მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

მთავრობამ ხბოს დაცვის წესი დაამტკიცა

30.08.2022 • 7028
მთავრობამ ხბოს დაცვის წესი დაამტკიცა

მთავრობამ ახალი წესი – „ხბოს დაცვის მინიმალური მოთხოვნები“ დაამტკიცა, რომელიც, როგორც მთავრობის დადგენილებაშია აღნიშნული, „ადგენს იმ ხბოს დაცვის მინიმალურ მოთხოვნებს, რომელსაც ბაგურად ინახავენ გამოზრდისა და სუქებისთვის“.

მაგალითად:

  • „სადგომი უნდა იყოს ისე აშენებული, რომ ყველა ხბოს შეეძლოს დაწოლა, დასვენება…“
  • „ორ კვირაზე ნაკლები ასაკის ყველა ხბო უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შესაბამისი ქვეშაგებით…“
  • „ხბოები არ უნდა იყვნენ დაბმული…“
  • „სადგომი, ბაკი, აღჭურვილობა და ჭურჭელი, რომლებიც გამოიყენება ხბოსათვის, შესაბამისად უნდა გასუფთავდეს და დაექვემდებაროს დეზინფექციას…“
  • „იატაკი უნდა იყოს გლუვი, მაგრამ არა სრიალა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ხბოებისათვის ტკივილის ან ზიანის მიყენება…“
  • „ყველა ხბომ უნდა მიიღოს მსხვილფეხა საქონლის ხსენი დაბადებიდან რაც შეიძლება მალე…“
  • „დასაწოლი ადგილი უნდა იყოს კომფორტული და არ უნდა ჰქონდეს უარყოფითი გავლენა ხბოზე…“

ამავე დადგენილებით განსაზღვრულია, რომ ხბო – ექვს თვემდე ასაკის მსხვილფეხა საქონელია.

ამასთან, შემოღებული იქნება სერტიფიკატიც – „ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ ცხოველებს ეპყრობოდნენ, სულ მცირე, ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად.“ ამავე დადგენილებით, ანალოგიური სერტიფიკატი უნდა ახლდეს ცხოველებს საქართველოში იმპორტის დროსაც.

მთავრობის ახალი დადგენილებით –

„ყველა ახალაშენებულ ან გადაკეთებულ ცხოველთა სადგომზე [საკუთრების ფორმის მიუხედავად] და მათზე, რომელთა გამოყენება მოხდება ამ წესის ძალაში შესვლის შემდეგ, გავრცელდება შემდეგი მოთხოვნები:

  • რვა კვირაზე მეტი ასაკის ხბო არ ექვემდებარება ინდივიდუალურ შენახვას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ვეტერინარი ადასტურებს, რომ ხბოს ჯანმრთელობა ან ქცევა მოითხოვს მკურნალობის ჩასატარებლად მის იზოლირებას.
  • ნებისმიერი ინდივიდუალური სადგომის სიმაღლე უნდა იყოს, სულ მცირე, ხბოს სიმაღლისა მისი დგომის პოზაში და სიგრძე – სულ მცირე, ხბოს ტანის სიგრძისა, რომელიც იზომება ხბოს ცხვირის წვერიდან კაუდალურ კიდემდე, გამრავლებული 1,1-ზე;
  • ინდივიდუალურ სადგომში ხბოსათვის [გარდა იმ სადგომისა, რომელიც გამოყენებულია დაავადებული ცხოველის იზოლირებისათვის] მყარი კედლის მაგივრად უნდა იყოს ფოროვანი კედელი, რათა ხბოს ჰქონდეს პირდაპირი ვიზუალური და ფიზიკური კონტაქტის საშუალება;
  • ჯგუფურად განთავსებული ხბოების შემთხვევაში, თითოეული ხბოსთვის დაუბრკოლებელი სივრცე უნდა იყოს ხელმისაწვდომი, სულ მცირე, 1.5 კვ.მ თითოეული ხბოსთვის, რომლის ცოცხალი წონა 150 კგ-ზე ნაკლებია; სულ მცირე, 1.7 კვ.მ თითოეული ხბოსთვის, რომლის ცოცხალი წონა 150 კგ ან მეტია, მაგრამ 220 კგ-ზე ნაკლებია და, სულ მცირე, 1.8 კვ.მ თითოეული ხბოსთვის, რომლის ცოცხალი წონა 220 კგ ან მეტია.
  • ეს მოთხოვნები არ ვრცელდება: იმ სადგომზე, სადაც 6 ხბოზე ნაკლებია; ასევე ხბოებზე, რომლებიც განთავსებულნი არიან დედასთან კვებისათვის [წოვისთვის].“

 

 

ხბოს დაცვის მინიმალური მოთხოვნები მთავრობამ, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად, 2022 წლის 29 აგვისტოს დაამტკიცა.

ახალი წესი 5 წლის შემდეგ, 2028 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.

ამ წესის შესრულებაზე კონტროლი სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაევალა.

„სააგენტომ ყოველი წლის 31 აგვისტოსთვის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უნდა წარუდგინოს წინა წლის ინსპექტირების ანგარიში, რომელიც ხორციელდება ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით. ანგარიშს თან უნდა ახლდეს ყველაზე მნიშვნელოვანი შეუსაბამობების ანალიზი და ეროვნული სამოქმედო გეგმა, რათა აღიკვეთოს ან შემცირდეს მათი არსებობა შემდგომ წლებში“, – აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: