მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რა არის პოლიკისტოზი და რა სიმპტომები მიგვანიშნებს ამ დაავადებაზე – ექიმის რჩევები

30.08.2022 • 4585
რა არის პოლიკისტოზი და რა სიმპტომები მიგვანიშნებს ამ დაავადებაზე – ექიმის რჩევები

პოლიკისტური საკვერცხეების სინდრომი, იგივე პოლიკისტოზი, ჰორმონული დისბალანსის შედეგია, რა დროსაც საკვერცხეში ყალიბდება ბევრი ფოლიკული, რომლებიც არ სკდება და რჩება ცისტების სახით.

ბათუმის სამედიცინო ცენტრის სამშობიარო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მეან გინეკოლოგი ვაჟა ცირეკიძე ამბობს, რომ პოლიკისტოზი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა ქალებში, მისი სიხშირე დაახლოებით 10-დან 24 პროცენტამდე მერყეობს. მკურნალობის გარეშე დაავადებას შესაძლოა ისეთი სერიოზული გართულებები მოჰყვეს მომავალში, როგორიცაა: უნაყოფობა, მუცლის მოშლა ან ნაადრევი მშობიარობა, მეტაბოლური სინდრომი, ტიპი 2 დიაბეტი ან/და ენდომეტრიუმის კიბოც კი.

  • ბატონო ვაჟა, სანამ პოლიკისტოზზე საუბარს დავიწყებთ, განგვიმარტეთ რა არის კისტა?

კისტა წარმოადგენს შემოსაზღვრულ უბანს საკვერცხეში, რომელიც სავსეა გარკვეული სითხოვანი შიგთავსით. სითხოვანი შიგთავსი შესაძლოა იყოს სხვადასხვა ხასიათის – შეიძლება იყოს უბრალო გამჭვირვალე სითხის შემცველი, იყოს ჰემორაგიული ანუ სისხლის შემცველი და მუცენოზური – ლორწოს შემცველი. კისტას განასხვავებენ ზომების მიხედვითაც, კისტად მიიჩნევა, თუ მისი ზომა 2.5-3 სმ-ზე მეტია. 5 სმ-მდე დიამეტრის მქონე კისტას არ სჭირდება ოპერაციული ჩარევა, ასეთ დროს მოისინჯება მხოლოდ კონსერვატიული მკურნალობები. თუ კისტის დიამეტრი 5 სანტიმეტრზე მეტია, მისი ხასიათიდან გამომდინარე, არსებობს გარკვეული წინასწარი კვლევები, მაგალითად, შეფასება ონკომარკერის გამოყენებით და დაისმის საკითხი უკვე ოპერაციულ მკურნალობაზე.

საკვერცხეების პოლიკისტოზი სხვა პათოლოგიაა. რა განსხვავებაა კისტასა და პოლიკისტურ საკვერცხეების სინდრომს შორის ექოსკოპიურად – საკვერცხე კისტის შემთხვევაში შეიცავს ერთ ან რამდენიმე ცისტას, ხოლო პოლიკისტოზის შემთხვევაში საკვერცხეები გადიდებულია და შეიცავს მცირე ზომის ბევრ ცისტას. 

  • რა მიიჩნევა პოლიკისტოზის და კისტის გამომწვევ ფაქტორებად?

პირველ რიგში, ჰორმონალური დისბალანსი, კერძოდ, სასქესო ჰორმონთა დისბალანსი იწვევს ანოვულაციას, რა დროსაც არ ხდება ფოლიკულის მომწიფება და ფოლიკულიდან კვერცხუჯრედის გამოსვლა. ასევე, მნიშვნელობა აქვს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა: სტრესულ გარემოში ცხოვრება, იგულისხმება უძილობა, არახელსაყრელი ოჯახური პირობები, არასწორი კვება, რომელიც განაპირობებს, ძირითადად პოლიკისტოზის განვითარებას, მაგრამ ასევე კისტების ჩამოყალიბებასაც.

ასევე, ზემოქმედებს მუცლადყოფნის პერიოდში გარკვეული ნეგატიური აგენტების ზემოქმედება, როგორიცაა დედის მხრივ სიგარეტის, ალკოჰოლის და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება.

კისტასა და პოლიკისტოზს შორის ძირითადი განსხვავება დიაგნოსტირდება ექოსკოპიური გამოკვლევის საფუძველზე.

  • როგორია პოლიკისტოზის სიმპტომები?

პოლიკისტოზის ნიშნები და სიმპტომები ხშირად ვითარდება სქესობრივი მომწიფების პერიოდში, როცა ფუნქციონირებას იწყებს რეპროდუქციული სისტემა, ანუ პირველი მენსტრუაციის დროს.

არეული მენსტრუალური ციკლი, კერძოდ იშვიათი, არარეგულარული ან გახანგრძლივებული მენსტრუაცია პოლიკისტოზის ყველაზე გავრცელებული ნიშანია. თუმცა საქმე ის არის, რომ [მენსტრუაციის დაწყებიდან] პირველ წელს შესაძლოა ეს დარღვევები იყოს ფუნქციური ხასიათის, ანუ ფიზიოლოგიური და არ იყოს საშიში, თუმცა თუ დარღვევები ხშირია, განსაკუთრებით, თუ გამოხატულია 15 წლის ასაკის შემდეგ – აუცილებელია გამოკვლევები. მენსტრუაციის გამოტოვება წელიწადში თუნდაც რამდენჯერმე უკვე საყურადღებოა. 

გარდა მენსტრუალური დარღვევებისა, პოლიკისტოზის შემთხვევაში ხშირად პათოლოგია გამოიხატება ჭარბთმიანობით ანუ ჰერსუტიზმით, ასევე, გამონაყარით და ჭარბი წონით, ამის მიზეზი მამრობითი ჰორმონის ანდროგენის ამაღლებული დონეა. გაცხიმოვნება ამ დროს ძირითადად ჩამოყალიბდება მუცლის წინა კედელსა და თეძოებზე, ამას ვისცერალური სიმსუქნე ჰქვია. 

აღსანიშნავია, რომ პოლიკისტოზის დროს ვითარდება ინსულინ რეზისტენტობა, ჰიპერინსულინემია. კისტისგან განსხვავებით, პოლიკისტოზის დროს შეიძლება ჩამოყალიბდეს ტიპი 2 დიაბეტი, რაც მოითხოვს გარკვეულ კორეგირებას, ენდოკრინოლოგის ჩართულობას და კლინიკურ შეფასებას. 

  • ხშირად მტკივნეული მენსტრუაცია ნორმად მიიჩნევა, თუმცა ვიცით, რომ ძლიერი ტკივილი ზოგიერთი პათოლოგიის მანიშნებელი შეიძლება იყოს. პოლიკისტოზს ახასიათებს ტკივილი?

მტკივნეული მენსტრუაცია შესაძლებელია მიანიშნებდეს როგორც პოლიკისტოზზე, ისე კისტაზე, თუმცა ეს შესაძლოა ნიშნავდეს, რომ საქმე გვაქვს საერთოდ სხვა პათოლოგიასთან, კერძოდ, საკვერცხეების ენდომეტრიოზთან.

  • სხვა რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს პოლიკისტოზს?

მკურნალობის ჩატარების გარეშე გაღრმავდება ჭარბთმიანობა, სიმსუქნე, მატულობს ნერვიულობა. პაციენტები, რომლებიც არ უმკურნალებენ ოლიკიცისტური საკვერცხის სინდრომს, არიან უშვილობის მაღალი რისკის ქვეშ, ხოლო თუ ასეთ პაციენტთან მაინც მოხდა დაორსულება, მაღალია რისკი ნაადრევი მშობიარობის, სპონტანური აბორტების, ორსულობაში არტერიული წნევის მატების, ორსულთა დიაბეტის განვითარების.

რაც შეეხება კლიმაქსურ პერიოდში ჩამოყალიბებულ ასეთ პროცესებს, მკურნალობის გარეშე შესაძლოა განვითარდეს საშვილოსნოსშიდა ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია და თუ კვლავ არ იქნა ყურადღება მიქცეული, შესაძლოა ჩამოყალიბდეს ენდომეტრიუმის კიბოც კი.

  • რას მოიცავს პოლიკისტოზის მკურნალობა?

მკურნალობა თავდაპირველად იწყება კონსერვატიულად, გამოიყენება სხვადასხვა პრეპარატი, გააჩნია კონკრეტულ მიზანს, პაციენტის ასაკს, ჩივილებს და რეპროდუქციულ გეგმებს, ანუ იგეგმება თუ არა ორსულობა. თუ ორსულობა იგეგმება, კონსერვატიული [მედიკამენტური] მკურნალობის გარდა, რომელიც ოვულაციის სტიმულაციის მიზნით ინიშნება, ხდება ლაპარასკოპიული მკურნალობაც. ტარდება საკვერცხეების დრილინგი – გადიდებული საკვერცხეების ცისტების ე.წ. დაჩვრეტა და სითხის გათავისუფლება, რაც ასტიმულირებს საკვერცხეებს და აღადგენს ოვულაციას, ეს კი ზრდის შვილოსნობის შანსებს, წესრიგდება ჰორმონალური ბალანსიც.

მენსტრუაციული ციკლის დასარეგულირებლად, ჭარბთმიანობის, აკნეს სამკურნალოდ გამოიყენება კოკ-ები ანუ კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივები, ანტიანდროგენული პრეპარატები, რომლებიც სხვადასხვა მექანიზმით აქვეითებენ ანდროგენების დონეს სისხლში.

მედიკამენტურ თერაპიასთან ერთად, მკურნალობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა, რაც მოიცავს წონის კორექციას სწორი კვებით, ზომიერ ფიზიკურ აქტივობას და ძილის რეჟიმის მოწესრიგებას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: