მთავარი,სიახლეები

ვითხოვ დასაქმებას, რომ ოჯახი მშიერი არ დამეხოცოს – კაცი მთავრობის სახლთან

14.09.2020 • 1502
ვითხოვ დასაქმებას, რომ ოჯახი მშიერი არ დამეხოცოს – კაცი მთავრობის სახლთან

„პანდემიის დროს განსაკუთრებით გაჭირდა სამსახურის პოვნა. ყველგან მეუბნებიან, რომ ვაკანსია კი არა, ვინც ჰყავდათ, ისინიც შეამცირეს,“ – ამბობს ბათუმში მცხოვრები აკაკი დავითაძე. მას აჭარის მთავრობის სახლთან შევხვდით. მოქალაქე სამუშაოს ითხოვს, ასევე „იაფი სახლის“ პროგრამაში ჩართვას.

აკაკი დავითაძის შესახებ „ბათუმელები“ 2020 წლის იანვარშიც წერდა. მაშინ ის თირკმლის გაყიდვას აპირებდა. აკაკი დავითაძე 6 წლიდან ქუჩაში იზრდებოდა. ახლა მას ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. აკაკის ოჯახი ბათუმში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.

„…პროფესიული განათლება მაქვს, მიმტანობაც შემიძლია, სერვისმენეჯმენტიც, მიმუშავია კიდეც, სულ ვშრომობ, როცა ჯანმრთელობა ხელს მიწყობს, მაგრამ ახლა, თუ დამიჯერებთ, ახალი ბულვარიდან დაწყებული, აქ ჩამოსვლამდე ყველა კაფე დავიარე და უარი მითხრეს… პანდემიის დაწყებამდე სადაც ვმუშაობდი, იქაც ჩემი ადგილი მენეჯერმა შეითავსა.

ბინის ფული თვეში 400 ლარი მაქვს გადასახდელი, უკვე 2 თვეა არ გადამიხდია ქირის ფული, გუშინწინ დიასახლისმა გასაღები ჩამომართვა… იძულებული გავხდი, ცოლ-შვილი სოფელში გამეშვა, მე მეგობართან ვრჩები,“ – გვითხრა აკაკი დავითაძემ.

აკაკი დავითაძის ოჯახი სოციალურად დაუცველია. ყოველთვიურად ოჯახი სახელმწიფოსგან შემწეობას იღებს – 280 ლარს. მოქალაქის თქმით, სოციალურად დაუცველის სტატუსის გამო მას „იაფი სახლის“ პროგრამაში ჩართვაზე უარი უთხრეს.

„მერიაში არჩილ ჩიქოვანს შევხდი. მითხრა, რომ კრიტერიუმები ჩემი შემუშავებული არ არისო… მომიხსენით ეს სოციალური დახმარება-მეთქი და მაშინ ხელფასი უნდა გქონდეს მინიმუმ 1200 ლარიო. ჯანდაცვის მინისტრსაც შევხვდი, ნინო ნიჟარაძეს… ყველა მპირდება დახმარებას, მაგრამ საბოლოოდ არაფერი გამოდის,“ – უთხრა აკაკი დავითაძემ „ბათუმელებს“.

აკაკი დავითაძის თქმით, მას მერიამ, ასევე აჭარის მთავრობამ, პანდემიის დროს ერთჯერადი დახმარება გამოუყო -სარეზერვო ფონდიდან 1000 ლარი ჩაურიცხეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: