სიახლეები

ფეიერვერკი ღამის 11 საათის შემდეგ – ჯარიმა 500 ლარი

05.07.2014 • 3522
ფეიერვერკი ღამის 11 საათის შემდეგ – ჯარიმა 500 ლარი

 

ბატონო სულიკო, როგორც ვიცით, ეს საკითხი საკრებულოს იურიდიულმა სამსახურმა დაამუშავა. ვინ უნდა განახორციელოს ფეიერვერკის გამოყენებაზე მონიტორინგი და როგორ?

 

 

დებულებაში გაწერილია, თუ ვის აქვს დაჯარიმების უფლება _ გარემოს დაცვის დეპარტამენტს აქვს მონიტორინგის ვალდებულება და თუ როგორ განახორციელებს ამას, ეს მისი სამუშაოა. დებულებაში ეს საკითხი გაწერილი არ არის. თუ გაისვრიან ფეიერვერკს ქორწილში, დაჯარიმდება ქორწილის ორგანიზატორი, თუ საცხოვრებელი სახლებიდან გაისვრიან, მოხდება მოკვლევა. უნდა დაადგინონ დეტალები, თუ ვინ გამოიყენა და ა.შ. გადაწყვეტილებაში იმის შესახებ წერია, თუ რომელ საათებშია აკრძალული და რა არის გამონაკლისი შემთხვევა.

 

 

რა ითვლება გამონაკლისად?

 

საახალწლო დღეები და განსაკუთრებული შემთხვევები, მაგალითად, კონცერტები მერიის წინასწარი წერილობითი თანხმობით.

 

 

ქორწილის შემთხვევაში დასჭირდებათ წინასწარი თანხმობა?

 

 

ქორწილი არ არის განსაკუთრებული შემთხვევა, ასეთ რამეებზე არ ხდება ნებართვის გაცემა. განსაკუთრებულია ის, რაც საზოგადოებრივია და მნიშვნელოვანი. ვთქვათ, ჩამოდის მაღალი რანგის სტუმარი უცხოეთიდან და ა.შ. კერძო პირებს მხოლოდ საღამოს თერთმეტ საათამდე აქვთ ფეიერვერკის გამოყენების უფლება, შემდეგ უკვე ამოქმედდება ჯარიმები.

 

 

რამდენია ჯარიმა პირველ შემთხვევაზე და განმეორების შემთხვევაში რამდენი იქნება?

 

 

500 ლარია პირველ ფაქტზე, განმეორების შემთხვევაში კი _ 1000 ლარი.

 

 

გადაწყვეტილება უკვე ძალაშია თუ მოსახლეობას აქვს დრო, ინფორმაციის მისაღებად?

 

 

რეგულაცია უკვე ამოქმედებულია, პირველი ივლისიდან უკვე ძალაშია. არცოდნა პირს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან.

 

 

დოკუმენტში წერია, რომ მერიის ზედამხედველობის სამსახურმა, გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტს, კანონდარღვევის შემთხვევაში, უნდა გაუწიოს ტექნიკური დახმარება. რა იგულისხმება ამაში?

 

 

 

ტექნიკურ დახმარებაში იგულისხმება ის, რომ თუ ფაქტს დააფიქსირებს მერიის ზედამხედველობის სამსახური, ამ ინფორმაციას გადასცემს გარემოს ზედამხედველობის სამსახურს. დანარჩენ დეტალებზე თვითონ სამსახურმა უნდა იმსჯელოს.

 

 

რითი იყო ამ გადაწყვეტილების მიღება გამოწვეული?

 

 

ბევრი უკმაყოფილება იყო მოსახლეობის მხრიდან, რომ ღამის საათებში აფეთქებდნენ და ხმაური არ აძლევდა ადამიანებს ძილის საშუალებას.

 

 

გარემოს ზედამხედველობის სამსახური ჯერ არ არის ამ გადაწყვეტილების შესახებ ბოლომდე ინფორმირებული, როდის გადაეგზავნებათ მათ დოკუმენტი?

 

 

გადაწყვეტილება მიღებული და ხელმოწერილია, მალე გადაეგზავნებათ. 

გადაბეჭდვის წესი