მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რა პროდუქცია იწვევს სისხლში ტყვიის მომატებას საქართველოში – ახალი კვლევა

14.07.2022 • 2847
რა პროდუქცია იწვევს სისხლში ტყვიის მომატებას საქართველოში – ახალი კვლევა

არაკომერციულმა ორგანიზაცია Pure Earth-მა, იუნისეფის დაფინანსებით, ხუთ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, 2020 წლის მეორე ნახევრიდან ტყვიით დაბინძურების წყაროების კვლევა დაიწყო.

ახალი კვლევებით დასტურდება, რომ საქართველოში ტყვიით დაბინძურების რამდენიმე კერაა, მათ შორის:

  • სუნელები
  • სხვადასხვა სახის ჭურჭელი (საბავშვო ფერადი ჭურჭლის ჩათვლით)
  • სათამაშოები
  • საღებავები
  • აკუმულატორებიდან ჯართში ჩასაბარებლად ამოღებული ტყვიის ფირფიტები

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ბავშვების პოპულაციაში ტყვიის დონის მატების მიზეზი ჩამოთვლილთაგან უფრო სავარაუდოა, რომ სათამაშოებია.

Pure Earth-Georgia საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კვლევებს ახლაც აწარმოებს. მათი ერთ-ერთი ბოლო ანგარიშით გამოიკვეთა, რომ სუნელ-სანელებლებში ტყვიით დაბინძურება წინა წლებთან შედარებით გაცილებით ნაკლებია, თუმცა რეკომენდებულია მონიტორინგის გაგრძელება.

სუნელებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უკვე ორი წელია ამოწმებენ.

„არის ნამდვილად დარღვევა, მაგრამ მცირედით და ლოკალურად, მაგალითად, როცა ფერის გასაუმჯობესებლად სუნელში ურევენ სწორედ იმ პიგმენტს, ანუ საღებავს, რომელიც ტექნიკური დანიშნულებით უნდა გამოიყენებოდეს, მაგალითად, წიწაკაში ან ხარჩოს სუნელში ძირითადად ხდება ყვითელი და წითელი პიგმენტის გარევა,“ – განმარტავენ ორგანიზაციაში.

ჩატარდა სუნელის და ბაზარზე სარეალიზაციო ქსელში განთავსებული საღებავი-პიგმენტების ლაბორატორიული ანალიზი, რამაც დაადასტურა მოლეკულური შესაბამისობა, ანუ სუნელებში არსებული ტყვია იყო იმ ტყვიის ქრომატის მსგავსი, რომელიც არის პიგმენტში.
საქართველოს მასშტაბით ინდიკატორული კვლევა/ანალიზი ჩატარდა სათამაშოებში, სამზარეულო ჭურჭელში, სამშენებლო მასალებსა და საღებავებში.  ტყვიის მაქსიმალური კონცენტრაცია გამოვლინდა შემდეგ პროდუქტებში:

  • კერამიკის ჭურჭელი – 165 ერთეული, მაქსიმალური კონცენტრაცია – 29700 ppm
  • ალუმინის სამზარეულო ინვენტარი – 135 ერთეული, მაქსიმალური კონცენტრაცია – 398200 ppm
  • სათამაშოები – 80, მაქსიმალური კონცენტრაცია – 1555 ppm
  • საღებავები – 89, მაქსიმალური კონცენტრაცია – 86900 ppm
  • არასაკვები დანიშნულების ნივთები –  70, მაქსიმალური კონცენტრაცია –  7014 ppm
  • ანგარიშში წერია, რომ შემუშავდა დაბინძურებული ტერიტორიების წინასწარი სია, განხორციელდა 39-მდე ობიექტის კვლევა. დადგინდა ტერიტორიები, სადაც ნიადაგის ტყვიით დაბინძურება 900 000 ppm-ზე მაღალია.

    „საგანგაშოა ის ვითარება, რომ ამ ტერიტორიებზე და მათ მიმდებარედ მსხვილფეხა პირუტყვი შეუზღუდავად ხვდება, რაც რძისა და ხორცის პროდუქტების დაბინძურებასაც იწვევს,“ – წერია ანგარიშში.

    წლის დასაწყისში ჩატარებული კვლევის ფარგლებში შემოწმდა რუსთავის მეტალურგიული და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნები, ჭიათურის მადანმომპოვებელი კომპანია, ასევე, სხვა ინდუსტრიული ობიექტების, საწარმოების, ფერადი და შავი ლითონის ჩამბარებელი პუნქტების, აკუმულატორების კუსტარული დამშლელი ობიექტების ტერიტორიები და ჯართის ჩამბარებელი რამდენიმე პუნქტი. ასეთი პუნქტების შეფასებისას დადგინდა, რომ ტერიტორიის ტყვიით დაბინძურების წყაროა აკუმულატორებში არსებული ტყვიის ფირფიტების ამოღება მისი შემდგომი ჩაბარების მიზნით.

    პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა სამზარეულოს ჭურჭლის კვლევა. დაახლოებით 15 000-18 000 ppm აღმოჩნდა ტყვიის დონე ისეთ საბავშვო ფერად ჭურჭელში, რომლებსაც ხშირად სასაჩუქრედ იყენებენ ბავშვების საყვარელი ანიმაციური გმირების გამოსახულებით. ანალოგიური ვითარებაა საახალწლო გაფორმებების მქონე ჭურჭელში, რომელიც, ასევე, აქტიურად გამოიყენება სასაჩუქრედ.

    კვლევის ფარგლებში შემოწმებულია ქვაბები, რომლებშიც, მართალია, არ აღმოჩნდა ტყვიის მაღალი შემცველობა, თუმცა ვერცხლისწყალი და დარიშხანი აჭარბებს დასაშვებ ნორმას, რაც არანაკლებ სახიფათოა.

    სამშენებლო მასალების ინდიკატორული კვლევის დროს გამოიკვეთა, რომ სხვადასხვა წარმოების (ძირითადად ირანიდან იმპორტირებულ) მეტლახში მაღალია ტყვიის შემცველობა. აღმოჩენილია ტყვიის მაღალი შემცველობით ყვითელი ფერის ცეცხლგამძლე აგური, რომელიც ბუხრების დასამზადებლად გამოიყენება.

    შემუშავებულია სამშენებლო მასალების ჩამონათვალი, სადაც პრიორიტეტულია მეტლახისა და ფერადი შპალერის კვლევა მათში აღმოჩენილი ტყვიის მაღალი შემცველობის გამო.

    შპალერების შესაღებად ინდური წარმოების საღებავებია გამოყენებული, რომლებიც დიდი ოდენობით ტყვიას შეიცავს. მათ ასევე იყენებენ სხვადასხვა, ე.წ. „პრინტ ჰაუსებში“, რომლებიც ბეჭდური თუ სარეკლამო მასალების დამზადებით არიან დაკავებული.

    Pure EARTH-Georgia აჭარისა და გურიის მოსახლეობას სთავაზობს ტყვიის შემცველობის კვლევას საცხოვრებელ გარემოში. კვლევაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია 0-7 წლამდე ასაკის ბავშვს ჩატარებული ჰქონდეს სისხლის ლაბორატორიული ანალიზი ტყვიის შემცველობაზე. ტყვიის მომატებული ოდენობის აღმოჩენის შემთხვევაში საცხოვრებელი გარემოს კვლევა ჩატარდება უფასოდ.

    ამავე თემაზე:

    რა არის ბავშვებში ტყვიის მაღალი შემცველობის მიზეზები – წინასწარი კვლევის შედეგები

    აჭარაში სისხლში ტყვია გამოუვლინდა 6000 ორსული და მეძუძური ქალების 65 პროცენტს

    ტყვია აჭარაში გამოკვლეული ბავშვების 85%-ში – გაერომ ქვეყანას ტყვიის დეტექციის 4 აპარატი გადმოსცა

    გადაბეჭდვის წესი


    ასევე: