მთავარი,სიახლეები

სიცხე და გადაჭედილი მუნიციპალური ტრანსპორტი ბათუმში – როდის იყიდის მერია ახალ ავტობუსებს

27.08.2022
სიცხე და გადაჭედილი მუნიციპალური ტრანსპორტი ბათუმში – როდის იყიდის მერია ახალ ავტობუსებს

საკურორტო სეზონზე მუნიციპალური ავტობუსების გადატვირთვაზე მგზავრები ისევ ჩივიან. მათი თქმით, ავტობუსები განსაკუთრებით დილის და საღამოს საათებში ისეა ხალხით გადაჭედილი, რომ მგზავრობა შეუძლებელია.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ბათუმის მერიამ  8 ელექტრო და 40 ISUZU-ს ტიპის ახალი ავტობუსი შეისყიდა, თუმცა ავტობუსების რაოდენობა მოთხოვნას ვერ პასუხობს. მერიის ინფორმაციით დაგეგმილია 60 ერთეული ახალი ავტობუსის შეძენა, თუმცა როდის აპირებს მერია შესყიდვის პროცედურების დაწყებას, დაზუსტებული ვადები არ ვიცით.

„ბათუმელები“, ახალი ავტობუსების შესყიდვასთან დაკავშირებით, „ბათუმის ავტოტრანსპორტსაც“ დაუკავშირდა, მაგრამ ინფორმაცია ამ დრომდე არ მოუწოდებიათ.

ფოტო გადაღებულია დღეს, 27 აგვისტოს დილის საათებში, ავტობუსი მოძრაობს სარფის მიმართულებით.
ფოტო: ჯაბა ანანიძე

მერიის ინფორმაციით  EBRD-ის გრანტის ფარგლებში  60 ერთეული ახალი საინფორმაციო ტაბლო უნდა მოეწყოს. ასევე იგეგმება ინტეგრირებული აპარატების სისტემის დანერგვა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება მგზავრობის საფასურის გადახდა ნებისმიერი საბანკო ბარათით.

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ საკუთარ ვებგვერდზე წერს ასევე, რომ ბათუმისთვის გამოწვევაა პარკირების საკითხი: „ბათუმში საგრძნობლად იმატა ავტომობილების რაოდენობამ, რამაც, გარკვეულწილად, განაპირობა საპარკინგე სივრცის ნაკლებობა. საერთაშორისო პროექტის ფარგლებში ვმუშაობთ პარკირების ოპტიმიზაციისა და ეფექტური მართვის კუთხით.“

მერიაში კი, ველოგადადგილების გენგეგმაზეც საუბრობენ: „გენერალური გეგმა უზრუნველყოფს ველოსიპედის, როგორც ურბანული ტრანსპორტის სახეობად დანერგვასა და მის ინტეგრაციას საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაში.“ – მიიჩნევენ მერიაში.

თუმცა, ფაქტია ისიც, რომ ველობილიკების ავტოპარკინგად გამოყენების პრაქტიკას ბათუმის მერია ამ დროისთვის ეფექტურად ვერ ებრძვის. როგორ დაარეგულირებს ამას გენერალური გეგმა, მომავალში გამოჩნდება.

ფოტო: ჯაბა ანანიძე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: