კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

მთავრობა სანატორიუმ „იმერეთს“ წყალტუბოში აუქციონზე ყიდის – საწყისი ფასი 3 მილიონი ლარია

27.08.2022 • 14752
მთავრობა სანატორიუმ „იმერეთს“ წყალტუბოში აუქციონზე ყიდის – საწყისი ფასი 3 მილიონი ლარია

ქონების ეროვნული სააგენტო წყალტუბოში, ჩახრუხაძის ქუჩა N6-ის მიმდებარედ, სანატორიუმ „იმერეთის“ შენობებს და მასზე დაქვემდებარებულ ოთხ ჰექტარს [41 150 კვ.მ] პირობიანი აუქციონის წესით ყიდის. ქონების საწყისი ფასი 3 მილიონ 124 500 ლარია, ბიჯი – 10 000 ლარი. ეს შენობა 1961 წელს არის აშენებული და მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. შენობის ფართობი 132 493 კვ. მეტრია.

აუქციონით გათვალისწინებული პირობების მიხედვით, მყიდველმა საპრივატიზებო თანხა აუქციონის დასრულებიდან არაუმეტეს ორ თვეში უნდა გადაიხადოს. ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 5 წლის ვადაში კი, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე არანაკლებ 80-ნომრიანი სასტუმროს მოწყობა უნდა უზრუნველყოს. სასტუმრო უნდა მოიცავდეს საკონფერენციო დარბაზებსა და რესტორანს.

ქონების მფლობელი შესაძლებლად მიიჩნევს ასევე შენობის ნაწილის დემონტაჟს, შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების თანხმობის შემთხვევაში.

აუქციონის პირობაა 5 წლის ვადაში შენობის ექსპლუატაციაში მიღება კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

მყიდველმა უნდა აიღოს ასევე ვალდებულება, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ვალდებულებების შესასრულებლად აქ 9 მილიონზე მეტი ლარის ღირებულების ინვესტიციას განახორციელებს.

მყიდველს ევალება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 3 თვის ვადაში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ  სააგენტოს შეუთანხმოს ძეგლის მოვლა-პატრონობის პირობები, გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება.

აუქციონი 16 სექტემბერს უნდა დასრულდეს.


კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით:

შენობა აგებულია 1961 წ. არქიტექტორების ვ. ალექსი-მესხიშვილისა და ლ. ჯანელიძის მიერ. შენობა სამნაწილიანია. გეგმაში აქვს ლათინური „E“ ფორმა. სამსართულიანია. მთავარი ნაწილია ფართო, ვესტიბიულის შენობა, რომელიც დანარჩენებისგან განსხვავებით ოთხსართულიანია.

ფასადის მხრიდან შენობას მთელ სიგრძეზე გასდევს თაღოვანი გალერეა, რომლის სახურავი მეორე სართულის ღია ერთიანი აივანია. მესამე სართულზე ოთახებს შეკიდული დამოუკიდებელი აივნები აქვს. ჰოლი მთავარი სართულშორისი და ფლიგელთა მაკავშირებელი არტერიაა.

თითოეული სართული კაპიტელებით დასრულებული მასიური სვეტებითაა გაფორმებული. მოაჯირები კი ქართული ეთნოგრაფიული ყოფისთვის მახასიათებელი რიკულებითაა გაწყობილი. ფლიგელები ოთხკუთხა და სამწახნაგა რიზალიტებითაა დანაწევრებული. სამწახნაგა რიზალიტებში კიბეებია გაკეთებული. შიდა ეზოს მხრიდან შენობის ფასადები სხვადასხვაგვარადაა გადაწყვეტილი.

დასავლეთის ფლიგელის ერთი ნაწილი ორსართულზე გამყოლი თაღოვანი გალერეითაა გადახურული, დანარჩენი ნაწილი კი სადაა, სარკმლებითა და აივნიანი კარებით დანაწევრებული. სანატორიუმის სასარკმლე და საკარე ჭრილები ორგვარია: თაღოვანი და ოთხკუთხა. შენობის წინა მხარეს რამდენიმე ტერასიანი ფართო კიბეებია.

გადაბეჭდვის წესი