ნახევარ წელიწადში რუსების 2 000 ტანკი, 234 თვითმფრინავი და 15 ხომალდი განადგურდა – Forbes უკრაინამ დათვალა, რა თანხის ტექნიკა დაკარგა რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომის ექვს თვეში.
ჯამში ეს 12 142 ერთეული ტექნიკაა, რომლის საერთო ღირებულებაც 16, 56 მილიარდი დოლარია (ანგარიშში არ შედის რაკეტები).
Forbes-მა შეისწავლა კონკრეტული სამხედრო ტექნიკის ღირებულება ექსპორტ-იმპორტის კონტრაქტების მიხედვით, გაითვალისწინა მათი გამოშვების თარიღი, შეთანხმების დრო და ტექნიკის მოდიფიკაცია. უნიკალური ობიექტების შეფასებისას კი გამოიყენა ანალოგიური მოდელების ფასი და გამონაკლის შემთხვევაში – ექსპერტების შეფასება.
გამოცემის ცნობით, რუსეთის ერთ-ერთი უძვირესი დანაკარგი შავი ზღვის ფლაგმანი კრეისერი „მოსკვაა“ – $750 მილიონი დოლარი. 13 აპრილს „მოსკვას“ უკრაინელებმა „ნეპტუნის“ რაკეტებით დაარტყეს, მეორე დღეს კი ხომალდი ჩაიძირა.
„მოსკვას“ გარდა, კუნძულ ზმეინიზე და მიმდებარე წყლებში უკრაინამ რუსეთის $165 მილიონის ტექნიკა გაანადგურა, მათ შორის, 8 საზენიტო სარაკეტო კომპლექსი – „ტორი“, „პანცირი“ და „სტრელა“ – საერთო ღირებულება $100 მილიონი დოლარი.
„მოსკვას“ ჩაძირვამდე, რუსეთის ყველაზე ძვირფასი დანაკარგი იყო სადესანტო თვითმფრინავი ილ-76, რომელიც $86 მილიონი დოლარი ღირს და რომელიც უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა თებერვალში კიევის ოლქში ჩამოაგდეს.
მესამე ადგილზე $75 მილიონი დოლარის ღირებულების სადესანტო ხომალდი „სარატოვია“. უკრაინის არმიამ ხომალდს მაშინ დაარტყა, როდესაც მან ოკუპირებული ბერდიანსკის პორტში სამხედრო ტექნიკა მიიტანა.
რუსეთის უდიდესი დანაკარგის პირველი ათეული:
- სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“ – $750 მლნ;
- თვითმფრინავი ილ-76 – $86 მლნ;
- სადესანტო ხომალდი „სარატოვი“ – $75 მლნ;
- თვითმფრინავი სუ 30 – $50 მლნ;
- თვითმფრინავი სუ-34 – $40 მლნ;
- თვითმფრინავი სუ-35 – $32 მლნ;
- თვითმფრინავი ილ-22 – $30 მლნ;
- საზენიტო სარაკეტო კომპლექსი „ტორ M2” – $25 მლნ;
- ხომალდი „ვასილი ბეხი“ – $21 მლნ;
- ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი „ისკანდერი“ – $21 მლნ.
9 აგვისტოს ყირიმში, საკის აეროდრომზე მომხდარმა აფეთქებებმა, გენშტაბის ცნობით, ერთდროულად რუსეთის 9 სამხედრო თვითმფრინავი გაანადგურა. ამ მასშტაბის დანაკარგი რუსეთს ერთ დღეში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ჰქონია.
განადგურებული ავიატექნიკის რიცხვშია – გამანადგურებლები სუ-30 SМ და სადესანტო თვითმფრინავები სუ-24 МР – დაახლოებით $230 მილიონი.
საერთო ჯამში, რუსეთმა უკრაინასთან ომში 234 თვითმფრინავი და $5,3 მილიარდი დაკარგა – ეს რუსეთის საერთო ფინანსური დანაკარგის 32,1%-ია.
რა ღირს ტექნიკა, რომელსაც რუსეთი უკრაინაში ყველაზე ხშირად იყენებს:
- ტანკი Т-72 – $0,5 მლნ.
- ტანკი Т-90 – $4 მლნ.
- ჯავშანტრანსპორტიორი BTR-80А – $1 მლნ.
- თვითმფრინავი გამანადგურებელი სუ-25 – $8 მლნ
- ვერტმფრენი მი-17– $10 მლნ.
Forbes-ს დანაკარგების ფინანსური შეფასებისას ანგარიშში არ შეუტანია რაკეტები, რომლებიც რუსეთმა უკრაინაში გამოიყენა. გამოცემა აღნიშნავს, რომ მათი ზუსტი რაოდენობის დათვლა რთულია. გენშტაბის ინფორმაციით, მხოლოდ ომის პირველი ორი თვის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაში 1 300 რაკეტა გაუშვა, მათი ჯამური ფასი, გამოცემის შეფასებით, $7,5 მილიარდია.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტი, $2,2 მილიარდის ღირებულების ტექნიკა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ომის პირველ კვირაშივე გაანადგურეს.
Forbes-ის შეფასებით, რუსეთის უდიდესი დანაკარგები ომის პირველივე კვირებში ადასტურებს, რომ კიევიდან, ჩერნიგოვიდან და მთლიანად ჩრდილოეთის მიმართულებიდან უკან დახევა არა „გადაჯგუფება“ ან „კეთილი ნების გამოვლინება“, არამედ რუსეთის არმიისთვის უალტერნატივო ვარიანტი იყო.
ომის 180 დღეზე რუსეთის საერთო დანახარჯი დათვალა სლოვაკურმა კომპანია „მემო 98-მა“. კომპანიამ იხელმძღვანელა Newsweek-ის სტატიით, რომელშიც რუსეთის დღიური დანახარჯი ომში 90 მილიონად იყო შეფასებული.
„მემო 98-ის“ გათვლებით, რუსეთს უკრაინაში ომი უკვე 160 მილიარდ 200 მილიონი ამერიკული დოლარი დაუჯდა.