მთავარი,სიახლეები

ბათუმში პოლიციელი დააკავეს, რომელმაც მოქალაქეს პატრულის მანქანაში ხელბორკილი ჩაარტყა

31.08.2022
ბათუმში პოლიციელი დააკავეს, რომელმაც მოქალაქეს პატრულის მანქანაში ხელბორკილი ჩაარტყა

„…პატრულ – ინსპექტორების მიერ წვრილმანი ხულიგნობის და დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული წესით დაკავებულ იქნა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე გ.გ.. პატრულ – ინსპექტორმა დაკავებული პირი განათავსა საპატრულო პოლიციის ავტომანქანის უკანა სალონში და თავად დაუჯდა მარჯვენა მხრიდან.

დაკავებული პირის წინააღმდეგობის აღკვეთის მიზნით, პატრულ-ინსპექტორმა მას სხეულის სხვადასხვა არეში ხელების დარტყმითა და ხელბორკილის თავში ჩარტყმით ფიზიკური დაზიანება მიაყენა,“ – აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ბათუმში პატრულ-ინსპექტორის დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლიციელის მხრიდან ძალადობის ეს შემთხვევა ბათუმში 2022 წლის 31 ივლისს მოხდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ასევე ზესტაფონში ინსპექტორ-გამომძიებლის წინააღმდეგ. „გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 15 იანვარს ქ. ზესტაფონში, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მოქალაქე გ.მ. დააკავეს.

დაკავების შემდეგ იგი გადაიყვანეს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს შენობაში, სადაც ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა მოქალაქე გ.მ.-ს სახის არეში ერთხელ დაარტყა ხელი,“ – აღნიშნავენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.

ორივე სამართალდამცავი დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციელების მხრიდან მოქალაქეების მიმართ ძალადობაზე, მათ შორის, გამოუძიებელ საქმეებზე „ბათუმელები“ ხშირად წერს. აქ ნახეთ პოლიციელის მხრიდან სავარაუდო ძალადობის ბოლო შემთხვევა ბათუმში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: