მთავარი,სიახლეები

როგორ გეგმავს კრემლი „რეფერენდუმს“ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე

01.09.2022 • 884
როგორ გეგმავს კრემლი „რეფერენდუმს“ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე

რუსულმა საგამოძიებო გამოცემა The Insider-მა მოიპოვა დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, როგორ აპირებს რუსეთი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე „რეფერენდუმის“ ჩატარებას ამ რეგიონების რუსეთთან შეერთების მიზნით.

დოკუმენტების მიხედვით, საუბარია არამხოლოდ დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტულ რესპუბლიკებზე, არამედ 24 თებერვლის შემდეგ დაპყრობილ ტერიტორიებზეც.

რუსეთის სახელისუფლო პროექტში უკვე განსაზღვრულია ხმის მიცემის შედეგების სამიზნე მონაცემები და გეგმა – „გამარჯვების შედეგების გამყარება“. ამასთან, კრემლი ღიად აღიარებს, რომ უკრაინელებისა და მათი ტერიტორიების ბედს რუსეთისა და ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიები გადაწყვეტენ.

დოკუმენტები, რომლებიც გამოცემამ მოიპოვა, ცხადყოფს, რომ კრემლს უკვე მიღებული აქვს ყველა ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიის რუსეთთან შეერთების გადაწყვეტილება. მოქმედი გეგმის მიხედვით, უკვე სექტემბერში ყველა მზად უნდა იყოს ლეგიტიმური ანექსიისთვის, თუმცა „რეფერენდუმის“ კონკრეტული თარიღი დოკუმენტებში მითითებული არ არის.

ჟურნალისტების თქმით, სტრატეგიაში ღიად არაა ნათქვამი, რომ „რეფერენდუმის“ შედეგები გაყალბდება, თუმცა  რუსეთის ხელისუფლება უკვე ჩამოყალიბებულია სასურველ მონაცემებზე: ხმებმა შეერთების სასარგებლოდ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ამომრჩეველთა აბსოლუტური უმრავლესობა უნდა შეადგინოს (მაგალითად, დონეცკის ოლქში – 1,2 მილიონი ადამიანი).

კრემლის „სტრატეგები“ ღიად წერენ, რომ „რეფერენდუმის ლეგიტიმაციისთვის“ საზოგადოება მანამდე ჩატარებულმა სახელმწიფო გამოკითხვებმა უნდა შეამზადოს.

The Insider-ის აზრით, კრემლი ხვდება, რომ საარჩევნო კომისიების დასაკომპლექტებლად ძალიან გაუჭირდება ადგილზე საკმარისი ადამიანების მოძებნა, ამიტომ გადაწყვიტა იმ უკრაინელთა ნაცვლად, ვინც „რეფერენდუმის“ ორგანიზებაში მონაწილეობას არ დათანხმდება, კომისიები რუსული კადრებით დააკომპლექტოს.

ამისთვის ოკუპირებული ტერიტორიები უკვე დაყვეს ოლქებად და რუსეთის რეგიონებზე გაანაწილეს. მაგალითად, ბურიატებს დაევალებათ სტრაობეშევსკის რაიონის „რეფერენდუმის“ უზრუნველყოფა და ხმების დათვლა; დონეცკზე პასუხისმგებელი იქნება მოსკოვი, მარიუპოლზე კი – პეტერბურგი.

„საბოლოოდ, გამოდის, რომ შედეგები რუსეთის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ელა პამფილოვამ უნდა დაითვალოს,“ – წერს გამოცემა.

როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, კრემლს ასეთ პირობებშიც კი არ აქვს იმედი, რომ სასურველ შედეგებს მიიღებს, ამიტომ მთავარ გათვლას რუსეთისა და ბელარუსის ტერიტორიებზე მყოფ უკრაინელ ლტოლვილებზე  და რუსეთისა და ბელარუსის საარჩევნო კომისიებზე აკეთებს.

The Insider-ი აღნიშნავს, რომ კრემლის პიარკამპანია პროპაგანდისტულ კლიშეებზეა დამყარებული, ისეთებზე, როგორებიცაა: „8 წლის განმავლობაში დონბასში ხალხი იხოცებოდა“ და „რუსეთიდან დიდი ფული წამოვა“.

მოსკოვს დაგეგმილი აქვს ისიც, როგორ უნდა „დაიცვას რეფერენდუმის შედეგები“. უკვე მზადაა საზეიმო ღონისძიებების ჩამონათვალიც.

„ეს ოპტიმიზმი ძალიან ჰგავს 24 თებერვლის განწყობას, როდესაც რუსეთის არმია უკრაინაში სააღლუმო ფორმებით და სწრაფი გამარჯვების იმედით შედიოდა,“ – წერს გამოცემა.

დოკუმენტების მიხედვით, რეფერენდუმზე საბოლოო გადაწყვეტილება კრემლმა ივნისში მიიღო, ზუსტად მაშინ, როდესაც საბოლოოდ ცხადი გახდა, რომ რუსეთის შეტევის ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა და კრემლს აღარ უნდა ჰქონოდა იმედი იმაზე მეტი ტერიტორია დაეკავებინა უკრაინაში, ვიდრე ახლა აქვს.

The Insider-ის დასკვნით, უცნობი რჩება, ექნება თუ არა რუსეთს პრეტენზია ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში „რეფერენდუმის“ გამართვაზეც, იმ ფონზე, როდესაც იქ აქტიური ბრძოლები მიდის და „სრულიად შესაძლებელია, „რეფერენდუმის“ მომენტისთვის ეს ტერიტორიები რუსეთის კონტროლქვეშ აღარ იყოს.“

____________________

ფოტოზე: ერთ-ერთი გვერდი კრემლის სტრატეგიის დოკუმენტიდან/The Insider

გადაბეჭდვის წესი


ასევე: