მთავარი,სიახლეები

ჩვენ გავრბოდით, უკან ჭურვები ფეთქდებოდა, რაკეტამ ფეხი წამაცალა – ბოლო 40 დღე აზოვსტალში

23.08.2022 • 3771
ჩვენ გავრბოდით, უკან ჭურვები ფეთქდებოდა, რაკეტამ ფეხი წამაცალა – ბოლო 40 დღე აზოვსტალში

როდესაც მარიუპოლის მოვლენები დაიწყო და მისი მეგობრები „აზოვსტალში“ გამაგრდნენ, რუსლანი იქ არ იმყოფებოდა – ის უკვე ალყაშემორტყმულ მარიუპოლში ჩავიდა.

ევაკუაციის წინა დღეს დაიჭრა, სხვა მებრძოლებთან ერთად ჩაბარდა და თვე-ნახევარი ტყვეობაში გაატარა.

ახლა რეაბილიტაციას გადის, ძალებს იკრებს და პროთეზისთვის ემზადება – ფეხი დაკარგა, მაგრამ მისი მოსმენისას ნამდვილად ვერავის გაუჩნდება აზრი, რომ ის გადაწყვეტილებას წამით მაინც ნანობს.

„მე გმირი არ ვარ, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და მარიუპოლში ჩასვლა ჩემი ღირსების საქმე იყო,“ – ამბობს ის.

________

უკვე აპრილი იდგა. მარიუპოლი ალყაში იყო, ქალაქის ერთადერთ ციხესიმაგრედ კი „აზოვსტალი“ რჩებოდა, იქ გამაგრებული დამცველებითა და ქარხნის ბუნკერებს თავშეფარებული მოქალაქეებით.

ქარხანას გამუდმებით ბომბავდნენ. იმ დროს მარიუპოლში შესვლა და გამოსვლაც თითქმის შეუძლებელი იყო, თუმცა „აზოვსტალისკენ“ უკვე მეხუთედ მიფრინავდა უკრაინელების ვერტმფრენი, რომელსაც საბრძოლო მასალები, მედიკამენტები და საკვები უნდა ჩაეტანა და იქიდან დაჭრილები წამოეყვანა.

რუსლანი ამ მეხუთე რეისს გაჰყვა.

„მიზნად დავისახე, ნებისმიერი გზით ჩამეღწია მარიუპოლამდე. ვიცოდი, სადაც მივდიოდი. უკვე ალყაში მივფრინავდი, მივფრინავდი შიმშილში, ყულფში, ნამდვილ ჯოჯოხეთში და ვიცოდი, რომ 100% თუ არა, 70% მაინც არ მქონდა იქიდან ცოცხლად დაბრუნების შანსი, მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო.

უდიდეს პატივს ვცემ „რედისს“, დენის პროკოპენკოს, მამაცთა შორის უმამაცეს ადამიანს და არ შემეძლო ვმჯდარიყავი სახლში, მეჭამა ტორტი და მეკითხა ჩემს ფოტოებზე მიწერილი კომენტარები, როდესაც იქ ჩემი თანამებრძოლები იხოცებოდნენ.“

რუსლანი იხსენებს, რომ ვერტმფრენის შესახებ შეატყობინა მეგობარმა, რომელიც იმ დროს მარიუპოლში იმყოფებოდა და ახლა უკვე დაღუპულია. რამდენიმე ადგილას დარეკა, უთხრეს, ზაპოროჟიეში ჩასულიყო და იქ დახვედროდა.

„ვიცოდი, რომ წინა რეისი ჩამოაგდეს რუსებმა, მაგრამ როცა მითხრეს, რომ წამიყვანდნენ, რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, ძალიან გამიხარდა. კიბორგივით ასხმული ჩავედი, მთელი ჩემი აღჭურვილობა თან მქონდა. სველი ხელსახოცები, სპირტი, ენერგეტიკული საკვები, ყველაფერი მოვიმარაგე, ბიჭებისთვისაც რაღაცები ვიყიდე.“

საცოლეს უთხრა, რომ მარიუპოლში მიდიოდა. „ნებართვა არ მითხოვია“, – იხსენებს რუსლანი. – „ვიცოდი, რომ ვერავინ და ვერაფერი შემაცვლევინებდა გადაწყვეტილებას“.

მეხუთე რეისი „აზოვსტალისკენ“ 5 აპრილს გაფრინდა. კითხვაზე, ნუთუ არ ღელავდა, პასუხობს, რომ „ვერტმფრენში ეძინა“.

მარიუპოლში ღამით ჩაფრინდნენ.

„ეგრევე ქაოსისა და ომის ატმოსფეროში აღმოვჩნდი. სულ 12 წუთი გვქონდა, რომ რაც ჩავიტანეთ, გადაგვეტვირთა და დაჭრილები ბორტზე აგვეყვანა. გიჟებივით ვყრიდით ყუთებს“.

ქარხანაში შესულმა უამრავი ნაცნობი სახე დაინახა. „ნახევარი მაინც ნაცნობი იყო“.

„ყველას გაუხარდა და მეც მიხაროდა, რადგან ძალიან მინდოდა, ჩემი წვლილი შემეტანა, დავხმარებოდი მათ და თუ საჭირო იქნებოდა, ყველაზე ძვირფასი რაც მაქვს, ჩემი სიცოცხლე, ამასაც დავდებდი, თავსაც დავდებდი „რედისისთვის“, ბიჭებისთვის. არა, თავი გმირი არ მგონია, ხალხი რომ წერს ინტერნეტში, ასე არ ვფიქრობ. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და ეს ღირსების საკითხი იყო“.

ინტერვიუ/ფოტო: სქრინი ვიდეოდან

ღამით ბრძოლები არ მიდიოდა. ღამით ავიაცია და არტილერია მუშაობდა. კარგ გამოძინებად ითვლებოდა, 2-3 საათი თუ წაუძინებდნენ. დღე ტანკებისა და ჯავშანმანქანების ხმით იწყებოდა და ქუჩის ბრძოლებით გრძელდებოდა.

„ქუჩის ბრძოლები ეს ისეთი რამაა, სიკვდილი ყოველ ნაბიჯზე გელოდება. იქ არიან ქვეითები, ზემოდან – ავიაცია და არტილერია.

ხომ ყველა ასე ფიქრობს, რომ მას არაფერი დაემართება. ფიქრობ – შეიძლება დავიჭრა, მაგრამ მაინც გადავრჩები. იქაც კი არავინ არასდროს ფიქრობს, რომ მოკვდება, არადა, სიკვდილი მარიუპოლის ყველა კუთხეში იყო ჩასაფრებული. შეიძლებოდა გასულიყავი და ჭურვი მოფრენილიყო“.

რუსლანი იხსენებს „გრაფს“, მებრძოლს, რომელიც, სადარბაზოდან წამიერად გასული, ჭურვმა იმსხვერპლა. ცდილობს, ვის ამბავსაც ჰყვება, ყველას სახელი და გვარი თუ არა, საბრძოლო მეტსახელი მაინც თქვას, რომ მათი სახელები დარჩეს, ყველამ წაიკითხოს და გაიგოს გმირების შესახებ.

„გრაფს“ ნამსხვრევი არტერიაში მოხვდა. იქვე დაადეს ტურნიკეტი. თითქოს ყველაფერი კარგად იყო, სჯეროდათ, რომ გადაარჩინეს, თუმცა მეორე დღეს შეიტყვეს, რომ საოპერაციო მაგიდაზე დაიღუპა.

თვითონ 16 მაისის ღამით დაიჭრა, ევაკუაციის დღე რომ თენდებოდა.

„მანამდე „რიჟა“ მოკვდა. მხოლოდ ერთი დღე ვიცნობდი ამ კაცს, ტყვიამფრქვევზე მუშაობდა, მაგრამ ძალიან კეთილშობილი და საინტერესო ადამიანი იყო. ერთ დღეში დავმეგობრდით. ჭურვი ჩამოვარდა და ნამსხვრევებით დაიჭრა. თავშესაფარში შევათრიეთ, დახმარება დავიწყეთ, დამტვრეული ჰქონდა ხელები და ფეხები, ფიცრები დავუმაგრეთ ორივეზე. ზურგზე უზარმაზარი ჭრილობიდან სისხლი ასხამდა. როგორღაც შევაჩერეთ.

არც კი ვიცი, როგორ ეჭირა თავი, არც ტიროდა, არც ყვიროდა, უბრალოდ ვეფხვივით ღმუოდა. სციოდა და რაც ვიპოვეთ, ყველაფერი დავაფარეთ. საკაცეც, რაც ვიპოვეთ, იმით გავაკეთეთ, მაგრამ გარეთ ვერ გაგვყავდა. დრონი ეკიდა ჰაერში და გვესროდა. დაღამებას დაველოდეთ, რომ მოსულიყვნენ და მის გაყვანაში დაგვხმარებოდნენ.

„აზოვსტალში“ ამ დროს უკვე ყველაფერი დანგრეულია, აღარაფერია ისე, როგორც იყო. აღარც კიბეა. სადღაც უნდა აძვრე და გადაფოფხდე ამ საკაცით, ბუნკერამდე რომ მიაღწიო. ბუნკერში შესვლის წინ პულსი გავუსინჯე. ჯერ ისევ ცოცხალი იყო.“

ქირურგი, რომელიც მაშინ „რიჟას“ დახვდა, სამოქალაქო პირია. ისიც რუსლანთან ერთად ჩაფრინდა მარიუპოლში „აზოვსტალის“ დამცველების დასახმარებლად და ახლა რუსეთის ტყვეობაშია.

„რიჟაც“ საოპერაციო მაგიდაზე დაიღუპა. ოპერაციამდე.

მარიუპოლში შენობიდან დაჭრილი სამხედრო გაჰყავთ/ფოტო: სქრინი ვიდეოდან

რუსლანი პოზიციაზე დაბრუნდა, თუმცა ძალიან მალე უკვე ის შეიყვანეს საკაცით „აზოვსტალის“ ჰოსპიტალში.

იხსენებს, რომ პოზიციამდე ასე კილომეტრ-ნახევარი ჰქონდათ დარჩენილი, როდესაც ჯერ მანათობელი ჭურვების წვიმა წამოვიდა, შემდეგ კი ცეცხლი გაუხსნეს.

„იმ თამაშში რომაა, მარიოში, ისე გავრბოდით და ჩვენ უკან ჭურვები ფეთქდებოდა და უცებ, დანით რომ ძეხვს ჩამოჭრიან, ისე ჩამომაჭრა რაკეტამ ფეხი. წამაცალა და სადღაც გაფრინდა. ვეძებე ჩემი ფეხი, ბათინკი მინდოდა დამეტოვებინა სამახსოვროდ, მაგრამ რაღას ვიპოვიდი“. 

რუსლანთან ერთად კიდევ ერთი მისი თანამებრძოლი დაიჭრა. მასაც ფეხი მოკვეთეს. შემდეგ ტყვეობაშიც ერთად აღმოჩნდნენ.

„ვყვიროდი, მესროლეთ, მომკალით-მეთქი, მაგრამ ვიღაც მომვარდა, დღეს არაო, მითხრა და ტურნიკეტი დამადო. ძალიან ბევრი სისხლი დავკარგე. ოთხჯერ გავითიშე. ბოლოს უკვე ისე ვიყავი, სიკვდილი სასიამოვნოც კი ჩანდა, მერე ისევ ჩამოვეკიდე სიცოცხლეს და როგორღაც ავდექი.

„აზოვსტალში“ რომ მივედით, ზუსტად ამ დროს ჩამოვარდა ბომბი შესასვლელთან. არმატურა ზედ მოწყვეტილ ფეხზე დამეცა. ასეთი ტკივილი მგონი ცხოვრებაში არ განმიცდია. შადრევანივით ასხამდა სისხლი. ცოტა ხნის წინ თანამებრძოლი მივიყვანე ასე და რამდენიმე საათში უკვე მე მიმიყვანეს“.

ოპერაცია გამთენიისას, 3 საათზე გაუკეთეს. დილით უკვე ბრძანება მოვიდა და ევაკუაცია დაიწყო.

„არავინ არ დანებებულა. „რედისს“ საერთოდ არ ესმის, რას ნიშნავს დანებება, ტყვედ ჩაბარება. მისთვის ეს შეუთავსებელი რამეებია, ჩვენთვისაც. მეც ხომ ვიცოდი, სადაც მივფრინავდი და ვიცოდი, რომ ბოლომდე ვიბრძოლებდი.

სიკვდილი პატივი იქნებოდა ჩემთვის. რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს ეს 21-ე საუკუნეში, ასე მჯერა, რომ იარაღით ხელში სიკვდილი ყველაზე ღირსეული სიკვდილია და ბედნიერი ვიქნებოდი, ასე რომ მოვმკვდარიყავი“. 

რუსლანმა ტყვეობაში თვე-ნახევარი გაატარა, თუმცა იმ დღეებზე არ ლაპარაკობს, ეშინია, საფრთხე არ შეუქმნას იქ დარჩენილებს. იხსენებს, რომ გასაცვლელთა სიები მუდმივად იცვლებოდა, ხან ჩასვამდნენ სიაში, ხან ამოიღებდნენ, თუმცა საბოლოოდ გაცვლა შედგა.

ახლა სარეაბილიტაციო ცენტრშია. თერაპიას გადის და პროთეზირებისთვის ემზადება. ფიზიკური ტკივილი გაქრა, მაგრამ ფანტომური ტკივილი დღემდე არ ანებებს თავს.

მადლობელია „აზოვის“, პოლკის პატრონაჟის სამსახურის, ყოფილი და ახლანდელი მეთაურების და სჯერა, რომ სწორედ ასეთ ადამიანებზე დგას მშვიდობა და სჯერა, რომ დღეს, როდესაც „შენს ქვეყანაში ომია, არ შეიძლება გვერდზე დარჩე და რამე არ გააკეთო გამარჯვებისთვის“.

„სანამ ყველა შინ არ დაბრუნდება, ალბათ, მანამდე მშვიდად ვერ დავიძინებ. ეს ახლა ჩემი ყველაზე დიდი სურვილია.

თავისუფლება ასე, უბრალოდ, არ მოდის, თავისუფლებისთვის სისხლის ფასს ვიხდით – ზოგი იხდის სიცოცხლით, ზოგი ჯანმრთელობით, ზოგი საკუთარი კიდურებით და ზოგი – დანგრეული ცხოვრებით“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: