ბათუმი,კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ხულოში, ხიხანის ციხესთან, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება

31.08.2022
ხულოში, ხიხანის ციხესთან, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება

ხულოში, სოფელ ზემო თხილვანას მახლობლად, ხიხანის ციხის მიმდებარედ არსებულ ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობაა დაგეგმილი. საპროექტო ტერიტორია დაახლოებით 2 ჰექტარია.

ადგილობრივმა საკრებულომ მერიის მიერ წარდგენილი „განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია [დავალება] უკვე დაამტკიცა. ამ დავალების საფუძველზე კი, როგორც „ბათუმელებს“ ხულოს მერიაში უთხრეს, „განაშენიანების დეტალურ გეგმას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი მოწყობის ჯგუფი მოამზადებს“.

მიზანი, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, „ტურისტული ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მცირე სართულიანობის დასასვენებელი და ტურისტული განაშენიანებული გარემოს შექმნაა – სათანადო სტანდარტების დაცვით“.

ხიხანის ციხესთან არსებული ტერიტორია [მარცხნივ], სადაც ტურისტული ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს და ამ ტერიტორიის მდებარეობა [მარჯვნივ]

საპროექტო ტერიტორია მდინარე ხიხანისწყლის [სხალთის მარჯვენა შენაკადი] ნაპირებზე, ზღვის დონიდან 1 440 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს; ბათუმიდან ამ ადგილამდე მანძილი კი, 110 კილომეტრია.

დოკუმენტის მიხედვით, ხულოს მერია იტოვებს უფლებას, „მოსამზადებელი კვლევის პროცესში გამოვლენილი საჭიროებების შემთხვევაში დააზუსტოს წარმოდგენილი გეგმარებითი ერთეულის საზღვრები“.

„განაშენიანების დეტალური გეგმის [გდგ] მიღების მიზანია აღნიშნულ ტერიტორიაზე დაბალანსებული განვითარების მიღწევა, რისთვისაც აუცილებელია განვითარების საერთო და შეჯერებული ხედვის ჩამოყალიბება, შესაბამისი სტრატეგიის [პრიორიტებები და რიგითობა] შემუშავება და გდგ-ში ასახვა, რათა შემდგომ გეგმის იმპლემენტაციის ეტაპზე, მიღწეულ იქნას დაბალანსებული და მდგრადი განვითარება, საჯარო თუ კერძო ინვესტიციების ფარგლებში“ – აღნიშნულია საკრებულოს მიერ მიღებულ დოკუმენტში.

ასევე, საჭირო იქნება „საჯარო და კერძო ინტერესების, მათ შორის დარგთაშორისი შესაძლო აცდენების/კონფლიქტების, დაინტერესებული მხარეების მოსაზრებების მაქსიმალური დაახლოება და ურთიერთშეთანხმება განაშენიანების მართვის საკითხებში; საჭირო ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების განსაზღვრა“.

_____________________________

ხულოს მერიის ინფორმაციით, უკვე დაწყებულია უშუალოდ ხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკის მოწყობა.

ბილიკისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაზე ტენდერი აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს რამდენჯერმე ჰქონდა გამოცხადებული. ერთ-ერთი ტენდერი 865 ათასი ლარით იყო გამოცხადებული, რომელიც არ შედგა.

ამის შემდეგ ტენდერი სააგენტომ 900 ათასი ლარით გამოაცხადა და ხელშეკრულებაც ზუსტად ამავე თანხაზე გააფორმა, ტენდერში გამარჯვებულად გამოვლენილ, შპს „იორ ბუილდინგ კომპანი-LTD YOUR BUILDING COMPANY“-თან.

კომპანიამ სამუშაოები 2023 წლის 1-ელ ნოემბრამდე უნდა დაასრულოს.

ამავე თემაზე „ბათუმელების“ არქივიდან:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/344279/

 

მთავარი ფოტო: ხიხანის ციხე / ფოტო: ხულოს მერია

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: