მთავარი,სიახლეები

ხელვაჩაურის ახალი მერიც უკანონოდ იშენებს სახლს – „გამჭვირვალობის“ ახალი კვლევა

01.09.2022 • 2565
ხელვაჩაურის ახალი მერიც უკანონოდ იშენებს სახლს – „გამჭვირვალობის“ ახალი კვლევა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა დიასამიძე, ბათუმში საცხოვრებელ სახლს უნებართვოდ აშენებს – ამას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ახალი კვლევა ადასტურებს.

ხელვაჩაურის მერს ქონებრივ დეკლარაციაში არც  მშენებლობის ხარჯები აქვს მითითებული.

სახლი უკანონოდ, ყოველგვარი ნებართვის გარეშე, ხელვაჩაურის წინა მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემაც აიშენა. მილიონიანი სახლის კარკასის მშენებლობა ჯუმბერ ვარდმანიძემ ისე დაასრულა, რომ ბათუმის მერიისთვის, როგორც ნებართვის გამცემი ორგანოსთვის, არც კი მიუმართავს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მოკვლევით, სახლის მშენებლობა ხელვაჩაურის მერმა, ზაზა დიასამიძემ, მეუღლის, თამილა ჭურკვეიძის კუთვნილ მიწაზე 2019 წლიდან დაიწყო, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ 2022 წელს შევსებულ დეკლარაციაში მიუთითა.

ნაჩუქარი მიწის ნაკვეთი ჩანს ზაზა დიასამიძის მიერ 2019 წელს წარდგენილ ქონებრივ დეკლარაციაში, რომლის შევსება მას, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს უფროსს, ევალებოდა.

დეკლარაციის მიხედვით, თამილა ჭურკვეიძეს 500 კვადრატული მიწის ნაკვეთი მამამ 2018 წლის აგვისტოში აჩუქა. ნაკვეთი ახალსოფელში, გონიო-აფსაროსის გზატკეცილიდან 240 მეტრში მდებარეობს.

ჩუქებიდან ერთ თვეში თამილა ჭურკვეიძემ ბათუმის მერიას საკარმიდამო ნაკვეთის საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით გამოსაყენებლად მიმართა, მერიამ განცხადება იმავე წლის ოქტომბერში დააკმაყოფილა, 2018 წლის დეკემბერში კი დიასამიძის მეუღლემ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან სახლის არქიტექტურული პროექტი შეათანხმა, თუმცა როგორც მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის წერილშია მითითებული, აღნიშნულ არქიტექტურულ პროექტზე მშენებლობის ნებართვა არ გაცემულა. შესაბამისად, ზაზა დიასამიძეს და მის მეუღლეს არც რეგულაციებით გათვალისწინებული სამშენებლო მოსაკრებელი გადაუხდიათ.

კანონით, ნებართვის მიღება მშენებლობის დაწყებამდე აუცილებელი იყო.  2019 წელს ზაზა დიასამიძემ მშენებლობა უნებართვოდ  დაიწყო. სახლი ახლა დასრულების ეტაპზეა.

პროექტის რენდერი

Google Earth-ის მონაცემებით, აქტიური სამშენებლო სამუშაოები ზაზა დიასამიძის მეუღლის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე 2019 წლის შემოდგომაზე დაიწყო, სატელიტური ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ 252 კვ.მ ფართობის ორსართულიანი სახლი უკვე გადახურულია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ასევე წერს ხარვეზებზე მერის ქონებრივ დეკლარაციებში.

მიუხედავად სატელიტური სურათებიდან დადასტურებული მშენებლობისა, ზაზა დიასამიძემ 2019-2022 წლებში შევსებულ დეკლარაციებში არ მიუთითა, თუ რა თანხა მოახმარა აღნიშნულ მშენებლობას როგორც საკუთარი, ისე მეუღლის შემოსავლებიდან.

თანამდებობის პირმა დეკლარაციაში უნდა მიუთითოს საანგარიშო პერიოდში მისი და მისი ოჯახის წევრის ნებისმიერი გასავალი, რომლის ღირებულება 5000 ლარს აღემატება.  2019 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის ჩათვლით, საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე დახარჯული თანხები, საბაზრო ფასებისა და სამუშაოთა მოცულობის [სამშენებლო მოედნის მომზადება, საძირკვლის ჩასხმა, სართულების მშენებლობა, კუთვნილი ეზოს შემოღობვა და ა.შ] მნიშვნელოვნად აღემატება კანონში მითითებული თანხის ოდენობას, თუმცა დოკუმენტებში ზაზა დიასამიძე ამ გასავალზე არ მიუთითებს.

ხელვაჩაურის მერმა 2022 წლის დეკლარაციაში არც კუთვნილი მიწის ნაკვეთის გასხვისებით მიღებული შემოსავალი მიუთითა – დიასამიძე 2010 წლიდან ბათუმში, ზურაბ ნაჭყებიას ქუჩაზე, 1002 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს ფლობდა. 2021 წლის დასაწყისში მან ეს ქონება იპოთეკით დატვირთვა, 18 თებერვალს კი 39 000 აშშ დოლარად მიჰყიდა შპს „ბათუმი ხარაჩოს“. 2022 წლის დეკლარაციაში დიასამიძეს, კანონის მოთხოვნების შესაბამისად, უნდა მიეთითებინა ქონების გასხვისებისა და  ამ გასხვისებიდან მიღებული შემოსავლის შესახებ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიმართავს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას, შეისწავლოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მიერ ბათუმში უნებართვო მშენებლობის საკითხი და დროულად მიიღოს შესაბამისი ზომები.

„ასევე, მივმართავთ საჯარო სამსახურის ბიუროს, შეისწავლონ ზაზა დიასამიძის ქონებრივ დეკლარაციებში ჩვენ მიერ გამოვლენილი ხარვეზები და კანონის შესაბამისად მოახდინონ გამოვლენილ ხარვეზებზე რეაგირება,“ – აცხადებს „გამჭვირვალობა“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: