მთავარი,სიახლეები

„ბიძინას შეგინებისთვის პოლიციელმა პლასტმასის ბოთლი თავში მირტყა“ – მოქალაქე

24.06.2022 •
„ბიძინას შეგინებისთვის პოლიციელმა პლასტმასის ბოთლი თავში მირტყა“ – მოქალაქე

„ბიძინას შეგინებისთვის პოლიციელებმა პლასტმასის ბოთლი თავში მირტყეს“, – ამბობს ბათუმელი ლადო ჩიბურდანიძე. მისი თქმით, წუხელ პოლიციელებმა ბათუმის მე-3 განყოფილებაში მასზე ფიზიკურად იძალადეს, აგინეს და ე.წ. ქურდული ლექსიკით შეურაცხყვეს.

ლადო ჩიბურდანიძე სამოქალაქო აქტივისტია – 2022 წლის აპრილში მან მეგობრებთან ერთად ბათუმში მყოფი რუსეთის მოქალაქეებისთვის სპეციალურად ჩაწერა ხმა და ბულვარსა და ქუჩებში მოსეირნე რუსეთის მოქალაქეებს ასმენინებენ. „პუტინ ხუილო! რუსეთი ოკუპანტია! თქვენ იმყოფებით ქვეყანაში, რომლის 20 პროცენტიც ოკუპირებულია.

„მეგობრებთან ერთად ვიყავი ძველ ბათუმში მდებარე ერთ-ერთ ბარში, დაახლოებით ღამის ორზე გამოვედი იქედან,“ – გვიყვება ლადო ჩიბურდანიძე ინციდენტს პოლიციელებთან, რის გამოც მას ამ დრომდე შსს-თვის არ მიუმართავს, თუმცა დღეს გადაწყვიტა, რომ პოლიციელების მხრიდან ძალადობა გაასაჩივროს.

„ბარიდან ველოთი ვაპირებდი სახლში წასვლას, მაგრამ ქუჩაში მდგომი რამდენიმე პოლიციელი დავინახე და მათთან გამოლაპარაკება გადავწყვიტე, ნასვამი ვიყავი და ცოტა თამამიც, მაგრამ მე მათთვის არანაირი შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. ვუთხარი, რომ პოლიციელებს დიდი ძალა გაქვთ და ასე, ერთ კაცს ნუ გადავაყოლებთ ქვეყანას-მეთქი. საუბარში ბიძინა ივანიშვილს შევაგინე კიდეც და მის აღებულ კურსს. ამ დროს ერთმა პოლიციელმა მითხრა „გააჯვიო“. ვუთხარი, რომ პოლიციელი ასე არ უნდა ესაუბრებოდეს მოქალაქეს.

თქვეს, ეს ბევრს ლაპარაკობს რაღაც და ხომ არ გადავიყვანოთ განყოფილებაშიო. მანქანაში როცა ჩამსვეს, ვუთხარი, რომ ძალადობის მეშინია და ხელი არ დაერტყათ. ამაზე ატეხეს სიცილი, ეს ქათამი ყოფილაო.

ქუთაისის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში შემიყვანეს და მობილურიც წამართვეს, ვუხსნიდი, რომ ასე პოლიციელები მოქალაქეს არ უნდა ექცეოდნენ, ამის უფლება არ ჰქონდათ და ერთ-ერთმა ბაკურიანის ნახევრად სავსე ბოთლი ჩამარტყა თავში. რამდენჯერმე ჩამარტყა თავში ბოთლი, მეორე კი, მაგინებდა, მიწოდებდა „ყლ.. ხარ“, „ქათამი“, „რა ტვინი მოტყ..“ სულ 10 პოლიციელი იყო, მაგრამ ორი აქტიურობდა მხოლოდ, ერთი ბოთლს მირტყამდა, მეორე – მაგინებდა. მე არ ვიცი მათი ვინაობა, მაგრამ ამოცნობა შემიძლია,“ – ამბობს ლადო ჩიბურდანიძე.

მოქალაქის თქმით, მასზე პოლიციელებმა პოლიციის განყოფილებაში უფროსის თვალწინ იძალადეს:

„უფროსიც იქ იყო, გამოყოფილ ოთახში იჯდა, შემოვიდა, იმანაც რაღაც უხეშად მითხრა, არ მახსოვს და უკან გაბრუნდა. ვუთხარი, რომ ძალიან მეშინოდა მათი და გავეშვი. ამაზე იცინოდნენ, ნახე, როგორ ეშინია ქათამსო, რაღაც ფურცელზე მომაწერინეს ხელი, არც ვიცი, რა ეწერა ამ ფურცელზე… როცა გამოვდიოდი, ბოთლი, ბოთლიო, იძახდნენ.

განყოფილებასთან გარეთ დამახვედრეს ჩემი ველოსიპედი, სწრაფად წამოვედი იქედან.

არავისთვის არ მიმიმართავს. არ ვიცი, ვის უნდა მიმართო ამ დროს, ვინ დამიცავს, როცა პოლიცია ასე იქცევა,“ – გვითხრა ლადო ჩიბურდანიძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: