რას ნიშნავს, როცა გირეკავენ და გეკითხებიან რა მედიკამენტი დაგინიშნა ექიმმა

თუ ვინმე დაგირეკავთ და გამოგკითხავთ ინფორმაციას ექიმის მიერ თქვენთვის დანიშნული ამა თუ იმ მედიკამენტის შესახებ, სავარაუდოდ ეს ნიშნავს, რომ კლინიკამ თქვენი პერსონალური, საიდუმლო მონაცემები მესამე პირს გადასცა. დიდი ალბათობით ამ დროს პაციენტებს ურეკავენ მედიკამენტების გამავრცელებელი კომპანიები და ამოწმებენ, ნამდვილად დაუნიშნეს თუ არა პაციენტებს ექიმებმა მათი წამლები.

ასე დაუკავშირდნენ 2022 წლის მაისში მოქალაქე ე.ბ.-ს და ჰკითხეს მედიკამენტის შესახებ, რომელიც მას ექიმმა დაუნიშნა. ე.ბ.-ს ეჭვი გაუჩნდა, რომ კლინიკამ მისი პერსონალური მონაცემები გასცა და საკითხის შესასწავლად პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურს მიმართა.

მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების გადასამოწმებლად, იმავე ნომრიდან იმავე დღეს უცნობი პირი სხვა პაციენტებსაც დაუკავშირდა.

საია განმარტავს, რომ ეს ფაქტი არაეთიკური მარკეტინგის მაგალითებს ააშკარავებს, როცა მედიკამენტების შემომტანი კომპანიები ექიმებთან თანამშრომლობენ პაციენტებისთვის თავიანთი მედიკამენტების დასანიშნად.

პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურმა ზემოხსენებული საქმის გამო სამედიცინო დაწესებულება შპს „რ“ 500 ლარით დააჯარიმა პაციენტის პირადი მონაცემების გამჟღავნებისა და მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის.

საიას ადვოკატი, ნონა ქურდოვანიძე განმარტავს, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა ეჭვი გვაქვს, რომ ჩვენი პერსონალური მონაცემები, მათ შორის მონაცემები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, კლინიკამ ან ექიმმა მესამე პირს გადასცა:

„ამ დროს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს უნდა მივმართოთ საკითხის მოსაკვლევად.

თუ დადგინდება, რომ პერსონალური მონაცემები პირის თანხმობის გარეშე მართლაც გადაეცა მესამე პირს, აუცილებელია რეაგირება.

პერსონალური მონაცემები ბევრნაირია, თუმცა ამ შემთხვევაში, როცა ე.ბ.-ს დაურეკეს და ჰკითხეს ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტის შესახებ, საქმე ეხებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ პერსონალურ მონაცემებს.

სანქციებს შეიძლება დაექვემდებაროს ცალკეული სუბიექტებიც, ვინც პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს და გაამჟღავნებს.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ე.ბ.-ს შემთხვევაში დაჯარიმდა კლინიკა, რადგან არ ჰქონდათ პერსონალური მონაცემების დაცულად შენახვისთვის საჭირო პროგრამა.

დაჯარიმება რეაგირების ერთ-ერთი პირველი ინსტრუმენტია ამ შემთხვევაში.

ასევე შესაძლებელია პირმა სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს რეაგირება“, – ამბობს საიას ადვოკატი. მისივე განმარტებით, პაციენტის პირად მონაცემად ითვლება ნებისმიერი, ყველა სახის ინფორმაცია, რაც კლინიკაში ინახება პაციენტის შესახებ.

თუ პაციენტი არ გასცემს თანხმობას, რომ ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს სხვა პირებისთვის, ასეთი ინფორმაციის გამჟღავნების უფლება კლინიკას არ აქვს.

ეს შეიძლება იყოს დიაგნოზი, მედიკამენტი, რომელიც დაენიშნა პაციენტს, ექიმთან ვიზიტის დრო და თარიღი, ექიმის ვინაობა, ვისთანაც პაციენტს ჰქონდა ვიზიტი, კვლევები, რაც პაციენტს ჩაუტარდა და ა.შ.

ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი პაციენტის პერსონალურ მონაცემებად მიიჩნევა და მათი უკანონოდ, კონფიდენციალურობის დარღვევით გამჟღავნება, კანონთან შეუსაბამო ქმედებაა.

____

წამლების მაღალ ფასზე და ამაში სამედიცინო წარმომადგენლების როლზე სტატია:

რატომ ღირს ქართული წამლები ბევრად ძვირი, ვიდრე უცხოური – პოსტკოვიდური მკურნალობის ფასი

ხელვაჩაურის ახალი მერიც უკანონოდ იშენებს სახლს – „გამჭვირვალობის“ ახალი კვლევა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა დიასამიძე, ბათუმში საცხოვრებელ სახლს უნებართვოდ აშენებს – ამას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ახალი კვლევა ადასტურებს.

ხელვაჩაურის მერს ქონებრივ დეკლარაციაში არც  მშენებლობის ხარჯები აქვს მითითებული.

სახლი უკანონოდ, ყოველგვარი ნებართვის გარეშე, ხელვაჩაურის წინა მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემაც აიშენა. მილიონიანი სახლის კარკასის მშენებლობა ჯუმბერ ვარდმანიძემ ისე დაასრულა, რომ ბათუმის მერიისთვის, როგორც ნებართვის გამცემი ორგანოსთვის, არც კი მიუმართავს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მოკვლევით, სახლის მშენებლობა ხელვაჩაურის მერმა, ზაზა დიასამიძემ, მეუღლის, თამილა ჭურკვეიძის კუთვნილ მიწაზე 2019 წლიდან დაიწყო, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ 2022 წელს შევსებულ დეკლარაციაში მიუთითა.

ნაჩუქარი მიწის ნაკვეთი ჩანს ზაზა დიასამიძის მიერ 2019 წელს წარდგენილ ქონებრივ დეკლარაციაში, რომლის შევსება მას, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს უფროსს, ევალებოდა.

დეკლარაციის მიხედვით, თამილა ჭურკვეიძეს 500 კვადრატული მიწის ნაკვეთი მამამ 2018 წლის აგვისტოში აჩუქა. ნაკვეთი ახალსოფელში, გონიო-აფსაროსის გზატკეცილიდან 240 მეტრში მდებარეობს.

ჩუქებიდან ერთ თვეში თამილა ჭურკვეიძემ ბათუმის მერიას საკარმიდამო ნაკვეთის საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით გამოსაყენებლად მიმართა, მერიამ განცხადება იმავე წლის ოქტომბერში დააკმაყოფილა, 2018 წლის დეკემბერში კი დიასამიძის მეუღლემ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან სახლის არქიტექტურული პროექტი შეათანხმა, თუმცა როგორც მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის წერილშია მითითებული, აღნიშნულ არქიტექტურულ პროექტზე მშენებლობის ნებართვა არ გაცემულა. შესაბამისად, ზაზა დიასამიძეს და მის მეუღლეს არც რეგულაციებით გათვალისწინებული სამშენებლო მოსაკრებელი გადაუხდიათ.

კანონით, ნებართვის მიღება მშენებლობის დაწყებამდე აუცილებელი იყო.  2019 წელს ზაზა დიასამიძემ მშენებლობა უნებართვოდ  დაიწყო. სახლი ახლა დასრულების ეტაპზეა.

პროექტის რენდერი

Google Earth-ის მონაცემებით, აქტიური სამშენებლო სამუშაოები ზაზა დიასამიძის მეუღლის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე 2019 წლის შემოდგომაზე დაიწყო, სატელიტური ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ 252 კვ.მ ფართობის ორსართულიანი სახლი უკვე გადახურულია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ასევე წერს ხარვეზებზე მერის ქონებრივ დეკლარაციებში.

მიუხედავად სატელიტური სურათებიდან დადასტურებული მშენებლობისა, ზაზა დიასამიძემ 2019-2022 წლებში შევსებულ დეკლარაციებში არ მიუთითა, თუ რა თანხა მოახმარა აღნიშნულ მშენებლობას როგორც საკუთარი, ისე მეუღლის შემოსავლებიდან.

თანამდებობის პირმა დეკლარაციაში უნდა მიუთითოს საანგარიშო პერიოდში მისი და მისი ოჯახის წევრის ნებისმიერი გასავალი, რომლის ღირებულება 5000 ლარს აღემატება.  2019 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის ჩათვლით, საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე დახარჯული თანხები, საბაზრო ფასებისა და სამუშაოთა მოცულობის [სამშენებლო მოედნის მომზადება, საძირკვლის ჩასხმა, სართულების მშენებლობა, კუთვნილი ეზოს შემოღობვა და ა.შ] მნიშვნელოვნად აღემატება კანონში მითითებული თანხის ოდენობას, თუმცა დოკუმენტებში ზაზა დიასამიძე ამ გასავალზე არ მიუთითებს.

ხელვაჩაურის მერმა 2022 წლის დეკლარაციაში არც კუთვნილი მიწის ნაკვეთის გასხვისებით მიღებული შემოსავალი მიუთითა – დიასამიძე 2010 წლიდან ბათუმში, ზურაბ ნაჭყებიას ქუჩაზე, 1002 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს ფლობდა. 2021 წლის დასაწყისში მან ეს ქონება იპოთეკით დატვირთვა, 18 თებერვალს კი 39 000 აშშ დოლარად მიჰყიდა შპს „ბათუმი ხარაჩოს“. 2022 წლის დეკლარაციაში დიასამიძეს, კანონის მოთხოვნების შესაბამისად, უნდა მიეთითებინა ქონების გასხვისებისა და  ამ გასხვისებიდან მიღებული შემოსავლის შესახებ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიმართავს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას, შეისწავლოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მიერ ბათუმში უნებართვო მშენებლობის საკითხი და დროულად მიიღოს შესაბამისი ზომები.

„ასევე, მივმართავთ საჯარო სამსახურის ბიუროს, შეისწავლონ ზაზა დიასამიძის ქონებრივ დეკლარაციებში ჩვენ მიერ გამოვლენილი ხარვეზები და კანონის შესაბამისად მოახდინონ გამოვლენილ ხარვეზებზე რეაგირება,“ – აცხადებს „გამჭვირვალობა“.

როგორ გეგმავს კრემლი „რეფერენდუმს“ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე

რუსულმა საგამოძიებო გამოცემა The Insider-მა მოიპოვა დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, როგორ აპირებს რუსეთი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე „რეფერენდუმის“ ჩატარებას ამ რეგიონების რუსეთთან შეერთების მიზნით.

დოკუმენტების მიხედვით, საუბარია არამხოლოდ დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტულ რესპუბლიკებზე, არამედ 24 თებერვლის შემდეგ დაპყრობილ ტერიტორიებზეც.

რუსეთის სახელისუფლო პროექტში უკვე განსაზღვრულია ხმის მიცემის შედეგების სამიზნე მონაცემები და გეგმა – „გამარჯვების შედეგების გამყარება“. ამასთან, კრემლი ღიად აღიარებს, რომ უკრაინელებისა და მათი ტერიტორიების ბედს რუსეთისა და ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიები გადაწყვეტენ.

დოკუმენტები, რომლებიც გამოცემამ მოიპოვა, ცხადყოფს, რომ კრემლს უკვე მიღებული აქვს ყველა ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიის რუსეთთან შეერთების გადაწყვეტილება. მოქმედი გეგმის მიხედვით, უკვე სექტემბერში ყველა მზად უნდა იყოს ლეგიტიმური ანექსიისთვის, თუმცა „რეფერენდუმის“ კონკრეტული თარიღი დოკუმენტებში მითითებული არ არის.

ჟურნალისტების თქმით, სტრატეგიაში ღიად არაა ნათქვამი, რომ „რეფერენდუმის“ შედეგები გაყალბდება, თუმცა  რუსეთის ხელისუფლება უკვე ჩამოყალიბებულია სასურველ მონაცემებზე: ხმებმა შეერთების სასარგებლოდ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ამომრჩეველთა აბსოლუტური უმრავლესობა უნდა შეადგინოს (მაგალითად, დონეცკის ოლქში – 1,2 მილიონი ადამიანი).

კრემლის „სტრატეგები“ ღიად წერენ, რომ „რეფერენდუმის ლეგიტიმაციისთვის“ საზოგადოება მანამდე ჩატარებულმა სახელმწიფო გამოკითხვებმა უნდა შეამზადოს.

The Insider-ის აზრით, კრემლი ხვდება, რომ საარჩევნო კომისიების დასაკომპლექტებლად ძალიან გაუჭირდება ადგილზე საკმარისი ადამიანების მოძებნა, ამიტომ გადაწყვიტა იმ უკრაინელთა ნაცვლად, ვინც „რეფერენდუმის“ ორგანიზებაში მონაწილეობას არ დათანხმდება, კომისიები რუსული კადრებით დააკომპლექტოს.

ამისთვის ოკუპირებული ტერიტორიები უკვე დაყვეს ოლქებად და რუსეთის რეგიონებზე გაანაწილეს. მაგალითად, ბურიატებს დაევალებათ სტრაობეშევსკის რაიონის „რეფერენდუმის“ უზრუნველყოფა და ხმების დათვლა; დონეცკზე პასუხისმგებელი იქნება მოსკოვი, მარიუპოლზე კი – პეტერბურგი.

„საბოლოოდ, გამოდის, რომ შედეგები რუსეთის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ელა პამფილოვამ უნდა დაითვალოს,“ – წერს გამოცემა.

როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, კრემლს ასეთ პირობებშიც კი არ აქვს იმედი, რომ სასურველ შედეგებს მიიღებს, ამიტომ მთავარ გათვლას რუსეთისა და ბელარუსის ტერიტორიებზე მყოფ უკრაინელ ლტოლვილებზე  და რუსეთისა და ბელარუსის საარჩევნო კომისიებზე აკეთებს.

The Insider-ი აღნიშნავს, რომ კრემლის პიარკამპანია პროპაგანდისტულ კლიშეებზეა დამყარებული, ისეთებზე, როგორებიცაა: „8 წლის განმავლობაში დონბასში ხალხი იხოცებოდა“ და „რუსეთიდან დიდი ფული წამოვა“.

მოსკოვს დაგეგმილი აქვს ისიც, როგორ უნდა „დაიცვას რეფერენდუმის შედეგები“. უკვე მზადაა საზეიმო ღონისძიებების ჩამონათვალიც.

„ეს ოპტიმიზმი ძალიან ჰგავს 24 თებერვლის განწყობას, როდესაც რუსეთის არმია უკრაინაში სააღლუმო ფორმებით და სწრაფი გამარჯვების იმედით შედიოდა,“ – წერს გამოცემა.

დოკუმენტების მიხედვით, რეფერენდუმზე საბოლოო გადაწყვეტილება კრემლმა ივნისში მიიღო, ზუსტად მაშინ, როდესაც საბოლოოდ ცხადი გახდა, რომ რუსეთის შეტევის ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა და კრემლს აღარ უნდა ჰქონოდა იმედი იმაზე მეტი ტერიტორია დაეკავებინა უკრაინაში, ვიდრე ახლა აქვს.

The Insider-ის დასკვნით, უცნობი რჩება, ექნება თუ არა რუსეთს პრეტენზია ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში „რეფერენდუმის“ გამართვაზეც, იმ ფონზე, როდესაც იქ აქტიური ბრძოლები მიდის და „სრულიად შესაძლებელია, „რეფერენდუმის“ მომენტისთვის ეს ტერიტორიები რუსეთის კონტროლქვეშ აღარ იყოს.“

____________________

ფოტოზე: ერთ-ერთი გვერდი კრემლის სტრატეგიის დოკუმენტიდან/The Insider

რა უნდა შეიცვალოს 55 მლნ დოლარით საქართველოს განათლების სისტემაში – ინტერვიუ

აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოს განათლების სისტემის გაუმჯობესებაზე მომდევნო ხუთ წელიწადში 55 მლნ-ზე მეტ დოლარს დახარჯავს. კონკრეტული პროექტები შეეხება როგორც სკოლის პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებას, ასევე, უმაღლესი და პროფესიული განათლების სფეროში ხარისხის გაზრდას.

ამ თემაზე „ბათუმელები“ ნინო უძილაურს ესაუბრა, რომელიც USAID-ში განათლების გუნდის ხელმძღვანელია.

  • ქალბატონო ნინო, რომ გვითხრათ, კონკრეტულად  რისი გაკეთება იგეგმება ამ თანხით და რამდენად აისახება ეს ყველაფერი განათლების ხარისხზე საქართველოში?

აშშ-ს განვითარების სააგენტოსთვის განათლების სექტორის მხარდაჭერა ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენ წელს გავაფორმეთ მემორანდუმი განათლების სამინისტროსთან, ამით აღვნიშნეთ საქართველო-აშშ-ის 30-წლიანი პარტნიორობა და ასევე, მკაფიოდ გავწერეთ ის, თუ რა უნდა გავაკეთოთ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში იმისათვის, რომ დავეხმაროთ ქართული განათლების სისტემას.

მემორანდუმი მოიცავს რამდენიმე პროგრამას, მათ შორის მიმდინარე პროგრამებსაც, რომლებსაც მესამე წელია ამ სფეროში ახორციელებს ჩვენი სააგენტო.

ეს მოიცავს განათლების ყველა დონეს, დაწყებული დაწყებითი განათლებიდან, უმაღლესი და პროფესიული განათლების ჩათვლით.

  • მოდით, დავიწყოთ სკოლით, რისი გაკეთება იგეგმება სკოლაში ამ პროგრამის ფარგლებში?

ამ ეტაპზე სკოლებში გვაქვს ორი დიდი პროგრამა, ერთი, ეს არის დაწყებითი განათლების და მეორე, სამოქალაქო განათლების პროგრამა.

დაწყებითი განათლების პროგრამა მესამე წელია მიმდინარეობს და მთავარი მიზანი ბავშვებში წიგნიერების ამაღლებაა. იგულისხმება მათემატიკური უნარების გაუმჯობესება, წაკითხულის გააზრებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარება.

ამისთვის ჩვენ მრავალფეროვანი აქტივობები გვექნება სკოლებში, რაც უშუალოდ მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებაზეა ორიენტირებული. ეს არის მეთოდები და ტაქტიკა, თუ როგორ შეიძლება ასწავლო ბავშვს საინტერესოდ. პირველ რიგში, სწავლა უნდა შეაყვაროს პედაგოგმა მოსწავლეს, სახალისო გახადოს კითხვა და მათემატიკის სწავლაც.

ყველაფერი ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებაზე უნდა იყოს მორგებული, რომ ბავშვისთვის აღარ იყოს ეს პროცესი მოსაწყენი. ბავშვები განსხვავებულნი არიან თავიანთი უნარებით, ამიტომ არის საჭირო კონკრეტული მეთოდების სწავლება პედაგოგებისთვის, რომ ყველა ბავშვს სათანადოდ მისწვდეს კლასში მასწავლებელი.

თუ ბავშვს არ აქვს წიგნიერების მაღალი დონე, არ შეუძლია წაკითხულის გააზრება, მომავალში ვერცერთ საგანს ვერ ისწავლის.

ეს არის ის საბაზო კომპეტენცია, რომელიც ნებისმიერი საგნის შესწავლის საფუძველს წარმოადგენს და მნიშვნელოვანია ცხოვრებისეულ წარმატებაში.

მთავარია, ბავშვი ჩასწვდეს წაკითხულს და მოახერხოს გააზრება, ჰქონდეს კრიტიკული აზროვნება – ეს არის პროგრამის მთავარი მიზანი.

  • ყველა სკოლას მოიცავს პროგრამა?

ყველა საჯარო სკოლასთან ვმუშაობთ პარტნიორი უნივერსიტეტების დახმარებით, რომლებსაც აქვთ დაწყებითი კლასების მასწავლებლების მოსამზადებელი პროგრამები. პარალელურად, ამ უნივერსიტეტების გაძლიერებაც ხდება.

იმ სკოლებისთვის, სადაც ეთნიკური უმცირესობები ან სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები სწავლობენ, იქმნება დამატებითი რესურსები. 15 სკოლაში საპილოტე პროგრამა უკვე მუშაობს და ჩვენ ერთ წელიწადში შევაფასებთ ამ პროგრამის შედეგს, რამ იმუშავა კარგად, რამ – ვერა და ამის მიხედვით მივცემთ რეკომენდაციებს სამინისტროს.

ასევე, იქმნება ძალიან დიდი ელექტრონული ბაზა მასწავლებლებისთვის, რომელსაც მოსწავლეებიც გამოიყენებენ და წვდომა ექნებათ სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსზე, რომ მხოლოდ სახელმძღვანელოზე არ იყოს მიბმული მასწავლებელი ან მოსწავლე.

  • პედაგოგების კვალიფიკაციაზე წლებია საკმაოდ სოლიდურ თანხას ხარჯავს სახელმწიფო, თუმცა არც თუ ისე მაღალია შედეგები. გარდა ამისა, როცა საკლასო ოთახები არ არის სათანადოდ აღჭურვილი, კლასში არ არის ინტერნეტი, კომპიუტერი, სხვა საჭირო ტექნიკა, როგორი იქნება თქვენი პროგრამების შედეგი?

მასწავლებლების პოზიციაც გასაგებია, ისინი შეიძლება იყვნენ უკმაყოფილო ტრენინგების ხარისხითაც, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად ვასწავლოთ ის მეთოდოლოგია, რომელიც დაეხმარება მათ ბავშვებს ასწავლონ ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით.

არ გამოიყენონ, ვთქვათ, გენდერულად განპირობებული მიდგომები, მაგალითად, არ უთხრან ბავშვებს, რომ მათემატიკა ბიჭებისთვის უფრო ადვილია, რომ რასაც ვასწავლით, დღევანდელ რეალობაზე იყოს მორგებული.

ამას შეიძლება საერთოდ არ სჭირდებოდეს რაღაც განსაკუთრებული ტექნოლოგიები კლასში, აქ საუბარია, სწორად შეარჩიოს მასწავლებელმა მასალა კონკრეტული ბავშვისთვის, რომ ბავშვმა შეძლოს მუშაობა როგორც ინდივიდუალურად, ასევე  ჯგუფში.

იმ მეთოდებიდან და მიდგომებიდან, რასაც ჩვენ პედაგოგებს ვასწავლით, მასწავლებელს შეუძლია ამოარჩიოს ის, რაც მისი კონტექსტისთვის იქნება მისაღები და ადვილად გამოიყენებს. რაც მთავარია, ჩვენ არ გვაქვს მიდგომა, რომ რაღაც ვასწავლეთ ტრენინგზე და გავიარეთ ეს საკითხი. შემდეგ საკლასო დაკვირვებები გვაქვს, რომ ვნახოთ, როგორ აკეთებს ამ ყველაფერს პრაქტიკაში პედაგოგი, რათა შემდეგ ვურჩიოთ, რომელი მეთოდის გამოყენება სჯობდა აქ და რომლის – არა.

დანერგვა არ არის ადვილი პროცესი, თეორიაში ერთია როცა გეუბნებიან – „ასე გააკეთე“, მაგრამ პრაქტიკაში გამოყენება ბევრს უჭირს.

ამიტომ, ჩვენ საკლასო დაკვირვების მეშვეობით ვცდილობთ შევაფასოთ მდგომარეობა. ასევე, იმ პედაგოგების დახმარებით ვაფასებთ სიტუაციას, რომლებმაც უკეთ აითვისეს ესა თუ ის მეთოდი და ერთმანეთის მხარდაჭერის და გაძლიერების კულტურასაც ვუწყობთ ხელს.

  • კიდევ რა კომპონენტი გაქვთ სკოლებისთვის გათვალისწინებული?

შემდეგი კომპონენტი, ეს არის სამოქალაქო განათლების სწავლების გაძლიერება. ეს პროექტი გაზაფხულზე დავიწყეთ და გავაგრძელებთ ახალი სასწავლო წლიდან. მთავარი მიზანი არის ის, რომ სამოქალაქო განათლების სწავლება დატვირთული იყოს ისეთი აქტივობებით, რაც ხელს შეუწყობს ბავშვებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას.

იქნება ეს დემოკრატიული კულტურა, თვითმმართველობა, ბულინგი, კულტურული მემკვიდრეობა თუ სხვა თემები – ყველაფერს უნდა მოიცავდეს სამოქალაქო განათლება და ამ პროცესში აქტიურად უნდა ჩაერთოს კერძო სექტორიც, იმისთვის, რომ პროცესი იყოს მდგრადი და ცალკეული აქტივობები იყოს მათი მხრიდან მხარდაჭერილი.

  • უნივერსიტეტებთან რა ტიპის თანამშრომლობა იგეგმება?

უნივერსიტეტებთან ამ ეტაპზე გვაქვს კანონის უზენაესობის პროგრამა, რომლის მიზანია იურიდიული განათლების ხარისხის გაუმჯობესება უმაღლეს სასწავლებლებში, რადგან თუ არ მოხდა კვალიფიციური კადრების გამოშვება, ყოველთვის პრობლემა იქნება ამ სფეროში და  რთული იქნება ჯანსაღი სასამართლო სისტემის ფუნქციონირებაზე საუბარი. ამიტომ ეს იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებული სწავლება, შეიქმნება რესურსები, ეთიკის სახელმძღვანელო და სხვა მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდება.

2023 წელს კი ვიწყებთ ახალ პროგრამას იმ უნივერსიტეტებისთვის, რომლებიც მასწავლებლის მომზადების პროგრამას ახორციელებენ. კონკრეტულად რა კომპონენტები ჩაიდება ამ პროგრამაში, ამაზე შემდგომ ვისაუბრებთ, თუმცა პროგრამა გათვლილი იქნება კონკრეტულ საჭიროებებზე, იქნება ეს მასწავლებლების დეფიციტი კონკრეტულ საგნებში თუ სხვა.

  • რა არის სახელმწიფოზე დამოკიდებული, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ თქვენი აქტივობების პარალელურად, რომ ამ შრომის შედეგი რეალურად აისახოს განათლების ხარისხზე?

ბუნებრივია, ჩვენ მარტო ვერ ვიმუშავებთ და გვჭირდება განათლების სამინისტროს და მის დაქვემდებარებაში მყოფი ერთეულების თანამშრომლობა, რომ ცალ-ცალკე კი არ იყოს ჩვენი და მათი მცდელობები, არამედ, აგურებივით უნდა შენდებოდეს ეს ყველაფერი ხარისხის გაუმჯობესებაზე.

ამაზე საუბრობს ის განათლების სტრატეგიაც, რომელიც ახლახან დამტკიცდა სამინისტროს მიერ და კარგად არის ფორმულირებული ის სიძნელეები, რაც 2030 წლისთვის სახელმწიფომ უნდა დაძლიოს.

ამ სტრატეგიას თან ახლავს ორწლიანი სამოქმედო გეგმაც, თუ რა აუცილებელი ნაბიჯები უნდა გადაიდგას მოკლე პერიოდში.

  • და რა არის ყველაზე სწრაფად შესაცვლელი სისტემაში, რა უნდა გამოსწორდეს?

წიგნიერება და მათემატიკა – ეს არის სასწრაფოდ გასაუმჯობესებელი, რადგან, როგორც აღვნიშნე, სწორედ ამ უნარებს ეფუძნება შემდგომში ბავშვის განვითარება. როგორც ვიცით, ყველა საერთაშორისო კვლევის მიხედვით, ძალიან დაბალი შეფასებები გვაქვს ამ კომპონენტებში. მართალია, ბოლო წლებში გვაქვს გარკვეული პროგრესი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რადგან ეს არის თაობა, რომელიც მოდის და თუ ეს პრობლემა არ გამოსწორდა, გლობალურ დონეზე ვერ გაუწევს კონკურენციას.

სამოქალაქო განათლებაზეც იმიტომ გავაკეთეთ აქცენტი, რომ თუ ჩვენ გვინდა დემოკრატია და ვსაუბრობთ დემოკრატიის მშენებლობაზე, ამ თაობას უნდა ესმოდეს დემოკრატიის პრინციპები, გაიაზროს და გაიზარდოს ამ პრინციპებით, ესმოდეს რას ნიშნავს იყო მოქალაქე.

დემოკრატიისთვის ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობა და სასამართლო სისტემა, ამიტომ ვისაუბრეთ იურიდიული განათლების ხელშეწყობაზეც.

ჩვენ ვმუშაობთ პედაგოგების კომპეტენციის ამაღლებაზე, მაგრამ ახალი პროგრამის დანერგვით ჩვენ ხელს შევუწყობთ მომავალი პედაგოგების კომპეტენტურობას და უნივერსიტეტებიდან ისეთ კადრებს გამოვუშვებთ, რომლებსაც  უკვე ექნებათ ის უნარები, რაც აუცილებელია 21-ე საუკუნის თაობის აღსაზრდელად.

  • რას გვეტყვით პროფესიულ განათლებაზე? ითქვა, რომ პრიორიტეტული უნდა გახდეს ეს სფერო ქვეყნისთვის, არის კი ასე, როგორ შეაფასებთ?

ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი პროგრამა გვაქვს პროფესიული განათლების სფეროშიც, რომელიც მოიცავს ქვეყნის სხვადასხვა საჭირო მიმართულებას. ეს პროგრამები ძალიან მაღალი ხარისხის და მოთხოვნადი იქნება, მათ დანერგვაში კი აუცილებლად უნდა იყოს ჩართული კერძო სექტორი, რადგან მათ უკეთ იციან რა კვალიფიკაციის სპეციალისტები სჭირდებათ.

სწორედ ბაზრის საჭიროებაზე იქნება მორგებული ჩვენი პროგრამებიც, რომ კურსდამთავრებულებს დასაქმების გარანტიები ჰქონდეთ.

  • ხომ არ გაქვთ კვლევა, როგორია დასაქმების მაჩვენებელი პროფესიულ სფეროში?

დასაქმების მონაცემები არ გვაქვს, მაგრამ ვიცით, რომ კერძო სექტორის მხრიდან დაინტერესება ძალიან  მაღალია.

ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ადგილობრივ დონეზე მოხდეს კადრების შერჩევა და დასაქმება. ჩვენ ამის მოლოდინი გვაქვს. იქნება ეს სამშენებლო სფერო, ტურიზმი თუ სხვა, ჩვენი მხრიდან  ექნებათ ხარისხიანი პროგრამების გარანტია. ამ პროგრამების შეფასება კი ეტაპობრივად მოხდება.

  • თქვენს ორგანიზაციას არაერთი პროგრამა აქვს განხორციელებული საქართველოში, სხვადასხვა სფეროში. თქვენი დაკვირვებით, რამ ვერ იმუშავა და რა მიმართულებაში?

ვერ ვიტყვი, რომ  რაიმემ ვერ იმუშავა, რადგან განათლების სფერო ხანგრძლივ პროცესს და ძალისხმევას მოითხოვს. ინტერვენციას დრო სჭირდება. ადამიანი წლებია მუშაობს, ახლა კი უნდა შეცვალოს მიდგომები და მეთოდები, დამოკიდებულება – ეს ყველაფერი დროს მოითხოვს.

ვფიქრობ, რომ განათლება უწყვეტი პროცესი უნდა იყოს ყველა სფეროში და არა ერთჯერადად რაღაცის სწავლება.

მთავრობა 14 სანატორიუმს ყიდის წყალტუბოში – ივანიშვილს აინტერესებს

წყალტუბოს მალე ახალი მფლობელი ან მფლობელები ეყოლება. დიდი ალბათობით უფრო მფლობელი, რადგან ერთადერთი ბიზნესმენი, ვისაც ბალნეოლოგიური კურორტის შეძენის სურვილი საჯაროდ აქვს გამოხატული, ეს ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილია.

4 აგვისტოს, სახელმწიფომ, გასაყიდად, მიწის 12 ნაკვეთი, ჯამში, 66 ჰექტარი გაიტანა თავისი შენობებით და მათივე დამხმარე ნაგებობებით. ამ ქონების საწყისი გასაყიდი ღირებულება მთლიანობაში 38 მილიონი ლარია.

ამ შენობებს  გარდა ისტორიული მნიშვნელობისა არქიტექტურული ღირებულებაც აქვთ და რამდენიმე მათგანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. აუქციონი 16 სექტემბერს უნდა დასრულდეს.

ქონების ეროვნული სააგენტო, როგორც გამყიდველი ორგანო, შესაბამისი კომპეტენციის მქონე უწყებების თანხმობის შემთხვევაში მათ დემონტაჟსაც უშვებს, დაკონკრეტებული არ არის, ყველაფრის დანგრევა შეიძლება, თუ მხოლოდ ნაწილი შენობების.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ამ ამბავს უკავშირდება არის ის, რომ ზოგიერთ მათგანში იძულებით გადაადგილებული პირები ოჯახებით ცხოვრობენ, ზოგიერთში კი, სოციალურად დაუცველები.

მონიშნულია აუქციონზე გასაყიდად გატანილი 14 ქონება – მათი ფართობი ჯამში 76 ჰექტარზე მეტია [767 167 კვ.მ]. აქედან ორი სანატორიუმი – „თბილისი“ და „მედეა“ უკვე გაყიდულია. დანარჩენი 12 ქონების საწყისი საპრივატიზებო ღირებულება კი, 38 მილიონი ლარია.

„მე გადავწყვიტე გამოვისყიდო უკლებლივ ყველა, 22 სასტუმრო, 9 აბანო და მოვახდინო მათი სრული რეაბილიტაცია, კურორტის განვითარების ერთიანი გეგმისა და კონცეფციის ფარგლებში“, – ეს ამონარიდია ბიძინა ივანიშვილის წერილიდან, რომელიც „ქართული ოცნების“ გვერდზე 2019 წელს გავრცელდა.

ამავე წელს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებდა, რომ ბიძინა ივანიშვილისა და სახელმწიფოს ამოცანაა, წყალტუბოს კურორტი სრულმასშტაბიანად 2024 წლიდან ამოქმედდეს.

წყალტუბოს განვითარების გეგმა საპარტნიორო ფონდს მოამზადებინეს

კურორტის შესყიდვის სურვილის  გამოხატვასა და მის შემდეგ დაწყებულ პროცესებს არასამთავრობო ორგანიზაციებიც გამოეხმაურნენ, მათ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი რესურსების გაცხადებული ფორმით პრივატიზება გააპროტესტეს:

„ჩვენთვის მიუღებელია ის ფაქტი, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია ამა თუ იმ საჯარო სივრცის, ქალაქისა და რეგიონის განვითარების სტრატეგიული გეგმა და მხოლოდ იქ არსებული ქონებისა და საჯარო რესურსების პრივატიზებაში ხედავს განვითარების გზას“.

არასამთავრობოების განმარტებით, მსგავსი მიდგომა სახელმწიფოს არაქმედითობის განცდას ქმნის და მისი ინსტიტუციების მნიშვნელობას აკნინებს. გარდა ამისა, ის ხელს უწყობს ქონების დაუსაბუთებელი და გაუაზრებელი გაყიდვის შემთხვევებსაც.

ამის შემდეგ საკითხი „გაიყინა“ და 2022 წლამდე არაფერი შეცვლილა.

2022 წლის 5 ივლისს, წყალტუბოში ვიზიტისას, „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ პროექტის პრეზენტაციაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „მთავრობა აუქციონზე გამოიტანდა წყალტუბოში არსებულ 14 სანატორიუმს, რომელთა ღირებულებაც, ჯამში, 50 მილიონი ლარია“.

პრემიერმა ამ გამოსვლის დროს მთავრობისთვის ორ შემაფერხებელ გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება. მან მთავარ პრობლემად წყლის რესურსების ფლობის საკითხი და გენერალური გეგმის დამტკიცება დაასახელა:

„ინვესტორი იყო კერძო პირი. ჩვენი გადაწყვეტილებით, ისინი გამოვისყიდეთ, მთავრობა ოფიციალურად გახდა ამ რესურსის მფლობელი… განაშენიანების გეგმა დასრულებულია. ჩვენ მაქსიმალურად გავითვალისწინეთ წყალტუბოს უნიკალურობა“.

ქონების ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოში მდებარე სანატორიუმები და მასზე დაქვემდებარებული ინფრასტრუქტურა ელექტრონულ აუქციონზე, კურორტის აღდგენა-განვითარების პირობით გაიტანა.

  • წყალტუბოს ხიბლი 

წყალტუბო, როგორც კურორტი, მომხმარებლის ინტერესს ისეთ პირობებშიც კი არ კარგავს, როგორიც მას ახლა აქვს. მიტოვებული, მწყობრიდან გამოსული, თუმცა შთამბეჭდავი შენობებითა და უნიკალური სამკურნალო წყლებით. საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2019 წელს წყალტუბოს 25 000 ვიზიტორი ეწვია და, მთავრობის ვარაუდით, ეს მაჩვენებელი რამდენიმე წელში უნდა გაათმაგდეს.

წყალტუბო ოფიციალური ბალნეოლოგიური კურორტია 1920 წლიდან. მისი ძირითადი მინერალური რესურსი ცნობილი სამკურნალო თერმული წყალია, რომელიც ფიზიკურ-ქიმიური თვისებებით შეფასებულია, როგორც უნიკალური. მისი ძირითადი დამახასიათებელი თვისება რადიაქტივობაა. წყალი შეიცავს კეთილშობილ აირს, რადონის ემანაციას, აზოტის დიდ რაოდენობას და ჰელიუმს, რის გამოც მას აიროვან აზოტიანი წყლების კლასს მიაკუთვნებენ.

გარდა ამისა, წყალტუბო იმ უიშვიათესი კურორტების რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა დაგეგმარება და განაშენიანება მეცნიერულად  დასაბუთებული, ორიგინალური გენერალური გეგმის მიხედვით განხორციელდა. ააშენეს 22  სანატორიუმი, მათგან არაერთი არქიტექტურული ხელოვნების ნიმუშია, ხელოვნურად გააშენეს 150-ზე მეტი განსხვავებული სახეობის ფოთლოვანი და წიწვოვანი  მცენარეული კულტურა. აქ ფუნქციონირებდა 9 სააბაზანო მკურნალი წყლებით – ეს ყველაფერი გეგმის თანახმად ამფითეატრის ფორმით განალაგეს.

  • აუქციონზე გაიტანეს ყოფილი სანატორიუმი „მეგობრობა“

ყოფილი სანატორიუმი „მეგობრობა“ 1937 წელს აშენდა. გასასხვისებელი ნაკვეთი 10 ჰექტარია [104 176 კვ.მ] შენობების საერთო ფართობი კი 16 129 კვ.მეტრი. ქონების საწყისი ფასი 5 მილიონ 232 300 ლარია. ბიჯი 10 000 ლარი. საგარანტიო თანხა ნახევარმილიონ ლარზე მეტია [ 523 230]. აუქციონის პირობის მიხედვით, მყიდველმა საპრივატიზებო თანხა აუქციონის დასრულებიდან არაუმეტეს 2 თვის ვადაში უნდა გადაიხადოს.

ამ შენობაში ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ. აუქციონს პირობის მიხედვით 2023 წლის იანვრიდან ოთხი წლის ვადაში [55 თვის ვადაში] მყიდველმა უნდა შეძლოს გადაცემული ტერიტორიის  განვითარება იმგვარად, რომ ის მოიცავდეს არანაკლებ 100 საწოლზე გათვლილ დიაგნოსტიკურ ცენტრს. საერთო ჯამში მყიდველმა ცენტრის მოსაწყობად 15 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება უნდა აიღოს.

სანატორიუმი „მეგობრობა“ – შენობის ნაწილის დემონტაჟს გამყიდველი უშვებს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების ნებართვის შემთხვევაში.
  • სანატორიუმი „წყალტუბო“
სანატორიუმი „წყალტუბო“ 1935 წელს აშენდა. მიწის ფართობი – 35 990 კვ.მეტრია შენობების ფართობი – 8 660 კვ.მეტრია.
ქონების საწყისი ფასი – 2 600 000 ლარია.  აუქციონის პირობის მიხედვით, მყიდველმა 2023 წლის 1 იანვრიდან არაუგვიანეს 4 წელში [55  თვის ვადაში] პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე მრავალფუნქციური კომპლექსი უნდა მოაწყოს, პროექტი უნდა მოიცავდეს არანაკლებ 100 ნომრიან სასტუმროს და კვების ობიექტებს.
დემონტაჟი ამ შემთხვევაშიც მხოლოდ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან შეთანხმებით იქნება დაშვებული. ამ პროექტში ინვესტორმა 8 მილიონამდე ლარის ღირებულების ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
სანატორიუმი წყალტუბო – ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები ამ შენობაშიც ცხოვრობენ.
  • სანატორიუმი „ფილიალი“
ყოფილი სანატორიუმი „ფილიალი“ 1939 წელს აშენდა. მიწის ფართობი – 38 224 კვ.მეტრია. გასაყიდი შენობების ფართობი – 4 564 კვ.მეტრი. შენობის საწყისი ფასი – 2 მილიონ 179 000 ლარი, ბიჯი 10 000 ლარი, ისევე როგორც სხვა 13 შემთხვევაში.

საპრივატიზებო თანხა მყიდველმა აუქციონის დასრულებიდან არაუმეტეს 2 თვის ვადაში უნდა გადაიხადოს. შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 5 წლის თვის ვადაში კი, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით უნდა მოაწყოს არანაკლებ 110 ნომრიანი სასტუმრო საკონფერენციო დარბაზებით და რესტორნებით. ამ შემთხვევაში ინვესტორს აქვს ასევე ვალდებულება სასტუმროს სამართავად უზრუნველყოს საერთაშორისო სასტუმროების ქსელის ოპერატორის შემოყვანა. საინვესტიციო ვალდებულება კი 6 მილიონ 537 000 ლარია.

სანატორიუმი „ფილიალი“
  • სანატორიუმი „სავანე“
სანატორიუმი „სავანე“ აშენდა 1975 წელს. მიწის ფართობი – 15 091 კვ.მეტრია, შენობის ფართობი – 7 726 კვ.მ. ქონების საწყისი ფასი 2 მილიონ 123 400 ლარია. აუქციონით გათვალისწინებული ვალდებულების მიხედვით, მყიდველმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის ვადაში პირადად ან მესამე პირის მეშვეობით უნდა უზრუნველყოს არანაკლებ 100  ნომრიანი სასტუმროს მოწყობა. დემონტაჟის სამუშაოების აუცილებლობის შემთხვევაში კი, უნდა მიმართოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. საინვესტიციო ვალდებულება არანაკლებ 6 მილიონ  370 200 ლარია.
სანატორიუმი „სავანე“
  • სანატორიუმი „უშიშროება“
სანატორიუმი „უშიშროება“ აშენდა 1940 წელს, მიწის ფართობი – 250 768 კვ.მეტრია, შენობა-ნაგებობების ფართობი – 6 686 კვ.მ.
საპრივატიზებო მიწის ნაკვეთიდან 10770.00 კვ.მ-ზე ვრცელდება სერვიტუტის უფლება. ქონების საწყისი ფასი 8 მილიონ 470 000 ლარია. საპრივატიზებო თანხის გადახდა მყიდველმა ელექტრონული  აუქციონის დასრულებიდან 2 თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს. ამ შემთხვევაში საინვესტიციო ვალდებულებაა არანაკლებ 73 აპარტამენტის შექმნა, საინვესტიციო ვალდებულება 25 მილიონ 410 000 ლარია.
  • სანატორიუმი „გელათი“
ელექტრონულ აუქციონზე იყიდება ასე წყალტუბოში მდებარე ყოფილი სანატორიუმი „გელათი“ – მიწის ნაკვეთი 22 067 კვ.მეტრია. აუქციონის პირობაში მითითებულია, რომ ნაკვეთზე დამაგრებული ორი შენობა დანგრეულია. ქონების საწყისი ფასი 1 969 300 ლარია. საპრივატიზებო მიწის ნაკვეთიდან 1056.00 კვ.მ-ზე ვრცელდება სერვიტუტის უფლება, შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და მასაც საცხოვრებლად იყენებენ.
ვალდებულებები აქაც თითქმის იდენტურია, საპრივატიზებო თანხა მყიდველმა ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან არაუმეტეს 2 თვის ვადაში უნდა გადაიხადოს. ქონების შეძენიდან 5 წლის ვადაში კი აქ უნდა უზრუნველყოს არანაკლებ 100 ნომრიანი სასტუმროს მოწყობა. საინვესტიციო ვალდებულება 6 მილიონამდე ლარია.
სანატორიუმი „გელათი“
  • სანატორიუმი „აია“
სანატორიუმი „აია“ 1985 წელს აშენდა. მიწის ფართობი: 34 342 კვ.მეტრია, შენობის ფართობი: 14 820 კვ.მეტრი. ქონების საწყისი ფასი 2 მილიონ 802 300 ლარია.
სანატორიუმი „აია“
  • სანატორიუმი „რკინიგზელი“
ელექტრონულ აუქციონზე გაიტანეს ასევე სანატორიუმი „რკინიგზელი“. 33 000 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, საწყისი ფასი 3 მილიონ 091 200 ლარია. პირობები თითქმის იდენტური. 
სანატორიუმი „რკინიგზელი“
  • სანატორიუმი „იმერეთი“

ქონების ეროვნული სააგენტო პირობიანი აუქციონის წესით ყიდის ასევე სანატორიუმ „იმერეთის“ შენობებს და მასზე დაქვემდებარებულ ოთხ ჰექტარს [41 150 კვ.მ]. ქონების საწყისი ფასი 3 მილიონ 124 500 ლარია, ბიჯი – 10 000 ლარი. ეს შენობა 1961 წელს არის აშენებული და მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. შენობის ფართობი 132 493 კვ. მეტრია.

  • სანატორიუმი „გეოლოგი“

გასაყიდად გამოტანილია ასვე სანატორიუმი „გეოლოგი“, 18 586 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობებით. ქონების საწყისი ფასი 1 მილიონ 422 000 ლარია. ამ შენობაშიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გაადაგილებული პირები ოჯახებით ცხოვრობენ.  საინვესტიციო ვალდებულება 4 მილიონ 266 000 ლარია.

  • სანატორიუმი „სამგურალი“

ელექტრონულ აუქციონზე იყიდება ასვე სანატორიუმი „სამგურალი “ – 18 681კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებულ ნაგებობები. ქონების საწყისი ფასი 2 043 000 ლარია.

მთავრობა ყიდის ასვე სასტუმრო  „ინტურისტს“,  მიწის ნაკვეთი 50 062.00 კვ.მეტრია. ქონების საწყისი ფასი 2 988 000 ლარია.

ქონების ეროვნულმა სააგენტომ პირველივე აუქციონით გაყიდა სანატორიუმები „მედეა“ [76 621კვ]  და „თბილისი“ [28 399კვ]. ორივე სანატორიუმი თითო ბიჯით გაიყიდა:  „მედეა“ – 5 მილიონ 830 000 ლარად და „თბილისი“ 3 მილიონ 152 300 ლარად.

საჯარო რეესტრში ინფორმაცია მყიდველის შესახებ ჯერ ასახული არ არის.

ამ თემაზე „ბათუმელები“ მუშაობას გააგრძელებს და ახალ ინფორმაციას უახლოეს მომავალში გამოვაქვეყნებთ.

სანქციებს არ გავაუქმებთ საპროტესტო აქციების გამო – გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზამთარში ელექტროენერგიის მაღალი ფასის გამო გერმანიაში მოქალაქეთა საპროტესტო აქციები დაიწყება, ეს არ გამოიწვევს უკრაინის ომის გამო რუსეთზე დაწესებული სანქციების გაუქმებას – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბერბოკმა, 31 აგვისტოს, პრაღაში გამართულ პანელზე განაცხადა – იუწყება „დოიჩე ველე“.

„ჩვენ ვიქნებით უკრაინის მხარეზე და ეს ნიშნავს, რომ სანქციები გაგრძელდება ზამთარში, თუნდაც ეს ძალიან რთული იყოს პოლიტიკოსებისთვის“, – განაცხადა ბერბოკმა.

მან აღიარა, რომ ელოდება გერმანიის მოქალაქეების გამოსვლებს ქუჩებში, რომლებიც ელექტროენერგიის ფასს გააპროტესტებენ.

„ამ პროტესტზე პასუხი უნდა იყოს სოციალური ზომების მიღება, მაგრამ არა მოსკოვისთვის შეზღუდვების მოხსნა.

უკრაინელებს პირობას ვაძლევ: ჩვენ ვიქნებით თქვენთან მანამ, სანამ საჭირო ვიქნებით თქვენთვის“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.

რადარების განადგურება რუსეთისთვის უდიდესი დარტყმა იქნება – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, 30-31 აგვისტოს, უკრაინის შეიარაღებული ძალები ქვეყნის სამხრეთში კვლავაც განაგრძობდნენ კონტრშეტევას და რუსეთის მართვისა და ლოგისტიკური პუნქტების დაზიანებას ოკუპირებული ზონის მთელ ტერიტორიაზე.

უწყება მიუთითებს, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ იყენებს უკრაინული თვითმფრინავი ამერიკული წარმოების მაღალსიჩქარული კლასის რადარსაწინააღმდეგო რაკეტებს (HARM).

„რუსეთი მანამდე აცხადებდა, რომ აღმოაჩინა ამ იარაღის ფრაგმენტები, რომლებიც რადარების აღმოსაჩენად და გასანადგურებლად გამოიყენება.

რუსეთი პრიორიტეტს ანიჭებს ძლიერ სახმელეთო ბაზირების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას – რადარების შენიღბვას, რაც უკრაინაში მისი სამხედრო ოპერაციისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პოტენციალია,“ – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა პირველი სექტემბრის რელიზში და დასძენს, რომ რადარების დასუსტება უდიდესი დარტყმა იქნება რუსეთისთვის, რომელსაც უკრაინასთან ომში პრობლემები ისედაც არ აკლია.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში უწყება აღნიშნავდა, რომ სამხრეთში კონტრშეტევისას უკრაინულმა ფორმირებებმა მოხერხებულად გამოიყენეს რუსეთის დაცვის სუსტი ადგილები და ფრონტის ხაზი რამდენიმე ადგილას, გარკვეულ მანძილზე უკან გადაწიეს.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – პირველი სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 1-ელ სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 48 350 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +450]
  • ტანკი – 1 997 ერთეული [+23]
  • ჯავშანტექნიკა – 4 345 ერთეული [+33]
  • საარტილერიო სისტემა – 1115 ერთეული [+24]
  • MLRS – 287 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 153 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 234 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 205 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 851 ერთეული [+2]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 196 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 3 239 ერთეული [+3]
  • სპეცტექნიკა – 104 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან პირველ სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 280 თვითმფრინავი
  • 151 ვერტმფრენი
  • 1 852 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 371 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 4 663 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 822 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 363 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 5 192 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად და ზოგადადაც, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსები თუ ტყვედ ჩავარდებიან, თავს აიფეთქებენ – პონომარევი[/yellow_box]

ამავე თემაზე:

რამდენი მილიარდი დოლარის სამხედრო ტექნიკა გაუნადგურა რუსეთს უკრაინამ

ხულოში, ხიხანის ციხესთან, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება

ხულოში, სოფელ ზემო თხილვანას მახლობლად, ხიხანის ციხის მიმდებარედ არსებულ ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობაა დაგეგმილი. საპროექტო ტერიტორია დაახლოებით 2 ჰექტარია.

ადგილობრივმა საკრებულომ მერიის მიერ წარდგენილი „განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია [დავალება] უკვე დაამტკიცა. ამ დავალების საფუძველზე კი, როგორც „ბათუმელებს“ ხულოს მერიაში უთხრეს, „განაშენიანების დეტალურ გეგმას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი მოწყობის ჯგუფი მოამზადებს“.

მიზანი, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, „ტურისტული ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მცირე სართულიანობის დასასვენებელი და ტურისტული განაშენიანებული გარემოს შექმნაა – სათანადო სტანდარტების დაცვით“.

ხიხანის ციხესთან არსებული ტერიტორია [მარცხნივ], სადაც ტურისტული ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს და ამ ტერიტორიის მდებარეობა [მარჯვნივ]
საპროექტო ტერიტორია მდინარე ხიხანისწყლის [სხალთის მარჯვენა შენაკადი] ნაპირებზე, ზღვის დონიდან 1 440 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს; ბათუმიდან ამ ადგილამდე მანძილი კი, 110 კილომეტრია.

დოკუმენტის მიხედვით, ხულოს მერია იტოვებს უფლებას, „მოსამზადებელი კვლევის პროცესში გამოვლენილი საჭიროებების შემთხვევაში დააზუსტოს წარმოდგენილი გეგმარებითი ერთეულის საზღვრები“.

„განაშენიანების დეტალური გეგმის [გდგ] მიღების მიზანია აღნიშნულ ტერიტორიაზე დაბალანსებული განვითარების მიღწევა, რისთვისაც აუცილებელია განვითარების საერთო და შეჯერებული ხედვის ჩამოყალიბება, შესაბამისი სტრატეგიის [პრიორიტებები და რიგითობა] შემუშავება და გდგ-ში ასახვა, რათა შემდგომ გეგმის იმპლემენტაციის ეტაპზე, მიღწეულ იქნას დაბალანსებული და მდგრადი განვითარება, საჯარო თუ კერძო ინვესტიციების ფარგლებში“ – აღნიშნულია საკრებულოს მიერ მიღებულ დოკუმენტში.

ასევე, საჭირო იქნება „საჯარო და კერძო ინტერესების, მათ შორის დარგთაშორისი შესაძლო აცდენების/კონფლიქტების, დაინტერესებული მხარეების მოსაზრებების მაქსიმალური დაახლოება და ურთიერთშეთანხმება განაშენიანების მართვის საკითხებში; საჭირო ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების განსაზღვრა“.

_____________________________

ხულოს მერიის ინფორმაციით, უკვე დაწყებულია უშუალოდ ხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკის მოწყობა.

ბილიკისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაზე ტენდერი აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს რამდენჯერმე ჰქონდა გამოცხადებული. ერთ-ერთი ტენდერი 865 ათასი ლარით იყო გამოცხადებული, რომელიც არ შედგა.

ამის შემდეგ ტენდერი სააგენტომ 900 ათასი ლარით გამოაცხადა და ხელშეკრულებაც ზუსტად ამავე თანხაზე გააფორმა, ტენდერში გამარჯვებულად გამოვლენილ, შპს „იორ ბუილდინგ კომპანი-LTD YOUR BUILDING COMPANY“-თან.

კომპანიამ სამუშაოები 2023 წლის 1-ელ ნოემბრამდე უნდა დაასრულოს.

ამავე თემაზე „ბათუმელების“ არქივიდან:

43 450 ლარი ხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკის მოსაწყობი დოკუმენტებისთვის

 

მთავარი ფოტო: ხიხანის ციხე / ფოტო: ხულოს მერია

 

ვინ არის რუსი მებრძოლი, რომელიც სცენაზე აზოვსტალის მცველის „თავის ქალით“ გამოვიდა

უკრაინამ უკვე მიმართა გაეროს იმ ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელშიც ჩანს, რომ დაქირავებულ რუს მებრძოლს, იგორ მანგუშევს სცენაზე სიტყვით გამოსვლისას ხელში თავის ქალა უჭირავს და ამტკიცებს, რომ ეს „აზოვსტალის“ დამცველის თავის ქალაა.

როგორც იგორ მანგუშევი ამბობს, რუსეთი ებრძვის არა ადამიანებს, არამედ „უკრაინის, როგორც ანტირუსული სახელმწიფოს იდეას“ და „ყველა, ვინც ამ იდეას იზიარებს, უნდა განადგურდეს“. ის ასევე ამბობს, რომ „საჭიროა უკრაინის დეუკრაინიზაცია“ და აღიარებს, რომ პირადად კლავდა „აზოვსტალის“ დამცველებს.

Настоящее Время-ს ცნობით, მანგუშევმა ვიდეომიმართვა 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღესაც გამოაქვეყნა.

„ომი უახლოეს დღეებში დამთავრდება. თუ გნებავთ, დანებდეთ ძლევამოსილ რუსულ არმიას… კიევი უახლოეს საათებში ჩვენი იქნება. პატივისცემით, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეზერვის კაპიტანი იგორ მანგუშევი,“ – განაცხადა მან.

მანგუშევი საკუთარ თავს პოლიტტექნოლოგს უწოდებს. 2019 წლის ზაფხულში Новая Газетаმ გამოაქვეყნა გამოძიება იმის შესახებ, როგორ ცდილობდნენ ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინთან დაკავშირებული პროვოკატორები მოსკოვის საქალაქო დუმაში არჩევნების ჩაშლას. ამ საქმის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იყო მანგუშევი, რომელიც ლუბოვ სობოლის სასარგებლოდ ყალბ ხელმოწერებს „ხატავდა“, რათა შემდეგ პოლიტიკოსი არჩევნებიდან მოეხსნათ. იმ მომენტისთვის მას უკვე ნამუშევარი ჰქონდა პრიგოჟინის „ტროლების ფაბრიკაში“ და ნამყოფი იყო დონბასშიც, სადაც, როგორც თავად ამტკიცებს, „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ მხარეს იბრძოდა.

მანგუშევი ნაციონალისტიცაა – იგი წარსულში Светлая Русь-ის წევრი იყო, ორგანიზაციის, რომელიც მოსკოვში მიგრანტების საცხოვრებელ ადგილებში რეიდებს აწყობდა.

„მანგუშევი ამ ჯგუფის ლიდერი იყო,“ – ამბობს უფლებადამცველი ალექსანდრ ვერხოვცევი,

მანგუშევის ვიდეოკლიპის გამოჩენის შემდეგ უკრაინის სახალხო დამცველმა დმიტრო ლუბინეცმა განაცხადა, რომ მან უკვე გადასცა ინფორმაცია გაეროს საგამოძიებო კომისიას და უკრაინის გენპროკურატურასაც მიმართა.

„იდეალურ სამართლებრივ სახელმწიფოში, ეს, რა თქმა უნდა, დანაშაულები მთელი პაკეტია,“ – ამბობს იურისტი ვალერია ვეტოშკინა, რომელსაც Настоящее Время-მ სთხოვა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით შეეფასებინა მანგუშევის ვიდეო.

„მკვლელობით დაწყებული, ის პირდაპირ ამბობს, რომ „მან მოკლა ის უკრაინელი და ეს მოკლული უკრაინელის თავის ქალაა“. შემდეგია ცხედრის შეურაცხყოფა, რუსეთი სისხლის სამართლის კანონმდებლობაში, ასეთი მუხლიც არსებობს. ხულიგნობაცაა, რადგან ეს პირდაპირი უპატივცემულობაა საზოგადოებისადმი. შემდეგ – უკვე შეიძლება იყოს ნაციზმის რეაბილიტაცია, ძალადობისკენ, მკვლელობისკენ მოწოდება.

ეს ადამიანი, თუ მისი ადამიანად მოხსენიება საერთოდ შეიძლება, სცენიდან ამბობს, რომ უკრაინელები უნდა დავხოცოთ, რადგან ისინი ბინძური ერია, არ არიან სუფთა სისხლისანი, ეს უკვე გენოციდის წახალისებაა და თუ გავითვალისწინებთ, რომ ის თავადაც კლავდა, ეს უკვე გენოციდიცაა“ – ამბობს ვალერია ვეტოშკინა.

თუმცა რუსეთის სამართალდამცველებს იგორ მანგუშევთან არანაირი პრეტენზია არ აქვთ.

მანგუშევს ასევე ასახელებენ კერძო სამხედრო კომპანია „ენოტის“ ყოფილ მებრძოლად, თითქოს სწორედ მათ რიგებში იყო ის, როდესაც 2014 წელს დონბასში იბრძოდა. „ენოტის“ შესახებ გამოძიება Новая газета-მ ჩაატარა და ამ მასალაში გამოქვეყნებული იყო ფოტოც, რომელზეც მანგუშევი, დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკის ყოფილი პრემიერი ალექსანდრ ბოროდაი და ნეონაცისტი ალექსეი მილჩაკოვი არიან გამოსახულნი.

მილჩაკოვი ღიად აცხადებდა, რომ ის დონბასში მოკლულ ჯარისკაცებს ყურებს აჭრიდა, მათ სახეებზე დანით სვასტიკას ხატავდა და ცეცხლმოკიდებული ცხედრების ფონზე სელფებს იღებდა. მისი ზედმეტსახელი „ფრიცია“.

რამდენიმე დღის წინ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხელში ჩაიგდეს რუსეთის სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის სამხედრო კორესპონდენტის, ალექსანდრ სლადკოვის დრონი. სლადკოვი ფრონტიდან რეპორტაჟებს ამზადებს, მათ შორის პროპაგანდისტი დიმიტრი კისილევის გადაცემისთვის. ამ დრონში აღმოჩენილ კადრებში სლადიკოვის გვერდით მილჩაკოვიც ჩანს.

მილჩაკოვის ნაცნობია იგორ მანგუშევი, რომელიც საკუთარ თავს ევგენი პრიგოჟინის პოლიტტექნოლოგს უწოდებს და რომლის ტელეგრამ არხსაც 30 ათასზე მეტი ადამიანი კითხულობს.

Настоящее Время-მ ამ ამბებზე კომენტარი რუსეთის პრეზიდენტთან არსებულ ადამიანის უფლებათა საბჭოს სთხოვა, თუმცა პასუხი მხოლოდ საბჭოს ერთადერთი წვერისგან, ნიკოლაი სვანიძისგან მიიღო:

„სტენდაფი თავის ქალით, არა მულაჟით, არამედ ნამდვილით და განცხადებები, რომ ყველა ვინც თავს უკრაინელად მიიჩნევს, უნდა განადგურდეს, როგორც ჩანს მას ეს გულისამრევი საზიზღრობა და საკუთარი თავიც ძალიან მოსწონს. ვფიქრობ, არა მხოლოდ მას მოსწონს” – ამბობს სვანიძე.

„ეს არის პირდაპირი მოწოდება გენოციდისკენ ეთნიკური ნიშნით. ნამდვილი ნაციზმი. სხვათა შორის, თავის ქალა, ეს პირდაპირი განაცხადია მესამე რაიხის სტილზე. ეს დანაშაულია ახლანდელი რუსული კანონებითაც კი. როდისმე მათ გაასამართლებენ და სამართლიანადაც, თუმცა სამწუხაროდ, არა ახლა. ახლა ასამართლებენ და გაასამართლებენ სხვა ადამიანებს, ნამდვილებს, ეს საზიზღრები კი ახლა დაუსჯელნი არიან“ – ამბობს ის.

_________________

ფოტოზე: იგორ მანგუშევი/ფოტო: კადრი ვიდეოდან

80 წლის კაცმა მერიას სასამართლო 2-ჯერ მოუგო, მაგრამ მერია მიწას მაინც არ ურეგისტრირებს

სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს ბათუმის მერია, რომლის სტრუქტურული ერთეულის – ე.წ. მიწის კომისიის წინააღმდეგ სასამართლო დავა 80 წლის შოთა დევაძემ ორჯერ მოიგო. მოქალაქეს იძულებით აღსრულების ფურცელიც მისცა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ 2021 წლის დეკემბერში, ანუ მას შემდეგ, როცა აშკარად გამოჩნდა, რომ ნებაყოფლობით ბათუმის მერია სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებდა. თუმცა მერია სასამართლოს გადაწყვეტილებას მაინც არ ასრულებს.

სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა სისხლის სამართლის დანაშაულია, თუმცა ახლა მოქალაქეს პასუხს პროკურატურა არ სცემს, რომელმაც პასუხი უნდა მოსთხოვოს მერიას სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობისთვის – პროკურატურამ უნდა დაადგინოს პასუხისმგებელი პირი ან პირები, რომლებიც ხელს უშლიან სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას. „მიწის კომისიის“ წევრებს მერი არჩევს.

დავის საგანია მიწის ნაკვეთი ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში, სადაც შოთა დევაძე მიწის საკუთრების აღიარებას წლებია უშედეგოდ ითხოვს. შოთა დევაძეს და მის მეუღლეს შვილები არ ჰყავთ, ამიტომ ყველა დოკუმენტის მოძიება თავად შოთას უწეს.

„…გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათუმში, მეჯინისწყალზე მდებარე 943 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთზე შოთა დევაძის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“, – ასე მკაფიო ჩანაწერი გააკეთა და ე.წ. მიწის კომისიას მიწის საკუთრების აღიარება დაავალა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ, როცა მან დაინახა, რომ 80 წლის მოქალაქემ სამივე ინსტანციის სასამართლო მოიარა ბათუმის მერიის წინააღმდეგ, მაგრამ არაფერი შეიცვალა.

ბათუმის მერიის პრესცენტრში გვითხრეს, რომ შოთა დევაძეს არ წარუდგენია შესაბამისი დოკუმენტები, რაც საჭიროა მიწის რეგისტრაციისთვის. შოთა დევაძე კი ამბობს, რომ ყველა დოკუმენტი, რაც მიწის რეგისტრაციას სჭირდება, წლების განმავლობაში მერიას არაერთხელ წარუდგინა. ბათუმის მერიის პრესცენტრში ვერ გვითხრეს, კონკრეტულად რა დოკუმენტი ვერ წარუდგინა შესაბამის კომისიას შოთა დევაძემ.

საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე, ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მიწის საკუთრების აღიარების კომისიას არ ჰქონდა უფლება დამატებით დოკუმენტაცია მოეთხოვა შოთა დევაძისთვის.

„სასამართლომ პირდაპირ დაავალა კომისიას მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება. არც კომისიას და არც რომელიმე სხვა უწყებას არ აქვს უფლება, სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსში შევიდეს და მოკვლევა დაიწყოს,“ – გვიყვება პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, რომელიც მოქალაქის ინტერესებს იცავს. – „წლების წინ, როცა მოქალაქემ დაიწყო სასამართლო დავა, სასამართლომ დაავალა მერიის საკუთრების კომისიას მოკვლევა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

ხელმეორედ როცა დაიწყო სასამართლო განხილვა, სასამართლომ დაინახა, რომ მიწის საკუთრების კომისიამ ყოველგვარი მოკვლევის გარეშე მოქალაქეს უარი უთხრა მიწის საკუთრების რეგისტრაციაზე. ამ შემთხვევაზე კი, სასამართლომ კომისიას პირდაპირ, ყოველგვარი მოკვლევის გარეშე დაავალა საკუთრების რეგისტრაცია.

ამჯერად კომისია სთხოვს მოქალაქეს, მაგალითად,  მოწმეების ნოტარიულად დამოწმებულ ახსნა-განმარტებებს, მაგრამ ის, რაც თქვეს მოწმეებმა წლების წინ, ახლა რა შეიცვლებოდა? გაუგებარია, ხელახლა რატომ უნდა მისცენ ახსნა-განმარტება მოწმეებმა კომისიას? აშკარაა, რომ კომისია მიზანმიმართულად არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რაც დანაშაულია,“ – მიიჩნევს პაატა დიასამიძე.

მოქალაქე შოთა დევაძე ვერც პროკურატურისგან იღებს პასუხს, რატომ არ იწყება გამოძიება, როცა სასამართლოს გადაწყვეტილებას მით უმეტეს სახელმწიფო ორგანო – ბათუმის მერია არ ასრულებს.

საია-ს იურისტი პაატა დიასამიძე განმარტავს, რომ გამოძიებამ უნდა გამოკვეთოს ის პირი ან პირები, რომლებიც ხელს უშლიან სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას.

„ზოგადად მერი ყველაფერზეა პასუხისმგებელი, რაც მერიაში ხდება, თუმცა გამოძიებამ უნდა დაადგინოს კონკრეტული პირი, რომელიც მიზანმიმართულად აჭიანურებს სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, აზრი ეკარგება სასამართლოს გადაწყვეტილებას.

ეს რიგითი საქმე ძალიან დიდი მასშტაბით აჩვენებს მართლმსაჯულების პრობლემას საქართველოში, მით უფრო ახლა, როცა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში ერთ-ერთი რეკომენდაცია ზუსტად ეს არის – მართლმსაჯულების რეფორმა,“ – აღნიშნა პაატა დიასამიძემ „ბათუმელებთან“.

რატომ არ დაიწყო გამოძიება პროკურატურამ სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობაზე? – „ბათუმელების“ შეტყობინებას პროკურატურის პრესცენტრში არ უპასუხეს.

წლის ბოლოს რუსეთს ჭურვები, არტილერია და ჯავშანტექნიკა თითქმის არ ექნება – The Insider

უკრაინასთან ომში რუსეთმა არამხოლოდ ათასობით სამხედრო დაკარგა, არამედ სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვანი ნაწილიც გაუნადგურდა – რუსეთის შეიარაღების მდგომარეობა ზოგიერთი პარამეტრით კრიტიკულია, წლის ბოლოსთვის კი დეფიციტი თვალსაჩინო გახდება.

ასეთ დასკვნამდე მივიდნენ რუსული საგამოძიებო პროექტის The Insider-ის ჟურნალისტები.

მათ საგამოძიებო სტატიაში ნათქვამია, რომ უკვე წლის ბოლოსთვის რუსეთი ცხადად იგრძნობს საარტილერიო ჭურვებისა და ჯავშანტექნიკის ნაკლებობას, სანქციების გამო კი სრულფასოვანი სამხედრო წარმოების გაგრძელებას და მარაგების შევსებას ვერ შეძლებს.

The Insider-ი რუსული არმიის შეიარაღების პრობლემებს ხუთ კატეგორიად ყოფს:

  1. საარტილერიო ლულების ცვეთა და „ჭურვების შიმშილი“

გამოძიების ავტორები მიიჩნევენ, რომ „მაღალი წარმოდგენა რუსეთის საარტილერიო შეიარაღების უზარმაზარ მარაგებზე“, რომელიც რუსეთს საბჭოთა კავშირისგან მემკვიდრეობით დარჩა, დღეისთვის მათ რეალურ მდგომარეობას არ ითვალისწინებს.

ზოგიერთი სახეობის ძველი საბრძოლო მასალების გამოყენების ვადები შეზღუდულია. „საბჭოთა ჭურვები (საქვემეხო) ლულიანი არტილერიისთვის დიდხანს ვერ შეინახებოდა, უკვე 2002 წლის ზაფხულისთვის, ჩეჩნეთის მეორე ომის დროს, რუსეთს უკვე ჰქონდა ძირითადი 122მმ და 152მმ კალიბრიანი საარტილერიო ჭურვების დეფიციტი,“ – წერს გამოცემა.

საბჭოთა არტილერიის ნაწილი რუსეთმა მანამდე სხვა ომებში დახარჯა. ამ მარაგს „ძირი გამოუთხარა“ არამხოლოდ ჩეჩნეთის ომებმა და ომმა საქართველოში, არამედ უკრაინასთან 8-წლიანმა ომმაც და დიდწილად სირიის კამპანიამაც.

The Insider-ის ცნობით, უკრაინასთან ახლანდელ ომში რუსული ჭურვები კიდევ უფრო სწრაფად იხარჯება. უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ, დღე-ღამეში, რუსეთი ყველა სახეობის 40 000 – 60 000-მდე ჭურვს იყენებს საბრძოლო მოქმედებების მაღალი ინტენსივობის პირობებში და 24 000-მდე ჭურვს – შედარებით „მშვიდ“ პერიოდებში.

ჟურნალისტების გათვლებით, საარტილერიო არსენალის შევსების წლიური ტემპი 2010-იან წლებში 1,6 – 1,7 მილიონ ჭურვს არ აღემატებოდა, მაშინ როდესაც უკრაინასთან ომის ექვსი თვის განმავლობაში, რუსეთმა სავარაუდოდ, უკვე სულ მცირე 7 მილიონი ჭურვი დახარჯა – ამაში არ შედის ის დანაკარგი, რომელიც რუსეთს მის საბრძოლო მასალების საწყობებზე უკრაინელთა დარტყმებმა მიაყენა.

„სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ომი ამავე ინტენსივობით გაგრძელდება, უკვე 2022 წლის ბოლოსთვის, მოსკოვი „ჭურვების შიმშილის“ წინაშე აღმოჩნდება და იძულებული გახდება არტილერიის გამოყენება შეამციროს,“ – მიიჩნევენ გამომძიებელი ჟურნალისტები.

არანაკლებ პრობლემადაა დასახელებული ლულების ცვეთა. რუსულ ტანკებს ჯავშანგამტარი ქვეკალიბრის ჭურვების 210 და მსხვრევად-ფუგასური და კუმულატიური ჭურვების 840 გასროლის ლიმიტი აქვს. ამავე დროს, 2000-3000 გასროლის ლიმიტი აქვს საარტილერიო ნაჭდევებიან ლულებს კალიბრის, ჭურვის ტიპისა და გასროლის მანძილის მიუხედავად.

გარდა ამისა, რუსეთს ეფექტიანი საველე მომსახურებისა და საარტილერიო შეიარაღების რემონტის პრობლემებიც აქვს.

„2022 წლისთვის არტილერიის ცვეთა თავისთავად მიიყვანს რუსეთს მისი ეფექტიანობის მკვეთრ შემცირებამდე“ – წერს The Insider

  1. სანქციების გავლენა: სამხედრო წარმოების შემცირება რუსეთში

„რადგან დასავლეთიდან, ტექნიკას, ნაწილებს და მასალებს ვერ მიიღებენ, ამავე დროს ვერ ჩაიყვანენ სპეციალისტებს, არტილერიისა და საბრძოლო მასალების რუსი მწარმოებლებს აუცილებლად მოუწევთ წარმოების შემცირება“, – გამომძიებელი ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ თუ 2022-2023 წლებში რუსეთი მაინც მოახერხებს სამხედრო ტექნიკის წარმოების აქამდე არსებული ტემპის შენარჩუნებას, შემდგომ წლებში ეს შეუძლებელი იქნება.

რუსეთი შეძლებისდაგვარად ეცდება უკვე მანამდე შესყიდული ტექნოლოგიები გამოიყენოს სამხედრო ტექნიკის გასარემონტებლად, თუმცა წარმოებული პროდუქციის რაოდენობა და ხარისხი შემცირებას დაიწყებს. ეს კი მასობრივი წარმოებიდან მანუფაქტურაზე გადასვლას ნიშნავს.

  1. მაღალი სიზუსტის რაკეტების ამოწურვა

ლაპარაკია მაღალი სიზუსტის რუსულ იარაღზე, რომელშიც რაკეტების რამდენიმე ტიპი შედის – კერძოდ, ისეთები, რომლებიც სამიზნეს 300 კმ-ზე შორს აღწევს.

ესენია:

  • ბალისტიკური რაკეტები კომპლექსებისთვის „ისკანდერ M”
  • „კალიბრის“ საზღვაო და სახმელეთო ბაზირების ფრთოსანი რაკეტები;
  • საზღვაო და სახმელეთო ბაზირების ფრთოსანი ზებგერითი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები „ონიქსი“;
  • საჰაერო ბაზირების ფრთოსანი რაკეტები Х-101, Х-555 და Х-22/Х-32.

ამ ტიპის რაკეტებიდან თითოეულის მარაგი რუსეთის არსენალში, ომის დაწყებამდე, რამდენიმე ასეული ერთეული იყო. რუსეთმა რომ ეს არსენალი თითქმის დახარჯა, ამაზე, გამოცემის თქმით, რამდენიმე ფაქტორი მიუთითებს:

  • თუკი ომის პირველ დღეებში რუსეთი დღეში ათობით რაკეტას უშვებდა, ახლა დღის განმავლობაში მხოლოდ ერთს ან ორს იყენებს;
  • რუსეთი ასეთი რაკეტების მზარდ დეფიციტს შორსმოქმედი რეაქტიული არტილერიისა და სახმელეთო სამიზნეების წინააღმდეგ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების გამოყენებით ნიღბავს.

გამომძიებელი ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ რუსეთი დღეს ნამდვილად ვერ აწარმოებს იმდენ რაკეტებს, რამდენსაც უკრაინაში ხარჯავს. შორსმოქმედი ფრთოსანი და ოპერატიულ-ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტების ყოველწლიური წარმოების მოცულობა საშუალოდ 50 ერთეულია.

საზღვაო „კალიბრს“, საავიაციო Х-101-სა და სახმელეთო ბაზირების ფრთოსან რაკეტა 9М729-ს რუსეთი ჯამში დაახლოებით 100 ერთეულის რაოდენობით აწარმოებს. შედარებით მაღალია „ონიქსის“ წარმოება – 55 ერთეული და კიდევ უფრო ნაკლებია Х-32-ების წარმოების მოცულობა – 20 ერთეული.

ჟურნალისტები დასძენენ, რომ ახალი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, შესაძლოა ეს მონაცემები გადაიხედოს.

რაც შეეხება 300 კმ-მდე მოქმედ რაკეტებს, ასეთებია Х-35 და Х-59, შედარებით მარტივი რაკეტები, რომელთა რაოდენობის შეფასებაც, გამოცემის თქმით, ძალიან რთულია. ასევე რთულია მათი წარმოების მოცულობის შეფასებაც, შესაბამისად The Insider-ი ვერ გამოთქვამს ვარაუდს, რამდენ ხანს ეყოფა რუსეთს ამ ტიპის რაკეტები.

  1. ჯავშანტექნიკის პრობლემები

ბრძოლებში განადგურებული ტექნიკის გარდა, რუსეთისთვის პრობლემას წარმოადგენს მისი შეკეთება და ექსპლუატაციის რესურსიც.

ძირითადი რუსული საბრძოლო ტანკების მოტორესურსი 1 000 საათზე მეტი არაა. ამის შემდეგ მათ ძრავის შეცვლა ან შეკეთება აუცილებლად სჭირდებათ, ეს ძრავები კი იმპორტული მასალებით მზადდება, რაც რუსეთისთვის დამატებითი პრობლემაა.

ჟურნალისტების აზრით, თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსული ტანკები უკრაინაში სულ მცირე დღე ღამეში 2-3 საათი მაინც მუშაობენ, 24 თებერვლიდან დღემდე მათ უკვე 370-560 საათი იმუშავეს, შესაბამისად, რუსული ჯავშანტექნიკის დიდი ნაწილი – ბრძოლების მაღალი ინტენსივობის პირობებში – უკვე 2022 წლის ბოლოსთვის სარემონტო იქნება (თუ მანამდე არ განადგურდა).

The Insider აღნიშნავს, რომ ომის დაწყებამდე რუსეთს დაახლოებით 2000 მოდერნიზებული ტანკი ჰქონდა (სულ 3 300), ხოლო 16 000 საბრძოლო ჯავშანმანქანიდან ახალი და მოდერნიზებული მხოლოდ მეოთხედი იყო.

  1. სამხედრო ავიაციის პრობლემები

ავიაცია რუსეთის ყველაზე საშიშ ძალად რჩება: დღეისთვის, დანაკარგებისა და ზიანის მიუხედავად, რუსეთს შეუძლია, უკრაინის საზღვრებთან დაახლოებით 400 საბრძოლო თვითმფრინავი და 360 ვერტმფრენი იყოლიოს.

„ამის მიუხედავად, რუსეთმა ვერ შეძლო, ომის დაწყებისას სრულმასშტაბიანი საჰაერო კამპანია ეწარმოებინა,  ახლა კი მისი შესაძლებლობები ასეთი კამპანიის დასაწყებად კიდევ უფრო შემცირებულია,“ – გამომძიებელი ჟურნალისტები რამდენიმე არგუმენტს ასახელებენ:

ზოგიერთ საბრძოლო მოიერიშე თვითმფრინავს მოტორესურსი ეწურება, ზოგიერთს – გამოყენების ვადები, უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები კი წარმატებულად მუშაობს.

გარდა ამისა, თუკი ომამდე რუსეთი ყოველწლიურად 30-35 სამხედრო თვითმფრინავსა და 25-30 დამრტყმელ ვერტმფრენს უშვებდა და 130-დან 200-მდე ერთეული ავიატექნიკის მოდერნიზებასაც ახერხებდა, ახლა ამის საშუალებას მას სანქციები აღარ მისცემს.

ასევე წაიკითხეთ: 

რამდენი მილიარდი დოლარის სამხედრო ტექნიკა გაუნადგურა რუსეთს უკრაინამ

 

კოლაბორანტი იქნება პედაგოგი, რომელიც უკრაინაში რუსული პროგრამით ასწავლის – რადა

მასწავლებლებს, რომლებიც რუსული პროგრამით ასწავლიან უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, შესაძლოა აგრესორ ქვეყანასთან თანამშრომლობისთვის პასუხისმგებლობა დაეკისროთ –  ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადის განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების კომიტეტის ხელმძღვანელმა სერხი ბაბაკმა განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი მასწავლებლები, უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით, გათანაბრებულნი იქნებიან კოლაბორანტებთან და დაექვემდებარებიან უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსს.

„ეს ბავშვებს არ ეხება. ბავშვს თავის ასაკში ზოგჯერ შესაძლოა არ ესმოდეს, რა ხდება. და მე მესმის, რომ მშობლები შესაძლოა შეშინებულნი არიან და ბავშვები აიძულონ სკოლაში წავიდნენ“, – თქვა ბაბაკმა.

მისივე თქმით, უკრაინელი მასწავლებლების უმეტესობა უარს ამბობს ოკუპანტებთან მუშაობაზე.

უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე 1300-მდე სკოლაა. ყველა მათგანი ონლაინ რეჟიმში განაახლებს სწავლას პირველ სექტემბერს.

ბაბაკმა დასძინა, რომ ამჟამად მუშაობენ დიდი ონლაინსკოლის შესაქმნელად, რომელშიც დისტანციურად იქნება სწავლა შესაძლებელი. ონლაინსკოლა გააერთიანებს დროებით გადაადგილებულ ბავშვებს და ისეთ მოსწავლეებს, რომლებიც უცხოეთში არიან ან სხვა მიზეზით ვერ ესწრებიან სკოლაში გაკვეთილებს.

________________

ფოტოზე: უკრაინა, დროებით იკუპირებული ვოლნოვახას სკოლის ფანჯრიდან რუსეთის დროშა მოსჩანს. ფოტო: EPA-EFE/YURI KOCHETKOV

სუსმა ბათუმის მერიიდან სამშენებლო ნებართვები ამოიღო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა [სუს] ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურიდან ამოიღო გაცემული სამშენებლო ნებართვები და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები.

უსაფრთხოების სამსახური კონკრეტულ ნებართვასთან დაკავშირებულ მასალებს სწავლობს და ერთ-ერთი გამოკითხვის შემდეგ მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უკვე ყოფილ უფროსს, მირიან მეტრეველს, პირადი ტელეფონიც დაატოვებინეს. მისთვის ტელეფონი დღემდე არ დაუბრუნებიათ.

ეს ინფორმაცია „ბათუმელებს“ თავად მირიან მეტრეველმაც დაუდასტურა. ის ასევე გვარწმუნებს, რომ ამ კონკრეტულ ამბავს მისი სამსახურიდან წასვლა არ უკავშირდება.

„გარწმუნებთ, რომ არანაირი დაპირისპირება არ მქონია არც მერთან და არც მთავრობის თავმჯდომარესთან, ეს ჭორებია. გამიკვირდა კიდეც, რომ ეს დაიჯერეს. წასვლას ვაპირებდი. ამ სამსახურში მუშაობა არ არის იოლი, ზეწოლა ძალიან მაღალია, როგორც სამშენებლო, ასევე სამოქალაქო სექტორიდან. ამას დაემატა ახალი პროგრამა [გულისხმობს ავარიული სახლების პროგრამას], უამრავი განაცხადი შემოვა მერიაში.

წასვლა ჯანმრთელობის პრობლემების გამო გადავწყვიტე, გადაღლილიც ვიყავი, ხუთი წელი ამ სამსახურში ვიმუშავე, მაგრამ უცებ ვერ წავიდოდი დაკისრებული პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ამიტომაც წინასწარ ჩავაყენე ხელმძღვანელობა საქმის კურსში, რომ უნდა წავსულიყავი. ახალი წლიდან ვაპირებდი წასვლას, მაგრამ ორი თვე ვერ ვიმუშავე ჯანმრთელობის პრობლემების გამო და ამიტომაც მომიწია ზაფხულამდე დარჩენა.

როცა მომისმინა მერმა, მიხვდა, რომ უმოტივაციოდ ვიყავი. გეტყვით, რომ ამ სამსახურში ყველა გათვალისწინებული შტატიც რომ შეივსოს, რესურსი მაინც არ იქნება საკმარისი იმ შრომისთვის, რაც ამ სამსახურშია. ამიტომაც მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს თანამშრომლებს თავდაუზოგავი შრომისთვის“.

ორი თვეა, რაც მირიან მეტრეველმა თანამდებობა დატოვა. ის შვებულებაში გავიდა იმ პირობით, რომ სამსახურში აღარ დაბრუნდებოდა.

მან არ უპასუხა კითხვას, კონკრეტულად რომელი სამშენებლო ნებართვით დაინტერესდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური: „ვერ გეტყვით, რადგან გამოძიება მიდის.“

მირიან მეტრეველს ასევე ვკითხეთ, სთხოვა თუ არა მას მერმა დარჩენა. გვითხრა რომ – არა. „მერი მიხვდა, რომ უმოტივაციოდ  ვიყავი“, – გაიმეორა მან.

რომელი სამშენებლო ნებართვა აინტერესებს სუსს? – „ბათუმელებმა“ ორი ვერსიის შესახებ გაიგო: პირველი ვერსიით, სუსმა ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაზე 2019 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები წაიღო. დაზუსტებით ვიცით, რომ ყოფილი მერი ლაშა კომახიძე ამ საქმეზე გამოკითხული არ არის.

მეორე ვერსიით კი, ნებართვას მოქმედი მერი აწერს ხელს. ასეთ შემთხვევაში საქმე ეხება პროექტს, რომელიც რამდენიმე ეტაპს გადის და საბოლოო შეთანხმების გაფორმებას შეიძლება ერთი ან მეტი წელი დასჭირდეს.

არჩილ ჩიქოვანი ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლად 2020 წლის ივლისში დაინიშნა, შემდეგ კი მერი გახდა. ამ საკითხზე მერის განმარტების მიღებას პრესსამსახურის დახმარებით ვცდილობდით, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ გაგვცა.

რა პროექტებთან დაკავშირებული სანებართვო დოკუმენტები ამოიღეს? – კითხვებს არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უპასუხეს.

უკვე ორი თვეა, რაც მირიან მეტრეველი სამსახურიდან წავიდა. მერიაში მის წასვლას ამ დრომდე არ ადასტურებენ და გვეუბნებიან, რომ ის შვებულებაშია: „მირიანს გასულ წელს არ გამოუყენებია კუთვნილი შვებულება და ვადა გავუგრძელეთ.“

თუმცა, კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ვადა უკვე ამოწურულია.

ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსის მოვალეობას, მირიან მეტრეველის წასვლის შემდეგ, მისი მოადგილე მამუკა რამიშვილი ასრულებს.

სამსახურის ახალი უფროსის შესარჩევად მერმა კონკურსი უნდა გამოაცხადოს. ამ ეტაპზე ასეთი კონკურსი მერიას გამოცხადებული არ აქვს.

გოდერძის უღელტეხილზე ღამით ტრანსპორტის მოძრაობა ერთი კვირით იკრძალება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალზე, გოდერძის უღელტეხილზე [ზარზმის თემის ტერიტორიაზე] 2022 წლის 1-ლი სექტემბრიდან 6 სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღე, 00:00სთ-დან 08:00სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 126-ე კმ-ზე, ხულო-ზარზმის მე-2 ლოტის მშენებლობის ფარგლებში, სავტომობილო  გზის გაფართოების სამუშაოების შესრულების მიზნით, 2022 წლის 1-ლი სექტემბრიდან 6 სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღე, 00:00სთ-დან 08:00სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.“ – აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გზის 126-ე კილომეტრი ზარზმის თემში სოფელ უტყისუბანთან არის ახლოს.

გზის ამ მონაკვეთის მიმდებარედ [125-ე კილომეტრზე] 16 აგვისტოს საერთოდ აიკრძალა მოძრაობა. გზა 18 აგვისტოდან გაიხსნა ცალმხრივად. ვრცლად: ბათუმი-ახალციხის გზაზე მოძრაობა ცალმხრივად აღდგა – დეპარტამენტი

მთავარი ფოტო: ხულო-ზარზმის გზა. ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი/facebook

გოდერძის უღელტეხილი-ზარზმის მონაკვეთზე, რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების დასრულება, დეპარტამენტის ინფორმაციით, იგეგმება 2023 წელს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 38 511 473 ლარია. როგორც დეპარტამენტიდან მოგვწერეს, აღნიშნული სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ამ თემაზე:

„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება

ზღვის დონის მატება 27 სმ-ით გარდაუვალია გრენლანდიის ყინულის დნობის გამო – კვლევა

გრენლანდიის ყინულის დნობით გამოწვეული ზღვის დონის მნიშვნელოვანი მატება „გარდაუვალია“, წერს ახალი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ბრიტანული „გარდიანი“.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გრენლანდიის ყინულის დნობის შედეგად ზღვის დონის მინიმუმ 27 სანტიმეტრით მატება გარდაუვალია, რადგან გლობალური დათბობის გამო 110 ტრილიონზე მეტი ტონა ყინული დნება. მეცნიერები ასკვნიან, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ კლიმატის კრიზისის გამომწვევი წიაღისეული საწვავის წვა ერთ ღამეში შეწყდება, ზღვის დონის ცვლილებას ახლა უკვე ვერაფერი შეაჩერებს.

მილიარდობით ადამიანი ცხოვრობს სანაპირო რაიონებში, რაც ზღვის დონის მატებით გამოწვეულ წყალდიდობას აქცევს კლიმატის კრიზისის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ, გრძელვადიან გავლენად.

ჟურნალ Nature Climate Change-ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში, რომელზეც მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფი მუშაობდა, ნათქვამია, რომ მხოლოდ გრენლანდიის ყინულის დნობა გამოიწვევს ზღვის დონის მატებას მინიმუმ 27 სანტიმეტრით, მაგრამ სინამდვილეში ეს საუკეთესო სცენარია.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თუ გრენლანდიის ყინულის რეკორდული დნობის წლები [2012] კლიმატის ცვლილების გამო ამ საუკუნის ბოლომდე რუტინული გახდება [რაც მათივე შეფასებით სავსებით შესაძლებელია], ზღვის დონემ შეიძლება მოიმატოს 78 სანტიმეტრით.

„ეს არის ძალიან კონსერვატიული მინიმუმი,“ – თქვა პროფესორმა ჯეისონ ბოქსმა დანიისა და გრენლანდიის ეროვნული გეოლოგიური კვლევიდან (Geus), ის კვლევას ხელმძღვანელობდა.

„რეალურად, ჩვენ დავინახავთ, რომ ეს მაჩვენებელი ორჯერ უფრო მეტად გაიზრდება ამ საუკუნეში. 27 სმ-იანი მატების შეფასება მინიმალურია, რადგან ის მხოლოდ აქამდე დამდგარ გლობალურ დათბობას ითვალისწინებს და ასევე, აქ არ არის გათვალისწინებული მყინვარის დნობის ზოგიერთი სხვა გზა,“  – ამბობს მეცნიერი.

ამ კვლევის უპირატესობა ის არის, რომ იგი იძლევა მყარ შეფასებას ზღვის დონის გარდაუვალი მატების შესახებ, მაგრამ გამოყენებული მეთოდი არ იძლევა ვადებს, წერს „გარდიანი”. მიუხედავად ამისა, არსებული მონაცემებით, მკვლევრებმა მოახერხეს იმის თქმა, რომ ზღვის დონე შედარებით მალე მოიმატებს.

„27 სმ არის ზღვის დონის მატების მინიმუმი და ეს აუცილებლად მოხდება, არ აქვს მნიშვნელობა, რას გავაკეთებთ მომავალში“, – თქვა დოქტორმა უილიამ კოლგანმა Geus-ში. – „100 თუ 150 წელიწადში, ეს მოხდება“. 

„თუ გრენლანდიის ყინულის დნობის რეკორდული, 2012 წელი, გახდება ჩვეულებრივი მოვლენა ამ საუკუნის ბოლოს, მაშინ დანაკარგი 78 სმ-მდე გაიზრდება, რაც შემაძრწუნებელია და ის ფაქტი, რომ ჩვენ უკვე ვუახლოვდებით ყინულის დაკარგვის ამ დიაპაზონს, შოკისმომგვრელია. მაგრამ განსხვავება 78 სმ-სა და 27 სმ-ს შორის ხაზს უსვამს [ცვლილებას], რომელიც შეიძლება მოახდინოს პარიზის შეთანხმების განხორციელებამ“ – ამბობს უილიამ კოლგანი. 

„მეცნიერულ ლიტერატურაში მატულობს იმ აზრის მომხრეები, რომ ზღვის დონე მრავალი მეტრით მოიმატებს მომდევნო 100-200 წლის განმავლობაში“, – თქვა კოლგანმა. მისივე თქმით, აღმოსავლეთ ანტარქტიდის კოლოსალური ყინულის კოლაფსი, რომლის სრულად დადნობაც გამოიწვევდა ზღვის დონის 52 მეტრით მომატებას ათასწლეულების განმავლობაში, შეიძლება თავიდან იქნას აცილებული კლიმატის სწრაფი ზომების მიღების შემთხვევაში.

ამავე თემაზე:

შტორმისა და ღვარცოფის გაზრდილი რაოდენობა, როგორც კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი შედეგი

გირაოთი გამოუშვეს პოლიციელი, რომელიც მოქალაქის ცემისთვის დააკავეს

თავისუფალია პოლიციელი დავით შ, რომელიც მოქალაქის ცემისა და თავში ხელბორკილის ჩარტყმისთვის დააკავეს. ის 10 100 ლარი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა ბათუმის საქალაქო სასამართლომ.

პოლიციელის დაკავების შესახებ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ინფორმაცია დღეს, 31 აგვისტოს, გაავრცელა. გამოძიების ინფორმაციით, მოქალაქეს პატრულ-ინსპექტორმა პოლიციის მანქანაში სცემა და თავში ხელბორკილი ჩაარტყა. ეს შემთხვევა 31 ივლისს მოხდა.

პოლიციელი 28 აგვისტოს დააკავეს და მისი აღკვეთი ღონისძიების შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ლევან ყოლბაიამ 29 აგვისტოს იმსჯელა. მან ბრალდებული პოლიციელი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. პოლიციელის დაკავების შესახებ ინფორმაცია სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პოლიციელის დაკავებიდან 3 დღის შემდეგ გაავრცელა.

ამ უწყების პრესცენტრის განმარტებით, ისინი პერიოდულად აქვეყნებენ სამართლებრივი რეაგირების შესახებ ინფორმაციას და არა ბრალდებული პირის დაკავებისთანავე.

ადვოკატ პაატა ბოლქვაძის ინფორმაციით, ბრალდებულმა პოლიციელმა გირაო უკვე გადაიხადა და ის თავისუფალია. უცნობია, თუ აგრძელებს საქმიანობას პოლიციაში პოლიციელი, ვისაც ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით. ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებისთანავე აქვე შემოგთავაზებთ.

ადვოკატ პაატა შავაძის თქმით კი, რომელიც ამ საქმეში დაზარალებული კაცის ინტერესებს იცავდა, თავად დაზარალებული კაცი ითხოვდა, ბრალდებული პოლიციელის მიმართ მაქსიმალურად მსუბუქი აღკვეთი ღონისძიების ფორმა შეერჩია სასამართლოს. ადვოკატმა ასევე გვითხრა, რომ ბრალდებულს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აქვს და ეს ექსპერტიზამ დასკვნით უკვე დაადასტურა.

განახლება: შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის შსს-ში აღარ მუშაობენ ის პოლიციელები, რომლებსაც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბრალი წარუდგინა.

უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსები თუ ტყვედ ჩავარდებიან, თავს აიფეთქებენ – პონომარევი

უკრაინის 24-ე არხის ცნობით, რუსებს, რომლებიც უკრაინის მხარეს იბრძვიან, თან ხელყუმბარები დააქვთ იმ შემთხვევისთვის, თუ ტყვედ ჩავარდებიან.

„როგორც კი ტყვედ აიყვანენ, ხელყუმბარა აფეთქდება,“ – უთხრა ტელეკომპანიას რუსმა ოპოზიციონერმა ილია პონომარევმა, რადგან თუ რომელიმე მათგანს რუსი სამხედროები შეიპყრობენ, რუსეთში ტერორისტად გამოაცხადებენ და აუცილებლად წამების მსხვერპლი გახდება.

პონომარევი ტელეკომპანიას იმ ცენტრზეც უყვება, რომელიც რუსმა ოპოზიციონერებმა დღეს, 31 აგვისტოს, კიევში შექმნეს – „შეიარაღებული ბრძოლის ცენტრი“ პუტინის რეჟიმის დასამხობად.

„ჩვენ ვაცხადებთ, რომ 2022 წლის ომის ზაფხულის ბოლო დღეს, პუტინის შემოდგომა დაიწყო. წამმზომი ჩართულია, მას ფრონტის ორივე მხრიდან შევუტევთ,“ – ამბობს პონომარევი, რომელიც ახალდაფუძნებულ მოძრობას ხელმძღვანელობს.

ცენტრთან თანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გააფორმეს ლეგიონმა „თავისუფლება რუსეთს“, რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა და ნაციონალურმა რესპუბლიკურმა არმიამ.

უკრაინული მედიის ინფორმაციით:

ლეგიონი „თავისუფლება რუსეთს“ 2022 წლის მარტში შეიქმნა და ის უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთად რუსეთის არმიის წინააღმდეგ იბრძვის. მასში შედიან:

  • რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვლამდე ცხოვრობდნენ;
  • რუსი სამხედროები, რომლებიც ნებაყოფლობით ჩაბარდნენ ტყვედ;
  • სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ეთნიკური რუსები.

მოხალისეთა კორპუსი რუსი მოხალისეების დანაყოფებისგან შედგება და რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში 2014 წლიდან იბრძვის.

ნაციონალური რესპუბლიკური არმია – პარტიზანული ქსელია, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედებს.

ასევე წაიკითხეთ:

ვამაყობ, რომ „აზოველი“ ვარ – რუსი მებრძოლი, რომელიც მარიუპოლში დაიჭრა

რა პროფესიაა წელს ყველაზე პოპულარული – აბიტურიენტების არჩევანი

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაცით, 2022 წელს ყველაზე მოთხოვნადი პროფესია ისევ სამართალმცოდნეობაა.

ცენტრის ინფორმაციით, წელს სამართალი ლიდერობდა როგორც პირველადი არჩევანის მიხედვით, ასევე ჩარიცხულთა რაოდენობის მიხედვითაც, ყველაზე მეტი აბიტურიენტი სწორედ ამ მიმართულებაზე ჩაირიცხა. შემდეგ მოდის ფსიქოლოგია და ჰუმანიტარული მეცნიერებები, ბიზნესის ადმინისტრირება და ჯანდაცვა.

ანალოგიური სურათი იყო გასულ წელსაც.

გასულ წელს გამოცდების ცენტრი აღნიშნავდა, რომ მოთხოვნად მიმართულებებში ზემოთ დასახელებული სპეციალობების გარდა გრაფიკული დიზაინი, საშემსრულებლო-შემოქმედებითი ხელოვნება, ვეტერინარია და კომპიუტერული მეცნიერებები გამოჩნდა. თუმცა წელს ეს მიმართულებები პრიორიტეტული მიმართულებების  ჩამონათვალში აღარ გვხდება.

წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს 41 ათასზე მეტი აბიტურიენტი აბარებდა, აქედან სტუდენტი გახდა 32 100, გამოცდები ვერ ჩააბარა 9 ათასამდე აბიტურიენტმა.

______________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

 

სწავლა სკოლებში 15 სექტემბერს დაიწყება

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სწავლა სკოლებში 2022 წლის 15 სექტემბერს განახლდება.

პანდემიის გამო წინა ორი წელი საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი შერეული ფორმატით მიმდინარეობდა. მშობლებს შესაძლებლობა ჰქონდათ აერჩიათ, მათი შვილები სწავლას დისტანციურად გააგრძელებდნენ,  თუ საკლასო ოთახში.

აჭარაში სასწავლო პროცესი ძირითადად საკლასო ოთახებში მიმდინარეობდა, მხოლოდ ცალკეული კლასები გადადიოდა დისტანციურ სწავლებაზე კონკრეტულ კლასში კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში.

15 სექტემბერს სასწავლო პროცესი სავარაუდოდ საკლასო ოთახებში განახლდება, თუმცა, როგორც სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, დეტალებზე სამინისტრო სწავლის განახლების წინ გაავრცელებს განცხადებას.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, წელს ქვეყნის მასშტაბით პირველკლასში 49 535 ბავშვი ისწავლის. აქედან, 6 182 ბავშვი, კერძო სკოლაში შევა.

BBC-ი წერს, რომ დაადასტურეს „როსგვარდიის“ 10 სპეცრაზმელის სიკვდილი უკრაინაში

BBC-ი წერს, რომ დაადასტურეს „როსგვარდიის“ ელიტარული სპეცდანიშნულების რაზმის „მერკურის“ 10 წევრის დაღუპვა.

გამოცემის ცნობით, 28 ივლისს ორგანიზაციამ – Братство краповых беретов-Пенза, გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია მემორიალური კუთხე 25-ე სპეცდანიშნულების რაზმის, „მერკურის“ აბრასთან ახლოს. ვიდეოში ჩანს, რომ 18 სამხედროს ფოტოს წინ ორი მიხაკი დევს.

ერთი დღით ადრე, 27 ივლისს კი, უკრაინელმა ჟურნალისტებმა გაავრცელეს ინფორმაცია ხარკოვის ოლქში „მერკურის“ დაბომბვის შესახებ.

BBC-ი წერს, რომ ფოტოების ღია წყაროებთან შედარებით შეძლეს 10 დაღუპული სპეცრაზმელის ვინაობის დადასტურება. მათ შორის არიან: მაიორი, უფროსი ლეიტენანტი, კაპრალი და ა.შ.

„ეს ემთხვევა ტენდენციას, რომელსაც ჩვენ თვალს ვადევნებთ რუსეთში, სხვადასხვა დასახლებაში, სასაფლაოებზე. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ დაღუპული სამხედროების სამარხების შესწავლისას ვპოულობთ მათ, ვისზეც საჯაროდ იყო საუბარი, ასევე ჯარისკაცებისა და ოფიცრების საფლავების 40-60%-ს, რომელთა გარდაცვალების შესახებ არც ხელისუფლება საუბრობს, არც ჟურნალისტები და არც ნათესავები სოციალურ ქსელებში,“ – წერს „ბიბისი“.

__________________

ფოტოზე: კადრი ვიდეომასალიდან

ტყვიის მაღალი შემცველობა წიწაკაში, ბათუმსა და ქობულეთში აღებულ ნიმუშებში

ბათუმსა და ქობულეთში, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ აღებული სუნელის ნიმუშებში, დასაშვებ ნორმაზე მაღალი შემცველობის ტყვია გამოვლინდა.

სეს-მა დასაშვებ ნორმაზე მაღალი შემცველობის ტყვია გამოავლინა ბათუმში, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მშრალ მეგრულ აჯიკაში [რეალიზატორი: შპს „ნთკ 2016“], ხოლო ქობულეთში, ასევე ბაზრის ტერიტორიაზე  – წითელ დაფქულ წიწაკაში [რეალიზატორი: ფიზიკური პირი].

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სულ 614 ნიმუში შეისწავლა, დასაშვებ ნორმაზე მაღალი ტყვიის შემცველობა კი 4 სუნელ-სანელებლის შემთხვევაში აღმოაჩინა, 2 – თბილისში, 1 – ბათუმში და ერთიც – ქობულეთში.

სეს-ის ინფორმაციით, გამოვლენილ ფაქტებთან დაკავშირებით სააგენტომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გაატარა.

„ტყვია არის მძიმე ლითონი, რომელიც შესაძლოა ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმში საკვებისა და წყლის გზით მოხვდეს. ჭარბი რაოდენობით იგი ჯანმრთელობისთვის საზიანოა და იწვევს სხვადასხვა გართულებას. სწორედ ამიტომ, ტყვიის შემცველობა სურსათსა და წყალში დასაშვებ ზღვარს არ უნდა აღემატებოდეს“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მიმდინარე წელს ტყვიის შემცველობის განსაზღვრის მიზნით დაგეგმილია როგორც ცხოველური, ასევე მცენარეული წარმოშობის 918 ნიმუშის, სასმელი წყლის 402 და ალკოჰოლური სასმლის 75 ნიმუშის/სინჯის აღება.

ამავე თემაზე: 

რა პროდუქცია იწვევს სისხლში ტყვიის მომატებას საქართველოში – ახალი კვლევა

ვამუშავებთ საევაკუაციო მარშრუტებს ოკუპირებული ყირიმის მცხოვრებთათვის – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი წერს, რომ უკრაინა ამუშავებს მარშრუტს ოკუპირებული ყირიმიდან იქ მცხოვრებთა ევაკუაციისთვის. ეს იქნება მათთვის, ვინც მოინდომებს აქტიური დეოკუპაციის დროს ნახევარკუნძულის დატოვებას.

„ჩვენ უკვე ვამუშავებთ საევაკუაციო მარშრუტებს ოკუპირებული ყირიმის მცხოვრებთათვის, რომლებიც აქტიური დეოკუპაციის დროს მოინდომებენ ნახევარკუნძულის დატოვებას. ამჯერად კი ყველას ვთხოვთ, რაც შეიძლება შორს დაიჭირონ თავი სამხედრო ობიექტებისგან და გადაამოწმონ თავშესაფრები“, – წერს ის.

პოდოლიაკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოქალაქეების სიცოცხლე უკრაინისთვის უპირობოდ პრიორიტეტულია.

პოდოლიაკმა დღეს კიდევ ერთი ტვიტი მიუძღვნა ოკუპირებულ ტერიტორიებს. უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, ბოლო კვირების განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე გააქტიურდნენ „რუ.სამხედროებისა და კრიმინალებისგან ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები. ისინი ძარცვავენ ბიზნესებს, ფერმერებს და აცამტვერებენ ქარხნებს, მოპარული საქონელი კი მიაქვთ 🇷🇺-ში“.

პოდოლიაკი აფრთხილებს ყველა მაროდიორს, რომ მათ აუცილებლად დაეკისრებათ პასუხისმგებლობა და ელით პოლიციის სპეციალური ოპერაცია.

ბათუმში პოლიციელი დააკავეს, რომელმაც მოქალაქეს პატრულის მანქანაში ხელბორკილი ჩაარტყა

„…პატრულ – ინსპექტორების მიერ წვრილმანი ხულიგნობის და დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული წესით დაკავებულ იქნა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე გ.გ.. პატრულ – ინსპექტორმა დაკავებული პირი განათავსა საპატრულო პოლიციის ავტომანქანის უკანა სალონში და თავად დაუჯდა მარჯვენა მხრიდან.

დაკავებული პირის წინააღმდეგობის აღკვეთის მიზნით, პატრულ-ინსპექტორმა მას სხეულის სხვადასხვა არეში ხელების დარტყმითა და ხელბორკილის თავში ჩარტყმით ფიზიკური დაზიანება მიაყენა,“ – აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ბათუმში პატრულ-ინსპექტორის დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლიციელის მხრიდან ძალადობის ეს შემთხვევა ბათუმში 2022 წლის 31 ივლისს მოხდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ასევე ზესტაფონში ინსპექტორ-გამომძიებლის წინააღმდეგ. „გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 15 იანვარს ქ. ზესტაფონში, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მოქალაქე გ.მ. დააკავეს.

დაკავების შემდეგ იგი გადაიყვანეს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს შენობაში, სადაც ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა მოქალაქე გ.მ.-ს სახის არეში ერთხელ დაარტყა ხელი,“ – აღნიშნავენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.

ორივე სამართალდამცავი დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციელების მხრიდან მოქალაქეების მიმართ ძალადობაზე, მათ შორის, გამოუძიებელ საქმეებზე „ბათუმელები“ ხშირად წერს. აქ ნახეთ პოლიციელის მხრიდან სავარაუდო ძალადობის ბოლო შემთხვევა ბათუმში.

მე უკრაინელი ჯარისკაცი ვარ და მე ჩემს სიკვდილს შევეგუე – წერილი The New York Times-ში

არტემ ჩეხის წერილი The New York Times-ში.

არტემ ჩეხი უკრაინელი ჯარისკაცი და მწერალია, ავტორი წიგნისა „აბსოლუტური ნული“, რომელშიც მან დონბასის ომი აღწერა. ის ახლა ჩერნობილის აკრძალულ ზონაში მსახურობს.

______________________

ივანკივი, უკრაინა – ახლახან, ჩვენი ბატალიონის ერთ-ერთი ასეული აღმოსავლეთ უკრაინაში მისიიდან დაბრუნდა. ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, წასვლამდე, ჩვენი მეგობრები მხნედ იყვნენ, იღიმოდნენ. ახლა ერთმანეთსაც კი არ ელაპარაკებიან, არასდროს იხდიან ჯავშანჟილეტებს და საერთოდ აღარ იღიმიან. მათი თვალებში ისეთივე სიცარიელე და წყვდიადი დგას, როგორც ამომშრალ ჭაში. ამ მებრძოლებმა რაზმის ერთი მესამედი დაკარგეს და ერთმა მათგანმა მითხრა, რომ ერჩივნა იქ მომკვდარიყო, რადგან ახლა სიცოცხლის ეშინია.

არტემ ჩეხი/ფოტო ფეისბუქიდან

ვფიქრობდი, რომ ცხოვრებაში საკმარისი სიკვდილი ვნახე. 2015-2016 წლებში, თითქმის ერთი წელი, დონბასში, ფრონტის ხაზზე ვმსახურობდი და უამრავი ტრაგედიის მოწმე ვარ. მაგრამ მაშინ დანაკარგის მასშტაბი სრულიად სხვა იყო, ყოველ შემთხვევაში, იქ სადაც მე ვიყავი.

თითოეულ სიკვდილს აღვწერდით, ვიძიებდით, ვიცოდით თითქმის ყველა დაღუპული ჯარისკაცის სახელი და მათი ფოტოები სოციალურ ქსელებში ქვეყნდებოდა.

ეს სხვანაირი ომია და დანაკარგიც, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, კატასტროფულია. ჩვენ უკვე აღარ ვიცით ყველას სახელი: ათობით ჯარისკაცი კვდება ყოველდღიურად.

უკრაინელები გამუდმებით გლოვობენ დაღუპულებს; დახურული კუბოების მთელი რიგი დგას შედარებით წყნარი ქალაქების ცენტრალურ მოედნებზე. დახურული კუბოები ამ უმოწყალო, სისხლიანი და როგორც ჩანს დაუსრულებელი ომის რეალობაა.

მეც მყავს ჩემი მკვდრები. ამასობაში, უამრავი მეგობრისა თუ ნაცნობის სიკვდილი შევიტყვე, მათი, ვისთანაც ვმუშაობდი და მათიც, ვისაც არასდროს შევხვედრივარ, მაგრამ ვისთანაც სოციალურ ქსელებით ვმეგობრობდი. ყველა პროფესიონალი სამხედრო არ ყოფილა, თუმცა ბევრ მათგანს უბრალოდ არ შეეძლო, იარაღი არ აეღო ხელში, როდესაც რუსეთი უკრაინაში შემოიჭრა.

ყოველდღე ვკითხულობ ნეკროლოგებს ფეისბუქზე. ვხედავ ნაცნობ სახელებს და ვფიქრობ, ამ ადამიანებს ხომ კვლავაც უნდა ეწერათ მოხსენებები და წიგნები, ემუშავათ სამეცნიერო ინსტიტუტებში, ეზრუნათ ცხოველებზე, ესწავლებინათ სტუდენტებისთვის, აღეზარდათ ბავშვები, გამოეცხოთ პური და გაეყიდათ კონდიციონერები. ამის ნაცვლად, ფრონტზე წავიდნენ, დაიჭრნენ, დაბრუნდნენ სამუდამო ტრავმით და დაიხოცნენ.

ერთ-ერთი ბოლო და უდიდესი დარტყმა ჩემთვის ჟურნალისტ ოლექსანდრ მახოვის სიკვდილი იყო. მას სამხედრო გამოცდილება ჰქონდა, უშიშარ და მამაც ადამიანად ვიცნობდი და ყურადღებით ვადევნებდი თვალს ონლაინ. შევდიოდი მის ფეისბუქგვერდზე და მიხაროდა ახალი პოსტების დანახვა: ეს პოსტები ადასტურებდა, რომ ცოცხალი იყო.

ისე მივჩერებოდი მის ცხოვრებას, როგორც შუქურას მღელვარე ზღვაში, მაგრამ მერე ოლექსანდრი მოკლეს და ყველაფერი ჩამოინგრა. ერთიმეორის მიყოლებით წამოვიდა ამბები იმ ადამიანების სიკვდილზე, ვისაც ვიცნობდი.

ვუკრძალავ თავს იმის დაჯერებას, რომ მე და ჩემი საყვარელი ადამიანები გადავრჩებით. რთულია ამ მდგომარეობაში ყოფნა, და მაინც, საკუთარ სიკვდილთან შეგუება ყველა სამხედროსთვის აუცილებელია. ამაზე ფიქრი 2014-ში დავიწყე, როდესაც ჯერ კიდევ არ ამეღო ხელში იარაღი, თუმცა უკვე ვგრძნობდი, რომ ეს დღე გარდაუვალად დადგებოდა – და ასეც მოხდა. იმ 10 თვეში, რომელიც ლუგანსკის ოლქში, პოპასნასთან, ფრონტზე გავატარე, ხშირად ვფიქრობდი სიკვდილზე. იქვე, ჩემ გვერდით შემეძლო მეგრძნო მისი ჩუმი ნაბიჯები და თანაბარი სუნთქვა, მაგრამ რაღაცამ მითხრა, რომ არა, ახლა არა.

ახლა, ვინ იცის? ამჟამად ჩრდილოეთის საზღვართან ვმსახურობ, ჩერნობილის აკრძალულ ზონას ვიცავთ. აქ უფრო უსაფრთხოა, ვიდრე აღმოსავლეთში ან სამხრეთში, თუმცა ბელარუსის ავტოკრატ ლიდერთან სიახლოვე მაინც მოქმედებს. ჩვენი დანაყოფის ამოცანაა, არ დავუშვათ მარტის მოვლენების გამეორება, როდესაც მტერმა კიევის რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილი დაიკავა და არტილერიით უტევდა დედაქალაქის გარეუბნებს.

ნებისმიერ ცხელ წერტილში წასასვლელად ვარ მზად. არავითარი შიში. არავითარი ჩუმი ძრწოლა, როგორც ეს იყო თავიდან, როდესაც ჩემი ცოლი და ვაჟი ჩვენი კიევის ბინაში იმალებოდნენ და ცდილობდნენ, ცოტათი მაინც დამშვიდებულიყვნენ ან ცოტა ხნით მაინც დაეძინათ საჰაერო განგაშისა და აფეთქებების გამაყრუებელი ხმების ფონზე.

რა თქმა უნდა, სევდიანია: ამ სამყაროში ყველაფერზე მეტად მინდა, ვიყო ჩემს ცოლთან, რომელიც ჩვენს შვილთან ერთად ახლაც კიევშია. მინდა მათთან ერთად ვიცხოვრო და არა სადმე ფრონტის ხაზზე მოვკვდე. მაგრამ მე უკვე შევეგუე საკუთარი სიკვდილის ალბათობას, როგორც შემდგარ ფაქტს. ამ რუბიკონის გადალახვამ დამამშვიდა, უფრო მამაცი, ძლიერი და გაწონასწორებული გამხადა. ალბათ, ასეც უნდა იყოს მათთვის, ვინც ომის გზას საკუთარი ნებით ადგას.

სამოქალაქო პირების სიკვდილი, განსაკუთრებით ბავშვების, სრულიად სხვა ამბავია. და არა, არ ვგულისხმობ, რომ სამოქალაქო პირის სიცოცხლე სამხედროსაზე უფრო ღირებულია. მაგრამ ბევრად რთულია, იყო მზად თუნდაც იმ უკრაინელის სიკვდილისთვის, რომელიც თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა და უცებ „რუსულმა რულეტმა“ მოკლა. შეუძლებელია, იყო მზად მხეცური წამებისთვის, მასობრივი სამარხებისთვის, დასახიჩრებული ბავშვებისთვის, კორპუსების ეზოებში დამარხული სხეულებისთვის და საცხოვრებელ უბნებზე, თეატრებზე, მუზეუმებზე, საბავშვო ბაღებსა და საავადმყოფოებზე სარაკეტო თავდასხმებისთვის.

როგორ უნდა შეამზადო თავი იმ აზრისთვის, რომ დედა, რომელიც ორ შვილთან ერთად მთელი თვე სარდაფში იმალებოდა, შეიძლება, მათ თვალწინ მოკვდეს? როგორ უნდა მიიღო იმ 6 წლის გოგონას სიკვდილი, რომელიც საკუთარი სახლის ნანგრევებში გაუწყლოებისგან დაიღუპა? როგორ უნდა შევხვდეთ ფაქტს, რომ ადამიანები ამ ქვეყანაში, ოკუპირებულ მარიუპოლში, იძულებულნი არიან, ქოლერის საფრთხის მიუხედავად, მტრედები ჭამონ და გუბეებიდან სვან წყალი?

კურტ ვონეგუტი რომ გავიხსენო, ომები რომც გამუდმებით არ გვიახლოვდებოდნენ მყინვარებივით, ბებერი სიკვდილი მაინც იარსებებდა. მაგრამ სიკვდილთან შეხვედრა შეიძლებოდა, სრულიად სხვანაირი ყოფილიყო.

ჩვენ გვინდა გვჯეროდეს, რომ ჩვენ და ჩვენი საყვარელი ადამიანები, 21-ე საუკუნეში, აღარ უნდა ვიხოცებოდეთ საკონცენტრაციო ბანაკებში, ეპიდემიებით ან შუასაუკუნეების ბარბაროსული წამებით. და ამისთვისაც ვიბრძვით, არამხოლოდ ღირსეული ცხოვრების, არამედ ღირსეული სიკვდილის უფლებისთვის.

დაე, ჩვენ, უკრაინის ხალხმა, საკუთარ თავს კარგი სიკვდილი ვუსურვოთ – ჩვენსავე საწოლებში, როდესაც ამის დრო მოვა და არა მაშინ, როდესაც ჩვენს სახლს რუსული რაკეტა დაეცემა.

არტემ ჩეხი. ომამდე გადაღებული ფოტო

______________________

თარგმნა თამარ რუხაძემ

მთავარ ფოტოზე: არტემ ჩეხი/ფოტო ფეისბუქიდან

ბათუმის ავტობანზე სამუშაოები დაბალი ტემპით მიმდინარეობს – გზა, რომელიც 5 წელია ვერ ააშენეს

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა, რომელიც ამ დრომდე არსებული ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, 2022 წელში უნდა დასრულებულიყო, 2023 წელში დასრულდება. ამასთან, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „სამუშაოები მიმდინარეობს დაბალი ტემპით“.

„ბათუმის შემოვლითი გზის კმ-1+000-კმ13+325 მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების დასრულება იგეგმება 2023 წელს. ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს დაბალი ტემპით. სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 329 მილიონ 630 ათას 734 ლარს. სამუშაოების მონიტორინგს ახორციელებს შესაბამისი საზედამხედველო კომპანია; სამშენებლო სამუშაოების დაფინანსება ხორციელდება აზიის განვითარების ბანკის (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) თანადაფინანსებით.“ – მოგვწერეს გზების დეპარტამენტიდან 2022 წლის 26 აგვისტოს.

უწყებას სხვა დეტალები, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობასთან დაკავშირებით, არ მოუწერია.

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებარე მონაკვეთი ფრიდონ ხალვაშის გამზირის მიმდებარედ / 28.08.2022
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა, რომელიც ბოლო 3 წელია არ მთავრდება:
  • „პროექტის მიხედვით ბათუმის შემოვლითი გზის  მშენებლობის დასრულება მიმდინარე, 2022 წლის ბოლოსთვისაა გათვალისწინებული“ – გვითხრეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში, 2022 წლის 26 იანვარს.
  • 2021 წელს კი, დეპარტამენტიდან ოფიციალურად მოგვწერეს, რომ ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის დასრულება 2021 წლის დეკემბრის ბოლომდე იყო დაგეგმილი.
  • ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაზე ხელშეკრულება 2017 წელს გაფორმდა. ამ 14-კილომეტრიანი გზის მშენებლობის დასრულება 2020 წელშიც იგეგმებოდა. 

სამუშაოების შეფერხების მიზეზად 2020 წელს ოფიციალურად პანდემია დასახელდა.

ბათუმის შემოვლით გზას თურქული კომპანია „POLAT YOL & MAPA“ აშენებს.


რიკოთის უღელტეხილიდან სარფამდე მონაკვეთში ავტობანის მშენებლობის დასრულების ვადა ისევ უცნობია. მეტიც, ზოგიერთ მონაკვეთზე არც მშენებლობის დაწყების თარიღია ცნობილი და არც ის, თუ რა ეღირება პროექტი.

„ოცნების“ ხელისუფლების დაპირებით კი, არათუ აღნიშნული მონაკვეთი, არამედ მთლიანად სარფიდან-წითელ ხიდამდე ახალი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა 2020 წელში უნდა დასრულებულიყო.

ამ თემაზე ვრცლად, ნახეთ ბმულზე:

როდის დასრულდება ავტობანი სარფიდან-რიკოთამდე, რაშიც 4,5 მილიარდი იხარჯება

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 31 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 31 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 47 900 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +350]
  • ტანკი – 1 974 ერთეული [+20]
  • ჯავშანტექნიკა – 4 312 ერთეული [+18]
  • საარტილერიო სისტემა – 1091 ერთეული [+12]
  • MLRS – 285 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 152 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 234 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 204 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 849 ერთეული [+2]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 196 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 3 236 ერთეული [+19]
  • სპეცტექნიკა – 103 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 31 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 280 თვითმფრინავი
  • 151 ვერტმფრენი
  • 1 844 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 371 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 4 592 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 822 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 360 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 5 155 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად და ზოგადადაც, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]რუსეთი ბომბავს დერეფანს ატომურ სადგურამდე, სადაც საერთაშორისო მისიამ უნდა გაიაროს – პოდოლიაკი[/yellow_box]

ამავე თემაზე:

რით დახოცეს უკრაინელი სამხედრო ტყვეები ოლენოვკაში – გამოძიებამ იარაღი დაასახელა

უკრაინელებმა სამხრეთში ფრონტის ხაზი რამდენიმე ადგილას უკან გადაწიეს – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის დღევანდელი სადაზვერვო ცნობარის მიხედვით, ქვეყნის სამხრეთში, უკრაინის ძალები რამდენიმე მიმართულებით განაგრძობენ რუსეთის ძალების სამხრეთის დანაყოფებზე ორშაბათს დაწყებულ შეტევას.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, უკრაინულმა ფორმირებებმა მოხერხებულად გამოიყენეს რუსეთის დაცვის სუსტი ადგილები და ფრონტის ხაზი რამდენიმე ადგილას, გარკვეულ მანძილზე გადაწიეს უკან.

„თავისი დოქტრინის შესაბამისად რუსეთი, დიდი ალბათობით, ახლა ეცდება თავისი დაცვის ხაზის გარღვეული მონაკვეთები მანამდე შექმნილი მობილური სარეზერვო დანაყოფებით შეავსოს. მათ შორის, სავარაუდოდ, იქნებიან აღმოსავლეთის ძალების დაჯგუფებებიც,“ – ვარაუდობს უწყება.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა მიუთითებს, რომ რუსეთი, ქვეყნის მასშტაბით, განაგრძობს ახალი დანაყოფების ფორმირებას უკრაინაში გასაგზავნად.

„ახალშექმნილი მესამე საარმიო კორპუსის მოხალისეთა ბატალიონებმა 24 აგვისტოს ბაზები დატოვეს. ალბათ, მათ უკრაინაში გადაისვრიან. ამ დანაყოფების ოპერატიული ეფექტიანობა გაურკვეველია. სავარაუდოდ, მესამე საარმიო კორპუსში არ ჰყოფნით პირადი შემადგენლობა, თავად სამხედროებს კი არ ჰყოფნით მომზადება,“ – აღნიშნავს დაზვერვა 31 აგვისტოს რელიზში.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა გუშინ ხერსონში უკრაინელთა კონტრშეტევის პერსპექტივებს აფასებდა. უწყების აზრით, რუსეთმა დიდი ძალისხმევა გასწია, რათა მდინარე დნეპრის სანაპიროზე მყოფი თავისი დანაყოფები გაეძლიერებინა, თუმცა თუ უკრაინა შეძლებს, სტაბილურად და ინტენსიურად გააგრძელოს შეტევა, რუსეთის ჯერ კიდევ ახალი და გამოუცდელი შენაერთების სიმტკიცე გახდება ის მთავარი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს, რამდენად გაუძლებს რუსეთის დაცვა უკრაინელთა კონტრშეტევას.

რუსეთი ბომბავს დერეფანს ატომურ სადგურამდე, სადაც საერთაშორისო მისიამ უნდა გაიაროს – პოდოლიაკი

რუსეთი განზრახ ბომბავს დერეფანს, რომლის საშუალებითაც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიის კოლონა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურამდე უნდა მივიდეს, რუსული მხარე საერთაშორისო მისიას ყირიმის გავლით შესთავაზებს ატომურ ელექტროსადგურამდე მისვლას – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი წერს ტვიტერზე.

„უკრაინის პოზიცია უცვლელია. დასაშვებად მიგვაჩნია მხოლოდ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მისიის გადაადგილება,  ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაცია და სადგურიდან რუსული ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანა. სადგურზე მხოლოდ უკრაინელი პერსონალი უნდა დარჩეს“- წერს პოდოლიაკი.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია გენერალური დირექტორის, რაფაელ გროსის მეთაურობით უკვე მიემართება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე.

უკრაინული გამოცემა „უნიანის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი რუსული მხარე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიაზე თავდასხმას ამზადებს. გამოცემის ცნობით, რუსული მხარის გეგმის შესახებ  რუსი ტყვეები საუბრობენ.

ინფორმაცია თავდაპირველად პოლიტოლოგმა და სამხედრო პირმა კირილ საზონოვმა გაავრცელა ფეისბუქზე.

„დაზვერვის წყაროების ცნობით, შერბაკოვისა და ნესტერიანკას გათავისუფლებისას აყვანილმა რუსმა ტყვეებმა განაცხადეს, რომ მათ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს კოლონის დაცხრილვა ჰქონდათ დავალებული მითვისებული დასავლური იარაღით. ოკუპანტები მიზნად ისახავდნენ უკრაინელების დადანაშაულებას მისიის ჩაშლაში.

დელეგაციის უსაფრთხოებისთვის ახლა გაძლიერებული ზომები მიიღება, რადგან რუსული მხარე პროვოკაციებზე უარის თქმას არ აპირებს“ – წერს სოციალურ ქსელში  კირილ საზონოვი.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია, რომელიც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მდგომარეობის შესაფასებლად ადგილზე უნდა ჩავიდეს,  14 საერთაშორისო ექსპერტისგან შედგება.

„შიმშილისგან ცუდად გავხდი… არ მინდა ჩემი შვილები ქუჩაში გაიზარდონ“ – უსახლკარო კაცი 

„ვითხოვ, სადმე ერთ პატარა ადგილს, სადაც შვილებთან ერთად ვიცხოვრებ, სოფელშიც წავიდოდი სიამოვნებით…“ – ამბობს აკაკი დავითაძე, რომელიც საცხოვრებლით დაკმაყოფილების მოთხოვნით დღესაც მივიდა აჭარის მთავრობაში, თუმცა მას თორნიკე რიჟვაძე არ შეხვდა.

აკაკი დავითაძის სოციალური გასაჭირის შესახებ „ბათუმელები“ ადრეც წერდა – ის 6 წლიდან ქუჩაში იზრდებოდა. ახლა მას ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. აკაკის ოჯახი ბათუმში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, თუმცა იმის გამო, რომ ოჯახი ქირის გადახდას ვერ ახერხებდა, აკაკი ისევ ქუჩაში დარჩა.

აკაკი დავითაძის ოჯახის შემოსავალი მხოლოდ სოციალური შემწეობაა – თვეში 440 ლარი.

„ბენზინით მივედი მთავრობასთან, თავს ვიწვავდი და იმდენი პოლიციელი მოგროვდა, ვიფიქრე, იქეთ არ დამაკავონ-მეთქი,“ – გვიყვება აკაკი დავითაძე. -„მთავრობის აპარატიდან მხოლოდ თენგიზ ნაკაშიძე შემხვდა. მითხრა, რომ ღამის თავშესაფარში შემიძლია ვიცხოვრო, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ ვიცხოვრო თავშესაფარში, დღისით სად წავიდეთ? [თავშესაფარს დღისით იქ მცხოვრებლები ტოვებენ], ეკომიგრანტი არ ხართ, არც დევნილი, უსახლკარობა არაა სტატუსი და ასე ვერაფრით დაგეხმარებითო.

მერე პოლიციის მე-3 განყოფილებაში გადამიყვანეს და დამაწერინეს ხელწერილი, რომ პირველ სექტემბრამდე დაველოდები მთავრობის პასუხს, შიმშილისგან ცუდად გავხდი და კლინიკა „მედცენტრში“ გადამიყვანეს, ნაჭამიც არაფერი მქონდა, გადასხმას მიკეთებენ ახლა.

გასულ წელს, როცა ჩემ შესახებ დაწერეთ, ერთი სოფლიდან დამირეკეს, იქ მითმობდნენ სახლს, მაგრამ სკოლა არ იყო იმ სოფელში, ძალიან შორ მანძილზე როგორ ევლოთ ბავშვებს სკოლაში? რომელიმე სოფელში, სადაც გზაც არის და სკოლაც, წავიდოდით სიამოვნებით. უფროსი შვილი 12 წლისაა უკვე, პატარა – 10 წლის. ახლა ჩემი ცოლის ოჯახში არიან ბავშვები.

ხან სად ვათენებ ღამეს და ხან – სად. ბულვარშიც გავათენე რამდენჯერ. ბინის ქირას თვეში 400 ლარს ვიხდიდით, მაგრამ ბოლო 5 თვე ვერ გადავიხადე და აღარ გვიშვებენ ბინაში,“ – გვითხრა აკაკი დავითაძემ.

აკაკი დავითაძე ვერც მუშაობას ახერხებს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო:

„პროფესიული განათლება მაქვს, რესტორანში დამასაქმეს და მიმტანად ვმუშაობდი, მაგრამ ბოლო 5 თვე ვეღარ ვმუშაობ, გონებას ვკარგავ ხშირად, ვითიშები…“, – აღნიშნა „ბათუმელებთან“ აკაკი დავითაძემ.

აჭარის მთავრობის პრესცენტრში ვერ გვითხრეს, კონკრეტულად რით დაეხმარებიან აკაკი დავითაძეს. პრესცენტრის განმარტებით, ბოლო წერილობითი მიმართვით მოქალაქე ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვს და მას უახლოეს დღეებში შეახვედრებენ აჭარის მთავრობაში შესაბამისი კომპეტენციის მქონე თანამდებობის პირს.

ამ თემაზე:

გასულ წელს მოვიფიქრე, თირკმელს გავყიდი-მეთქი – არ მინდა, ჩემი შვილებიც ქუჩაში დარჩნენ

რა ხდება ბათუმში ახალი ავტობუსების შესყიდვაზე, რისთვისაც 7 მილიონია გამოყოფილი

ბათუმისთვის ახალი მუნიციპალური ავტობუსების შესაძენად ტენდერი ამ დრომდე არ არის გამოცხადებული. ბათუმის მერიაში და „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ ამ ეტაპზე ვერც ის გვითხრეს, რამდენი ავტობუსის შეძენაა წელს დაგეგმილი.

ბათუმის ავტოპარკის განახლებასთან დაკავშირებით პროცედურების დაწყებაზე ბათუმის მერმა თითქმის ორი თვის წინ განაცხადა. ქალაქის ბიუჯეტში კი, ავტობუსების შესაძენად 7 მილიონი ლარია გამოყოფილი.

„კონსოლიდირებული ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უნდა გამოაცხადოს. როგორც ვიცით, ბაზრის კვლევა უკვე დასრულებულია. კონკრეტულად როდის გამოაცხადებენ ტენდერს და რამდენი ავტობუსის შესყიდვაზე, ჩვენთვის ამ დროისთვის უცნობია“, – უთხრეს „ბათუმელებს“ მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“.

„ტენდერის გამოცხადებამდე გარკვეულ დეტალებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. ამ დროისთვის უცნობია, როდის და რა პირობებით გამოცხადდება ტენდერი. მით უმეტეს, უცნობია შესასყიდი ავტობუსების რაოდენობაც და სავარაუდო ღირებულებაც“, – გვითხრეს შესყიდვების სააგენტოში.

„ბათუმის ავტოტრანსპორტში“ ვერ დაგვიკონკრეტეს, რატომ არის უმჯობესი, ტენდერი სააგენტომ გამოაცხადოს და არა თავად „ავტოტრანსპორტმა“ ან ბათუმის მერიამ.

„გამჭვირვალობა იქნება მაღალი. ამასთან, ჩვენც იგივე დრო დაგვჭირდებოდა ტენდერის გამოსაცხადებლად, რაც სააგენტოს დასჭირდება. წინა შემთხვევაშიც, 40 ავტობუსის შესყიდვაზე, ტენდერი სააგენტოს ჰქონდა გამოცხადებული“, – გვითხრეს „ავტოტრანსპორტში“.

„კონსოლიდირებული ტენდერის შემთხვევაში კონკურენციის ხარისხი გაცილებით მაღალია, შესაძლოა შესყიდვა საერთაშორისო დონეზეც გავიდეს“, – გვითხრეს შესყიდვების სააგენტოში.

„დავიწყეთ პროცედურები ბათუმის ავტოპარკის განახლებასთან დაკავშირებით. აჭარის მთავრობისა და ბათუმის მუნიციპალიტეტის ფინანსური რესურსის მობილიზებით, ბათუმს 60 ერთეული, თანამედროვე სტანდარტის, ახალი ავტობუსი შეემატება“, – ეს განცხადება ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა 2022 წლის 7 ივლისს გააკეთა.

ავტოპარკის განახლებაზე მერმა განცხადება 19 ივლისსაც გააკეთა: „ბათუმის ბიუჯეტი 38 მილიონ 252 ათასი ლარით გაიზარდა, რაც მნიშვნელოვნად განპირობებულია ორი კომპონენტით. ერთი, საკუთარი შემოსავლების ზრდით, რომელიც 34 მილიონ ლარზე მეტია და მეორე, კაპიტალური ტრანსფერით, რომელიც 4 მილიონ ლარს შეადგენს და მიმართულია მუნიციპალური ავტოპარკის განახლებისკენ.“

ბათუმის ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებებით გაიზარდა „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ სუბსიდირება. თუ ამ კომპანიას ქალაქის ბიუჯეტიდან თვეში 895 833 ლარი ერიცხებოდა [ანუ წლის განმავლობაში ჯამში 10 750 000 ლარი იყო განსაზღვრული], ბიუჯეტში ცვლილების შემდეგ, „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ სუბსიდირება [საოპერაციო დეფიციტის დაფარვა], თვეში გაიზარდა 1 308 558 ლარამდე [ანუ წლის განმავლობაში 15 702 700 ლარი].

პარალელურად, „ბათუმის ავტოტრანსპორტისათვის“ მუნიციპალური ავტობუსების შესაძენად, დამატებით გამოიყო 7 მილიონი ლარი.

ქალაქის 2022 წლის ბიუჯეტში ასევე აღნიშნულია, რომ „2022-2024 წლებში 65 ერთეული ავტობუსი იქნება შეძენილი“. ამასთან, „მუნიციპალური ავტობუსების შეძენა მრავალწლიანი პროექტია (2022-2024 წ.წ.), რომლის ღირებულება – 45 884 533 ლარია“.

„წლის განმავლობაში კომპანია უზრუნველყოფს საშუალოდ 16 500 000 მგზავრის გადაყვანას… ამასთან, თვითმმართველობა იღებს ვალდებულებას, შეინარჩუნოს მგზავრობის ფიქსირებული მინიმალური საფასური. არსებული ფინანსური გაანგარიშებით, საწარმოს შემოსავლები არ არის საკმარისი მისი შეუფერხებელი მუშაობისათვის. საწვავისა და სათადარიგო ნაწილების ფასის მზარდი ტენდენციიდან გამომდინარე, საწარმოს შემოსავლები ხარჯებთან მიმართებაში უარყოფითია. საწარმოს დაფინანსებით მოიხსნება მიმდინარე პერიოდში არსებული პრობლემები, რაც სამომავლოდ აისახება საქალაქო ტრანსპორტის გამართულ და შეუფერხებელ მუშაობაზე“, – აღნიშნულია ქალაქის ბიუჯეტით დაფინანსებულ შესაბამის პროგრამაში.

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ავტოპარკში შემდეგი ავტობუსები აქვთ:

  • 60 ერთეული „ზონდა“ – ე.წ. ყვითელი ავტობუსები [რომლებიც მთლიანად ჩასანაცვლებელია];
  • 40 – „ისუზუ“ [ლურჯი, ახალი]
  • 40 – „ისუზუ ატამან“ [ლურჯი, ახალი]
  • 8 – ელექტროავტობუსი
  • 6 – „ბოგდანი“ [საგარეუბნო]

ამავე თემაზე:

სიცხე და გადაჭედილი მუნიციპალური ტრანსპორტი ბათუმში – როდის იყიდის მერია ახალ ავტობუსებს

რა არის პოლიკისტოზი და რა სიმპტომები მიგვანიშნებს ამ დაავადებაზე – ექიმის რჩევები

პოლიკისტური საკვერცხეების სინდრომი, იგივე პოლიკისტოზი, ჰორმონული დისბალანსის შედეგია, რა დროსაც საკვერცხეში ყალიბდება ბევრი ფოლიკული, რომლებიც არ სკდება და რჩება ცისტების სახით.

ბათუმის სამედიცინო ცენტრის სამშობიარო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მეან გინეკოლოგი ვაჟა ცირეკიძე ამბობს, რომ პოლიკისტოზი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა ქალებში, მისი სიხშირე დაახლოებით 10-დან 24 პროცენტამდე მერყეობს. მკურნალობის გარეშე დაავადებას შესაძლოა ისეთი სერიოზული გართულებები მოჰყვეს მომავალში, როგორიცაა: უნაყოფობა, მუცლის მოშლა ან ნაადრევი მშობიარობა, მეტაბოლური სინდრომი, ტიპი 2 დიაბეტი ან/და ენდომეტრიუმის კიბოც კი.

  • ბატონო ვაჟა, სანამ პოლიკისტოზზე საუბარს დავიწყებთ, განგვიმარტეთ რა არის კისტა?

კისტა წარმოადგენს შემოსაზღვრულ უბანს საკვერცხეში, რომელიც სავსეა გარკვეული სითხოვანი შიგთავსით. სითხოვანი შიგთავსი შესაძლოა იყოს სხვადასხვა ხასიათის – შეიძლება იყოს უბრალო გამჭვირვალე სითხის შემცველი, იყოს ჰემორაგიული ანუ სისხლის შემცველი და მუცენოზური – ლორწოს შემცველი. კისტას განასხვავებენ ზომების მიხედვითაც, კისტად მიიჩნევა, თუ მისი ზომა 2.5-3 სმ-ზე მეტია. 5 სმ-მდე დიამეტრის მქონე კისტას არ სჭირდება ოპერაციული ჩარევა, ასეთ დროს მოისინჯება მხოლოდ კონსერვატიული მკურნალობები. თუ კისტის დიამეტრი 5 სანტიმეტრზე მეტია, მისი ხასიათიდან გამომდინარე, არსებობს გარკვეული წინასწარი კვლევები, მაგალითად, შეფასება ონკომარკერის გამოყენებით და დაისმის საკითხი უკვე ოპერაციულ მკურნალობაზე.

საკვერცხეების პოლიკისტოზი სხვა პათოლოგიაა. რა განსხვავებაა კისტასა და პოლიკისტურ საკვერცხეების სინდრომს შორის ექოსკოპიურად – საკვერცხე კისტის შემთხვევაში შეიცავს ერთ ან რამდენიმე ცისტას, ხოლო პოლიკისტოზის შემთხვევაში საკვერცხეები გადიდებულია და შეიცავს მცირე ზომის ბევრ ცისტას. 

  • რა მიიჩნევა პოლიკისტოზის და კისტის გამომწვევ ფაქტორებად?

პირველ რიგში, ჰორმონალური დისბალანსი, კერძოდ, სასქესო ჰორმონთა დისბალანსი იწვევს ანოვულაციას, რა დროსაც არ ხდება ფოლიკულის მომწიფება და ფოლიკულიდან კვერცხუჯრედის გამოსვლა. ასევე, მნიშვნელობა აქვს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა: სტრესულ გარემოში ცხოვრება, იგულისხმება უძილობა, არახელსაყრელი ოჯახური პირობები, არასწორი კვება, რომელიც განაპირობებს, ძირითადად პოლიკისტოზის განვითარებას, მაგრამ ასევე კისტების ჩამოყალიბებასაც.

ასევე, ზემოქმედებს მუცლადყოფნის პერიოდში გარკვეული ნეგატიური აგენტების ზემოქმედება, როგორიცაა დედის მხრივ სიგარეტის, ალკოჰოლის და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება.

კისტასა და პოლიკისტოზს შორის ძირითადი განსხვავება დიაგნოსტირდება ექოსკოპიური გამოკვლევის საფუძველზე.

  • როგორია პოლიკისტოზის სიმპტომები?

პოლიკისტოზის ნიშნები და სიმპტომები ხშირად ვითარდება სქესობრივი მომწიფების პერიოდში, როცა ფუნქციონირებას იწყებს რეპროდუქციული სისტემა, ანუ პირველი მენსტრუაციის დროს.

არეული მენსტრუალური ციკლი, კერძოდ იშვიათი, არარეგულარული ან გახანგრძლივებული მენსტრუაცია პოლიკისტოზის ყველაზე გავრცელებული ნიშანია. თუმცა საქმე ის არის, რომ [მენსტრუაციის დაწყებიდან] პირველ წელს შესაძლოა ეს დარღვევები იყოს ფუნქციური ხასიათის, ანუ ფიზიოლოგიური და არ იყოს საშიში, თუმცა თუ დარღვევები ხშირია, განსაკუთრებით, თუ გამოხატულია 15 წლის ასაკის შემდეგ – აუცილებელია გამოკვლევები. მენსტრუაციის გამოტოვება წელიწადში თუნდაც რამდენჯერმე უკვე საყურადღებოა. 

გარდა მენსტრუალური დარღვევებისა, პოლიკისტოზის შემთხვევაში ხშირად პათოლოგია გამოიხატება ჭარბთმიანობით ანუ ჰერსუტიზმით, ასევე, გამონაყარით და ჭარბი წონით, ამის მიზეზი მამრობითი ჰორმონის ანდროგენის ამაღლებული დონეა. გაცხიმოვნება ამ დროს ძირითადად ჩამოყალიბდება მუცლის წინა კედელსა და თეძოებზე, ამას ვისცერალური სიმსუქნე ჰქვია. 

აღსანიშნავია, რომ პოლიკისტოზის დროს ვითარდება ინსულინ რეზისტენტობა, ჰიპერინსულინემია. კისტისგან განსხვავებით, პოლიკისტოზის დროს შეიძლება ჩამოყალიბდეს ტიპი 2 დიაბეტი, რაც მოითხოვს გარკვეულ კორეგირებას, ენდოკრინოლოგის ჩართულობას და კლინიკურ შეფასებას. 

  • ხშირად მტკივნეული მენსტრუაცია ნორმად მიიჩნევა, თუმცა ვიცით, რომ ძლიერი ტკივილი ზოგიერთი პათოლოგიის მანიშნებელი შეიძლება იყოს. პოლიკისტოზს ახასიათებს ტკივილი?

მტკივნეული მენსტრუაცია შესაძლებელია მიანიშნებდეს როგორც პოლიკისტოზზე, ისე კისტაზე, თუმცა ეს შესაძლოა ნიშნავდეს, რომ საქმე გვაქვს საერთოდ სხვა პათოლოგიასთან, კერძოდ, საკვერცხეების ენდომეტრიოზთან.

  • სხვა რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს პოლიკისტოზს?

მკურნალობის ჩატარების გარეშე გაღრმავდება ჭარბთმიანობა, სიმსუქნე, მატულობს ნერვიულობა. პაციენტები, რომლებიც არ უმკურნალებენ ოლიკიცისტური საკვერცხის სინდრომს, არიან უშვილობის მაღალი რისკის ქვეშ, ხოლო თუ ასეთ პაციენტთან მაინც მოხდა დაორსულება, მაღალია რისკი ნაადრევი მშობიარობის, სპონტანური აბორტების, ორსულობაში არტერიული წნევის მატების, ორსულთა დიაბეტის განვითარების.

რაც შეეხება კლიმაქსურ პერიოდში ჩამოყალიბებულ ასეთ პროცესებს, მკურნალობის გარეშე შესაძლოა განვითარდეს საშვილოსნოსშიდა ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია და თუ კვლავ არ იქნა ყურადღება მიქცეული, შესაძლოა ჩამოყალიბდეს ენდომეტრიუმის კიბოც კი.

  • რას მოიცავს პოლიკისტოზის მკურნალობა?

მკურნალობა თავდაპირველად იწყება კონსერვატიულად, გამოიყენება სხვადასხვა პრეპარატი, გააჩნია კონკრეტულ მიზანს, პაციენტის ასაკს, ჩივილებს და რეპროდუქციულ გეგმებს, ანუ იგეგმება თუ არა ორსულობა. თუ ორსულობა იგეგმება, კონსერვატიული [მედიკამენტური] მკურნალობის გარდა, რომელიც ოვულაციის სტიმულაციის მიზნით ინიშნება, ხდება ლაპარასკოპიული მკურნალობაც. ტარდება საკვერცხეების დრილინგი – გადიდებული საკვერცხეების ცისტების ე.წ. დაჩვრეტა და სითხის გათავისუფლება, რაც ასტიმულირებს საკვერცხეებს და აღადგენს ოვულაციას, ეს კი ზრდის შვილოსნობის შანსებს, წესრიგდება ჰორმონალური ბალანსიც.

მენსტრუაციული ციკლის დასარეგულირებლად, ჭარბთმიანობის, აკნეს სამკურნალოდ გამოიყენება კოკ-ები ანუ კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივები, ანტიანდროგენული პრეპარატები, რომლებიც სხვადასხვა მექანიზმით აქვეითებენ ანდროგენების დონეს სისხლში.

მედიკამენტურ თერაპიასთან ერთად, მკურნალობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა, რაც მოიცავს წონის კორექციას სწორი კვებით, ზომიერ ფიზიკურ აქტივობას და ძილის რეჟიმის მოწესრიგებას.

ბათუმში ღამით ფეიერვერკის გაშვებისთვის 114 ჯარიმა დაწერეს 3 წლის განმავლობაში

შვიდ წელზე მეტია ღამის 11 საათის შემდეგ ბათუმში ფეიერვერკის გაშვება და პიროტექნიკის გამოყენება აკრძალულია, თუმცა ბათუმში ფეიერვერკის ხმა თითქმის ყოველ ღამე ისმის, ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ცნობით კი, ამ დარღვევისთვის ბოლო 3 წლის განმავლობაში სულ 114 ჯარიმაა გამოწერილი.

დებულება, რომლის თანახმადაც ბათუმის ტერიტორიაზე ღამის 11 საათიდან დილის 8 საათამდე ფეიერვერკის გაშვება იკრძალება, ქალაქის საკრებულომ 2014 წელს დაამტკიცა. მიზეზი ბათუმელების უკმაყოფილება იყო ღამის საათებში პიროტექნიკის გამოყენებით გამოწვეული ხმაურის გამო. მოგვიანებით, 2017 წელს, იგივე აკრძალვა შევიდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.

რეგულაციის მიხედვით, ღამის საათებში [23:00 საათიდან 08:00 საათამდე] პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის – 500 ლარის ოდენობით. განმეორების შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება.

ეს ნორმები არ ვრცელდება ახალი წლის სადღესასწაულო დღეებზე (31 დეკემბრის 21:00 საათიდან 2 იანვრის 23:00 საათამდე და 13 იანვრის 21:00 საათიდან 14 იანვრის 23:00 საათამდე). გარდა ამისა, ღამის 11 საათის შემდეგ ბათუმში პიროტექნიკის გამოყენება დაშვებულია მხოლოდ განსაკუთრებულ, საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შემთხვევაში.

სანაპიროზე დატოვებული ფეიერვერკის ნარჩენები

2020 წლიდან დღემდე ბათუმში ღამის საათებში პიროტექნიკის გამოყენების ფაქტებზე რეაგირება ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის პრეროგატივაა.

„ბათუმელებმა“ უწყებას 9 აგვისტოს სთხოვა მოეწოდებინა ინფორმაცია, რამდენი ფიზიკური და რამდენი იურიდიული პირი დაჯარიმდა ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ღამის საათებში ფეიერვერკის გაშვებისთვის 2019 წლის ბოლოდან დღემდე პერიოდში, წლების მიხედვით.

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციისგან საბოლოო პასუხი 29 აგვისტოს მივიღეთ, საიდანაც ჩანს, რომ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადაჭარბების და ღამის საათებში პიროტექნიკის გამოყენების ფაქტთან დაკავშირებით ბოლო სამი წლის განმავლობაში 114 ადამიანი დაჯარიმდა. მათგან რამდენია იურიდიული და რამდენი კერძო პირი, დაკონკრეტებული კვლავ არ არის.

წლების მიხედვით საჯარიმო ქვითრების რაოდენობა ასე გამოიყურება:

2020 2021 2022

36

16

62

გარდა იმისა, რომ პიროტექნიკის ხმაური ღამის საათებში აწუხებს მოსახლეობას, იგი აფრთხობს შინაურ და ქუჩის ცხოველებსა და ფრინველებს. National Geographic-ი წერს, რომ ფეიერვერკები ციმციმა შუქების გარდა ქმნიან კვამლის ნაკადს, რომელიც შეიცავს ასთმისა და რესპირატორული დაავადებების მაპროვოცირებელ ნაწილაკებს – ასევე ტოქსიკური ლითონების კოქტეილს, როგორიცაა: სტრონციუმი, ბარიუმი და ტყვია.

ხმაურის ნორმების გადაჭარბების დაფიქსირების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ცხელ ხაზზე: 598 85 15 20. მონიტორინგი 24-საათიან რეჟიმში ხდება.

მთავრობამ ხბოს დაცვის წესი დაამტკიცა

მთავრობამ ახალი წესი – „ხბოს დაცვის მინიმალური მოთხოვნები“ დაამტკიცა, რომელიც, როგორც მთავრობის დადგენილებაშია აღნიშნული, „ადგენს იმ ხბოს დაცვის მინიმალურ მოთხოვნებს, რომელსაც ბაგურად ინახავენ გამოზრდისა და სუქებისთვის“.

მაგალითად:

  • „სადგომი უნდა იყოს ისე აშენებული, რომ ყველა ხბოს შეეძლოს დაწოლა, დასვენება…“
  • „ორ კვირაზე ნაკლები ასაკის ყველა ხბო უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შესაბამისი ქვეშაგებით…“
  • „ხბოები არ უნდა იყვნენ დაბმული…“
  • „სადგომი, ბაკი, აღჭურვილობა და ჭურჭელი, რომლებიც გამოიყენება ხბოსათვის, შესაბამისად უნდა გასუფთავდეს და დაექვემდებაროს დეზინფექციას…“
  • „იატაკი უნდა იყოს გლუვი, მაგრამ არა სრიალა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ხბოებისათვის ტკივილის ან ზიანის მიყენება…“
  • „ყველა ხბომ უნდა მიიღოს მსხვილფეხა საქონლის ხსენი დაბადებიდან რაც შეიძლება მალე…“
  • „დასაწოლი ადგილი უნდა იყოს კომფორტული და არ უნდა ჰქონდეს უარყოფითი გავლენა ხბოზე…“

ამავე დადგენილებით განსაზღვრულია, რომ ხბო – ექვს თვემდე ასაკის მსხვილფეხა საქონელია.

ამასთან, შემოღებული იქნება სერტიფიკატიც – „ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ ცხოველებს ეპყრობოდნენ, სულ მცირე, ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად.“ ამავე დადგენილებით, ანალოგიური სერტიფიკატი უნდა ახლდეს ცხოველებს საქართველოში იმპორტის დროსაც.

მთავრობის ახალი დადგენილებით –

„ყველა ახალაშენებულ ან გადაკეთებულ ცხოველთა სადგომზე [საკუთრების ფორმის მიუხედავად] და მათზე, რომელთა გამოყენება მოხდება ამ წესის ძალაში შესვლის შემდეგ, გავრცელდება შემდეგი მოთხოვნები:

  • რვა კვირაზე მეტი ასაკის ხბო არ ექვემდებარება ინდივიდუალურ შენახვას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ვეტერინარი ადასტურებს, რომ ხბოს ჯანმრთელობა ან ქცევა მოითხოვს მკურნალობის ჩასატარებლად მის იზოლირებას.
  • ნებისმიერი ინდივიდუალური სადგომის სიმაღლე უნდა იყოს, სულ მცირე, ხბოს სიმაღლისა მისი დგომის პოზაში და სიგრძე – სულ მცირე, ხბოს ტანის სიგრძისა, რომელიც იზომება ხბოს ცხვირის წვერიდან კაუდალურ კიდემდე, გამრავლებული 1,1-ზე;
  • ინდივიდუალურ სადგომში ხბოსათვის [გარდა იმ სადგომისა, რომელიც გამოყენებულია დაავადებული ცხოველის იზოლირებისათვის] მყარი კედლის მაგივრად უნდა იყოს ფოროვანი კედელი, რათა ხბოს ჰქონდეს პირდაპირი ვიზუალური და ფიზიკური კონტაქტის საშუალება;
  • ჯგუფურად განთავსებული ხბოების შემთხვევაში, თითოეული ხბოსთვის დაუბრკოლებელი სივრცე უნდა იყოს ხელმისაწვდომი, სულ მცირე, 1.5 კვ.მ თითოეული ხბოსთვის, რომლის ცოცხალი წონა 150 კგ-ზე ნაკლებია; სულ მცირე, 1.7 კვ.მ თითოეული ხბოსთვის, რომლის ცოცხალი წონა 150 კგ ან მეტია, მაგრამ 220 კგ-ზე ნაკლებია და, სულ მცირე, 1.8 კვ.მ თითოეული ხბოსთვის, რომლის ცოცხალი წონა 220 კგ ან მეტია.
  • ეს მოთხოვნები არ ვრცელდება: იმ სადგომზე, სადაც 6 ხბოზე ნაკლებია; ასევე ხბოებზე, რომლებიც განთავსებულნი არიან დედასთან კვებისათვის [წოვისთვის].“

 

[toggle title=”ხბოს დაცვის ზოგადი მოთხოვნების სრულად სანახავად დააწკაპუნეთ აქ“]

ხბოს დაცვის ზოგადი მოთხოვნები

„1. ხბოს სადგომის ასაშენებლად გამოყენებული მასალები, განსაკუთრებით ბაკი და აღჭურვილობა, რომელთანაც ხბოებს უშუალო შეხება აქვთ, არ უნდა იყოს საზიანო მათთვის და უნდა ექვემდებარებოდეს სრულად რეცხვა-დეზინფექციას.

2. ელექტროსქემები და აღჭურვილობა ისე უნდა იქნეს დამონტაჟებული, რომ თავიდან იქნეს აცილებული ელექტროშოკი.

3. იზოლაციამ, გათბობამ და ვენტილაციამ სადგომში უნდა უზრუნველყოს ჰაერის ცირკულაციის, მტვრის დონის, ტემპერატურის, ფარდობითი ტენიანობისა და გაზის  კონცენტრაციების იმ ზღვრულად დასაშვებ ფარგლებში შენარჩუნება, რაც სადგომში მყოფი ცხოველებისათვის ზიანის მომტანი არ იქნება.

4. ხბოების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის მნიშვნელოვანი ყველა ავტომატური და მექანიკური აღჭურვილობა უნდა შემოწმდეს, სულ მცირე, ერთხელ დღეში. ხარვეზ(ებ)ი აღმოჩენისას უნდა გამოსწორდეს დაუყოვნებლივ ან, თუ ეს შეუძლებელია, ხარვეზის გამოსწორებამდე შესაბამისი ზომები უნდა იქნეს მიღებული (ალტერნატიული მეთოდები განსაკუთრებით გამოკვებისა და დამაკმაყოფილებელი გარემოს შენარჩუნებისათვის) ხბოების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დასაცავად. სადაც ხელოვნური ვენტილაციის სისტემა გამოიყენება, ასევე მოწყობილი უნდა იქნეს სარეზერვო სისტემა, რაც ძირითადი სისტემის დაზიანების შემთხვევაში უზრუნველყოფს ჰაერის განახლებასა და ხბოების კეთილდღეობას. სისტემის დაზიანების შემთხვევაში, ასევე უნდა მოქმედებდეს საგანგაშო სისტემა, რათა გაფრთხილებულ იქნეს ცხოველების მომვლელი გაუმართაობასთან დაკავშირებით. საგანგაშო სისტემა უნდა შემოწმდეს რეგულარულად.

5. დაუშვებელია ხბოების მუდმივად სიბნელეში განთავსება. მათი ქცევითი და ფიზიოლოგიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, გათვალისწინებული უნდა იქნეს განსხვავებული კლიმატური პირობები შესაბამისი ბუნებრივი ან ხელოვნური განათებისთვის. ხელოვნური განათების გამოყენებისას, ის უნდა ფუნქციონირებდეს ბუნებრივი განათების პერიოდში, ჩვეულებრივ, 9-იდან 5 საათამდე. გარდა ამისა, უნდა იყოს შესაფერისი განათება (ფიქსირებული ან პორტატული) საკმარისად ძლიერი, რათა შესაძლებელი იყოს ხბოების შემოწმება ნებისმიერ დროს.

6. სადგომში განთავსებული ყველა ხბო მფლობელის ან პასუხისმგებელი პირის მიერ უნდა შემოწმდეს, სულ მცირე, ორჯერ დღეში, ხოლო ხბოები, რომლებიც გარეთ არიან განთავსებულნი – დღეში, სულ მცირე, ერთხელ. თუ ხბო არის ავად ან დაზიანებულია, დაუყოვნებლივ უნდა დაექვემდებაროს ვეტერინარის დანიშნულებით შესაბამის მკურნალობას და ნებისმიერი ხბო, რომელიც არ რეაგირებს მფლობელის მოვლაზე/კონტაქტზე, დაუყოვნებლივ ექვემდებარება ვეტერინარის შემოწმებას. საჭიროების შემთხვევაში, დაზიანებული ან ავადმყოფი ხბოები უნდა იყვნენ იზოლირებულნი ადეკვატურ პირობებში, მშრალ და კომფორტულ ქვეშსაგებზე.

7. სადგომი უნდა იყოს ხბოებისათვის ისე აშენებული, რომ ყველა ხბოს შეეძლოს დაწოლა, დასვენება, ადგომა და საკუთარი თავის გასუფთავება სირთულის გარეშე.

8. ხბოები არ უნდა იყვნენ დაბმულნი, გარდა ჯგუფურად განთავსებული ხბოებისა, რომლებიც დაბმულნი უნდა იყვნენ არაუმეტეს ერთი საათისა რძით ან რძის შემცვლელით გამოკვებისას. საბელის გამოყენებისას საბელმა არ უნდა გამოიწვიოს ხბოების დაზიანება და უნდა შემოწმდეს რეგულარულად და შეიცვალოს საჭიროებისამებრ, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მისი კომფორტული მორგება. თითოეული საბელი ისე უნდა იქნეს გამოყენებული, რომ აცილებულ იქნეს დახრჩობის ან დაზიანების რისკი და ხბოს უნდა შეეძლოს გადაადგილება ამ დანართის მე-7 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

9. სადგომი, ბაკი, აღჭურვილობა და ჭურჭელი, რომლებიც გამოიყენება ხბოსათვის, შესაბამისად უნდა გასუფთავდეს და დაექვემდებაროს დეზინფექციას, რათა თავიდან იქნეს აცილებული ჯვარედინი დაინფიცირება და დაავადების მატარებელი ორგანიზმების დაგროვება. ფეკალიები, შარდი, ნარჩენი ან დაღვრილი საკვები მოცილებული უნდა  იქნეს საჭირო ინტენსივობით, რათა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი სუნი და აცილებულ იქნეს თავიდან მწერებისა და მღრღნელების მოზიდვა.

10. იატაკი უნდა იყოს გლუვი, მაგრამ არა სრიალა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ხბოებისათვის ტკივილის ან ზიანის მიყენება მასზე დგომის ან წოლის დროს. იატაკი უნდა იყოს თანაბარი და მყარი, ხბოს ზომისა და წონის შესაბამისად. დასაწოლი ადგილი უნდა იყოს კომფორტული, სუფთა, შესაბამისი დრენაჟით და არ უნდა ჰქონდეს უარყოფითი გავლენა ხბოზე. ორ კვირაზე ნაკლები ასაკის ყველა ხბო უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შესაბამისი ქვეშსაგებით.

11. ყველა ხბოს უნდა ჰქონდეს დანიშნული შესაბამისი საკვები რაციონი, რომელიც ადაპტირებულია მათ ასაკთან, წონასა და ქცევით და ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებთან, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისათვის. მათი საკვები უნდა შეიცავდეს საკმარის რკინას, რათა უზრუნველყოფილი იყოს სისხლის ჰემოგლობინის საშუალო დონე, სულ მცირე, 4.5 მმოლ/ლიტრზე და  ორ კვირაზე მეტი ასაკის თითოეული ხბოს ყოველდღიური მინიმალური რაციონი უნდა მოიცავდეს უჯრედანას, რომლის რაოდენობა ყოველდღიურად უნდა იზრდებოდეს 50 გრ-იდან 250 გრ-მდე რვიდან ოცი კვირის ასაკის მქონე ხბოებისათვის. ხბოებს არ უნდა ეკეთოთ ალიკაპი.

12. ყველა ხბო უნდა იკვებებოდეს, სულ მცირე, 2-ჯერ დღეში. სადაც ხბოები განთავსებულნი არიან ჯგუფურად და არ იკვებებიან შეუზღუდავად ან ავტომატური გამოსაკვები სისტემით, ყველა ხბოს უნდა ჰქონდეს წვდომა საკვებთან ერთსა და იმავე დროს.

13. ორ კვირაზე მეტი ასაკის ყველა ხბოს უნდა ჰქონდეს წვდომა საკმარისი რაოდენობის ახალ წყალზე ან უნდა შეეძლოს დაიკმაყოფილოს სითხის მიღებაზე მოთხოვნილება სხვა სითხეების მიღებით. თუმცა ცხელი ამინდის პირობებში ან ხბოსათვის, რომელიც არის ავად, ახალი დასალევი წყალი ყოველთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

14. საკვებურები და საწყურებლები ისეთი მასალისგან უნდა იყოს დამზადებული და ისე უნდა იყოს განთავსებული და მოვლილი, რომ მინიმუმამდე იქნეს შემცირებული ხბოს საკვებისა და წყლის დაბინძურება.

15. ყველა ხბომ უნდა მიიღოს მსხვილფეხა საქონლის ხსენი დაბადებიდან რაც შეიძლება მალე, ნებისმიერ შემთხვევაში – სიცოცხლის პირველ 6 საათში.“

მთავრობის დადგენილება ხბოს დაცვის მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

[/toggle]

 

ხბოს დაცვის მინიმალური მოთხოვნები მთავრობამ, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად, 2022 წლის 29 აგვისტოს დაამტკიცა.

ახალი წესი 5 წლის შემდეგ, 2028 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.

ამ წესის შესრულებაზე კონტროლი სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაევალა.

„სააგენტომ ყოველი წლის 31 აგვისტოსთვის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უნდა წარუდგინოს წინა წლის ინსპექტირების ანგარიში, რომელიც ხორციელდება ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით. ანგარიშს თან უნდა ახლდეს ყველაზე მნიშვნელოვანი შეუსაბამობების ანალიზი და ეროვნული სამოქმედო გეგმა, რათა აღიკვეთოს ან შემცირდეს მათი არსებობა შემდგომ წლებში“, – აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში.

ომის დღიურების ავტორი რუსი პარაშუტისტი საფრანგეთში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს

რუსი პარაშუტისტი პაველ ფილატიევი, რომელმაც უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ დაწერა დღიური სახელწოდებით „ZOV“ და რუსეთის არმიის ქმედებები დაგმო, საფრანგეთში ჩავიდა და პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს. ინფორმაციას AFP-ი ავრცელებს.

პაველ ფილატიევი ყირიმში დისლოცირებულ 56-ე გვარდიის საჰაერო თავდასხმის პოლკში მსახურობდა. მედესანტეები ყირიმიდან უკრაინის სამხრეთში გაგზავნეს. ფილატიევი ორი თვე იმყოფებოდა ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქებში, თუმცა შემდეგ თვალის ინფექციის გამო ომიდან გამოიწვიეს. რუსეთში დაბრუნების შემდეგ მან გამოაქვეყნა 141-გვერდიანი დღიური, რომელშიც მკაცრად გააკრიტიკა რუსეთის ომი და რუსი სამხედროების მაროდიორობის ფაქტები აღწერა.

წაიკითხეთ: „ვერ ვხედავ სიმართლეს“ – რუსმა ჯარისკაცმა დღიური გამოაქვეყნა და ქვეყანა დატოვა

საფრანგეთში წასვლამდე, ჯერ კიდევ მოსკოვში ყოფნისას, 34 წლის ფილატიევმა ბრიტანულ The Guardian-ს მისცა ინტერვიუ.

მე ვერ ვხედავ სამართლიანობას ამ ომში. ვერ ვხედავ სიმართლეს, – უთხრა მან ჟურნალისტებს. – უბრალოდ ვეღარ ვიქნები ჩუმად, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, ალბათ, ბევრს ვერაფერს შევცვლი და შესაძლოა, სულელურადაც მოვიქეცი, ამხელა ხათაბალაში რომ გავყავი თავი.

ფილატიევი ჰყვება, რომ მას შემდეგ, რაც დღიური გამოაქვეყნა, ორი კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს, რათა რუსეთის სპეცსამსახურებს არ ეპოვათ.

მას რუსეთიდან ევაკუაციაში პროექტი Gulagu.net-ი დაეხმარა.

„როდესაც გავიგე, რომ უფროსობა ითხოვს ჩემთვის 15-წლიან პატიმრობას ყალბი ახალი ამბებისთვის, მივხვდი, იქ ვერაფერს მივაღწევდი, ჩემი ადვოკატები კი ვერაფრის გაკეთებას ვერ შეძლებდნენ რუსეთში,“ – უთხრა პარაშუტისტმა AFP-ს შარლ დე გოლის აეროპორტში.

უკრაინელ ექსგენერალს რუსეთი ზელენსკის წინააღმდეგ ჩვენების სანაცვლოდ თავშესაფარს მისცემს

უკრაინის უშიშროების ყოფილმა გენერალმა ანდრეი ნაუმოვმა, რომელსაც უკრაინა სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებს და რომელიც ახლა სერბეთშია დაკავებული, შესაძლოა, თავშესაფარი რუსეთში მიიღოს.

გამოცემა The Insider-ის ცნობით, უკრაინის უშიშროების სამსახურის შიდა უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსს კრემლი „თავშესაფარს“ ზელენსკის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ ჰპირდება.

უკრაინის სპეცსამსახურების ცნობით, სწორედ ნაუმოვის მიერ მიწოდებულმა ცნობებმა მისცა რუსეთის არმიას საშუალება, სწრაფად დაეკავებინა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური.

გამოცემა წერს, რომ ნაუმოვი რუსეთს ზელენსკის წინააღმდეგ საჩვენებელი სასამართლოსთვის სჭირდება, ნაუმოვის რუსეთისთვის გადაცემის პროცესს კი სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ალექსანდ ვულინი ხელმძღვანელობს.

The Insider-ის ინფორმაციით, 23 აგვისტოს ვულინი მოსკოვში რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანს, ნიკოლაი პატრუშევს შეხვდა და ნაუმოვის საკითხი განიხილა.

ჟურნალისტები დასძენენ, რომ უკრაინელი ექსგენერლის საქმის დასრულების შემდეგ, ვულინი თავადაც შეიძლება მოსკოვში გადავიდეს. ის რუსეთში სერბეთის ელჩად დანიშვნას ელოდება.

უკრაინის უშიშროების ყოფილი გენერალი, ანდრეი ნაუმოვი, სერბეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის საზღვრის გადაკვეთისას არადეკლარირებული 600 ათასი ევროსა და ძვირფასი ქვების გამო 7 ივნისს დააკავეს.

უკრაინიდან გაქცევის შემდეგ ის რამდენიმე თვე გერმანიაში ცხოვრობდა, შემდეგ კი სერბეთში გადასვლა მოახერხა.

ნაუმოვი ამჟამად სერბეთში, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრისთანავე ცნობილი გახდა, რომ ანდრეი ნაუმოვმა რამდენიმე თანმხლებ პირთან ერთად უკრაინა დატოვა. პირველ აპრილს კი უკრაინის პრეზიდენტმა უშიშროების შიდა უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსს წოდება ჩამოართვა.

ამ ამბიდან მალევე ზელენსკიმ უშიშროების სამსახურის უფროსი ივან ბაკანოვიც გაათავისუფლა. The Insider-ის წყაროები აღნიშნავენ, რომ ნაუმოვი ბაკანოვის კადრი იყო და უკრაინის უშიშროებაში კარიერა სწორედ მისი დახმარებით აიწყო.

მთავარ ფოტოზე: ანდრე ნაუმოვი, უკრაინის უშიშროების ყოფილი გენერალი/ფოტო: The Insider

Exit mobile version