მთავარი,სიახლეები

ბათუმში ღამით ფეიერვერკის გაშვებისთვის 114 ჯარიმა დაწერეს 3 წლის განმავლობაში

30.08.2022 • 2181
ბათუმში ღამით ფეიერვერკის გაშვებისთვის 114 ჯარიმა დაწერეს 3 წლის განმავლობაში

შვიდ წელზე მეტია ღამის 11 საათის შემდეგ ბათუმში ფეიერვერკის გაშვება და პიროტექნიკის გამოყენება აკრძალულია, თუმცა ბათუმში ფეიერვერკის ხმა თითქმის ყოველ ღამე ისმის, ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ცნობით კი, ამ დარღვევისთვის ბოლო 3 წლის განმავლობაში სულ 114 ჯარიმაა გამოწერილი.

დებულება, რომლის თანახმადაც ბათუმის ტერიტორიაზე ღამის 11 საათიდან დილის 8 საათამდე ფეიერვერკის გაშვება იკრძალება, ქალაქის საკრებულომ 2014 წელს დაამტკიცა. მიზეზი ბათუმელების უკმაყოფილება იყო ღამის საათებში პიროტექნიკის გამოყენებით გამოწვეული ხმაურის გამო. მოგვიანებით, 2017 წელს, იგივე აკრძალვა შევიდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.

რეგულაციის მიხედვით, ღამის საათებში [23:00 საათიდან 08:00 საათამდე] პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის – 500 ლარის ოდენობით. განმეორების შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება.

ეს ნორმები არ ვრცელდება ახალი წლის სადღესასწაულო დღეებზე (31 დეკემბრის 21:00 საათიდან 2 იანვრის 23:00 საათამდე და 13 იანვრის 21:00 საათიდან 14 იანვრის 23:00 საათამდე). გარდა ამისა, ღამის 11 საათის შემდეგ ბათუმში პიროტექნიკის გამოყენება დაშვებულია მხოლოდ განსაკუთრებულ, საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შემთხვევაში.

სანაპიროზე დატოვებული ფეიერვერკის ნარჩენები

2020 წლიდან დღემდე ბათუმში ღამის საათებში პიროტექნიკის გამოყენების ფაქტებზე რეაგირება ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის პრეროგატივაა.

„ბათუმელებმა“ უწყებას 9 აგვისტოს სთხოვა მოეწოდებინა ინფორმაცია, რამდენი ფიზიკური და რამდენი იურიდიული პირი დაჯარიმდა ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ღამის საათებში ფეიერვერკის გაშვებისთვის 2019 წლის ბოლოდან დღემდე პერიოდში, წლების მიხედვით.

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციისგან საბოლოო პასუხი 29 აგვისტოს მივიღეთ, საიდანაც ჩანს, რომ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადაჭარბების და ღამის საათებში პიროტექნიკის გამოყენების ფაქტთან დაკავშირებით ბოლო სამი წლის განმავლობაში 114 ადამიანი დაჯარიმდა. მათგან რამდენია იურიდიული და რამდენი კერძო პირი, დაკონკრეტებული კვლავ არ არის.

წლების მიხედვით საჯარიმო ქვითრების რაოდენობა ასე გამოიყურება:

2020 2021 2022

36

16

62

გარდა იმისა, რომ პიროტექნიკის ხმაური ღამის საათებში აწუხებს მოსახლეობას, იგი აფრთხობს შინაურ და ქუჩის ცხოველებსა და ფრინველებს. National Geographic-ი წერს, რომ ფეიერვერკები ციმციმა შუქების გარდა ქმნიან კვამლის ნაკადს, რომელიც შეიცავს ასთმისა და რესპირატორული დაავადებების მაპროვოცირებელ ნაწილაკებს – ასევე ტოქსიკური ლითონების კოქტეილს, როგორიცაა: სტრონციუმი, ბარიუმი და ტყვია.

ხმაურის ნორმების გადაჭარბების დაფიქსირების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ცხელ ხაზზე: 598 85 15 20. მონიტორინგი 24-საათიან რეჟიმში ხდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: