მთავარი,სიახლეები

უკრაინელ ექსგენერალს რუსეთი ზელენსკის წინააღმდეგ ჩვენების სანაცვლოდ თავშესაფარს მისცემს

30.08.2022 • 1582
უკრაინელ ექსგენერალს რუსეთი ზელენსკის წინააღმდეგ ჩვენების სანაცვლოდ თავშესაფარს მისცემს

უკრაინის უშიშროების ყოფილმა გენერალმა ანდრეი ნაუმოვმა, რომელსაც უკრაინა სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებს და რომელიც ახლა სერბეთშია დაკავებული, შესაძლოა, თავშესაფარი რუსეთში მიიღოს.

გამოცემა The Insider-ის ცნობით, უკრაინის უშიშროების სამსახურის შიდა უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსს კრემლი „თავშესაფარს“ ზელენსკის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ ჰპირდება.

უკრაინის სპეცსამსახურების ცნობით, სწორედ ნაუმოვის მიერ მიწოდებულმა ცნობებმა მისცა რუსეთის არმიას საშუალება, სწრაფად დაეკავებინა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური.

გამოცემა წერს, რომ ნაუმოვი რუსეთს ზელენსკის წინააღმდეგ საჩვენებელი სასამართლოსთვის სჭირდება, ნაუმოვის რუსეთისთვის გადაცემის პროცესს კი სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ალექსანდ ვულინი ხელმძღვანელობს.

The Insider-ის ინფორმაციით, 23 აგვისტოს ვულინი მოსკოვში რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანს, ნიკოლაი პატრუშევს შეხვდა და ნაუმოვის საკითხი განიხილა.

ჟურნალისტები დასძენენ, რომ უკრაინელი ექსგენერლის საქმის დასრულების შემდეგ, ვულინი თავადაც შეიძლება მოსკოვში გადავიდეს. ის რუსეთში სერბეთის ელჩად დანიშვნას ელოდება.

უკრაინის უშიშროების ყოფილი გენერალი, ანდრეი ნაუმოვი, სერბეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის საზღვრის გადაკვეთისას არადეკლარირებული 600 ათასი ევროსა და ძვირფასი ქვების გამო 7 ივნისს დააკავეს.

უკრაინიდან გაქცევის შემდეგ ის რამდენიმე თვე გერმანიაში ცხოვრობდა, შემდეგ კი სერბეთში გადასვლა მოახერხა.

ნაუმოვი ამჟამად სერბეთში, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრისთანავე ცნობილი გახდა, რომ ანდრეი ნაუმოვმა რამდენიმე თანმხლებ პირთან ერთად უკრაინა დატოვა. პირველ აპრილს კი უკრაინის პრეზიდენტმა უშიშროების შიდა უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსს წოდება ჩამოართვა.

ამ ამბიდან მალევე ზელენსკიმ უშიშროების სამსახურის უფროსი ივან ბაკანოვიც გაათავისუფლა. The Insider-ის წყაროები აღნიშნავენ, რომ ნაუმოვი ბაკანოვის კადრი იყო და უკრაინის უშიშროებაში კარიერა სწორედ მისი დახმარებით აიწყო.

მთავარ ფოტოზე: ანდრე ნაუმოვი, უკრაინის უშიშროების ყოფილი გენერალი/ფოტო: The Insider

გადაბეჭდვის წესი


ასევე: