მთავარი,სიახლეები

რუსეთი ბომბავს დერეფანს ატომურ სადგურამდე, სადაც საერთაშორისო მისიამ უნდა გაიაროს – პოდოლიაკი

30.08.2022
რუსეთი ბომბავს დერეფანს ატომურ სადგურამდე, სადაც საერთაშორისო მისიამ უნდა გაიაროს – პოდოლიაკი

რუსეთი განზრახ ბომბავს დერეფანს, რომლის საშუალებითაც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიის კოლონა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურამდე უნდა მივიდეს, რუსული მხარე საერთაშორისო მისიას ყირიმის გავლით შესთავაზებს ატომურ ელექტროსადგურამდე მისვლას – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი წერს ტვიტერზე.

„უკრაინის პოზიცია უცვლელია. დასაშვებად მიგვაჩნია მხოლოდ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მისიის გადაადგილება,  ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაცია და სადგურიდან რუსული ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანა. სადგურზე მხოლოდ უკრაინელი პერსონალი უნდა დარჩეს“- წერს პოდოლიაკი.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია გენერალური დირექტორის, რაფაელ გროსის მეთაურობით უკვე მიემართება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე.

უკრაინული გამოცემა „უნიანის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი რუსული მხარე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიაზე თავდასხმას ამზადებს. გამოცემის ცნობით, რუსული მხარის გეგმის შესახებ  რუსი ტყვეები საუბრობენ.

ინფორმაცია თავდაპირველად პოლიტოლოგმა და სამხედრო პირმა კირილ საზონოვმა გაავრცელა ფეისბუქზე.

„დაზვერვის წყაროების ცნობით, შერბაკოვისა და ნესტერიანკას გათავისუფლებისას აყვანილმა რუსმა ტყვეებმა განაცხადეს, რომ მათ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს კოლონის დაცხრილვა ჰქონდათ დავალებული მითვისებული დასავლური იარაღით. ოკუპანტები მიზნად ისახავდნენ უკრაინელების დადანაშაულებას მისიის ჩაშლაში.

დელეგაციის უსაფრთხოებისთვის ახლა გაძლიერებული ზომები მიიღება, რადგან რუსული მხარე პროვოკაციებზე უარის თქმას არ აპირებს“ – წერს სოციალურ ქსელში  კირილ საზონოვი.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია, რომელიც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მდგომარეობის შესაფასებლად ადგილზე უნდა ჩავიდეს,  14 საერთაშორისო ექსპერტისგან შედგება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: