქი. შემდეგ, ახალ ამბებს შევხედე და მივხვდი, ეს რეალობა იყო“, – „მოლფარი“ ჰყვება, რომ ამ მომენტიდან ევაკუაციამდე, მარიუპოლი აღარ დაუტოვებია. უკვე მთლიანად ქალაქის კავშირგაბმულობა ჩაიბარა და იმაზე ზრუნავდა, რომ უწყვეტი კავშირი ჰქონოდათ.

ომის დაწყებიდან ორ დღეშივე მიხვდნენ, რომ ალყაში ექცეოდნენ. „მოლფარი“ იხსენებს, როგორ ამუშავებდნენ მარიუპოლის დამცველები რუსების მხრიდან ქალაქის ბლოკირების რამდენიმე ვერსიას, თუმცა ვერცერთი მათგანი ითვალისწინებდა იმას, რაც სინამდვილეში მოხდა – არავინ ელოდა, რომ „მოწინააღმდეგე ძალის უდიდეს რაოდენობას ასე სწრაფად გადაისვრიდა ყირიმიდან მარიუპოლში“.

„ყველაფერი თითქოს ერთი დღე იყო“

„მეჩვენება, რომ ყველაფერი, რაც 24 თებერვლიდან ჩემს დაჭრამდე იყო, ერთ დღეში მოხდა. შენ გამუდმებით მუშაობ, ყოველგვარი გრაფიკის გარეშე, არც გძინავს. მერე ერთი საათით თუ ჩაიძინებ და გაღვიძებენ, რომ ახალ დავალებაზე მიდიხარ. დრო ისე გადის, ვერ იგებ, რომელი საათია, რა დღეა, რა რიცხვია“, – ჰყვება „აზოვის“ მებრძოლი.

“აზოვსტალის” დამცველები/დმიტრო კოზაცკის ფოტო

„მოლფარი“ მარტის შუა რიცხვებში დაიჭრა. დაბომბვის დროს. ქარხნის ტერიტორიაზე იკრიბებოდნენ, ქალაქში მიდიოდნენ, ერთ-ერთ წერტილზე კავშირი უნდა აღედგინათ – საწვავი უნდა მიეტანათ, რომ გენერატორებს ემუშავათ და აპარატურა ჩაერთოთ.

„ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა,“ – იხსენებს „მოლფარი“. – „მანქანას მივუახლოვდი თუ არა, მივხვდი, რომ ვიქცეოდი. დაბლა დავიხედე და დავინახე, რომ ჩემი ფეხი 90 გრადუსით იყო შეტრიალებული. კიდევ სამი ავიადარტყმა. საერთო ჯამში ოთხი ბომბი ჩამოაგდეს იმ ადგილას. მე გამიმართლა. ავტობუსისგან, რომელიც ჩემგან 30 მეტრში იდგა, აღარაფერი იყო დარჩენილი“.

როდესაც „მოლფარი“ დაიჭრა, მარიუპოლში ჯერ კიდევ მუშაობდა სამხედრო ჰოსპიტალი. როგორც კი დაბომბვა შეწყდა, რაციით დაუკავშირდა თანამებრძოლებს, რომლებმაც ჰოსპიტალში გადაიყვანეს. „მოლფარს“ მუცლის გამავალი ჭრილობა და მენჯის მოტეხილობა ჰქონდა.

„როდესაც დილით გავიღვიძე, ვხედავ, რომ დერეფანში ვწევარ. გამიკვირდა. გარშემო უამრავი დაჭრილი იყო. აღმოჩნდა, რომ დაებომბათ ჰოსპიტლის გვერდით მდებარე საცურაო კომპლექსი „ნეპტუნი“, რომელსაც უამრავი ადამიანი აფარებდა თავს. იქაურობა სავსე იყო დაჭრილებით“, – „მოლფარი“ იხსენებს, რომ გაღვიძებიდან დაახლოებით ნახევარ საათში უკვე ჰოსპიტალსაც დაარტყეს. – „ექიმმა მითხრა, რომ საოპერაციოში ოთხი მოქალაქე იყო და ოთხივე დაიღუპა“.

შენობაში მუშაობა შეუძლებელი გახდა. დაჭრილების ნაწილი „ილიჩის“ სახელობის ქარხანაში, ნაწილი კი „აზოვსტალში“ გადაიყვანეს. „აზოვსტალის“ მიწისქვეშა კლინიკაში მოხვდა „მოლფარიც“, რომელსაც არც სიარული შეეძლო და ექიმების მეთვალყურეობაც მუდმივად სჭირდებოდა.

იმ დროს, ქარხანაში მოწყობილ პალატებში ჯერ კიდევ ჰყოფნიდათ მედიკამენტები.

გადარჩენის ოპერაცია

„რამდენიმე დღე ვიწექი ასე. ერთ საღამოსაც მეთაური მოვიდა და მითხრა, რომ მეორე დილით, სავარაუდოდ, ვერტმფრენებით ევაკუაცია იქნებოდა შესაძლებელი. მითხრა, რომ უნდა გავსულიყავით, ვისაც შეგვეძლო და იქიდან გაგვეგრძელებინა ჩვენი საქმე. მკითხა, თანახმა ვიყავი თუ არა ევაკუაციაზე, რადგან ეს ძალიან სახიფათო იყო. ვხვდებოდი, რომ ალყის პირობებში, ისიც სათუო იყო, ვერტმფრენებს ჩვენამდე მოეღწია, ხოლო ის, რომ უკან მშვიდობით გავფრინდებოდით, კიდევ უფრო ნაკლებ სავარაუდო“.

მაინც დათანხმდა, თუმცა დიდხანს არ სჯეროდა, რომ ევაკუაცია მოხერხდებოდა. მანამდეც ბევრჯერ იყო შემთხვევა, როდესაც ვერტმფრენებს ელოდნენ, მაგრამ „აზოვსტალამდე“ ვერ მიაღწიეს.

დაჭრილი მოლფარი ევაკუაციისას/ფოტო: nv.ua

„შეგვატყობინეს, რომ გამოფრინდნენ. ქარხნის ტერიტორიაზეც მონიშნული იყო ადგილები. ასე ორ საათში კი გვითხრეს, რომ ვეღარ მოდიოდნენ. არ ვიცოდით, რა მოხდა, ჩამოაგდეს თუ ოპერაცია გადაიდო. ამიტომ როცა კიდევ ერთხელ მითხრეს, რომ ევაკუაცია შედგებოდა – აღარ დავიჯერე. მაშინაც კი, როდესაც დილის 4 საათზე აგვაყენეს და ასაფრენ მოედანზე გაგვიყვანეს“.

კიდევ საათი და 40 წუთი მოუწიათ ლოდინი. მანქანებში იწვნენ და ცას აჰყურებდნენ.

„ძალიან კარგად მახსოვს ეს საათი და 40 წუთი, რადგან ამ დროის განმავლობაში იყო ოთხი საჰაერო თავდასხმა და ოთხიც საარტილერიო. ჩვენ, უბრალოდ, ვიწექით და გვესმოდა, როგორ გვიახლოვდებოდა ავიაცია და ვერ ვხვდებოდით, სად დაარტყამდა. და აფეთქების ხმა! აჰა, ჩვენ ცოცხლები ვართ, უკვე კარგია. და ასე ვიწექით და ველოდით. მერე იწყებოდა საარტილერიო ცეცხლის დაშენა და ჩვენს თავზე დაფრინავდნენ ჭურვები.

ესვრიან ხან ქალაქს, ხან ქარხანას, შენ კი წევხარ და ელოდები, რომ აი, სადაცაა შენც დაგეცემა. როდესაც ვერტფრენების ხმა გავიგონეთ, ვიფიქრეთ, რომ პირდაპირ ასაფრენ ბილიკზე დაგვაკლავდნენ ყველას, მაგრამ ვერტფრენები დასხდნენ, გადმოტვირთეს აღჭურვილობა, ჩვენ აგვიყვანეს ბორტზე და ავფრინდით. მერე დაიწყო „ამერიკული მთები“. ყოველი წამი თითქოს ცალკე ცხოვრება იყო. პილოტებმა მართლა სასწაული ჩაიდინეს – არც კი ვიცი, როგორ აღვწერო“.

ეს იყო პირველი ევაკუაცია „აზოვსტალიდან“. ორი ვერტმფრენით. ერთში, „მოლფართან“ ერთად, 8 ადამიანი იჯდა და არცერთ მათგანს არ სჯეროდა, რომ გამოაღწევდნენ.

გზა უსაფრთხო არ ყოფილა. ზაპოროჟიესთან ვერტმფრენებს რუსმა სამხედროებმა ესროლეს, თუმცა გადარჩნენ.

„მგონი, მათაც ვერ წარმოიდგინეს, რომ იქ შეიძლებოდა უკრაინის ვერტმფრენი გამოჩენილიყო. ალბათ, თავისიანი ეგონათ. მარტო იმ დღეს, როდესაც მე დავიჭერი, მარიუპოლზე 100 ავიადარტყმა განხორციელდა. და ასე ხდებოდა ყოველდღე, სულ მცირე 50 დარტყმა მაინც იყო დღის განმავლობაში. იცოდნენ, რომ ჩვენ გადასატანი სარაკეტო კომპლექსები არ გვქონდა, ამიტომ თავს უსაფრთხოდ გრძნობდნენ და ანადგურებდნენ ქალაქს, უმისამართოდ ბომბავდნენ,“ – იხსენებს „მოლფარი.“

ვერტმფრენი, რომელსაც „მოლფარი“ მიჰყავდა, ჯერ ზაპოროჟიეში დაჯდა საწვავის შესავსებად, შემდეგ კი დნეპრში, საიდანაც დაჭრილები სასწრაფო დახმარების მანქანამ კლინიკაში გადაიყვანა.

„თვალებს არ ვუჯერებდი, ვერ ვიჯერებდი, რომ იმ ჯოჯოხეთიდან გამოვაღწიეთ. არ ვიცი, როგორ გადმოვცე ის შეგრძნება, რომელიც ვერტფრენში ჩაჯდომისას დამეუფლა. უბრალოდ მესმოდა, რომ ეს იყო შანსი, რომელიც მომეცა. ეს ის ისტორიაა, როდესაც შენ გაძლევენ შესაძლებლობას და შენ ან გარისკავ, ან არა და ამაზეა დამოკიდებული შენი ბედი. ჩვენ ეს არჩევანი გავაკეთეთ და მე მესმოდა, რომ ასე იყო საჭირო“.

„აზოვის“ საძმო

თავიდან, წარმატებული ევაკუაციის შემდეგ, ჯერ სიხარული იგრძნო, გაიაზრა, რომ გადარჩა, მაგრამ – „რა ბედი ეწევათ ბიჭებს?“ – მეგობრებს, რომლებთან ერთადაც 8 წელი იბრძოდა.

„ჩვენ ყოველთვის დიდი ოჯახი ვიყავით, გვერდში ვედექით ერთმანეთს. ყოველთვის გვესმოდა, რისთვის ვიბრძოდით, რა მიზანი გვქონდა. ვიცოდით, რატომ ვიყავით იქ და რა დავალებას ვასრულებდით.

ვიცი, რომ ჩემი თანამებრძოლები „აზოვსტალიდან“, ახლა კოლონიაში არიან. ყველაზე ინფორმაცია, რა თქმა უნდა არ მაქვს“.

„მოლფარი“ დარწმუნებულია, რომ როგორც კი გამოჯანმრთელდება, სამხედრო სამსახურს დაუბრუნდება – უნდა გაიმარჯვოს.

„ვიცი, რომ ერთადერთი გზა, როგორმე ჩემი მეგობრები ტყვეობიდან დაბრუნდნენ – ეს ამ ომში გამარჯვება და ტერიტორიების დაბრუნებაა. მე ჩემს მარიუპოლში დაბრუნება და აზოვის ზღვის ნახვა მინდა“.

მთავარი ფოტო: „აზოვსტალის“ დამცველი „მოლფარი“/ფოტო: NV.ua

წყარო: NV.ua

გადაბეჭდვის წესი


ასევე: